ცოტა ხნის წინ სირიის თავდაცვის სამინისტრომ დასრულებულად გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია, რომელიც სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმდინარეობდა. საინფორმაციო სააგენტო SANA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ჰასან აბდულ ღანიმ თქვა, რომ უსაფრთხოების ძალებმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე „აღკვეთეს საფრთხეები და ჩაახშეს რეჟიმის ნარჩენები“. აბდულ ღანისვე თქმით, „წინ არის მუშაობა სტაბილურობის გასაძლიერებლად. შემდეგ ეტაპზე უსაფრთხოების ძალები ყურადღებას გაამახვილებენ წესრიგის აღდგენასა და მოსახლეობის დაცვაზე.“ პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ კი პირობა დადო, რომ „სასტიკად დასჯის სისხლისღვრაზე პასუხისმგებელებს“. „არავინ იქნება კანონზე მაღლა და ვისი ხელებიც სირიელების სისხლით არის მოთხვრილი, ადრე თუ გვიან სამართლიანობის წინაშე წარდგება“, - თქვა სირიის ახალმა ლიდერმა. შეგახსენებთ, რომ სირიაში რამდენიმე დღის განმავლობაში სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში მიმდინარეობს. სინამდვილეში რა და რატომ მოხდა სირიაში, როგორ აისახება ჩვენს რეგიონზე აზიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ამბავი და რა საფრთხეების წინაშე დგება საქართველო, ამის შესახებ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება. მამუკა არეშიძე: - ის, რაც სირიაში მოხდა, ნამდვილად იყო ასადის მომხრეების მიმართ ანგარიშსწორება, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო მინიშნება მსოფლიოს ლიდერებისთვის, რომ არ დაუშვებენ მოწინააღმდეგე ძალების არსებობას თავიანთ ქვეყანაში. ეს ქმედება გამიზნული იყო შიდამოხმარებისთვისაც, სირიაში დღეს ძალიან ჭრელი სურათია, როგორ რელიგიური, ასევე - ეთნიკური თვალსაზრისით. ამასთან, ეს ჭრელი სურათი კონტროლირდება სხვადასხვა მსხვილი და საშუალო დონის მოთამაშის მიერ, როგორც დასავლეთიდან, ასევე - არაბული სამყაროდან. არსებობს ქურთების პრობლემაც, აღარაფერს ვამბობ შიიტებსა და სუნიტებს, ასევე - სუნიტებსა და ალავიტებს შორის არსებულ დაპირისპირებებზე. ამ ყველაფერის დასარეგულირებლად საჭირო გახდა სისხლის გამოშვება. რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს, ასეთი მეთოდები არსებობს პოლიტიკაში. მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ცივილიზებულმა სამყარომ თავშეკავება არჩია. - სოციალ ქსელებში აქტიურად იმუშავა რუსულმა პროპაგანდამ, თითქოს, სირიაში ქრისტიანების ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. რისთვის აძლევდა ხელს მოსკოვს ასეთი ნარატივის შექმნა? - პირველ რიგში, აგრესიის ობიექტები იყვნენ ალავიტები, თუმცა არც ქრისტიანებისთვის დაუკლიათ ხელი. რუსეთი არ არის გამონაკლისი, ყველა ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ესა თუ ის სიტუაცია, ამ შემთხვევაში, რუსებმა ალავიტების თემა დაივიწყეს და ქრისტიანების ხოცვის თემა წამოწიეს წინ. რუსებს ასეთი რეაქცია იმიტომ ჰქონდათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სირიაში რუსეთის გავლენები უაღრესად შეასუსტა. ცნობისთვის, ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა რუსეთის სამხედრო ბაზის - ტარტუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ალავიტები თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები ამ ბაზას აფარებდნენ თავს. უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი