1979 წელს საბჭოთა კავშირის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა იტალიური კომედია „ბლეფი“, ადრიანო ჩელენტანოსა და ენტონი ქუინის მონაწილეობით, რომელიც თითქმის ყველა „საბჭოელმა“ ნახა. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბანქოს თამაშს ასახავს, სადაც კარგად ჩანს მთავარი გმირის „ბლეფაობის“ ხელოვნება. ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ძალზე მოხერხებული (თუმცა ძალზე რისკიანი) ბიზნესმენი იყო და უყვარდა „ბლეფი“ (საბანკო კრედიტის მისაღებად ხშირად რამდენჯერმე გაუზრდია ხელოვნურად საკუთარი აქტივები), რამაც არა ერთხელ მიიყვანა გაკოტრების პირას. დონალდ ტრამპს „ბლეფი“ ახლაც უყვარს: პოლიტიკოსი და მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ლიდერი ცდილობს, „ბანქოს წესები“ სხვა ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე ზემოქმედების საშუალებად გამოიყენოს. ჯერჯერობით ეს გამოსდის მანამ, სანამ თავისზე ძლიერ „ბლეფაობის“ ოსტატს არ გადაეყრება. ალბათ, ყველას გსმენიათ: „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. მეგობრების გარდა, ნებისმიერი ადამიანის გარემოცვას მისი ახლო თუ შორეული ნათესავები, მეზობლები და თანამშრომლები წარმოადგენენ. არ გაგიკვირდეთ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია სპეცსამსახურისთვის ჩვენზე ინფორმაციის მიღება/მოპოვების მთავარი რესურსია. კა-გე-ბეს, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, უმაღლეს დონეზე ჰქონდა დამუშავებული ოპერატიული დაინტერესების ობიექტის (შემდგომში - „ობიექტის“) გადაბირება/დაშანტაჟებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების მეთოდები და ხერხები. ამ დროს ძირითადი აქცენტი კეთდებოდა „ობიექტის“ ახლო გარემოცვის რომელიმე წევრის გადაბირებაზე ან იქ აგენტის შეგზავნა/მიმაგრებაზე. აგენტის მთავარი ამოცანა იყო „ობიექტის“ შესახებ ინფორმაციის მოპოვება და/ან მასზე სპეცსამსახურისთვის საჭირო სახის ზეგავლენის მოხდენა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი კა-გე-ბეს სხვადასხვა „მეთოდურ მითითებაში“ დაწვრილებითაა ახსნილ-განმარტებული. სხვათა შორის თუ „ობიექტის“ ახლო გარემოცვის წევრი უარს ამბობდა ინფორმაციის მიწოდებაზე, მაშინ რეკომენირებული იყო თავად მისი დაშანტაჟება მაკომპრომეტირებელი მასალა-დოკუმენტებით. თუ გადაბირების სამიზნე „ობიექტი“ ძალიან პერსპექტიული იყო, მაშინ გადაბირების ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში და ძალზე ფრთხილად მზადდებოდა: სწავლობდნენ მის ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას, ჩვევებს, მიდრეკილებებს, სისუსტეებს (რომლებიც დამახასიათებელი იყო, როგორც მისთვის, ასევე, მისი ოჯახის წევრებისთვის). შემდეგ იქმნებოდა შესაბამისი სიტუაცია, რათა „სცენაზე“ გადაბირების სპეციალისტი - ოპერატიული თანამშრომელი შემოსულიყო. აგენტის გადაბირების ურთულეს ამოცანას მხოლოდ კომუნიკაბელურ და კარგ ფსიქოლოგ „ოპერს“ ანდობდნენ. დროც უნდა ყოფილიყო კარგად შერჩეული: „ობიექტი“ , სხვადასხვა მიზეზის გამო (ოჯახური და ფინანსური პრობლემები, კონფლიქტი სამსახურში და ა.შ.), არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო. უცხოელის გადაბირებისას მას ხელწერილს არ აწერინებდნენ, სამაგიეროდ, მთელი შეხვედრისა და საუბრის ფოტოვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა ხდებოდა. ამის მიზანი კი ის იყო, რომ თუ აგენტი შემდგომ გაურჩდებოდა და თანამშრომლობაზე უარს იტყოდა, მასზე შანტაჟი მოეხდინათ: თუ არ „მოჭკვიანდები“ ხვალვე მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ... კა-გე-ბეს აგენტი იყავიო. გადაბირების პროცესში „ობიექტის“ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კა-გე-ბეს „მეთოდური მითითებები“ პირდაპირ დაშანტაჟებას ითვალისწინებდა: „...