"ჟიული შარტავას თავმჯდომარეობის დროს სოხუმში ჩემი ბაბუა იკავებდა სწორედ ამ თანამდებობას. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩატეხილი ხიდის აღდგენაში" - რას ჰყვება დავით მორგოშია ახალ პოსტსა და ოჯახზე?
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა კი ბექა ღვაჩლიანმა დაიკავა. ისინი თანამდებობებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა წარადგინა, რომლის თქმითაც, აღნიშნული ცვლილება მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის.
"დავით მორგოშიამ მოკლე პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში და ურთიერთობა გააღრმავა პარტნიორ ორგანიზაციებთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. მთავრობის აპარატიდან ის კიდევ უფრო მეტს შეძლებს, რომ ამ და სხვა სამინისტროების მიმართულებებით გააძლიეროს მუშაობა და მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე.
რაც შეეხება ბექა ღვაჩლიანს, მას აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან კომუნიკაციის. განათლება მიღებული აქვს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აქვს საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ახალი უფროსი დავით მორგოშია ამბობს, რომ მისთვის ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია და თანამდებობა - მეტად საპასუხისმგებლო, რადგან სოხუმის დაცემამდე, აფხაზეთში ეს თანამდებობა სწორედ მის ბაბუას, ჯუმბერ ბეთაშვილს ეკავა, რომელიც სოხუმში ჟიული შარტავას გუნდის წევრი იყო და მისი ხელმძღვანელობის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი აფხაზეთის მაშინდელი მთავრობის მეთაურის, ჟიული შარტავას და მთავრობის წევრების გმირობა. მათ სიცოცხლის ბოლო წუთამდე სოხუმი არ დაუტოვებიათ და ბოლოს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს, მათ შორის იყო ჯუმბერ ბეთაშვილი, ოჯახმა დღემდე არ იცის სად არის მისი საფლავი.
(ინფორმაციისთვის: სახელმწიფო მოხელე - ჯუმბერ სერგოს ძე ბეთაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ჯუმბერ ბეთაშვილი 1939 წლის 26 ივნისს დაიბადა თბილისში, 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წევრი იყო. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, სწავლობდა, ასევე, სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე და მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი. 1974 წელს მუშაობა დაიწყო გაგრაში, საქალაქო კომიტეტში, ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ - განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოში. 1992-1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს ბატონი ჯუმბერი აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა).
დავით მორგოშია ჯუმბერ ბეთაშვილის შვილიშვილია, მისი ქალიშვილის ვაჟი. საკმაოდ განათლებული ახალგაზრდაა, ფლობს რამდენიმე ენას: ქართულს, ინგლისურს, იტალიურს, ესპანურს, რუსულს და ჩინურს. ცნობისათვის, 2010-2015 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და არის გეოგრაფიის ბაკალავრი, შემდეგ მაგისტრატურა დაამთავრა მილანში. ის ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრია, დაამთავრა მილანის წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულება. არის ასევე IT-ის სპეციალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თანამდებობაზე, როგორც კერძო სექტორში, ასევე -სახელმწიფო უწყებაში.
- ბატონო დავით, გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, ალბათ, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე, რადგან დაინიშნეთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც წლების წინ თქვენი ბაბუა იკავებდა.
- ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს დღე ნამდვილად ემოციური და ისტორიულია, რადგან აფხაზეთის ომის დროს, ჟიული შარტავას თავმჯდომარეობის პერიოდში, სოხუმში ჩემი ბაბუა, ჯუმბერ ბეთაშვილი იკავებდა ამ თანამდებობას. ჟიული შარტავა, ბაბუა და მათი თანამებრძოლები სწორედ იმ იდეას შეეწირნენ, რასაც საქართველოს ერთიანობა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ჰქვია. დღეს მე ვარ ამ თანამდებობაზე და სწორედ ამ იდეის განხორციელებაში მინდა, მათი ხსოვნის პატივსაცემად, ჩემი წვლილი შევიტანო ჩატეხილი ხიდის აღდგენაში, ჩვენს აფხაზ და-ძმებთან ერთად.
პირველი მოტივაცია ეს არის. ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა დავიკავე, ხუთი სამინისტროს კოორდინირება მომიწევს და გაათასმაგებული შემართებით ვაპირებ მუშაობას.
