შურისძიება უკრაინულად ანუ მოსკოვს ცრემლების სჯერა - ყველაზე დიდი შეტევა რუსეთის დედაქალაქზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
მოსკოვზე ყველაზე მასობრივი საჰაერო შეტევა... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მისადგომებთან 2025 წლის 11 მარტის გამთენიისას ცას მგეზავი საზენიტო ჭურვები და მსხვილკალიბრიანი ტყვიები ანათებდნენ - ასეთი ბათქაბუთქი მოსკოვის ცაში, ალბათ, მხოლოდ იმ მოხუცებს ახსოვთ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს (სულაც 1942 წლის 11 მარტს) ბავშვობაში მოესწრნენ გერმანული „ლიუფტვაფეს“ „იუნკერსებისა“ და „ჰენშელების“ მიერ მოსკოვის საჰაერო დაბომბვებს...
რვა ათეული წლის შემდეგ კი მოსკოვს უკვე უკრაინული კამიკაძე-დრონები უტევენ - ეს არ იყო აგრესორი რუსეთის დედაქალაქზე პირველი საჰაერო შეტევა (გავიხსენოთ, თუნდაც, კრემლის თავზე ორი წლის წინ აფეთქებული ორი უკრაინული დრონი), მაგრამ ასეთი მასობრივი თავდასხმა მოსკოვის მიმართულებით უკრაინის მხარეს დღემდე არ განუხორციელებია...
თუმცა ყველაზე მასობრივი უკრაინული საჰაერო იერიში 11 მარტის გამთენიისას მთელი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 10-11 მარტის ღამეს მისმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის 15 რეგიონის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს თვითმფრინავის ტიპის 337 უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 91 - მოსკოვისა და მოსკოვის შემოგარენის თავზე.

რუსეთის გენერალიტეტის განსაზღვრების -„ჩამოვაგდეთ“-დაჯერება არ ღირს, რადგან თუკი უკრაინული კამიკაძე-დრონი მიზანს ხვდება, მას მაინც „ჩამოგდებულად“ თვლიან რუსეთის გენშტაბში და აზუსტებენ, რომ „ჩამოვაგდეთ, მაგრამ ძირს დაცემული დრონის ფრაგმენტებმა მაინც გამოიწვია ნგრევა და ხანძარიო...
ამჯერად რუსული მხარე აღიარებს, რომ უკრაინელებმა ახალი ტაქტიკა გამოიყენეს და კამიკაძე-დრონებს სათითაოდ კი არა, არამედ, 6-12 ერთეულად, ჯგუფურად „აგზავნიდნენ“ რუსეთის ცაში და რამდენიმე მათგანის მართლაც დაზიანება-ჩამოგდების შემთხვევაშიც, დანარჩენები აგრძელებდნენ მიზნისკენ ფრენას...

წინასწარი მონაცემებით უკრაინული დრონების მასობრივ შეტევას მოსკოვში ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოცამდე დაიჭრა, დაიწვა ათობით მანქანა, დაზიანდა მაღალი შენობები, ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტებმა...
წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე მასობრივ უკრაინულ საჰაერო შეტევას დიდი შედეგი არ მოუტანია, მაგრამ სამაგიეროდ, იმ რუსეთის, რომელიც სამი წლის წინ თავს დაესხა მეზობელ უკრაინასა და მას შემდეგ ყოველღამ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, დედაქალაქის - მოსკოვის მაცხოვრებლებმაც იგრძნეს, თუ რა არის ჭურვების და ტყვიების ზუზუნში გათენებული ღამე, როდესაც ნებისმიერი მაღალსართულიანი კორპუსი შეიძლება აღმოჩნდეს „გადამღობი“ დაბალ სიმაღლეზე მფრენი კამიკაძე-დრონისთვის...

მაგრამ რაში დასჭირდა უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ყველაზე მასობრივი საჰაერო იერიშის მიტანა მოწინააღმდეგე რუსეთზე და, პირველ რიგში - მის დედაქალაქზე, რამდენიმე საათით ადრე, როდესაც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინული ოფიციალური დელეგაცია აშშ-ის წარმომდგენლებს უნდა შეხვდეს ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გასამართავად?
მაშინ როდესაც ამავე მოლაპარაკებების პროცესში მყოფი რუსეთი ყოველღამ აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე „შაჰიდებითა“ და „ისკანდერებით“ დაბომბვას, ძნელია, მოსთხოვო უკრაინას ცალმხრივად მორატორიუმი გამოაცხადოს ანალოგიურ საპასუხო ქმედებებზე, მაგრამ მაინც, 11 მარტის გამთენიას უკრაინული კამიკაძე-დრონების ყველაზე მასობრივი „შესევა“ რუსულ ქალაქებსა და მათ შორის - მოსკოვზე, ატარებდა წმინდა პოლიტიკურ დატვირთვას და ის ოფიციალურმა კიევმა სპეციალურად დაამთხვია საუდის არაბეთში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას, რითაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, სავარაუდოდ, სცადა ეჩვენებინა პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ ამერიკელების მხრიდან სამხედრო დახმარების შეჩერების მიუხედავად, უკრაინას შესწევს უნარი, პუტინის რუსეთი სერიოზულად „ააფორიაქოს“ მისივე ტერიტორიის სიღრმეში და მათ შორის - დედაქალაქ მოსკოვშიც...