შეიძლება განხორციელდეს სწორხაზოვნად, შანტაჟის გზით, კომპრომატების გამოყენებით - ფოტოები, აუდიო და/ან ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც ასახავს ურთიერთობას მეძავებთან ან, უბრალოდ, სხვა ქალებთან, მათ შორის - კომპანიის ან ოჯახის მომსახურე პერსონალთან (სახლის დამხმარე პერსონალი, მზარეული, დამლაგებელი და ა.შ.), ასევე, ასახავს ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს“ (ციტატის დასასრული). ხედავთ, ხომ, რამხელა სიბინძურე უნდა ექექათ, რომ ამგვარი კომპრომატები ხელთ ჰქონოდათ! ზურაბ წერეთელი და დონალდ ტრამპი გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში დონალდ ტრამპი რუსეთს სამჯერ ეწვია (ზოგიერთი რუსული საინფორმაციო წყარო მხოლოდ ერთ ვიზიტს ადასტურებს): 1996 წლის ნოემბრის დასაწყისში, იმავე წლის დეკემბერში და 1997 წლის იანვარში. სწორედ ამ დროს იყო მისი ფინანსური მდგომარეობა ძალზე არასტაბილური და ის თავისი სამშენებლო ბიზნესისთვის ახალ ბაზრებს ეძებდა. 1996 წლის ივნისში ნახევრად ცოცხალი ბორის ელცინი, როგორც იქნა „მიიყვან-მიაჩოჩეს“ პრეზიდენტობამდე, რეალურად ქვეყანას კი ოლიგარქიული კლანები მართავდნენ. ერთ-ერთი ძლიერი ბერეზოვსკი-პატაკაციშვილის კლანი იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა მათთან დაპირისპირებულ „ლუჟკოვის კლანზე“ დადო ფსონი. მან იცოდა, თუ ვინ ქმნიდა ამინდს რუსეთის დედაქალაქში და ვინ იყო მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ყველაზე სანდო ადამიანი და მისი „ყულაბა“ – ვლადიმერ რესინი, რომელიც, პარალელურად, მოსკოვში მიმდინარე მშენებლობებს კურირებდა. ახალი სამშენებლო პროექტების „ბოსიც“ ის იყო, თუმცა მაშინ დონალდ ტრამპმა მოსკოვის მერთან საერთო ენა ვერ გამონახა. რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში დიდი ქაოსი იყო და მისთვის არავის ეცალა. ტრამპი კვლავ შეხვდა ზურაბ წერეთელს და მასთან... ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკების ნიუ-იორკში დადგმის პერსპექტივებზე ისაუბრა. დონალდ ტრამპის მოსკოვში ვიზიტს დაემთხვა მორიგი დიდი ინტრიგები „ელცინის კარზე“. რუსეთის „ბეჭდაუდებელი ფალავანი“ გენერალი ალექსანდრე ლებედი, როგორც შემოიყვანეს, ისევე სწრაფად გაიყვანეს „საჭიდაო ხალიჩიდან“. ვფიქრობ, საინტერესო იქნება გენერალ ლებედის, ამ ცოდვიანი კაცის ტრაგიკული ცხოვრების გახსენება. „ავღანეთის ომისა“ და „ურჩი რესპუბლიკების“ (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი) მორჯულების სადამსჯელო სამხედრო ოპერაციების მონაწილე ალექსანდრე ლებედი ტიპური რუსი „დერჟავნიკი“ იყო, რომელიც „დაჩაგრული“ სამშობლოს აღოძინებას რუსეთის იმპერიის აღდგენაში ხედავდა. რუსულ პოლიტიკაშიც სწორედ ამ მიზნით მივიდა: იგი „ძლიერი ხელით“ ქვეყნის მართვას, დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა რუს ამომრჩეველს. 