ტრამპი „თაფლაკვერის“ შემდეგ პუტინზე „მათრახის“ გამოყენებას აპირებს და რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს... „თაფლაკვერისა“ და „მათრახის“ ტრამპისეული ტაქტიკა მოქმედებაშია და ამჯერად უკვე კრემლზე ვრცელდება-აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს აშშ-ის გადახდის სისტემებზე რუსეთის ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვით... ეს შეიძლება უკვე აღიქვას „მათრახად“ მას შემდეგ, რაც ტრამპი პუტინის მისამართით აქამდე მხოლოდ „თაფლაკვერებს“ ისროდა და „მათრახით“ ძირითად უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის „როზგავდა“, მათ შორის თეთერი სახლის ოვალურ კაბინეტში და თანაც მთელი მსოფლიოს დასანახად... ნუთუ ტრამპმა შეიცვალა დამოკიდებულება პუტინის მიმართ, რომელიც უფრო „თბილი“ მოჩანდა, ვიდრე კიევთან? ჯერ ამის მტკიცება ნაადრევია, მაგრამ ტრამპის მიერ რუსეთზე ახალი საბანკო სანქციების დაწესება ერთ დღეში, მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა გუშინდელ პრესკონფერნციაზე პირველად დააფიქსირა თავისი პოზიცია საუდის არაბეთში ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის 30 დღიან ომის „დაპაუზებაზე“ მიღწეული შეთანხმების შემდეგ. “ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას”, - განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, „იდეა კარგია“, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არის „ნიუანსები“-“ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2,000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაბრალდება? ვის დაბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას, თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, -განაცხადა ამ პრესკონფერერნციაზე რუსეთის პრეზიდენტმა. რასაც მოჰყვა მისი ამერიკელი კოლეგის დაუყოვნებელი რეაგირება - „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“...იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა...რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის დანახვა გვსურს... ახლა, ვნახავთ თანახმა არის თუ არა რუსეთი, და თუ არა - ეს ძალიან სამწუხარო მომენტი იქნება მსოფლიოსთვის“, -ასეთი კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში პრეზიდენტმა ტრამპმა. და ამ დროს მოსკოვში, კრემლში მიმდინარეობდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რისი დამთავრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ვოლცმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა კრემლში მოლაპარაკებების თაობაზე - სტივ ვიტკოფი ვაშინგტონში ბრუნდება და პირადად მოახსენებს პრეზიდენტ ტრამპს ამ მოლაპარაკებების თაობაზე, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ მოქმედებებზე, ისე კი კრემლში შეხვედრა „ფრთხილი ოპტიმიზმის“ განწყობას ტოვებსო... მაგრამ ეს „ფრთხილი ოპტიმიზმი“ ეტყობა არ გაიზიარა ტრამპმა, როდესაც მისი სპეცწარმომადგენელი დეტალებში მოუყვა კრემლში შეხვედრის შესახებ, რასაც მალევე, რამდენიმე საათში მოჰყვა ის, რითაც ეს სტატია დავიწყეთ - აშშ-ის მხრიდან რუსეთზე ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება. უფრო სწორედ,ახალი სანქციები ძველის „გადათამაშებააა“-აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იანვარში დაწესებული 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ამ ნაბიჯის შედეგად კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად. რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გათავისუფლებული იყვნენ სანქციებისაგან, მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალურ ბანკს. ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას ურთულებს, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ანუ ტრამპის მიერ მოქნეული „მათრახი“ პუტინის რუსეთს შიგ ცენტრში-ამ „ბენზოკოლონკა“ სახელმწიფოს ყველაზე მგრძნობიარე ადგილას-ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტზე ურტყამს, რადგან ის ქვეყნები, რომლებიც გააგრძელებენ ამერიკული მხრიდან დასანქცირებულ რუსულ კორპორაციებთან და ბანკებთან თანამშრომლობას, აშშ-ის მხრიდან მეორადი სანქციებით დაისჯებიან და ვის სურს „ამერიკულ შავ სიაში“ მოხვედრა?! ტრამპმა „კბილები“ უკვე თვით პუტინსაც „დაუღრჭიალა“, მაგრამ კრემლის უხუცესი ბინადარი და მისი ბირთვული სახელმწიფო, ზელენკი და უკრაინა არ არის, რომ ტრამპის პოლიტიკურმა „მათრახმა“ ასე მალე „მოარჯულოს“. პუტინისგან ტრამპი ჯერ კიდევ ძალიან ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს, თუმცა სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტის გადაკეტვა(რას აფინანსებს აგრესორი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში წარმოებულ ფართომასშტაბიან ომს) და რუსული ბანკების დასანქცირება არის სწორედ ის გზა, რამაც ადრე თუ გვიან კრემლს ამ ომის შეწყვეტა უნდა აიძულოს...