საქართველო გეოპოლიტიკურ შტორმში და საფრთხეები თბილისისთვის: მამუკა არეშიძის პროგნოზი - "რაც დღეს ხდება, არის სახელმწიფოს განადგურებისკენ გადადგმული - კვირის პალიტრა

საქართველო გეოპოლიტიკურ შტორმში და საფრთხეები თბილისისთვის: მამუკა არეშიძის პროგნოზი - "რაც დღეს ხდება, არის სახელმწიფოს განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი"

მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. ეს როგორ აისახება საქართველოზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ბატონო მამუკა, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გამო რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას და იქნებ ვისაუბროთ იმ შეცდომებზეც, რამაც საქართველო დააზარალა?

- ჩვენმა გამოუცდელობამ, ტემპერამენტმა, ქართულმა ხასიათმა, ბევრ რამეში ბევრი შეცდომა დაგვაშვებინა. რასაკვირველია, ეს განპირობებული იყო ზოგ შემთხვევაში იმით, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად იცოდა ქართული ხასიათი და მოქმედებდა ისე, რომ შეცდომა დაგვეშვა. ჩვენ ვიცოდით, რა შეცდომასაც ვუშვებდით, მაგრამ შემდეგ ჯერზეც იმავეს ვიმეორებდით. ეს არ არის მარტო იმ პერიოდის სენი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ისეთივე შეცდომას ვუშვებთ ახლაც. ჩვენი მდგომარეობა ყველაზე კარგად ერთმა ბალტიისპირელმა ჟურნალისტმა გამოხატა. 9 აპრილის მერე, ვიდრე აფხაზეთის ომი დაიწყებოდა, უამრავი ბალტიისპირელი თუ საბჭოთა სივრცის ჟურნალისტი სტუმრობდა საქართველოს.

ერთხელ ვკითხე ბალტიისპირელებს, რაღაც რომ გაფაჩუნდება საქართველოში, იმ წუთში აქ რატომ გაჩნდებით-მეთქი. ასე მიპასუხა, აქ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, თქვენ, ქართველებმა, საქართველოსგან ლაბორატორია შექმენით, სადაც საკუთარ თავზე ატარებთ ექსპერიმენტს, ჩვენ კი ჩამოვდივართ იმისთვის, რომ ამას დავაკვირდეთ, შევისწავლოთ და შემდეგ ჩვენც ასეთი შეცდომები არ დავუშვათო.

ბალტიისპირელებმა მართლაც არ დაუშვეს ბევრი შეცდომა,­ ბევრად მარტივად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან... ასე რომ, ეს ლაბორატორი­ის პრინციპია.

ჩვენ მუდამ საკუთარ თავზე ვატარებთ ექსპერიმენტს, ვაქებთ და ვადიდებთ იმ სამხედრო წინამძღოლებსა და მეფეებს, რომლებმაც ბრძოლის ველზე ისახელეს თავი და ხშირად ვაკრიტიკებთ ან მივიწყებული გვყავს ის მეფეები, რომლებმაც აქცენტი დიპლომატიაზე და ურთიერთობის სხვა წესზე გააკეთეს. ერთადერთი გამონაკლისია, ალბათ, გიორგი ბრწყინვალე, რომელსაც ვაღიარებთ, თორემ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ისეთი ტიპის გმირები იყო, რომლებიც ბრძოლის ველზე ასახელებდნენ საქართველოს, ვიდრე ისინი, ვინც დიპლომატიური შეხვედრების დროს ცდილობდნენ საქართველოსთვის უკეთესი მდგომარეობა შეექმნათ. ჩვენ არა ვართ ამაში გამონაკლისი, თუ გადავხედავთ ისტორიას, სამხრეთელი ხალხების თვისებაა ეს, იტალიელები იქნებიან თუ ესპანელები, მათ ისტორიაშიც ზუსტად ანალოგიური მეორდება, რაც განასხვავებს მათ ჩრდილოეთ ევროპის ხალხებისგან.

ჩვენ ხშირად ჯერ ემოციურად ვუდგებით ნებისმიერ ფაქტს, მოვლენას და შემდეგ ვიწყებთ ანალიზს. არ ვიყურებით ორი, სამი ნაბიჯის იქით, ვცხოვრობთ პრინციპით,­ დღეს და ახლა - ეს ძალიან ცუდია. გავიხსენოთ ეროვნული მოძრაობის­ საწყისი პერიოდი, კონფლიქტები. ვიდრე დაიწყებოდა კონფლიქტები ოსებსა და აფხაზებთან, თავად რაც ჩაიდინეს, ეს იმათ და მათ უკან მდგომი კრემლის ბიუროკრატიის სინდისზე იყოს, მაგრამ მე ჩვენზე ვლაპარაკობ. შეგვეძლო ბევრად მოქნილად მივდგომოდით ამ ყველაფერს. დაპირისპირებას ვერ ავირიდებდით, მაგრამ მაინც შეგვეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავით. საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს 1990 წლის ზაფხული, როდესაც დაახლოებით ანალოგიურად სცადეს პროვოცირება რუსეთის სპეცსამსახურებმა ქვემო­ ქართლში. მაშინ სწორი ნაბიჯები გადაიდგა­, რამაც პრაქტიკულად კონფლიქტი აგვარიდა, სულ ორი კაცი დაიღუპა. რასაკვირველია მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, ვგულისხმობ მაშინდელ ოფიციალურ ბაქოს, შემხვედრი ნაბიჯები გადადგა და შეეცადა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა ქვემო ქართლში გაენეიტრალებინა და მიაღწია კიდეც ამას ჩვენთან ერთად. ამას ხომ ჰქონდა ეფექტი? ეს დღეს ცოტას თუ ახსოვს საქართველოში. ის ამბები, რაც მერე ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მოხდა, ყველასთვის ნათელია.

