"როგორც იტყვიან „ალილუია“, კარგი ინფორმაციაა, მაგრამ..." - რას ამბობს პაატა ზაქარეიშვილი
არ გამოვრიცხავ, 30-დღიან პაუზას რუსეთი დათანხმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობა დადგება - ამ 30 დღის განმავლობაში რუსეთი მოსთხოვს ამერიკას, დააჯეროს უკრაინა, რომ საჭიროა, დათმოს ტერიტორიები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით და ვნახავთ, ამერიკა რამდენად პრინციპული იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, სადაც უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, აშშ-მ კი განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.
მისი თქმით, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე წინადადება რეალურად ევროპაში შემუშავდა და ტრამპის ადმინისტრაციას მზადყოფნა არ ჰქონდა იმის თაობაზე, „თუ როგორ ხედავდა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას“.
„როგორც იტყვიან „ალილუია“. ნამდვილად კარგი ინფორმაციაა. ჩრდილს ვერ მიაყენებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რა ფასი დაჯდა ეს ყველაფერი, ამას მნიშვნელობა აქვს. აშკარად ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არანაირი კრეატიულობა არ აქვს და არანაირი მზადყოფნა არ ჰქონდა, როგორ ხედავდა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას. ფორმულა, რაც ახლა მხოლოდ უკრაინის მხარისთვის იქნა მიღებული, შემუშავდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში სკანდალი მოხდა. ალბათ შეიძლება, კარგია, რომ თეთრ სახლში სკანდალი მოხდა. ამის შემდეგ,რაც უკრაინაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებული ზელენსკი შეხვდა ევროპის ლიდერებს, იქ ჩამოყალიბდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი, ახალი წინადადება, რომ ცეცხლი შეწყვეტილიყო ჰაერში და ზღვაზე მაინც, სულ ცოტა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „ტრამპის ადმინისტრაციას არაფერი მომზადებული არ აქვს და არ იცის, როგორ უპასუხოს გამოწვევებს“. მისივე თქმით, ახლა რუსეთს პირველად დაუდგა დრო, მშვიდობის მიმართ დამოკიდებულება გამოავლინოს.
„ძალიან კარგია, ვერ დავუკარგავთ, რომ ვიღაცის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას ეფექტიანად იყენებს [აშშ]. ეს მშვენიერია, მაგრამ ქორწილის არ იყოს - სიძე თანახმაა, მაგრამ ჯერ ცნობილი არაა, პატარძალი თანახმაა თუ არა. სად არის რუსეთის ნება? ჯერ ეს არ ჩანს. კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ტრამპი თამაშობს პუტინის თამაშს. ეს ასე არაა. ტრამპი თამაშობს თავის ჩამოუყალიბებელ თამაშს. მას სურვილები აქვს, სხვა არაფერი. სურვილი, როგორც წესი, მხოლოდ მოთხოვნებს ბადებს. ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტა უნდა, მოითხოვს სუსტი რგოლისგან, უკრაინისგან ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერას. როგორც იქნა, მან მიაღწია სუსტ რგოლში, უკრაინის მიმართულებით შედარებით წარმატებას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ამდენ ხანს პუტინი მიჰყვებოდა ტრამპის ჩამოუყალიბებელ, უსაფუძვლო, ჰაერში მოფარფატე იდეებს და აწყობდა. რაც უფრო ღრმად შევიდოდა ტრამპი რაღაც შეცდომებში, მით უფრო აწყობდა რუსეთს. ახლა სცენაზე რუსეთის გამოსვლის დრო დადგა. რუსეთს ახლა პირველად დაუდგა დრო, მშვიდობის მიმართ დამოკიდებულება გამოავლინოს ან ჩააგდოს. მგონია, ახლა თუ არა, მერე ჩააგდებს. რუსეთი ვერაგი სახელმწიფოა, პუტინი არასანდოა. რუსეთს მშვიდობა არ უნდა. რუსეთს გამარჯვება უნდა. ტრამპს უნდა ცეცხლის შეწყვეტა. არც ტრამპს უნდა მშვიდობა. მშვიდობა თუ ვინმეს უნდა, უნდა უკრაინას. მშვიდობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებით. ამ სკანდალმა კარგი მოიტანა ის, რომ უკრაინამ მიაღწია იმას, რომ ამერიკელების თავში შევიდა, რომ მშვიდობა შეუძლია იყოს უსაფრთხოების გარანტიებიდან გამომდინარე. შექმნეს 30 დღიანი „ბალიში“, სადაც შეწყდება ცეცხლი, წყალი წავა, თოვლი დადნება და გამოჩნდება, რა არის ზედაპირზე. ეს 30-დღიანი სიმშვიდე შეიძლება რუსეთმაც გამოიყენოს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ეტაპზე, 30-დღიან პაუზას რუსეთი დათანხმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდობა დადგება, ეს ცეცხლის შეწყვეტაც კი არაა, ეს არის 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, ზაქარეიშვილმა ისაუბრა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ტრამპის გამო მათ შორის ურთიერთობა არასდროს აღარ დალაგდება.
