რუსებმა სუჯა აიღეს?! - ტოვებენ თუ არა სრულად უკრაინელები კურსკის ოლქს
რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ცენტრში ისევ რუსეთის სამფეროვანი დროშა ააფრიალეს, მას შემდეგ, რაც ეს რუსული ქალაქი, ისევე, როგორც კურსკის ოლქის 1 200 კვ.კმ. ფართობის რუსეთის ტერიტორია უკრაინის საექსპედიციო კორპუსს ჰქონდა ოკუპირებული...
გადამწყვეტი აღმოჩნდა 8 მარტის შეტევა, როდესაც რუსულმა საბრძოლო დანაყოფმა სამხედრო ეშმაკობას მიმართა და გაზის მსხვილ მილში ფარულად გაიარა რამდენიმე კმ-ი, რის შემდეგ უკრაინელების პოზიციების ზურგში აღმოჩნდა...
მას შემდეგ, განვლილ ოთხ დღეში, რუსეთის გენშტაბმა გააძლიერა შეტევები და უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებული რაიონი სოლივით შუაზე „გააპო“.
უკრაინის საექსპედიციო კორპუსის მებრძოლების დიდ ნაწილს ნაწილობრივ ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, რასაც აძლიერებდა ლოგისტიკის ერთადერთი საავტომობილო გზის სრული გადაკეტვის საფრთხეც.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადააყენა უკრაინის არმიის „ჩრდილოეთის“ ოპერატიული სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დმიტრი კრასილნიკოვი, რაც სამხედრო წარუმატებლობის ირიბი აღიარებაა კიევის მხრიდან, რადგან სწორედ გენერალი კრასილნიკოვი ხელმძღვანელობდა ბოლო ორი წელი „ჩრდილოეთის“ ოპერატიულ სარდლობას.
ის, რომ რუსეთის კურსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს შვიდთვიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინის მხარე ვეღარ შეინარჩუნებს, ორი კვირის წინ გამოჩნდა, როდესაც სუჯის თავდაცვითი პოზიციებიდან გამოცდილი მებრძოლებით დაკომპლექტებული უკრაინული დანაყოფების როტაცია ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებით განხორციელდა, რომლებიც ძირითადად - მობილიზებულებით (ხშირად ძალის გამოყენებით) არიან დაკომპლექტებულნი.
გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ოფიციალური კიევი რაღაცნაირად უკვე შეურიგდა იმ აზრს, რომ ადრე თუ გვიან მოუწევდა ოკუპირებული რუსეთის ნაწილის დათმობა, სამხედრო და პოლიტიკური მიზეზების გამო.
მთავარი სამხედრო მიზეზი კი რუსეთის კურსკის ოლქში 2024 წლის 6 აგვისტოდანვე გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი მებრძოლების ეს სწრაფი ოპერაცია თავიდან ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა თვეების გავლის შემდეგ ფრონტის ეს ახალი, კურსკის მიმართულება დამატებით ტვირთად გადაიქცა უკრაინის იმ არმიისთვის, რომელსაც ისედაც დიდი ბრძოლების გამართვა უწევს რუსი ოკუპანტების აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში შესაჩერებლად.
ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი, რითაც პრეზიდენტი ზელენსკი ხსნიდა მისი საარმიო დანაყოფების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრას, გახლდათ ის, რომ თავად რუსეთი ემზადება ამ მიმართულებიდან უკრაინის სუმის ოლქში შეჭრისთვის, რაც ერთხელ, 2022 წლის 24 თებერვალს ანუ ომის დასაწყისში, მართლაც მოხდა.
თუმცა ამ სამხედრო სახის მიზეზის გარდა, იყო უფრო მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ასპექტიც, რის გამოც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ასეთი სარისკო ნაბიჯი გადადგა.
კიევს უნდოდა, მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ძალუძს ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და მისი შენარჩუნება!
შვიდი თვის განმავლობაში ასეც ხდებოდა, მაგრამ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც უკრაინელ სამხედროებს უწევთ არა მარტო ოკუპირებული ქალაქ სუჯის დატოვება, არამედ - კურსკის ოლქიდან საერთოდ გამოსვლაც კი...
პრეზიდენტ ზელენსკის ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, ევაჭრა ოკუპირებული რუსული სუჯით და ის პუტინისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საზღვრისპირა უკრაინულ ვოვჩანსკზე „გაეცვალა“, თუმცა ეს ვარიანტი ეტყობა, აღარ გამოვა...
არც ისაა გამორიცხული, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებებისას, ამერიკული მხარის ერთგვარი ზეწოლით, უკრაინელები დათანხმდნენ, დაეტოვებინათ სუჯაც და მთლიანად კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილიც, რამაც პრეზიდენტ ტრამპის აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის დასმას...
ასეა თუ ისე, რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილიდან სრული გამოსვლა შეიძლება წაადგეს კიდეც უკრაინის არმიას, რადგან გამოთავისუფლებულ ძალებს თავად უკრაინის აღმოსავლეთის დასაცავად გადაისვრის რუსეთის საოკუპაციო ძალების იმავე პოკროვსკზე შეტევების მოსაგერიებლად, თუმცა უკრაინის გენშტაბს მაინც მოუწევს ძალების კონცეტრაცია რუსეთის კურსკისა და უკრაინის სუმის ოლქების სასაზღვრო ზოლზე, რადგან რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება, გააგრძელოს შეტევები ამჯერად კურსკიდან სუმის მიმართულებით...
ისე კი ისტორია განსჯის, თუ რამდენად გამართლებული იყო კიევის ნაბიჯი, მოეხდინა რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრა და მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსების იქ დახარჯვა. იქნებ სჯობდა, რომ ეს ძალები თავიდანვე გამოყენებული ყოფილიყო აღმოსავლეთ ფრონტის გასამაგრებლად?