1996 წლის 11 იანვარს ალექსანდრე ლებედი რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინეს მისმა მომხრეებმა. ამ დროს ყველა სფეროში ბორის ელცინის ხელისუფლების კრახი სახეზე იყო, რითაც კომუნისტების ლიდერი გენადი ზიუგანოვი სარგებლობდა და პრეზიდენტობის რეალური კანდიდატიც ის იყო. პოლიტტექნოლოგებმა სწორედ მისთვის ხმების წასართმევად შექმნეს გენერალ ლებედის „პოლიტიკური ფიგურა“ და უნდა ითქვას, რომ დიდწილად სწორედ ამან უშველა ბორის ელცინს, რომ არჩევნების პირველივე ტურშივე არ დამარცხდა. ამომრჩეველთა ხმები მაშინ ამგვარად გადანაწილდა: ელცინი - 35,28%; ზიუგანოვი - 32.03% და ლებედი - 14, 52%. პირველი ტურის დამთავრებიდან ორი დღის შემდეგ, 1996 წლის 18 ივნისს, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ალექსანდრე ლებედი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშნა. ამის შემდეგ გენერალი ლებედი ელცინის აგიტატორ/მხარდამჭერი გახდა და დაარწმუნა საკუთარი ამომრჩეველი, ხმა ელცინისთვის მიეცათ. თუმცა ამაგი ვინ დაუფასა: 1996 წლის 3 ოქტომბერს პრეზიდენტმა ელცინმა გენერალი ლებედი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ გენერალმა საკუთარი პარტია შექმნა და ღიად დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა. მისი პოპულარობა, რუსეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე, სულ უფრო იზრდებოდა: ბევრი მასში რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ხედავდა. ალექსანდრე ლებედიც არ მალავდა პოლიტიკურ ამბიციებს და „სალდაფონური იმიჯის“ შეცვლას ცდილობდა. ამ მიზნით მან საზღვარგარეთ ვიზიტებს მოუხშირა. 1997 წლის იანვარში ალექსანდრე ლებედი შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიიწვიეს. ვიზიტის ფარგლებში რუსი პოლიტიკოსი ასევე შეხვდა პრეზიდენტ კარტერის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკის. ინაუგურაციის შემდეგ ლებედს შეხვედრები ამერიკელ ბიზნესმენებთანაც ჰქონდა: ცენტრში დონალდ ტრამპი და ალექსანდრე ლებედი. ნიუ-იორკი, 1997 წლის იანვარი ნიუ-იორკში ის დონალდ ტრამპს ესტუმრა. ორივე მხარე ცდილობდა, მომავალში თავისთვის სასიკეთოდ გამოეყენებინა ეს კონტაქტი: ალექსანდრე ლებედს ამერიკელების პოლიტიკური (შესაძლოა, ფინანსურიც) მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, ტრამპს კი საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოსკოვში, „კრემლის“ ახლოს, ცათამბჯენის აშენების მიზანი ჰქონდა და ეს იდეა რუსეთის შესაძლო მომავალ პრეზიდენტს შესთავაზა. ლებედმა კი „სალდაფონური იუმორით“ უპასუხა: მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი კრემლის გვერდით ვერ აშენდება. ჩვენ არ დავუშვებთ „კრემლს“ ცათამბჯენის სახურავიდან „ნაგავს აყრიდნენო“ (ეს შერბილებული ფორმაა. გენერლის სიტყვები გაცილებით არადიპლომატიური იყო – ბ.ა.). მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებისა, ალექსანდრე ლებედი 1998 წლის 5 ივნისს კრასნოიარსკის გუბერნატორად აირჩიეს. დონალდ ტრამპი ლებედის პოლიტიკურ წარმატებას დიდი იმედებით შეხვდა: კრასნოიარსკში ცათამბჯენის აშენების სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ხვდებოდა, რომ შორეული კრასნოიარსკიდან „კრემლი“ უფრო კარგად მოჩანდა. თუმცა „კარტები“ კვლავ ბორის ელცინმა აურია, რომელმაც 1999 წლის 31 დეკემბერს თავის შემცვლელად და რუსეთის მომავალ პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინი წარადგინა. ლებედი და პუტინი: ფოტოზეც კარგად ჩანს, თუ ვის მხარესაა ძალა და ვის მხარეს - მოხერხება და ცბიერება. რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა მეთოდურად დაიწყო უკვე არსებული და მომავალი ოპონენტების თავიდან მოცილების პროცესი: ზოგს ბიზნესი წაართვა და უცხოეთში გააქცია (ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, გუსინსკი და სხვ.), ზოგი კი - „უბედურ შემთხვევას“ ემსხვერპლა. ალესანდრე