დემონსტრაციულად მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ სირიის ახალმა ხელისუფალმა და რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მოილაპარაკეს და ვერაფერზე შეთანხმდნენ, პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა აიძულებს რუსეთს, დატოვოს ტარტუსის სამხედრო ბაზა. უნდა ითქვას, რომ მოსკოვი ისედაც ემზადებოდა ამ სამხედრო ბაზის ლიბიაში გადასატანად, უბრალოდ, ფეხს ითრევს. ამ სისხლიანი აქციის ერთ-ერთი ამოცანა პროცესის დაჩქარებაც იყო. ეს არ იყო ემოციური აქტივობა. შეიძლება, რიგითი მებრძოლები ნამდვილად ემოციებით და შურისძიების მოტივით მოქმედებდნენ, მაგრამ მაღალ დონეზე ყველაფერი პრაგმატულად გადაწყდა. აქსიომაა, რომ მსხვილი მოთამაშეები ერთმანეთს სხვისი ხელით ებრძვიან. დღეს სირიაში რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთმანეთს გააფთრებულად ებრძვის. მავანს სჭირდება საუკუნის პროექტის განხორციელება - ყატარიდან სირიის, შემდეგ - თურქეთის ტერიტორიის გავლით ევროპისთვის იაფი გაზის მიწოდება. ასადის ხელისუფლება ამის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომაც წარმოიშვა სირიის კონფლიქტი და არა იმიტომ, რომ დასავლეთში ვინმეს ასადის დიქტატურა აწუხებდა. ამასთან, ასადი პრორუსული იყო. მთელი ამ გადატრიალების უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად დგას თურქეთიც. - თურქეთის ინტერესები რაში მდგომარეობს? - თქვენ იცით, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი არის ნეოოსმალისტური პოლიტიკის მხარდამჭერი, რაც გულისხმობს თურქეთის გავლენის აღდგენას ოსმალეთის იმპერიის სივრცეში. სირია კი ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის მარგალიტი იყო. ამის გარდა, უკვე დიდი ხანია, თურქეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ქურთული სეპარატიზმი. ქურთები თურქეთის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობენ, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაქირის რაიონში მცხოვრები ქურთები განსაკუთრებულად გამოირჩევიან სეპარატისტული განწყობებით. ქურთები ცხოვრობენ, ასევე, მოსაზღვრე ტერიტორიაზე - სირიის ჩრდილოეთ ნაწილში. ამ ხალხში ძალიან აქტუალურია სახელმწიფოებრივი წარმონაქმის შექმნა. ლოგიკურიც არის - 40-მილიონიან ერს სახელმწიფო არ აქვს. თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სირიაში მაცხოვრებელი ქურთების კონტროლი იმისათვის, რომ ამ ხალხის სეპარატისტულ მიზნებს გასაქანი არ მისცეს. - თუმცა ნეოოსმალისტური მიზნების განხორციელება და ქურთებში თურქების გავლენის განმტკიცება ამერიკის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს... - არც შედის, ამიტომაც არის ამერიკელების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ქურთებით დასახლებული ტერიტორიები. განსაკუთრებით ეს ეხება დაირ-ელ-ზავრის პროვინციას. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიაზე ქურთები ცხოვრობენ, ეს არის სირიის ენერგეტიკული გული - სავსეა გაზისა და ნავთობის საბადოებით. ეს არის ტერიტორია, სადაც ბრიტანეთის, არაბული სამყაროს, ისრაელის, თურქეთის და, ასევე, ზოგიერთი წვრილი მოთამაშის ინტერესები ერთმანეთს ეჯაჭვება ან ეჯახება. - ამერიკელების გარდა, ერდოღანს ნეოოსმალისტური მიზნების განხორციელებაში, ალბათ, არც სირიის ახალი პრეზიდენტი შეუწყობს ხელს. - ერდოღანის ამოცანა ხომ ტერიტორიული სივრცეების ათვისება არ არის? ზოგადად, დღევანდელ მსოფლიოში ტერიტორიების შემოერთება არ არის აქტუალური, მთავარია - კონტროლი და გავლენა. გავლენის მოპოვების თვალსაზრისით კი, ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთმა გადამწყვეტი წარმატება მოიპოვა. სირიის დღევანდელი ხელისუფლება არის თურქეთის მიერ მომზადებული, შეიარაღებული და დაკვალიანებული, რა თქმა უნდა, ამერიკისა და ბრიტანეთის თანხმობით. შეგახსენებთ, რომ ასადის მმართველობის დროს უცებ დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა, აჰმედ ალ-შარამ ძალიან მოკლე დროში - სულ რაღაც 10 დღეში შეძლო დიდი ქალაქების, მათ შორის - დამასკოს დაკავება. არადა, ასადს ძალიან მაღალი საბრძოლო პოტენციალის მქონე, კარგად შეიარაღებული 4 დივიზია ჰყავდა. - საერთო ჯამში, რას ნიშნავს საქართველოსთვის ფაქტი, რომ რუსეთმა სირიის სახით რეგიონში კიდევ ერთი გავლენის სფერო დაკარგა და რა შეიძლება მოხდეს ზოგადად კავკასიაში, სირიის მოვლენების ფონზე? - პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ რუსეთისთვის სირია ძალიან სერიოზული დანაკარგია. ერთადერთი საყრდენი ჰქონდა ხმელთაშუა ზღვისა და წინააზიის ამ მონაკვეთში. ძალიან დიდი ხანია, რაც სირიაში ტარტუსის ბაზაა განთავსებული, იქ რუსებს ასევე ჰქონდათ ხმეიმიმის სამხედრო ბაზა. რუსეთისთვის ამ ორი ბაზის დაკარგვა მის სამხედრო პრესტიჟზე ძალიან დიდი დარტყმაა. რუსებს და თურქებს ხან ღია და ხანაც ფარული კონფლიქტი აქვთ შავი ზღვის აუზში და კავკასიის რეგიონში. სირიის კონფლიქტი იყო პიკი, განსაკუთრებით, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი აუცილებლად მოემზადება და შეეცდება რევანშის აღებას. ყარაბაღის თემა თავისი სისულელით გაექცა ხელიდან, სირიაში მისგან დამოუკიდბელად მოხდა ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ ერდოღანი ავანტიურისტი პოლიტიკოსია, როდესაც სჭირდება, ძალიან კარგად იყენებს დასავლეთთან ურთიერთობას და მის სამხედრო თუ პოლიტიკურ რესურს, როცა სჭირდება, უპირისპირდება კიდეც. ახლა მას სჭირდება ბუფერული ზონის შექმნა, ქურთებით დასახლებული რაიონების კონტროლი, დამასკოში საკუთარი მარიონეტი და ასევე, სჭირდება, რომ ყატარის გაზი თურქეთის გავლით გავიდეს ევროპაში. ამ ყველაფერს რომ მიიღებს, მერე დასავლეთი აღარ დასჭირდება. შესაბამისად, შეეცდება დასავლური, განსაკუთრებით - ამერიკული გავლენები მაქსიმალურად შეზღუდოს წინააზიაში. რამდენად გამოუვა, ეს კიდევ სხვა საკითხია. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთის განსაკუთრებული გაძლიერება იწვევს რუსეთის გაღიზიანებას. თურქეთს ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება სამხრეთ კავკასიაში, ძველი გავლენებით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - დღეს თუ ხვალ, ჩვენ რუსეთ-თურქეთის ღია კონფლიქტის მომსწრენი გავხდებით. - სამხედრო კონფლიქტს გულისხმობთ? - შეიძლება მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტი არ იყოს, მაგრამ დაპირისპირება რომ ჩვენს სივრცეში - სამხრეთ კავკასიაში მოხდება, ეს კი დაზუსტებით ვიცი. - მხოლოდ ჩვენს სივრცეში, თუ მათ შორის, ჩვენს სივრცეშიც? - ამას ვერ გეტყვით, პირობითად გეტყვით, ეს იქნება კასპიისა და შავი ზღის აუზებში. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ზოგიერთი „მიძინებული“ ორგანიზაციის ძალიან გააქტიურებას ჩვენს ტერიტორიაზე, პირველ რიგში - ჩრდილოეთ კავკასიაში. ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)