რა რეაქცია ექნება ტრამპს თუ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა?! - "მათრახი" კრემლის ბინადრისთვის?! - კვირის პალიტრა

რა რეაქცია ექნება ტრამპს, თუ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა?! - "მათრახი" კრემლის ბინადრისთვის?!

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა ანუ ყველა ელოდება პუტინის გადაწყვეტილებას - დაეთანხმება თუ არა კრემლი იმ წინასწარი მოლაპარკებების შედეგს, რასაც გუშინ, 11 მარტს, საუდის არაბეთის ჯიდაში მიაღწიეს ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა...

მათი წინასწარი შეთანხმება ასე გამოიყურება - უკრაინა თანახმაა, 30 დღე-ღამის განმავლობაში შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები ჰაერში, შავ ზღვაში და ფრონტის ხაზზე, რის სანაცვლოდაც აშშ გააგრძელებს შეწყვეტილი სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების მიწოდებას უკრაინის არმიისთვის...

მაგრამ ომის მხოლოდ ერთი მონაწილისგან საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე ერთვიანი მორატორიუმის გამოცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში „ამოისუნთქებენ“, გინდ მოსახლეობა და მით უმეტეს - მებრძოლები, საჭიროა, რომ ამ შეთანხმებას შეუერთდეს ომის მეორე მონაწილე -რუსეთიც, რომელიც ამ ომის წამომწყები და აგრესორი მხარეა...

ამ სტატიის დაწერისას ჯერ უცნობი იყო რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია ჯიდაში ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგთან მიმართებაში - ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში მისი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ მოსკოვში და გააცნობენ ამერიკულ-უკრაინული შეთანხმების დეტალებს, შეიძლება იმასაც, რაც არ აფიშირდება მასმედიისთვის.

ამიტომაც ლოგიკურია, თუკი პუტინი ამერიკელი კოლეგის პირადი წარმომადგენლის ვიზიტს ელოდება მოსკოვში და დახურულ კარს მიღმა მოუსმენს მას.

თუმცა რატომღაც ეჭვის ჭია არ ისვენებს - რაში აწყობს ერთთვიანი მორატორიუმი პუტინს იმ ომში, რომელშიც უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზე მისი საოკუპაციო არმია, ასე თუ ისე, კვლავ ფლობს საბრძოლო უპირატესობას, ხოლო კურსკის ოლქიდან ერთ ან ორ კვირაში შეიძლება სრულად გააძევოს ის უკრაინული საექსპედიციო კორპუსი, რომელსაც შვიდ თვეზე მეტია, ოკუპირებული აქვს ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიის ეს მცირე ნაწილი?

ამასთან, რუსული მხარე აცხადებს, რომ ერთთვიან მორატორიუმს ომში უკრაინელები გამოიყენებენ გადასაჯგუფლებლად და გადასაიარაღებლად, თითქოს თავად რუსებს ამას ვინმე უშლიდეს...

გარდა ამისა, კრემლმა კიდევ ბევრი საბაბი შეიძლება მოიძიოს იმისთვის, რომ ჯიდაში მიღწეულ ამერიკულ-უკრაინულ შეთანხმებას არ შეუერთდეს, მაგრამ რა მოხდება ამ შემთხვევაში,შეძლებს კი ტრამპი თავისი დაქადნების შესრულებას?

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის სასწრაფოდ შესაჩერებლად ის გამოიყენებდა „მათრახისა და თაფლაკვერის“ ტაქტიკას...

„მათრახი“ მან უკვე გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში წინასწარ შემუშავებული სცენარით (რომელშიც ტრამპის „ასისტენტის“ როლი წარმატებით ითამაშა ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა) საქვეყნო „გაროზგვა“ მოუწყო პრეზიდენტ ზელენსკის, ხოლო ახლა, ჯიდაში მოლაპარაკების შემდეგ, „თაფლაკვერი“ გაიმეტა კიევისთვის - აღუდგინა სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

პუტინის მიმართ ტრამპს „მათრახი“ ჯერ არ გამოუყენებია, პირიქით, თეთრი სახლიდან კრემლის მიმართ აქამდე მხოლოდ „თაფლაკვერების“ „სროლა“ თუ ჩანდა, მაგრამ რა რეაქცია ექნება ტრამპს, თუკი ჯიდაში ამერიკულ-უკრაინული წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ (რისი შედეგითაც ძალზე ამაყობენ ვაშინგტონში) პუტინი უბრალოდ არ შეუერთდება ომის 30 დღით „დაპაუზების“ იდეას?

შეძლებს კი ტრამპი „თაფლაკვერების“ შემდეგ პუტინზე „მათრახის“ გამოყენებას, რომ ის დაიყოლიოს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მაინც?

ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომლებიც ბოლო თვეებში გასაოცარი სისწრაფით ხორციელდება...