(VIDEO) მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. მათ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს „ბიძინას მონა” უწოდეს. სხდომათა დარბაზიდან ზვიად კუპრავა გააძევეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბრალდებულები: მიხეილ სააკაშვილი და თეიმურაზ ჯანაშია. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა ცნობა, რითაც სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვა არ მოისურვა და სხდომის გადადება მოითხოვა გამოჯანმრთელებამდე.
IPN