„საქართველოს უბედურება კი ის არის, რომ ვოლტერი არ ჰყოლია“ - რას გვასწავლის ფრანგი ფილოსოფოსი, რომლის ნაშრომებიც დღემდე აქტუალურია - კვირის პალიტრა

„საქართველოს უბედურება კი ის არის, რომ ვოლტერი არ ჰყოლია“ - რას გვასწავლის ფრანგი ფილოსოფოსი, რომლის ნაშრომებიც დღემდე აქტუალურია

“ვოლტერი რომ არ არსებულიყო, ის აუცილებლად უნდა გამოგვეგონა. აკი, გამოიგონა კიდეც ევროპამ ზუსტ დროს” - ეს ვალერი ოთხოზორიას წინასიტყვაობაა ვოლტერის ფილოსოფიური მოთხრობებისა, რომელიც ქართულ ენაზე ხელახლა სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში გამოიცემა.

ვოლტერი ფრანგი განმანათლებელია, რომლის ნაშრომებმაც ევროპულ ცივილიზაციაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ვალერი ოთხოზორიას წინასიტყვაობაში კი ვკითხულობთ:

„ვოლტერი თავისი დროისა და, ზოგადად, კაცობრიობის ისეთივე საკვანძო ფიგურაა, როგორიც ლეონარდო და ვინჩი, შექსპირი, გოეთე ან აინშტაინი; განმანათლებლობის, ალბათ, უდიდესი ფიგურა.

და მაინც, რატომ არის ის ამდენად აქტუალური?

როგორც ფილოსოფოსს - არადა, ის იყო ფილოსოფოსი, - აკადემიურ წრეებში ალმაცერად უყურებენ, რადგან ფილოსოფოსმა უნდა შექმნას ახალი მოძღვრება, „კონცეპტები“, როგორც დელეზი და გატარი იტყოდნენ. ვოლტერს ამგვარი, ახალი, არაფერი შეუქმნია. „უვიცობა“, რომელსაც ის იმეორებს, დიდი ხნით ადრეა მოგონილი სოკრატეს მიერ. ის მხოლოდ აკრიტიკებს, დასცინის, განაქიქებს და აცამტვერებს მალემრწმენობას, იმას, რაც გონების მიუკერძოებლობას ღალატობს. ამ აზრით, გონების სინათლის მოციქული ვოლტერი უებრო განმანათლებელია.

ვოლტერი - ესაა ცოდნას დაწაფებული სული, ერთგვარი „ცოდნის მანიაკი“, მაგრამ ცოდნისა და არა - სიყალბისა. და აქ არის სწორედ მისი განსაკუთრებულობა, მისი ლამის წმინდა ხარისხში აყვანილი გონიერება. ის არ იკვებება იმით, რასაც „ცოდნას“ უწოდებენ და რის დიდი ნაწილიც სიცრუეა, არამედ მხოლოდ იმით, რაც უეჭველია, რასაც წყალი არ გაუვა, რაც ლოგიკის შესაბამისია და წინააღმდეგობას არ შეიცავს.

აქედან უკვე ნათელია ვოლტერის ეთოსი, მისი უკომპრომისო მახვილი, რომელსაც შეგვიძლია „მწარე ნესტარიც“ დავარქვათ. მაგრამ, ვიდრე ამ ნესტრის სიმწარის მიზეზებს შევეხებოდეთ, მანამდე დავინახოთ ვოლტერის ერუდიცია.

ესაა მართლაც უაღრესად ერუდირებული ადამიანი. მისი ცოდნა გულწრფელად გამაოგნებელია. გაუგებარია როდის, როგორ და სად მოასწრო ამდენის შესწავლა, შეძენა, გათავისება. ისტორია, გეოგრაფია, მითო­სი, ლიტერატურა, რელიგია, ფილოსოფია, გეომეტრია, ალგებრა, ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. - ძნელად მოიძებნება სფერო, რომელიც გაცნობიერებული არ ჰქონდეს. სამხედრო საქმე თუ პოლიტიკა, კულინარია თუ ასტრონომია - მისი ცოდნის კალეიდოსკოპი თავბრუდამხვევია. ასეთია მკვიდრი საძირკველი, რომელზეც ის დგას, და სწორედ ამიტომ ახერხებს ასე იოლად განშორებას და მოახლოებას ცხოვრების ხედებისა, განშორებას და მოახლოებას ადამიანის არსებისა, მისი ბუნებისა, მისი ღირსებებისა და მანკიერებებისა. აქედანვე ქსოვს იმ ეგზოტიკას, მის მოთხრობებში რომაა არეკლილი, იმ კონტრასტებს - გონიერსა და უგუნურს, კეთილსა და ბოროტს, ნაზსა და სასტიკს, მშვენიერსა და მახინჯს შორის, რომლებითაც ცხოვრების ყოველი კუთხე­კუნჭულია გაჯერებული და, მაინც, ყოფაში მათი მკაფიოდ გარჩევა გვიჭირს. ვოლტერი, პირიქით, იმდენად უტრირებულად, იმდენად განკერძოებულად, მხოლობითად და გამორჩეულად წარმოგვიდგენს მოვლენებსა და ადამიანებს, რომ ყოველ შემთხვევას ვხედავთ, როგორც ადამიანის (ერის, საზოგადოების) სიქველისა თუ მანკიერების განზოგადებულ სახეს...

ვოლტერი დღემდე აქტუალურია, რადგან მისი მოთხრობები დღესაც ნატურალურად გრძელდება მსოფლიოში. როგორც ჩანს, დღემდე არ გაუმარჯვია გონებას. ეს კიდევ დიდხანს არ მოხდება: ეს ჩანს, როგორც ვოლტერის მოთხრობებში, ასევე თანამედროვე მსოფლიოს სურათზე. თითქოს ვოლტერმა დახატა უნივერსალური რუკა, რომელიც ერგება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ერს და ტერიტორიას. ბოდრიარის ყბადაღებული ფრაზა - „რუკა წინ უსწრებს ტერიტორიას“, ვფიქრობ, პირველად სწორედ ვოლტერთან ახდა.

საქართველოს უბედურება კი ის არის, რომ ვოლტერი არ ჰყოლია. მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი, შოთა, საბა, ილია, მაგრამ არა - ვოლტერი. რომ ჰყოლოდა, ასე იოლად არ დაფარავდა სოციალისტური ტალღა ჯერ მენშევიკებისა, შემდეგ კი ბოლშევიკებისა. და თუ მაინც დაფარავდა, მას არ ექნებოდა წარღვნის ეფექტი. და თუ მაინც ექნებოდა, დღევანდელობის ეფექტი, ოთხმოცდაათიანი წლებიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ან, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 1989 წლის 9 აპრილიდან რომ მოგვდგამს, არ იქნებოდა იმდენად წინააღმდეგობრივი, როგორიც არის. არ ვიქნებოდით ასეთ კრიზისში. რადგან ვოლტერი კომპასია, კაპიტანია. ჩვენ კი ორივე ძალიან გვაკლია საჭირო მომენტში.“

ვოლტერის მოთხრობები „უვიცი ფილოსოფოსი“ 17 მარტიდან გახდება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება ერთი კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება.

R