- შიდაპოლიტიკური პროცესები ქვეყანაში­ რთულია, ეს ხომ არ დაგვაზარალებს არსებული­ =გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე?

- რაც ახლა მსოფლიოში ხდება,­ ეს არის არა მხოლოდ ახალი მსოფლიო­ წეს­რი­­გი­სკენ, არამედ მსოფლიო გადანაწილები­სკენ სვლაც. ის, რომ მსოფლიო წესრიგი მოშლილი იყო, რამდენიმე ხნის წინ გამოიკვეთა, მაგრამ ყველას იმედი ჰქონდა, ვითარება დალაგდებოდა, მსოფლიო ახალი­ მშენებლობის პროცესს შეუდგებოდა­.

ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი მოთამაშის სურვილია, რაც შეიძლება ქაოსური ვითარება იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი თევზი დაიჭირონ მღვრიე წყალში.

ამ ვითარებაში პატარა ქვეყნების როლი ძალიან მინიმიზებულია, მით უმეტეს, იმ ქვეყნების, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკვანძო გეოგრაფიულ სივრცეში არიან, როგორიც არის საქართველო და ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი თუ სომხეთი. ამიტომ სათანადოდ უნდა ვიმოქმედოთ.

- რას გულისხმობთ ასეთ მოქმედებაში?

- ჯერ ერთი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქვეყნის ხელოვნურად დასუსტება. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის დასუსტებისა და სახელმწიფოს განადგურებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. ჩვენი უპირველესი ამოცანაა სახელმწიფოს შენარჩუნება, მეორე კი ფუნქციის განსაზღვრა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის თანამდევია მოვლენების სწორი ანალიზი და იმის შეფასება, იმ მსხვილი მოთამაშეების­, ვინც რეგიონში აქტიურობს,­ ინტერესები რაში მდგომარეობს, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათი ინტერესების დაპირისპირება, რომ საბოლოოდ ისეთი პროდუქტი­ შევქმნათ, მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები იყოს და თან ჩვენც გამოგვადგეს. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობით, ისეთ ვითარებაში, როგორიც დღეს საქართველოშია, ეს არ გამოვა. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ვითარებაში გამოყენებულ იქნეს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის სრული რესურსი, მაგრამ რა სრული რესურსის გამოყენებაზეა ლაპარაკი, როცა მხარეები საკუთარ რესურსსაც ვერ იყენებენ სწორად. უნდა განვსაზღვროთ ქვეყნის სტრატეგიული ფუნქცია და ტაქტიკური სვლები გავაკეთოთ.

უნდა განვსაზღვროთ, რა ტიპის ქვეყანას ვაბარებთ შთამომავლობას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მომავალ თაობაზე, მომავალ სახელმწიფოზე არავინ ფიქრობს, ყველა დღევანდელი მოცემულობით ცხოვრობს. დავანებოთ თავი პოლიტიკურ კლიმატს, სოციალურ კლიმატს შევხედოთ - შევხედოთ როგორი საშინელი ფსიქოლოგიური ფონია ქვეყანაში, ადამიანებს ერთმანეთი უკიდურესად ეზიზღებათ. როცა საზოგადოებაში ასეთი ნაპრალია, ეს კატასტროფაა. ასეთი ვითარება ძალიან ხშირად ხელოვნურად იქმნებოდა საქართველოში და მერე ბრძოლის ველზე მყოფ საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილი ზურგში დანას ჩასცემდა ხოლმე. დაახლოებით იგივე ვითარებაა დღეს - ახლა ომი რომ დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, ერთი მცირე ნაწილი წავა საბრძოლველად, ისევ ჩაწერს გმირულ ფურცელს საქართველოს ისტორიაში, მეორე ნახევარი ან უკეთეს შემთხვევაში პასიურად დააკვირდება ამას, როგორც არაერთხელ ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, ან პირიქით, მტრის გულის გასახარად იარაღს ესვრის იმ მცირე ნაწილს.

ეს არის ჩვენი უბედურება, არა გვაქვს ერთი პირი გარე გამოწვევებისა და რისკების გასამკლავებლად. გარდა ამისა, არა გვაქვს გააზრებული, რა ვითარებაში ვართ და რა გვინდა, რას ვთავაზობთ მსოფლიოს ან რას ვითხოვთ მისგან. სტრატეგიული აზროვნების კატეგორიული დეფიციტია ქვეყანაში.

წაიკითხე ვრცლად