"ქართული ოცნება" იქცა რეჟიმად, რომელმაც წინა ხელისუფლების ყველა ბოროტების რეინკარნაცია მოახდინა - ყველაფერი გააკეთა, რომ საპოლიციო რეჟიმი მიგვეღო" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" იქცა რეჟიმად, რომელმაც წინა ხელისუფლების ყველა ბოროტების რეინკარნაცია მოახდინა - ყველაფერი გააკეთა, რომ საპოლიციო რეჟიმი მიგვეღო"

“ქართული ოცნება” იქცა რეჟიმად, რომელმაც წინა ხელისუფლების ყველა ბოროტების რეინკარნაცია მოახდინა, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

სიმონიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, “ქართულ ოცნებას” არცერთი კანონი არ მიუღია საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე.

მისი განმარტებით, ყველა კანონი ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოს.

“ქართული ოცნება” იქცა რეჟიმად, რომელმაც წინა ხელისუფლების ყველა ბოროტების რეინკარნაცია მოახდინა, ანუ რაც წინა ხელისუფლების დროს ბოროტება არსებობდა და რასაც წლების განმავლობაში ადამიანები ვებრძოდით, ყველაფერი გააცოცხლა, დააბრუნა საკანონმდებლო სივრცეში, პრაქტიკაში და, შესაბამისად, ამ მეთოდებს აქტიურად იყენებს.

ჩვენ გვახსოვს, 2012 წლამდე პერიოდში როგორ აქტიურად გამოიყენებოდა, მათ შორის, მარიხუანასთან დაკავშირებით რეგულაციები ადამიანების დასასჯელად და ამ ნულოვანმა ტოლერანტობამ ადამიანები სადამდე მიიყვანა. “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პარლამენტში რა გააკეთა გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის და ადამიანების გაჩუმებისთვის მიიღო კანონმდებლობა. ერთი კანონი მაინც დამისახელეთ, ერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გააკეთა საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. ყველაფერი გააკეთა აბსოლუტურად იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად განემტკიცებინა და საპოლიციო რეჟიმი მიგვეღო.

მე მინდა, გაგახსენოთ, დაახლოებით ერთი წლის წინ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ვითომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით სავალდებულო ნარკოლოგიური ტესტირება გააუქმა თანამდებობის პირებისთვის და დააყრდნო ყველაფერი იმას, თითქოს აქ ძალიან ბევრი ბუნდოვანი რეგულაციაა და, შესაბამისად, ადამიანების წინააღმდეგ ბოროტად იყოს გამოყენებულიო - ჯერ ერთი, ამ რეგულაციების გაუქმება ვენეციის კომისიას არ მოუთხოვია და ტყუილი იყო - ან ცხადი გახადეთ რეგულაციები ან საერთოდ გააუქმეთო - ეს გვითხრა. ნაცვლად იმისა, რომ ცხადი გაეხადათ რეგულაციები და ლეგიტიმური მიზანი გამოეკვეთათ, ამის ნაცვლად საკუთარ თავთან მიმართებით ეს რეგულაციები გააუქმეს, სამაგიეროდ, იმ ადამიანებზე ამკაცრებენ რეგულაციებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფო სხვანაირ ნაბიჯებს უნდა დგამდეს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

IPN