ბრიტანულ ჟურნალ „სფექტეიტორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კურსკის პლაცდარმის დაკარგვა ზელენსკისათვის მტკივნეულ დარტყმას ნიშნავს“ (ავტორი - სვეტლანა მორენეცი, უკრაინელი ჟურნალისტი). „გასული წლის აგვისტოში ოკუპირებული რუსული ტერიტორიიდან უკანდახევა კიევისათვის ძალზე ნეგატიურ და უსიამოვნო მომენტს დაემთხვა. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებდა, რომ ხელში კოზირი ექნებოდა, სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის, მაგრამ მისი გათვლები დაინგრა“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი. გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით: რუსეთის ტერიტორიის 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ჯარები კურსკის ოლქიდან უკან იხევენ. რუსმა ჯარისკაცებმა უკვე აღმართეს რუსეთის დროშა სუჯას ადმინისტრაციულ შენობაზე და უკრაინის საზღვარს უახლოვდებიან კიევის თვალსაზრისით, ძნელი წარმოსადგენია უკანდახევის უფრო უარესი მომენტი, როგორიც სუჯადან უკანდახევაა - ზუსტად ახლა დგას დღის წესრიგში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ჰორიზონტზე სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა გამოიკვეთა, უკრაინის ჯარები კი უკან იხევენ. არადა, რვათვიანი ბრძოლების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებისას რუსულ მიწას უკრაინის მიწაზე გაცვლიდა. მაგრამ ახლა ზეწოლის ეს ბერკეტი, პრაქტიკულად, გაქრა. რუსი ჯარისკაცები... გაზსადენის მილში! მოსკოვის ჯარები, ჩრდილო-კორეელების გარკვეული დახმარებით, შეუჩერებლად იბრუნებენ 1800 კვადრატულ მეტრ რუსულ ტერიტორიას, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის აგვისტოს დასაწყისში დაიკავეს. მაგრამ ნამდვილი გარღვევა მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როცა რუსეთის ჯარებმა თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ერთადერთი ასფალტირებული გზა, რომელიც რუსეთის კურსკის ოლქს უკრაინის სუმის ოლქთან აკავშირებდა - გადაჭრეს უკრაინული ჯარების ლოჯისტიკური არტერია და სუჯაში მყოფი გარნიზონის მოსამარაგებლად იარაღითა და სხვა მასალით დატვირთული ავტომანქანების კოლონა დრონების დარტყმით გაანადგურეს. სანამ რუსული ქვედანაყოფები სუჯას ფლანგებიდან უტევდნენ, დაახლოებით, ასამდე რუსი ჯარისკაცი აწ უკვე ცარიელი გაზსადენის მეტრნახევრიან მილში ჩაძვრნენ, მისი მეშვეობით სუჯას ცენტრთან ახლოს მდებარე უმოქმედო საკომპრესორო სადგურამდე შეუმჩნევლად მიაღწიეს და უკრაინელებს მოულოდნელად თავს დაადგნენ. მართალია, უკრაინელები ირწმუნებიან, რომ რუსების „მილიდან გამოცხადება“ მათთვის ანაზდეული არ ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა მხრიდან შეტევის გამო, უკრაინულ გარნიზონს ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. გამოუვალი მდგომარეობის გამო უკრაინის არმიის სარდლობამ სუჯას რაიონიდან უკანდახევის ბრძანება გასცა. კურსკის ოპერაცია: „ღირდა ჩიტი ბდღვნად?“ ახლა ბევრს ასეთი კითხვა უჩნდება: როცა უკრაინელები შარშან, აგვისტოში, კურსკის ოლქის სუჯას რაიონში შეიჭრნენ და მისი ოკუპირება მოახდინეს, ღირდა ჩიტი ბდღვნად? გააჩნია, როგორ შევხედავთ. 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის არმიის შეჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე პირველი შეჭრა იყო რუსეთში, უცხო სახელმწიფოს არმიისა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. კურსკის ოპერაციამ თავის დროზე მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსული ქვედანაყოფები „მიიზიდა“ და დონბასის ფრონტი შესამჩნევად გააშიშვლა. უკრაინის არმიამ მოახერხა „შენგრეული საზღვრით“ სარგებლობა, ამით დაამცირა ვლადიმერ პუტინი და იგი იძულებული გახდა, დახმარება ჩრდილოეთ კორეისათვის ეთხოვა. კურსკის ოპერაციამ დიდი როლი შეასრულა უკრაინის არმიის მორალური მდგომარეობის განმტკიცებაში. მაგრამ ოპერაცია ძვირიც დაჯდა - უკრაინის არმიამ სამაგიერო დარტყმაც მიიღო: ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, გადაწყვიტა, დონბასიდან ელიტური ქვედანაყოფები მოეხსნა და ისინი კურსკის ოლქისაკენ გადაესროლა. ამით მან უკრაინის აღმოსავლეთი ფრონტი დაასუსტა, რითაც მოწინააღმდეგის წინსვლისათვის ნიადაგი შექმნა. გასული წლის შემოდგომაზე რუსეთის არმიამ იმოდენა ტერიტორია დაიკავა, რაც კიევის ფართობს სამჯერ აღემატება. ახლა კი „კურსკის შვერილის“ დაცემის ფაქტი სრულად შეესაბამება დონალდ ტრამპის რიტორიკას იმაზე, რომ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან „ხელში კოზირები აღარ ექნება“. სამწლიანმა ომმა საბოლოოდ გააცამტვერა უკრაინელთა იმედები, რომ რუსეთის არმია გაძევებული იქნება ქვეყნის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დადებული ფსონი, ვლადიმერ პუტინს რუსული ტერიტორიების უკან დასაბრუნებლად დათმობები მოუწევსო, არ გამართლდა და ჩაიშალა. სამომავლო მოლაპარაკებაზე მთავარი საკითხი ტერიტორიული იქნება, რადგან კრემლი ითხოვს, უკრაინამ ოთხი ოლქი დათმოს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს, რუსეთს ერთი გოჯი მიწაც არ დაუთმოს... მაგრამ ისე ჩანს, რომ კურსკის შვერილის დაკარგვის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დასუსტდა. მოამზადა სიმონ კილაძემ წყარო