რაზე შეთანხმდნენ მხარეები? - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა შედგა
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარასკევს, 22:00 საათზე, შედგება პირდაპირი ეთერი, სადაც რამდენიმე სტუდენტი და გიორგი შალუტაშვილი პირდაპირ ეთერში გამართავენ დებატებს და ისაუბრებენ მიმდინარე მოვლენებზე.
სტუდენტების თქმით, შალუტაშვილი „ვერ დაითანხმეს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ჩამოსვლასა და ხალხთან შეხვედრაზე, რომ მას გაეკეთებინა განცხადება, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, შალუტაშვილმა პირობა დადო, რომ ეთერში სტუდენტებთან ერთად დაჯდებოდა.
შალუტაშვილის თქმით, სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ გადაწყვეტილება სასამართლოში ან მიმართონ მას და შესაბამისად, მოხდეს გადაწყვეტილების გადახევდა.
გიორგი შალუტაშვილი მზაობას გამოთქვამს დიალოგისთვის.
„მათ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება დავუშვათ სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მათი პოზიცია. ჩემი მხრიდან, მოხდა პირველი ჩემი შეხვედრა ერთ-ერთ სტუდენტთან, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა და თუ ეს გახდება მაგალითი და ამაში ყველა ერთად დავდგებით, პირდაპირ ვამბობ, მზად ვარ დიალოგისთვის. ასეთი გადაწყვეტილების მიღება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არავისთვის არ იყო სასიამოვნო, მაგრამ აქ არის ძალზედ მკაფიოდ გაწერილი, ეთიკის კოდექსის რომელი პუნქტებია დარღვეული“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალუტაშვილმა, რომლის კომენტარსაც არხის ვებ-გვერდი ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"