რა ჩაიფიქრა პუტინმა?! - შეთანხმება ჯიდაში: 30-დღიანი მშვიდობა და რისკები, რომელიც ამერიკელებს აშინებთ
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს ჯიდაში გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკების დროს მიღწეული შედეგების კომენტარს, სათაურით: „შესაძლოა, ამერიკული ზეწოლა ახლა სწორედ რუსეთმა განიცადოს“: რას ნიშნავს მარკო რუბიოს ნათქვამი - „ბურთი რუსეთის მხარესაა“ (ავტორი - პოლ ადამსი, კორესპონდენტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როგორც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა ჯიდაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, „ბურთი ახლა რუსების მხარესაა“ ანუ ამერიკა რუსეთის რეაგირებას ელოდება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
რას ნიშნავს „ბურთი რუსეთის მხარესაა“
აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივი განცხადება, რომელიც მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ იქნა მიღებული, შეიცავს რამდენიმე საკვანძო მომენტს და, შესაძლოა, არც ერთ მათგანს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ამ სტრიქონს: „შეერთებული შტატები ატყობინებს რუსეთს, რომ მათი თანხმობა და მათი გაზიარება არის მშვიდობის მიღწევის გასაღები“.
ბოლო კვირებში ჩვენ ხშირად ვისმენდით, თუ რას ელოდება (რას ითხოვს) დონალდ ტრამპი უკრაინისაგან და რა უხეში ინსტრუმენტებით ისარგებლებს თეთრი სახლი კიევის დასამორჩილებლად. ახლა, როგორც ჩანს, დადგა დრო, რომ ღიად, საჯაროდ შემოწმდეს რუსეთის განზრახვა და ნება, არის თუ არა მზად კრემლი ამერიკულ-უკრაინული წინადადების გასაზიარებლად და მათ პირობებზე დასათანხმებლად.
დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინის მიმართ ბოლო დრომდე გაურკვევლობით იყო მოსილი და არ ჩანდა არანაირი ნიშნები იმისა, რომ თეთრი სახლი აშკარა ზეწოლას მოახდენდა კრემლზე, კიევზე განხორციელებული ზეწოლის (გავიხსენოთ ინციდენტი ოვალურ კაბინეტში) დასაბალანსებლად.
აშშ-უკრაინის გუშინდელი, 11 მარტის ერთობლივი განცხადება, მოლაპარაკების შედეგების თაობაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეიცვალა. მათ ძალზე რთული ურთიერთობა აქვთ, რომელიც ერთმანეთის მიმართ ძველი უნდობლობით არის გამოწვეული.
მაგრამ „ღვარძლის მომწამლავი ღრუბელი“, რომელიც სწორედ იმ ცნობილი ინციდენტის შედეგად წარმოიქმნა, ახლა შეიძლება გაიფანტოს, როცა მშვიდობის დამყარების რეალური პროცესის დაწყების შანსი გაჩნდა.
ამასთანავე, არსებობს იმის საფრთხე, რომ 30-დღიანი პაუზის დროს უკრაინისათვის ამერიკის დახმარების და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების აღდგენას რუსეთი ზეწოლად ჩათვლის [და უარყოფით რეაქციას გამოამჟღავნებს].
ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთება ნაადრევია: ბევრი დეტალია შესათანხმებელი და მოლაპარაკება, რასაკვირველია, გაგრძელდება.
ერთობლივ განცხადებაში ნახსენებია, რომ უკრაინას იმედი აქვს, რომ ექნება გარანტიები ომისშემდგომი უსაფრთხოებისა და ეკონომიკის აღსადგენად.
მაგრამ სწორედ ბოლო აბზაცის ფორმულირება გვამცნობს იმას, რომ უკრაინის აყვავება და აღდგენა არა იმდენად უსაფრთხოების გარანტიით მიიღწევა, როგორც ამას კიევი ცდილობს, არამედ - მინერალების გარიგების მეშვეობით, რომლის ხელმოწერას ამერიკა ითხოვს კიევისაგან.
რამდენად შეუძლია სუფთა კომერციულ შეთანხმებას რუსეთის მტრული მოქმედების განეიტრალება (და მისი თავიდან აცილება) პერსპექტივაში, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უკრაინის დელეგაციამ „დაადასტურა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩაბმულნი უნდა იყვნენ სამშვიდობო პროცესში“, მაგრამ გაუგებარია, თუ როგორ უყურებს ვაშინგტონი ევროპის მონაწილეობის სავარაუდო პარამეტრებს.
ანალიზი: დაეთანხმება თუ არა კრემლი?