- როცა შემოგთავაზეს ეს თანამდებობა, რა რეაქცია გქონდათ, ალბათ, ბაბუა არც გახსოვთ, რადგან ის ომში დახვრიტეს.
- მე ახალშობილი ვიყავი იმ დროს. როგორც მშობლებისგან ვიცი, ბაბუამ მხოლოდ ერთხელ მნახა. იხსენებენ, 40 წუთი გესაუბრებოდაო. ბაბუა ძალიან განათლებული კაცი ყოფილა. ხელოვანი, მუსიკის მოყვარული და ჯაზმენი, ამავდროულად - საოცრად სტუმართმოყვარე, ძალიან უყვარდა ხალხთან ურთიერთობა, ქართული სუფრა, დიპლომატია. აფხაზეთში ჩასულ სტუმრებს სულ თვითონ ხვდებოდა, აცნობდა ქართულ-აფხაზურ ტრადიციებს და იმ ღირებულებებს, რაც ქართველებს გაგვაჩნია. როდესაც სოხუმი ალყაში იყო, 1993 წლის 27 სექტემბერს, დილით, ბაბუა მამაჩემს შეხვდა სოხუმის გასასვლელთან და იქ დაემშვიდობა. მამა ეხვეწებოდა დაეტოვებინა სოხუმი, მაგრამ ბაბუამ ამაზე კატეგორიული უარი თქვა. ჟიულის და სხვა თანამებრძოლებს, იქ ჩარჩენილ ბავშვებს და მოხუცებს ვერ დავტოვებო და კვლავ სოხუმში დაბრუნდა. როგორც ვიცით, 1993 წლის 27 სექტემბერს იგი თანამებრძოლებთან ერთად წამებით მოკლეს.
- ალბათ, დედა და ოჯახის წევრები ხშირად იხსენებდით მას, მისი საფლავი დღეს ცნობილია?
- დიახ, ბაბუას ხშირად ვიხსენებთ, მის საფლავს ჩვენ ვერ ვპოულობთ. წითელი ჯვარიც ეძებს სამარხებს, სადაც არიან დამარხული დაღუპულები, მაგრამ დღემდე ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება და ცხედრის პოვნა. არის ვარაუდი, რომ შეიძლება მათი ცხედრები ზღვაში გადაყარეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ ოდესმე მის საფლავს ვიპოვით. ბებია სულ ბაბუაზე ფიქრობს და ბევრ რამეს მიყვება მასზე. იმხელა კვალი დატოვა ოჯახზე, იმხელა ემოცია და სიყვარული, რომ დღემდე მოგვყვება ყველას. ყოველდღე ვიხსენებთ მას. ორმაგად სასიხარულოა, როცა ბაბუას მეგობრებს, იმ ადამიანებს ხვდები, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ და მასთან მეგობრობდნენ. საინტერესო ამბებს ჰყვებიან და ხშირად ამბობენ, დღემდე გვახსოვს მისი სიყვარულით გაკეთებული საქმეებიო. მხოლოდ დადებითი ისმის და ეს ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის.
- ბებოს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ ამ თანამდებობაზე დაგნიშნეს?
- ბებომ არ იცოდა, ტელევიზიით გაიგო და რომ შევხვდები, მერე გავიგებ მის რეაქციას. დარწმუნებული ვარ, გაუხარდა.
- დევნილების პირობების გასაუმჯობესებლად რის გაკეთებას აპირებთ? ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.
- ლევან მგალობლიშვილის გუნდის უმთავრესი პრიორიტეტებია მიზნობრიობა, ეფექტიანობა, მიზანშეწონილობა, გამჭვირვალობა და თითოეული ლარის მორგება ჩვენი დევნილების საჭიროებებზე. ხუთივე სამინისტროს მიმართულებით იქნება ახალი პროექტები და განხორციელდება ცვლილებები. რადგან აფხაზეთის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობა მეკავა, პირველ რიგში, იმ ცვლილებებზე ვისაუბრებ, რაც იქ განხორციელდა. განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებით უპირატესობა მივანიჭეთ, პირველ რიგში, განათლებას, დაიგეგმა IT ტექნოლოგიების მიმართულებით კონკრეტული სისტემების დანერგვა. სკოლებისთვის STEM ლაბორატორიებს შევიძენთ, რაც ნიჭიერ ბავშვებს მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.