„ამერიკის პრეზიდენტი აღარაა ნეიტრალური. ზელენსკისთან კამათში ტრამპმა თქვა, მინდა ვიყო ნეიტრალური, მე არ მინდა ვიყო რომელიმე მხარე, ამიტომ ვცდილობ, ვიყო შუამავალი. აღარაა შუამავალი, მათ შორის ევროპა ჩადგა. ის, რაც ხდება, ეს წინადადება ევროპამ შესთავაზა. დღეს ტრამპსა და ზელენსკის შორის არაა ისეთი დაძაბულობა, როგორც ზელენსკისა და პუტინს შორის, მაგრამ ტრამპიც აღმოჩნდა კონფლიქტის მხარე, რადგან ტრამპსა და ზელენსკის შორის დღეს ძირითადად ბრიტანელები იმყოფებიან. ზელენსკი შეხვდა ბრიტანეთის სპეცწარმომადგენელს, რომელსაც აშკარად ჰქონდა ინფორმაცია ამერიკაზე და აუხსნა, როგორ დალაპარაკებოდა ამერიკელებს უკრაინის დელეგაცია. ანუ, დღეს ორმაგი კონფლიქტი მივიღეთ - რუსეთი-უკრაინა, ამერიკა-უკრაინა. ამერიკასა და უკრაინას შორის ნეიტრალური მხარე ბრიტანეთი აღმოჩნდა. ბრიტანეთმა საჯაროდ ასწავლა, ურჩია ზელენსკის, როგორ დალაპარაკებოდა უკრაინის დელეგაცია ამერიკის დელეგაციას. შესაბამისად, ამერიკა უკრაინასთან მიმართებით, კონფლიქტის მხარე აღმოჩნდა. ტრამპსა და ზელენსკი შორის დიდი ხანი იყო კონფლიქტი, ჯერ კიდევ პირველი ვადიდან. ტრამპი ამრეზად, ზერელედ უყურებს ზელენსკის და ამას არც მალავს და ვერც მალავს. მათ შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესებულა. გასაუმჯობესებელი არაფერია. ტრამპი პოპულისტია. შესაბამისად, იოლია, გადათქვას თავისი პოზიცია. ხომ თქვა, „რა სისულელეა, სად წამომცდა, რომ ზელენსკი დიქტატორიაო“. ეს კარგი თვისებაა, რომ ასე სასაცილოდ გამოვიდა მდგომარეობიდან, თავზე ფერფლის დაყრას, სჯობს ხუმრობაში გაატარო და ისე გამოხვიდე მდგომარეობიდან. მათ შორის ურთიერთობა არასდროს აღარ დალაგდება ტრამპის გამო. თეთრ სახლში მიიწვევს, ხელსაც ჩამოართმევს, მაგრამ რაღაცით დაამცირებს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"