გადაიბირა თუ არა ტრამპი კა-გე-ბემ?! - რას სთავაზობდა "დიდი დონალდი" მოსკოვის მერს და რატომ ეწვია ის ზურაბ წერეთელს?
ზოგადად, ყველა ტოტალიტარულ-ავტორიტარული რეჟიმის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ მისი სპეცსამსახურების ეფექტიანობასა და ერთგულებაზეა დამოკიდებული. ყველა ძალმომრეობრივი რეჟიმისთვის დამახასიათებელია სპეცსამსახურების (ამ ტერმინში იგულისხმება, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი “საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია”, ასევე - “საგარეო დაზვერვის სამსახური”, რომელიც ქვეყნის გარეთ ატარებს საიდუმლო ოპერაციებს რეჟიმის ოპონენტების გასანადგურებლად და აგენტურის გადასაბირებლად) რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად გამოყენება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყოფილი საბჭოთა კავშირი 70 წელსაც ვერ გაძლებდა და ადრევე გაქრებოდა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, რომ არა მისი საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია: „ვჩკ-გპუ-ოგპუ-ნკვდ-მგბ-მვდ-კგბ“ - სახელწოდებები იცვლებოდა, პოლიტიკური ტერორი და „იმპერიალისტების განადგურების“ მცდელობები კი გრძელდებოდა. ამ „დიად“ მიზანს ემსახურებოდა უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გადაბირების მრავალსვლიანი ოპერაციები.
მინდა, მკითხველმა იცოდეს, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებში დაწინაურების და ვადაზე ადრე სამხედრო წოდების მიღების ყველაზე დიდი შანსი იმ თანამშრომლებს ჰქონდათ, რომლებიც „დიდწონიან“ უცხოელს გადაიბირებდნენ ან უცხოეთის აგენტურას გაშიფრავდნენ (ისინი, ძირითადად, კა-გე-ბეს პირველი და მეორე მთავარი სამმართველოების, საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოფიცრები იყვნენ), სხვებს კი „დისიდენტების“ დევნაში თუ მოუწევდათ მორიგი სამხედრო წოდება. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელები ძალას არ იშურებდნენ უცხოელების გადასაბირებლად: მათ სამშობლოში და საბჭოთა კავშირშიც. უცხოელების ყოფნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადაბირების კანდიდატების შერჩევის, დაკვირვების, კონტაქტის დამყარებისა და გადაბირების ორგანიზაციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. უცხოელების გადაბირების პროცესში, კა-გე-ბეს ოპერატიული თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ აგენტებიც. ისინი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც სისტემატურად ასრულებდნენ საბჭოთა დაზვერვის დავალებებს, როგორც საზღვარგარეთ, ასევე - სამშობლოში, საიდუმლოდ ინახავდნენ თანამშრომლობის ფაქტს და მის შინაარსს, ასევე, იცავდნენ კონსპირაციისა და დისციპლინის მოთხოვნებს. უცხოელებიდან აგენტურის გადასაბირებელი კონტინგენტი კი მართლაც ულევი იყო.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში არსებულ უცხოურ დიპლომატიურ მისიებში რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობდა (მათ შორის, დაახლოებით 2 ათასი დიპლომატი, ასობით ჟურნალისტი და სავაჭრო წარმომადგენელი); სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქის 800 საგანმანათლებლო დაწესებულებაში 100 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე (მათ შორის, დაახლოებით, 60 ათასი კაპიტალისტური და განვითარებადი ქვეყნებიდან) სწავლობდა, ხოლო სსრკ-ის სამხედრო სასწავლებლებში 30 ქვეყნის 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მსმენელი გადიოდა სწავლების კურსს.
საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სამინისტროდან და უწყებიდან კაპიტალისტურ და განვითარებად ქვეყნებში მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინებით ყოველწლიuრად, დაახლოებით, 70 ათასი ადამიანი იგზავნებოდა (ყველა მათგანს კა-გე-ბეს ცენტრალურ ან ტერიტორიურ ორგანოებში უტარდებოდა ე.წ. ინსტრუქტაჟი. ალბათ, გაინტერესებთ რამდენი მათგანი თანამშრომლობდა სპეცსამსახურთან: სხვადასხვა ფორმით, ალბათ, უდიდესი უმრავლესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლა საერთოდ აეკრძალებოდათ).
სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამეცნიერო ურთიერთობების ფარგლებში, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას ორმხრივი კავშირი ჰქონდა კაპიტალისტური და განვითარებადი ქვეყნების 200 -ზე მეტ სამეცნიერო დაწესებულებასთან. მხოლოდ სსრკ-ის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით 400-მდე სამეცნიერო ღონისძიება ტარდებოდა. თავად საბჭოთა მეცნიერები (რა თქმა უნდა, უკვე სათანადო ინსტრუქტაჟით მორთულ-მოკაზმულები) ყოველწლიურად ათასამდე საერთაშორისო სიმპოზიუმსა და სემინარ-კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს რაც შეეხება მეცნიერებს. საინტერესოა, კულტურის სფეროში რა ხდებოდა? სსრკ-ის კულტურის სამინისტროს ეგიდით, საზღვარგარეთ ყოველწლიურად ასობით მხატვრული კოლექტივი მიემგზავრებოდა. მათ შორის ძალზე ბევრი „არტისტი“ იყო, რომელმაც არც ცეკვა-სიმღერა იცოდა და არც რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავდა. თუმცა მათ უფრო „მნიშვნელოვანი“ ფუნქცია ჰქონდათ: ნამდვილი არტისტები თვლით ჰყავდათ ჩაბარებული და უდანაკარგოდ უნდა დაებრუნებინათ უკან, „საბჭოთა სამოთხეში“. გარდა ამისა, შესაძლოა, დაზვერვის ხაზით მცირე ოპერატიული დავალებაც შეესრულებინათ. საზღვარგარეთ რეგულარულად მიემგზავრებოდნენ საბჭოთა სპორტული დელეგაციებიც (ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი), რომლებიც, ასევე, არ განიცდიდნენ „სამხრეებიანი სპორტსმენების“ ნაკლებობას.
კა-გე-ბე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობოდა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად რელიგიური ორგანიზაციების დელეგაციების დაკომპლექტებისა და უცხოელი რელიგიური მოღვაწეების საბჭოთა კავშირში მიწვევის საკითხს. ორივე შემთხვევაში, მხოლოდ „საუკეთესოებსა“ და „ღირსეულებს“ ეხსნებოდათ გზა.
თუმცა საბჭოთა დაზვერვას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჰქონდა: ბევრი, გადაბირებისთვის „გემრიელი ლუკმა“ - უცხოელი (პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები, ჟურნალისტები და სხვ.) საბჭოთა კავშირში შედარებით მცირე ხნით ჩამოდიოდა და მათი შესწავლისა და მათთან კონტაქტის დამყარებისთვის საკმარისი დრო არ რჩებოდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ უცხოელების შესწავლა-დაშანტაჟება-გადაბირებისთვის კა-გე-ბე ხშირად მიმართავდა რთულ და მრავალსვლიან „ოპერატიულ კომბინაციებს“, რომელთა განხორციელება საკმაო დროს მოითხოვდა. ამიტომ საზღვარგარეთ არსებული კა-გე-ბეს რეზიდენტურები წინასწარ აგზავნიდნენ მაქსიმალურად დაწვრილებით ინფორმაციასა და „ფსიქოლოგიურ პორტრეტებს“ იმ „საინტერესო“ უცხოელების შესახებ, რომლებსაც საბჭოთა კავშირში ჩასვლა სურდათ. შესწავლა იწყებოდა საბჭოთა საელჩოს საკონსულო განყოფილებაში ვიზის მისაღებად, განაცხადის შეტანის მომენტიდან. სწორედ ამ მიზნით იყო საბჭოთა საკონსულოები დაზვერვის ოფიცრებით დაკომპლექტებული. ასე რომ, გადაბირების კანდიდატი უცხოელის შესწავლა ჯერ კიდევ ადგილზე, მის სამშობლოში იწყებოდა. კა-გე-ბე ამ უცხოელის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობის, ასევე, პირადი ინტერეს-გატაცებების შესწავლის მიზნით, მის გარემოცვაში აგენტურას „ნერგავდა“. ხშირად ამ დავალებას საბჭოთა კავშირიდან წასული ემიგრანტები და რეჟიმს „გაქცეული დისიდენტები“ ასრულებდნენ.საბჭოთა დაზვერვის განსაკუთრებულ ინტერესს ის უცხოელი ბიზნესმენები იწვევდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ საბჭოთა კავშირში ეკონომიკური პროექტების განხორციელებით და რომელთაც თავის ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმატებები ჰქონდათ ან პერსპექტივაში ექნებოდათ.