ლებედი, რომელიც არ მალავდა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას, 2002 წლის 28 აპრილს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მილიარდერი დონალდ ტრამპი კი კვლავ მოსკოვში Trump Tower Moscow-ის პროექტის განხორციელებაზე ოცნებობდა. ასაკთან ერთად ტრამპს აპოლიტიკური ამბიციებიც მოემატა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი მას ჯერ კიდევ 2000 წელს ჰქონდა, თუმცა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯორჯ ბუში-უმცროსი გახდა. ამის შემდეგ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური იმიჯის შექმნასა და მხარდამჭერების მოზიდვაზე გადაერთო. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ებრაელი მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომაც დონალდ ტრამპი და მისი მთავარი მოკავშირე, ნიუ-იორკის მერი რუდოლფ ჯულიანი, ოჯახებით დაუახლოვდნენ მდიდარ ებრაელებს, საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებულ თამირ საპირს, სემ კისლინს და სხვებს. საპირმა და კიდევ ორმა სხვა საბჭოთა ემიგრანტმა, ფელიქს სატერმა (რომელიც მოსკოვში იყო დაბადებული, მისი ნამდვილი გვარი შეფეროვსკია) და თევფიკ არიფმა (ყაზახეთში დაბადებული ტოფიკ არიფოვი ), ინვესტიცია განახორციელეს Trump SoHo-ს პროექტში, რომელიც მოიცავს სასტუმროსა და ბინების კომპლექსს მანჰეტენზე. თავის მხრივ, ტრამპმა ინვესტიცია ჩადო კომპანია Bayrock-Sapir-თან, რომელსაც ზემოაღნიშნული სამეული ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპმა საპირს "დიდი მეგობარი" უწოდა. 2007 წელს დონალდ ტრამპმა თამირ საპირის ქალიშვილის, ზინას ქორწილის მთელი ცერემონიალი საკუთარ სახლში, ფლორიდაში (მარ-ა-ლაგოში) მოაწყო. მარცხნიდან მარჯვნივ: ერიკ ტრამპი, თევფიკ არიფი, დონალდ ტრამპი-უმცროსი, ივანკა ტრამპი, დონალდ ტრამპი, თამირ საფირი, მისი ვაჟი - ალექსი, ჯულიუს შვარცი და თამირის ქალიშვილი ზინა საპირი. ნიუ-იორკი, 2007 წლის 19 სექტემბერი. ამერიკულ ჟურნალ „Fortune“-ში გამოქვეყნებული ეს ფოტო მხოლოდ ნაწილობრივ მიანიშნებს ტრამპისა და საპირის ბიზნესპარტნიორობის დონეს: ტრამპმა კარგად იცოდა, რომ ყოფილ საბჭოთა ემიგრანტებს, რომლებმაც ამერიკაში მილიარდები დააგროვეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ყოფილ სამშობლოსთან, მათ შორის - რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებთან. ეს კავშირი, როგორც წესი, რუსეთის სპეცსამსახურების შუამავლობითა და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ამ დროს კარგად ცნობილი პრინციპი მოქმედებდა: „ხელი ხელს ბანს და ორივე - პირსო“. რუსეთში მოგებიანი ბიზნესის წარმოების სანაცვლოდ, ემიგრანტ მილიარდერებს, რუსეთის სპეცსამსახურების „პატარ-პატარა“ დავალებები უნდა შეესრულებინათ. 2008 წელს დონალდ ტრამპი თამირ საპირის, სემ კისლინისა და ლევ ლევაევის (რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო ურთიერთობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვს) დახმარებით ცდილობდა მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებას. პროექტის მიხედვით ცათამბჯენი 100-სართულიანი და ყველაზე მაღალი შენობა უნდა ყოფილიყო ევროპაში. ამ პროექტის რუსეთის ხელისუფლებასთან ლობირებას დონალდ ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი და მისი თანაშემწე ფელიქს სატერი ხელმძღვანელობდნენ. სატერი ხშირად ტრაბახობდა ვლადიმერ პუტინთან კავშირებით, რომლის გარეშეც პროექტის განხორციელება გამორიცხული იყო. (მეხუთე ნაწილის დასასრული)