ჯიდაში დასრულებული მოლაპარაკების შედეგებს აანალიზებს „ბიბისის“ კიეველი კორესპონდენტი სვიატოსლავ ხომენკო:
„მოკლე ერთობლივი განცხადება უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ რამდენიმე სიუჟეტური ხაზის გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
პირველი - დოკუმენტის მიხედვით, გასაგები ხდება, რომ უკრაინული მხარე მოკლევადიანი წინააღმდეგობის შემდეგ დათანხმდა კონფლიქტის დარეგულირების იმ გეგმას, რომელიც ტრამპის გუნდმა შეიმუშავა. უკრაინის ძველი მოთხოვნები, რომ ნებისმიერი ზავის წინ აუცილებელი იყო უსაფრთხოების გარანტიების მიცემა კიევისათვის, უკვე დავიწყებულია. წინადადება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი აყენებდა სულ რაღაც ორიოდე დღის წინ - ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან, ზღვაზე, მაგრამ არა - ხმელეთზე - ისიც უყურადღებოდ იქნა დატოვებული. ახლა კიევი აცხადებს, რომ თანახმაა, ცეცხლი შეწყდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ, რაც დონალდ ტრამპის თვალში მართლაც ჭეშმარიტი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს და ამას საქმითაც ამტკიცებს.
ამერიკის პრეზიდენტის ლოგიკაც ხომ სწორედ ამაში გამოიხატება. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. 30-დღიანი ზავი შეიძლება რამდენჯერმე გაგრძელდეს, მხარეებმა დეტალებზე შეიძლება კვირების განმავლობაში იმსჯელონ, თუნდაც გალურჯებამდე იდავონ. დონალდ ტრამპისათვის მთავარი ისაა, რომ ფრონტზე სროლა აღარ ისმის და ჯარისკაცების სისხლი არ იღვრება, არავინ იღუპება. ხოლო ის, რომ რუსეთი განუწყვეტლად არღვევდა ნებისმიერ შეთანხმებას, მინსკის მოლაპარაკების დროიდან დაწყებული, ეს აშშ-ის პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ ადარდებს. ნათქვამია, „ვინც წარსულს გაიხსენებს, ის თვალიდან დაიკარგოს“, პლუს - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს, თურმე, პირადადაც უთხრა, რომ მას „გულწრფელად სურს ომის დასრულება“ ანუ ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას ულაპარაკოდ ენდობა.
შეცვალა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი აზრი იმაზე, რომ რუსეთი ნებისმიერ პაუზას თავისი ჯარების გაძლიერებისათვის გამოიყენებს? ალბათ, არა, მაგრამ რადგანაც მას ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგანაც ევროპა აშკარად მზად არ არის ამერიკის ჩასანაცვლებლად, ზელენსკის სხვა გზა არ ჰქონდა, იგი დონალდ ტრამპის გეგმას უნდა დათანხმებულიყო. ახლა მთავარია, როგორ ისარგებლებს თვითონ კიევი ამ პაუზით.
მეორე - მართლაცდა, ბურთი ახლა ზუსტად მოსკოვის მხარესაა, სადაც ამ დღეებში უნდა ჩავიდეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. აი, აქ კი ჩვენ „სრულიად უცნობი ტერიტორიის წინაშე ვართ“: ვლადიმერ პუტინს არასოდეს უთქვამს, რომ იგი დაეთანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტას მანამდე, სანამ „სპეცოპერაციის მიზნები არ იქნებოდა მიღწეული“. ამიტომაც რუსეთის პრეზიდენტის პასუხის პროგნოზირება ჯიდაში მიღწეულ შედეგებზე ძალიან რთულია.
თუ პუტინი დათანხმდება, ეს, ალბათ, იმას მოასწავებს, რომ ტრამპთან შეხვედრა მალე მოხდება და მოლაპარაკების პროცესი უფრო მაღალ დონეზე გადაინაცვლებს.
მაგრამ თუ პუტინი უარს იტყვის ან თავს აარიდებს პირდაპირ პასუხს, არავინ იცის, ეს რას გამოიწვევს. ანუ საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება. როგორც მინიმუმი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ იმას მაინც გავიგებთ, რა შეუძლია დონალდ ტრამპს - როგორ ზეწოლას განახორციელებს იგი პუტინზე და რით შეიძლება გამოიხატოს ეს ზეწოლა.
მესამე - უკრაინისათვის ჯიდას მოლაპარაკების შედეგებს პოზიტიური მნიშვნელობა აქვს, რადგან სრულად იქნება აღდგენილი სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. დასამალი არაა, რომ კოსმოსური თანამგზავრების მონაცემების მიწოდების შეწყვეტა ნეგატიურად აისახა უკრაინის არმიაზე. შესაბამისად, დახმარების განახლება უკრაინელების განწყობას აუმჯობესებს.
რას წერს საერთაშორისო პრესა
დასავლურმა პრესამ ჯიდაში გამართული მოლაპარაკების შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა, თუ არ ვიტყვით - „ცივად და ფრთხილად“.