გასული საუკუნის 80-იანი წლები, მართლაც რომ გამორჩეული იყო მსოფლიო ისტორიაში: „ბოროტების იმპერია“ შიდაპრობლემებისა და გარედან „დახმარების“ შედეგად თანდათან სულს ღაფავდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება თავისთვის კატასტროფის, ჩვენთვის კი - „ასე ნანატრი თავისუფლების“ მოახლოებას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა. მიხეილ გორბაჩოვის „პერესტროიკა“ საბჭოთა იმპერიის „დემონტაჟის“ და ახალი რუსული იმპერიის აშენების მცდელობა იყო, რაზეც ბევრი გარემოება მეტყველებდა: ჯერ კიდევ სტალინის მიერ ჩადებული „ნელი მოქმედების ნაღმების“ - სეპარატისტული რეგიონების გააქტიურება და კონფლიქტების პროვოცირება, შემდგომ იქ „საბჭოთა“ (რეალურად კი რუსული) სამხედრო ნაწილების ჩაყენების მიზნით; „ცენტრიდან“ ჯერ კიდევ ე.წ. მოკავშირე რესპუბლიკების დაფინანსებისა და ეკონომიკური პროექტების შეჩერება-შეზღუდვა და სხვ. „კრემლის“ უნდობლობა „მოკავშირე რესპუბლიკების“ მიმართ სპეცსამსახურებზეც აისახა: ზოგიერთი ამგვარი გადაწყვეტილება აშკარად ჩანდა (მაგ. რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საარქივო საქმეების რუსეთში გატანა), ზოგიერთი კი ძალზე საიდუმლო ვითარებაში ხორციელდებოდა. ეს, უპირველესად, ეხება ყველაზე მნიშვნელოვანი უცხოელი აგენტებისა და „სანდო პირების“ პირადი და ოპერატიული (სამუშაო) საქმეების განსაკუთრებულ საცავებში გადატანას, რათა მაქსიმალურად შემცირებულიყო მათზე წვდომა და საბჭოთა იმპერიის კოლაფსის შემდეგ ამ ინფორმაციას არ გაეჟონა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკურ-ეკონომიკური ანარქიისა და ქაოსის შემდეგ რუსეთში კვლავ იმძლავრა ოდნავ მიყუჩებულმა „იმპერიულმა სულმა“ და სწორედ მაშინ დაიწყო „კრემლმა“ ჯერ „გაქცეული რესპუბლიკების“ დაბრუნების, ხოლო შემდეგ - გლობალურ ასპარეზზე საბჭოთა იმპერიის ჩანაცვლების მცდელობები. აი აქ კი ნამდვილად გამოადგათ „გე-კა-ჩეს“ აქტიური წევრის, კა-გე-ბეს ყოფილი თავმჯდომარის, ვლადიმერ კრუჩკოვის მიერ წინდახედულად გარიდებულ-გადამალული უშიშროების არქივები.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო „ურწმუნო თომების“ გასაგონად: კა-გე-ბეს ოპერატიული დაინტერესებისა და შესწავლის ობიექტები რიგითი ამერიკელი ინჟინრები და პატარა ფირმების მფლობელებიც კი იყვნენ (ამის შესახებ საკმაოდ ბევრი კა-გე-ბეს საარქივო მასალა მაქვს), რომლებიც საბჭოთა კავშირში ბიზნესის დაწყების მიზნით ჩამოდიოდნენ და „ფორბსის“ სიაში მყოფი მულტიმილიონერი დონალდ ტრამპი ვითომ გამორჩებოდათ?
ეს რომ მომხდარიყო, ძალიან ბევრი დაკარგავდა პოსტს და სამხრეებს! თქვენ როგორ ფიქრობთ, დააინტერესებდა თუ არა საბჭოთა დაზვერვას ახალგაზრდა ამერიკელი მულტიმილიონერი, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის თაყვანისმცემელი, „პერესტროიკის“ მხურვალე მხარდამჭერი და საბჭოთა კავშირში ცათამბჯენებისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის დიდი მსურველი იყო? - რა თქმა უნდა! განხორციელდა, თუ არა დონალდ ტრამპის ბიოგრაფიის და ფსიქოტიპის შესწავლა? ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მისი პირველი ვიზიტის წინ, 1987 წელს დაიწყებოდა. ამასთან დაკავშირებით ძალზე არაპროფესიონალური პასუხი გასცა კა-გე-ბეს ერთმა პოდპოლკოვნიკმა, შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, რომ გახდა. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს პუტინს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა: იყო, თუ არა ტრამპი კა-გე-ბე/ეფ-ეს-ბეს შესწავლის ობიექტიო. პუტინის პასუხმა, – თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენ ყველა უცხოელს ვუთვალთვალებთო? - უფრო მეტი ეჭვი და კითხვის ნიშანი გააჩინა.
