"თბილისში გზები გაქვთ ძალიან კარგი, მაგრამ საშინლად გადატვირთული მოძრაობა... ყველგან სისუფთავეა, სიმშვიდე. ქართველები სასიამოვნო და გულღია ხალხია, ზრდ - კვირის პალიტრა

"თბილისში გზები გაქვთ ძალიან კარგი, მაგრამ საშინლად გადატვირთული მოძრაობა... ყველგან სისუფთავეა, სიმშვიდე. ქართველები სასიამოვნო და გულღია ხალხია, ზრდილობიანები, სტუმარს აღიქვამენ, როგორც ღვთისაგან მოვლენილს" - რას ჰყვება ინდოელი მეცნიერი საქართველოზე?

ინდოელ პროფესორ სადჰან კუმარ გჰოშთან ინტერვიუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული სიმპოზიუმის შემდეგ შედგა. მაგიდასთან როცა დავსხედით, ჩვენ წინ რაც პლასტმასის ბოთლები იდგა, ყველა აიღო და შორს გადადო. ისინი ნარჩენებს ქმნიან და როგორც გავიგე, ბატონი სადჰანის პრეზენტაციების დროს, მსგავსი ნაწარმი ახლომახლო არ უნდა იყოს. ინდოელი მეცნიერი სწორედ ამ პრობლემაზე მუშაობს. ნარჩენების ეფექტიანი მართვა დღეს მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. სადჰან კუმარ გჰოში გახლავთ ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის კვლევის ცენტრის გენერალური დირექტორი.

- პირველად როდის დამყარდა ქართველ და ინდოელ მეცნიერებს შორის ურთიერთობა და როგორ გაგრძელდა?

- ქართველ მეცნიერს პირველად შევხვდი 2015 წელს ინდოეთის ქალაქ ბანგალორში საერთაშორისო კონფერენციაზე (40 ქვეყანა მონაწილეობდა), რომლის მთავარი ორგანიზატორი იყო ასოციაცია - „ნარჩენების მართვა, წყალი და ჰაერი “. მაშინ გავიცანი სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა ძებისაშვილი, რომელმაც წარმოადგინა თავისი ნაშრომი. შემდეგ წელს, მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე, კოლკატაში ჩამოვიდნენ ნათელა ძებისაშვილი და ნუგზარ ბუაჩიძე, მეცნიერებათა დოქტორები სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტიდან და გაგვაცნეს პრეზენტაციები.

skolis-moscavleebtan-shexvedra1-1742211719.jpg

თავიდან, ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო ნაგავსაყრელი პოლიგონების პრობლემის კვლევებთან დაკავშირებით. მერე, ნელ-ნელა განვითარდა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოება-მოხმარების ახლებურ ხედვას, რომლის მიზანიც არის ნარჩენების მინიმალიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ამ თემაზე ახლა მუშაობს და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს ქართველ მეცნიერთა ფართო სპექტრი (მათი რიცხვი 25-მდეა). პოტენციალი გაიზარდა პუბლიკაციების მხრივაც და ქართველი ავტორების სტატიები გამოქვეყნდა არაერთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში. წლების განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში მოხსენებების გარდა, რამდენჯერმე გაიმართა ქართველი მეცნიერებისთვის ცალკე სესიები, სადაც სპიკერები თავად ქართველები იყვნენ.

- თქვენს ვიზიტს რა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა?

- მანამდე გეტყვით, რომ 2018 წელს მომიწვიეს აქ კონსულტანტად და დავიწყეთ ერთობლივი პროექტების განხორციელება, რომლებიც დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. სამი პროექტიდან ორი დასრულდა, მესამე - ახლა, მალე სრულდება (მარტის თვეში) და სწორედ ამ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩამოვედი ქართველ კოლეგებთან.

რაც მთავარია, თბილისის ორ სკოლაში ვიყავი მისიით, რომელსაც დავარქვი „ჩართე ახალგაზრდები ნულოვან ნარჩენებსა და ცირკულარულ ეკონომიკაში მათ სასწავლო დაწესებულებაში“. აღფრთოვანებული დავრჩი მოსწავლეების გონიერებით, კარგად ჩაერთვნენ ამ წამოწყებაში. მოზარდებს სწორად და ამ ასაკიდანვე უნდა მიეწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ამაღლდეს მათი ცნობიერება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

kartvel-kolegebtan-ertad1-1742211752.jpg

- საქართველოში პირველად ხართ? რამდენი ხნით რჩებით და რისი ნახვა მოასწარით ჩვენს ქვეყანაში?

- ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში, 5 დღით ჩამოვედი. ბოლო სამი წელი ვცდილობდი ჩამოსვლას, მაგრამ რაღაც მიზეზებმა და რა თქმა უნდა, პანდემიამაც შეგვიშალა ხელი. კონფერენციებსაც ონლაინ ფორმატში ვატარებდით. როგორც იქნა, ჩამოვედი. რა მოლოდინი მქონდა? პირველ რიგში, ვფიქრობდი, რომ აქ მაღალ დონეზეა ნარჩენების მართვა.

ადამიანურ ურთიერთობებს რაც შეეხება, ქართველები ძალიან სასიამოვნო და გულღია ხალხია, ზრდილობიანები და ყველაზე მთავარი ისაა, რომ სტუმარს აღიქვამენ, როგორც ღვთისაგან მოვლენილს (მასპინძლებმა აუხსნეს - სტუმარი ღვთისააო).

გიდობას მიწევდნენ ჩემი კოლეგები - ნათელა ძებისაშვილი და დარეჯან დუღაშვილი. ვიყავი გორის ციხეზე, უფლისციხეში, სვეტიცხოველში, თბილისში მომეწონა ძველი უბნები - ლამაზი სახლებია. გზები გაქვთ ძალიან კარგი და არაჩვეულებრივი სისუფთავეა ქალაქში და ყველგან.

რამაც შემაშფოთა, ეს არის საშინლად გადატვირთული მოძრაობა ქალაქში. და კიდევ, ძალიან ბევრი სურსათის ნარჩენი გაქვთ. მაგალითად, სუფრაზე იმდენი რამ რჩება, რომ სჯობს თავიდანვე რაოდენობა შეამციროთ.

აქ ჩამოსვლამდე შინაგანად ვნერვიულობდი, რაღაც განცდა მქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ თბილისი უსაფრთხო ქალაქია და საერთოდ, ყველგან მშვიდად ვგრძნობდი თავს.

nugzar-buachize-da-indoeli-mecnieri1-1742211798.jpg

- როგორი ემოციებით და სურვილებით მიდიხართ აქედან?

- არაჩვეულებრივია ქართველი ხალხი და თქვენი კულტურა. ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ თანამშრომლობის მიმართულებით. ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაზე. შემდეგ ჯერზე ყველანაირად შევეცდები, რომ საქართველოში ჩემთან ერთად ჩამოვიდეს ჩემი მეუღლეც.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE