ბადისმტყორცნელი პისტოლეტებით უკრაინის ფრონტზე-გადარჩენის ბოლო შანსი კამიკაძე-დრონის შეტევისგან...
დროში გახანგრძლივებულმა უკრაინის ომმა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ახალი სახეობები „დაბადა“, რასაც როგორც წესი მოჰყვა მათი კონტრსაშუალებების გამოჩენაც ფრონტის ხაზზე...
თუკი პირველი მსოფლიო ომი ტანკების გამოჩენით აღინიშნა, მეორე მსოფლიო ომში რეაქტიული თვითმფრინავები ჩაებნენ საჰაერო ბრძოლებში, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც თავისი ხანგრძლივობით უახლოვდება ამ მსოფლიო ომებს, უკვე ასოცირდება დრონებთან-სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, წყალქვეშა დისტანციურად მართვად აპარატებთან, რომლებსაც ძალიან ბევრი საბრძოლო ფუნქციის შესრულება შეუძლიათ და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია კამიკაძეობაა...
ამ ომში ორივე დაპირისპირებული მხარე ყოველ დღე-ღამეში ათასობით დრონს კარგავს და განა იმიტომ,რომ მათ ყველას აგდებენ,არამედ იმის გამო,რომ ისინი თავად გადადიან შეტევაზე და მიზანზე შეჯახების დროს ფეთქდებიან.
კამიკაძე-დრონებისგან თავდაცვა ძალიან რთულია,რადგან ავტომატის ჯერებით მათი ჩამოგდება ძალზე პრობლემტურია-ძნელია მოარტყა ცაში დიდი სიჩქარით მფრენ 30-50 სანტიმეტრის ზომის კვადროკოპტერს, რომელიც ამასთანავე სწრაფად მანევრირებს.
ასეთი კვადროკოპტერის ჩამოგდების მეტი შანსი აქვთ სანადირო თოფიდან მსხვილი საფანტის მსროლელებს, თუმცა მოდერნიზებული კამიკაძე-დრონების კორპუსები და ხრახნებიც უკვე გამძლე პლასტიკისგან მზადდება და მათი დაზიანება კარტეჩსაც კი უჭირს.
სამაგიეროდ, შვეულმფრენის სქემის კოპტერებს, რომლებსაც ოთხი, ექვსი თუ რვა ხრახნი უყენიათ, ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე გააჩნიათ-როგორც კი მათი ხრახნებიდან ერთ-ერთი მაინც რამეს ჩაიხვევს ბრუნვის დროს, კოპტერი კარგავს ფრენის უნარს და ძირს ეცემა.
ამიტომაც ასეთი კამიკაძე-დრონების ჩამოგდება ყველაზე ადვილად ჩვეულებრივი...ბადით შეიძლება,მაგრამ როგორ უნდა მოხვდეს გამძლე თოკის ან ძუის ბადე კოპტერის ხრახნებში?
რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამხედროებმა ბადისმტყორცნელი პისტოლეტი გამოსცადეს-კამიკაძე-დრონის ოპერატორმა შეამჩნია მდელოზე მდგარი სამხედრო და მისკენ მიმართა დრონი,რომელზეც ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი ჭურვი იყო დამაგრებული...
ორიდე წამიც და კამიკაძე-დრონი სამხედროს დაეჯახებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოასწრო უცნაური ფორმის პისტოლეტის შემართვა, გაისროლა და...კამიკაძე-დრონი ფრთამოტეხილი ძერასავით ქვასავით დაეცა მიწაზე...

ეს რა თქმა უნდა საჩვენებელი გამოცდა იყო და ოპერატორი არ დააჯახებდა დრონს თანამებრძოლს, მაგრამ გამოცდამ აჩვენა, რომ პისტოლეტიდან გასროლილი ბადით შეიძლება კამიკაძე-დრონის მოგერიება,ოღონდ ძალიან ახლო მანძილზე.
ინტერნეტსივრცე გადაჭედილი დრონებიდან გადაღებული შემზარავი ვიდეოკადრებით, როდესაც სწორედ ასეთი კამიკაძე-დრონები სათითაო მებრძოლებზე ნადირობენ, გინდ ერთი და გინდაც მეორე მხრიდან-ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ დრონების ოპერატორები ბოროტად დასცინიან საკბილოს, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება და ავტომატის კონდახითაც კი ცდილობს აბეზარი ბუზივით თავს დატრიალებული დრონის მოგერიებას, რაც თითქმის ყოველთვის ფატალური შედეგით მთავრდება...

უკრაინული ნოუ-ჰაუ-ბადისმტყორცნელი პისტოლეტი ასეთ დროს გადარჩენის ბოლო შანსად შეიძლება იქცეს, რადგან მის მიერ გატყორცნილი ბადე 15 მ-ში 3,5 დიამეტრის ფართობზე იშლება და დიდი შანსი ჩნდება, რომ შეტევაზე გადმოსული კვადროკოპტერის ოთხი პროპელერიდან ერთ-ერთმა მაინც ის ჩაიხვიოს...
ბადისმტყორცნელ პისტოლეტი მხოლოდ ერთ ბადეს ისვრის,თუმცა კომპლექტში კიდევ ხუთი კარტრიჯი მოჰყვება ბადით,მაგრამ მათ გადატენვას დრო სჭირდება, რაც შეიძლება აღარც ეყოს მებრძოლს, ამიტომაც პირველ ზუსტ გასროლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება...
ერთი ეგაა, რომ მართლაც ლომის გული და რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს იმას, ვინ დაელოდება შეტევაზე გადმოსული კამიკაძე-დრონის სწრაფად მიახლოებას,რომ ამ პისტოლეტიდან გასროლილ ბადეში გააბას და ჩამოაგდოს ის...