გენერალ-მაიორი ოლეგ კალუგინი
გენერალი ოლეგ კალუგინი, რომელიც 1980-1987 წლებში კა-გე-ბეს ლენინგრადის ოლქის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე იყო (1987 წლის ივლისში დონალდ და ივანა ტრამპები ლენინგრადშიც იმყოფებოდნენ), ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი კა-გე-ბეს არა მარტო შესწავლის ობიექტი იყო, არამედ - მასზე „რაღაც“ ჰქონდათო (ინტერვიუ იხ. https://gordonua.com/publications/kaluhin-na-trampa-khb-imel-materialy-tochno-na-kakom-to-etape-mohli-vspomnit-ob-etom-khb-vsehda-otlichalsja-khoroshej-pamjatju-1231157.html ). ჩემი აზრით, ეს აპრიორი არ ამტკიცებს დონალდ ტრამპის საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას. პირველ ეტაპზე კა-გე-ბესთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა დონალდ ტრამპის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და ა.შ. კარგადაა ცნობილი, რომ ამ დროს გამოიყენებოდა ოპერატიულ-ტექნიკური და აგენტურული ღონისძიებების ფართო და ათწლეულების მანძილზე აპრობირებული არსენალი: ფარული მოსმენა, თვალთვალი, ვიდეოკონტროლი, აგენტურის მიგზავნა, სხვადასხვა სახის კონტაქტებზე პროვოცირება („მერცხალი აგენტების“ - მომხიბლავი რუსი „ნატაშების“ მიერ „მახეების“ დაგება. თუმცა ამით დონალდს როგორ დააშანტაჟებდნენ, ძნელი წარმოსადგენია) და ა.შ.
ვინც დონალდ ტრამპის ბიოგრაფიას ყურადღებით შეისწავლის, დაინახავს, რომ მისი პირადი ცხოვრებაც და ბიზნესიც ძალზე რთული ტრაექტორიით ვითარდებოდა. ოფიციალურად დონალდ ტრამპს სამი ცოლი ჰყავდა: ივანა ტრამპი-ზელნიჩკოვა (Ivana Trump) – დაქორწინდნენ 1977 წელს და განქორწინდნენ 1992 წელს. მათ სამი შვილი: დონალდ ტრამპი-უმცროსი, ივანკა ტრამპი და ერიკ ტრამპი ჰყავთ.
ივანა ტრამპი გარდაიცვალა 2022 წელს;
მარლა მეიფლსი (Marla Maples) - დაქორწინდნენ 1993 წელს და განქორწინდნენ 1999 წელს. მათ ერთი ქალიშვილი - ტიფანი ტრამპი ჰყავთ;
მელანია ტრამპი (Melania Trump) – დაქორწინდნენ 2005 წელს და დღემდე ერთად არიან. მათ ერთი შვილი – ბერონ ტრამპი ჰყავთ. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს უკავშირებენ რამდენიმე სექსუალურ სკანდალს, რომლებიც სასამართლოს განხილვის საგანიც კი გახდა.
დონალდ ტრამპის ბიზნესიც აღმავალ-დაღმავალი ტრაექტორიით ვითარდებოდა: თუ 1986 წელს ჟურნალი Forbes-ი ტრამპის ქონებას 700 მილიონ დოლარად აფასებდა, 1990 წელს ვალების ზრდამ არა მხოლოდ მისი ბიზნესის გაკოტრება გამოიწვია, არამედ - ტრამპი პირადი გაკოტრების ზღვარზეც კი მიიყვანა. ამის გამოც მას მოუწია რამდენიმე ბიზნესსტრუქტურის გაყიდვა.
სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ: ზურაბ წერეთელი, მუსიკალური პროდიუსერი ნადეჟდა სოლოვიოვა, ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი და მუსიკალური პროდიუსერი ევგენი ბოლდინი
მკითხველს არ გადავღლი 1990-1997 წლებში დონალდ ტრამპის ძალზე ჩახლართული ფინანსური ოპერაციების ანალიზით. ერთი კანონზომიერება კი ნამდვილად იკვეთება: მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა საბჭოთა კავშირში ბიზნესპროექტები ვერ განახორციელა, ის მაინც არ კარგავდა იმედს და უკვე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცდილობდა საკუთარი ფინანსური პრობლემების გადაჭრას. 1996 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპი მოსკოვში ჩადის და Trump Tower Moscow-ის ცათამბჯენისა და საცხოვრებელი კომპლექსის აშენების პროექტებს სთავაზობს მოსკოვის მერს და „უგვირგვინო მეფეს“ იური ლუჟკოვს. არსებული ინფორმაციით, ტრამპს მოსკოვში კაზინოს გახსნაც სურდა, თუმცა საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო მას იური ლუჟკოვის ახლო გარემოცვის ამ ბიზნესიდეებით დაინტერესების იმედი ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ მოსკოვის მერის განუყრელი ყონაღ-დოსტი ცნობილი მოქანდაკე, ბიზნესმენი ზურაბ წერეთელი იყო. დონალდ ტრამპიც მის სახელოსნოს ესტუმრა და ქართული სამზარეულოც დააგემოვნა.
(მეოთხე ნაწილის დასასრული)