სენსაციური ინფორმაცია ანუ პუტინის 8-პუნქტიანი "ულტიმატუმი" ზელენსკის - "ევროპის დაზვერვამ ეს დოკუმენტი "ეფ-ეს-ბეს" მეხუთე სამმართველოდან მოიპოვა" - კვირის პალიტრა

სენსაციური ინფორმაცია ანუ პუტინის 8-პუნქტიანი "ულტიმატუმი" ზელენსკის - "ევროპის დაზვერვამ ეს დოკუმენტი "ეფ-ეს-ბეს" მეხუთე სამმართველოდან მოიპოვა"

კატეგორიული მოთხოვნები, რომლებიც პუტინმა შეიძლება დააყენოს ომის „დასაპაუზებლად“...

მსოფლიოს დიდი ნაწილი სულგანაბული ელოდება, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინა დაიყოლია ომის 30 დღე-ღამით შეჩერებაზე ჰაერში, ზღვაზე და ფრონტის ხაზზე...

ჯერ-ჯერობით მარჩიელობა მიმდინარეობს, თუ რა პოზიციას აირჩევს კრემლი, სადაც მალე ტრამპის ოფიციალური წარმომადგენლები ესტუმრებიან...

თუმცა გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post -ი აქვეყნებს ექსკლუზიურ სტატიას იმის თაობაზე, თუ სავარაუდოდ რა მოთხოვნები ექნება კრემლს ამერიკული და უკრაინული მხარის მიმართ, სანამ დათანხმდება ცეცხლის დროებით შეწყვეტაზეც კი.

The Washington Post-ი წერს, რომ ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტი,შედგენილი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მეხუთე სამმართველოსთან დაკავშირებული მოსკოვის ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელშიც ჩაწერილია რეკომენდაციები, რითაც სასურველია ისარგებლოს რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს უკრაინაში ომის დროებით შეჩერების თაობაზე.

რუსული სპეცსამსახურის ანალიტიკოსების მთავარი რჩევები კრემლისადმი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი-აშშ-ის პრეზიდენტის ტრამპის დიდი სურვილი და მონდომება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება მისი ახალი პრეზიდენტობის 100 დღის შესრულებამდე დაიდოს, შეუსრულებელი იქნება. უფრო რეალურია,რომ უკრაინის ომის შეჩერება მხოლოდ 2026 წელს მოხდეს.

მეორე-უკრაინამ საერთოდ უნდა დაივიწყოს სიტყვა- ნატოც კი, რადგან მის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

მესამე-გამორიცხულია ევროპული ქვეყნების სამხედროების რაიმე სახით, თუნდაც სამშვიდობო ძალების მანდატით, განთავსება არათუ ფრონტის ხაზზე, არამედ საერთოდ უკრაინის ტერიტორიაზე.

მეოთხე-მიუღებელია აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გაგრძელება.

მეხუთე-უკრაინა იწყებს თავისი ერთ მილიონამდე არმიისა და შეიარაღების სასწრაფო შემცირებას.

მეექვსე- უკრაინა და დასავლეთი ოფიციალურად აღიარებენ უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად, მათ შორის ამ ოლქების იმ რაიონებსაც, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუპყრია.

მეშვიდე - უშუალოდ უკრაინის ჩრდილოეთის რაიონებში უნდა შეიქმნას ბუფერული ზონები რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების საზღვრების გასწვრივ, ასევე დემილიტარიზებული ზონა უკრაინის სამხრეთში, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ესაზღვრება.

მერვე - უნდა მოხდეს უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების სრული „დემონტაჟი“, რადგან მხოლოდ არჩევნებისა და მასზე პრორუსული პარტიების მონაწილეობის მოთხოვნა, არასაკმარისია.

ის, რომ რუსეთს შეიძლება ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნებიც ჰქონდეს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ, არახალია.

მაგრამ, კრემლის ასეთი კატეგორიული მოთხოვნები უკრაინისთვის ფაქტობრივად უპირობო კაპიტულაციის ტოლფასი ხდება-რუსეთს ამ ეტაპზე არ ძალუძს უკრაინის მთლიანი ოკუპაცია და მისთვის იმ უკრაინული მიწების უბრძოლველად „დაკანონება“, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ჯერ არ დაუპყრიათ იმავე ზაპოროჟიესა თუ ხერსონის ოლქებში(ან დაიპრობენ კი?) , უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანს...

ფაქტია, რომ კრემლი თეთრ სახლთან სერიოზულ პოლიტიკურ ვაჭრობას გამართავს, რათა პუტინმა ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად „დაპაუზების“ იდეით აღტყინებულ ტრამპს უბიძგოს,ზელენსკიზე დიდი ზეწოლა განახორციელოს, კიევის კიდევ უფრო მეტ დათმობებზე წასასვლელად...