21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიები ყოველდღიურობაა, კოსმოსის ათვისება, ხელოვნური ინტელექტი... ჩვენი ბავშვები იმსახურებენ, რომ მინიმალურზე მეტი მაღალტექნოლოგიური ბაზა ჰქონდეთ.
ბევრი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, რომლებიც უკვე სწავლობენ უცხოეთში ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის მიმართულებით. სტუდენტების მიმართულებითაც ჩვენ გავზარდეთ ფინანსური ხელშეწყობის პროგრამები, ასევე გვაქვს სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე სტუდენტებისთვის, გარდა ამისა, შევიმუშავეთ უფასო კურსები ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით. IT აკადემიასთან ვაპირებთ თანამშრომლობის გაფართოებას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია.
სპორტის მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდება. ვიქტორ სანეევის და ვიტალი დარასელიას სტიპენდიები გაზრდილია და შეცვლილი სახით წარვადგინეთ. 2025 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გავუზარდეთ დაფინანსება სპორტულ ფედერაციებს, კლუბებს და აკადემიებს. კულტურის მიმართულებით ჩვენ გვყავს 5 დაქვემდებარებული სსიპი, აფხაზეთის ცნობილი კაპელა, ანსამბლი "აფხაზეთი", მოზარდ მაყურებელთა თეატრი, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი და ანსამბლი "შავნაბადა". ასევე გვინდა, მაქსიმალურად წამოვწიოთ წინა პლანზე აფხაზეთის თემები და როგორც შიდა, ისე საერთაშორისო არენაზე გავიტანოთ ჩვენი ტრადიციები, ხელოვნება, სპორტი.
ლევან მგალობლიშვილის გუნდის პოლიტიკაა ასეთი და სულ ვცდილობთ, კონტაქტზე ვიყოთ დროებით დევნილ მოქალაქეებთან. მივდივართ კომპაქტურ დასახლებებში, ვარკვევთ მათ საჭიროებებს. ამან დაგვანახა განსაკუთრებით ორი მიმართულება, ეს არის ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, სერიოზული პრობლემები აქვთ, ბევრს წყალიც ჩადის და ვცდილობთ, როგორმე ეს პრობლემები აღმოვფხვრათ და შევუმსუბუქოთ მათ საყოფაცხოვრებო პირობები. რაც შეეხება ჯანდაცვას, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. რამდენიმე პოლიკლინიკა გვაქვს, რომელიც ემსახურება დევნილებს და ახლა იგეგმება ამ კლინიკების აღჭურვა, პირობებისა და მომსახურების გაუმჯობესება. რაც შეეხება დევნილებისთვის ბინების გადაცემას, ვიცი, რომ ეს არის სენსიტიური თემა, გამომდინარე აქედან, აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეშ არსებულ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან კოლაბორაციით, აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში, რათა ხელი შევუწყოთ დროებით დევნილი მოსახლეობის დროულ და ღირსეულ განსახლებას.
- დავით, ცოტა რამ თქვენზე გვიამბეთ, თქვენი მოკლე ბიოგრაფია.
- კომაროვი დავამთავრე, ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და ვარ გეოგრაფიის ბაკალავრი, შემდეგ ჩავირიცხე სოცპოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე მილანში. იქ დავიცავი ხარისხი, ვარ ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი (მილანის წმინდა გულის კათოლიკური უნივერსიტეტი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით).
ერთხანს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი, შემდეგ საქართველოს საელჩოში, იტალიის რესპუბლიკაში. შემდეგ ჩავირიცხე დოქტორანტურაში ჩინეთში, მაგრამ დაიწყო კოვიდპანდემია და სასწავლებლად ვეღარ წავედი. გადავწყვიტე კურსის შეცვლა, კერძო სექტორში გადავედი და IT სფეროში ვმუშაობდი. ვარ პროგრამისტი, დეველოპერი. საქართველოსა და ჩინეთს შორის მაქვს სავაჭრო ურთიერთობის ხელშეწყობის სტარტაპი. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება და 2024 წლიდან დღემდე, ვიყავი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.
- დაოჯახებული ხართ?
- დიახ, დაოჯახებული ვარ, 2024 წლის ივნისში შევქმენი ოჯახი. ჩემი მეუღლე თინათინ ვაწაძეა, რომელიც IT სფეროში მუშაობს.
- გისურვებთ წარმატებებს.
- დიდი მადლობა.
(სპეციალურად საიტისთვის)