ამერიკულ "ვაშინგტონ პოსტში" (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატიის („რადგან კიევი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება, აშშ დახმარებას განაახლებს“) ავტორები ჯონ ჰადსონი და რობინ დიქსონი, პირველ რიგში, აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკების შემდეგ თეთრმა სახლმა შეწყვეტილი დახმარების განახლების გადაწყვეტილება მიიღო: „ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ განაახლა სამხედრო დახმარება უკრაინისადმი და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება მას შემდეგ, რაც კიევმა მოიწონა თეთრი სახლის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) რედაქცია სტატიაში „ტრამპი ზელენსკის ისევ თეთრ სახლში იწვევს“, ხაზს უსვამს, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა თანხმობის მიღწევა მოახერხეს და რომ ომის ბედი ახლა რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული: „მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჯიდაში გამართული მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი და იმედია, რომ რუსეთის მოქმედებაც ასეთივე იქნება: „აშშ ახლა რუსეთს წინადადებას შესთავაზებს - გააკეთოს მთავარი სამშვიდობო ჟესტი“ და თქვას - „დიახ“.
ამერიკული ტელეარხის - “სი-ენ-ენის" (CNN) პუბლიკაციაში „უკრაინა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას ეთანხმება“ (ავტორები იავანა კოტასოვა და ლორენ კენტი), ყურადღება გამახვილებულია მოლაპარაკების მნიშვნელობაზე: „როგორც იქნა, ჯიდაში მიღწეული შეთანხმება კეთილ გავლენას მოახდენს მრავალტანჯულ გარიგებაზე, მინერალებით სარგებლობის შესახებ, რომელიც თითქმის ორი კვირის წინათ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოხტომის გამო, ჩაიშალა. სიტუაციის ასეთი განვითარება კიევისათვის ერთგვარ სულის მოთქმას წარმოადგენს, ოვალურ კაბინეტში განცდილი დაუვიწყარი წუთების შემდეგ“.
თუმცა, როგორც ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აღნიშნავს სტატიაში სათაურით: „უკრაინა თანახმაა, ცეცხლი შეწყვიტოს...“ (ავტორი ენდროუ რუთი), მოლაპარაკების ამგვარი შედეგი უკრაინას მაინცდამაინც დიდ მიღწევად ვერ ჩაეთვლება: იმიტომ, რომ, უბრალოდ, კიევს სხვა გზა არ ჰქონდა, მისი ვარიანტები შეზღუდული იყო: „კიევს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ თეთრ სახლთან ურთიერთობა ააწყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის ბედს მაინც ამერიკა წყვეტს“.
საკვირველ შორსმხედველობას ავლენენ აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ (The New York Times) სტატიის - „დახმარების განახლება ზავზე თანხმობის სანაცვლოდ“ - ავტორები ენდრიუ კრამერი და ალან რაპოპორტი, რომლებიც წერენ, რომ უკრაინული და ამერიკული დელეგაციების ხმამაღალი განცხადებები სულაც არ იძლევა იმის გარანტიებს, რომ რუსეთი მისთვის მიუღებელ დათმობებს დათანხმდება. „შეერთებული შტატები მოლაპარაკებას აწარმოებს ცალკე უკრაინასთან და ცალკე - რუსეთთან. დღემდე არავითარი საჯარო სიმპტომები არ გამოვლენილა იმისა, რომ რუსეთი უპირობოდ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ყველამ გაიხსენოს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მინიშნება - იგი მოითხოვს დათმობებს, მაგალითად, საჯარო განცხადებას უკრაინის ნატოში მიუღებლობის თაობაზე... და ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ კრემლი საომარი მოქმედებების რაიმე სახით შეწყვეტას დათანხმდება“.
„მთლიანობაში, კიევის იმედები მოსკოვის „იძულებაზე“, კრემლისთვის მიუღებელ პირობებზე დასათანხმებლად, შეიძლება უკვალოდ გაქრეს - უბრალოდ იმიტომ, რომ ტრამპსაც მობეზრდება“, - ნათქვამია ბრიტანულ „სფექტეიტორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინა დათანხმდა ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, მაგრამ...“ (ავტორი - ლიზა ჰასელდინი). „თუ რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ პირობებზე ან ყურადღებას არ მიაქცევს, მაშინ „ბურთი უკვე დონალდ ტრამპის მხარეს იქნება“. მას მოუწევს გადაწყვეტა, რას გააკეთებს სამომავლოდ. ტრამპს შეუძლია ან შეასრულოს თავისი მუქარა ახალი, დამატებითი ანტირუსული სანქციების გამოცხადებაზე, ან საერთოდ უარი თქვას უკრაინაზე, როგორც უიმედო საქმეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ხნის ლოდინი არ მოგვიწევს შედეგების სანახავად“, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