ვალერი ჭიტაძე ფერ­­მერი და ასევე გიდია. ის ჭიათურასთან ახლოს, სოფელ წირქვალში ცხოვრობს, სადაც პატარა მეურნეობა აქვს. საქართველოს დროშის გამოსახულებით მისი გამომცხვარი პური, აგრეთვე ფერადი ყაბაყისგან დამზადებული სხვადასხვა ჯემი დიდი პოპულარობით სარგებლობს. როდესაც წირქვალიდან ჩამოდის, საკუთარი პროდუქტებით თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც უმასპინძლდება. ფერმერის თქმით, რამდენიმე წლის წინ სოფელში XIX საუკუნის წყლის წისქვილი აღადგინა და თავის გემრიელ პურს სწორედ იმ წისქვილში დაფქული ხორბლისგან აცხობს. ვალერი ჭიტაძე: - წირქვალში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. 2015 წლამდე სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, მერე მანდატურიც გავხდი. ამ სამსახურმა ჩემი ცხოვრების სტილი შეცვალა, მეტად მოვწესრიგდი, ისედაც ვაპირებდი ჩემს რეგიონში დარჩენას და ამან უფრო სხვანაირად დამანახა იქაურობა. სოფლის მეურნეობით 2013-2014 წლებიდან დავინტერესდი, მაშინ პირველად შევიტყვე ბიომეურნეობის შესახებ. ჭალის პირას პატარა მიწის ნაკვეთი მქონდა, გავასუფთავე, შემოვღობე და ბოსტანი გავაკეთე. მერე მეტი მოტივაცია გამიჩნდა, ხის კოტეჯი ავაშენე, რამაც საქმეში უფრო ჩამითრია. მალე 3000 კვმ მიწაც ვიყიდე და სიმინდის მოყვანა დავიწყე. - როგორც შევიტყვეთ, ბიოპროდუქტი მოგყავთ... - კი. ქიმიურ საშუალებებს ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ და ბიოსასუქებსაც მცირე რაოდენობით ვიყენებ... მოსავალი რომ მივიღე, წისქვილიც დამჭირდა. წირქვალში ბევრი ძველი წისქვილია, ჩემი ნაკვეთისა და კოტეჯის სიახლოვეს ერთი წისქვილი აღვადგინე. შენობა, ფაქტობრივად, დანგრევის პირას იყო, ნაწილები მწყობრიდან იყო გამოსული. ადრეულ წლებში ნანახი მქონდა როგორი იყო, ბებიაჩემს დავყვებოდი ხოლმე წისქვილში და ეს საქმეში დიდად დამეხმარა... მოკლედ, აღდგენილ წისქვილში მარცვლეულის დაფქვა დავიწყე. წისქვილის აღდგენას კიდევ ვაპირებ და მის სახესაც შევინარჩუნებ, მაგრამ იქ რაღაც არაორდინარულის გაკეთებას ვგეგმავ, სიურპრიზად. - იმ 3000 კვმ-ზე სულ სიმინდი მოგყავთ? - თავიდან მთლიანად სიმინდი მქონდა დათესილი, მაგრამ მისი დიდი კომერციალიზაცია არ მიცდია, ინტერნეტით ბიოჯგუფებში გავწევრდი, სადაც მეურნეებს ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდა და ჩემი პროდუქტი რამდენიმე კაცს მიჰქონდა. აქცენტი მოყვარულებზე მქონდა, მათზე, ვინც ამ პროდუქტის გემო იცის. მიჰქონდათ მჭადის, ღომის, ელარჯის მოყვარულ მეგობრებს, ასევე ერთ კაფეს. დიდი რაოდენობით არ მქონდა, ნახევარ ტონამდე ყოველწლიურად. პოპკორნის ხუთი სახეობის სიმინდიც მომყავს და მათგანაც ვამზადებ ფქვილსა და მჭადს. - კიდევ რა მოგყავთ? - თავიდან ბოსტანში გოგრით დავიწყე, შემდეგ სოიაც დავთესე. ხუთი წლის წინ ყაბაყის სხვადასხვა ჯიში მოვსინჯე და ძალიან გაამართლა, მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა. ჩვენთან კარგადაც მოდის, მშვენივრად ადაპტირდა. თესლი გერმანიიდან ჩამომიტანეს. ახლა თვითონ ვარჩევ სათესლე მასალას და იმაზე უკეთესი ხარისხის პროდუქტს ვიღებ, ვიდრე პირველი დათესვის შემდეგ მქონდა. წლეულს სელიც დავთესე. - ამ კულტურამ რით დაგაინტერესათ? - წირქვალის ტერიტორიაზე ადამიანები ქვის ხანის დროს დასახლდნენ. მათი სადგომი ბონდის მღვიმეში იყო. მღვიმე იმ მდინარის პირასაა, სადაც ვცხოვრობ. მოკლედ, იქ აღმოჩენილია უძველესი სელის ძაფი, რომელიც ათეულათასობით წლის წინანდელია... ეს ყველაფერი განაპირობებდა ჩემს დაინტერესებას. სელის თესლი "ელკანამ" მომცა. წლეულს მისგან ძაფი ვერ დავამზადე, თუმცა მოსავალი დავაბინავე. შენახული მაქვს და ველოდები მომენტს, რომ მისგან ღეროები და ბოჭკოები გამოვიყვანო. მინდა ტექსტილის პატარა საწარმოსავით გავაკეთო, სადაც უპირატესი ხელით საქმე და ეროვნული მოტივები იქნება. ეს ტურისტებსაც დააინტერესებთ და საერთოდ, ამ კუთხის ისტორიაც წინ უნდა წამოვწიოთ. მოკლედ, საინტერესო გახდა ჩემთვის ქვის ხანა და რადგან კულტურული გიდიც ვარ, მეტად გააქტიურებას ვგეგმავ. უფრო სათავგადასავლო მიმართულება მაინტერესებს - ლაშქრობა, მღვიმეები. მინდა პატარ-პატარა ტურები ქვის ხანის პერიოდის მიმართულებითაც ავაწყო. - დავუბრუნდეთ ყაბაყს... - ფერადი ყაბაყები მომყავს, უფრო ზუსტად კი, ცუკინი. დიდი რაოდენობით მოდის და იმ სტანდარტული პროდუქტისგან განსხვავდება, რაც ჩვენთან მოჰყავთ. ორივე ერთი ოჯახის წარმომადგენელია, თუმცა სულ სხვა მცენარეა, სხვა თვისებებით. რადგან დიდი რაოდენობით მომდიოდა, მეგობრებს ვუწილადებდი, ერთმა მისგან ჯემის მსგავსი პროდუქტი მოამზადა. მომეწონა და მასში ჩემი ინტერპრეტაცია შევიტანე. ხალხს მოეწონა და 3-4 წელია ვაკეთებ. ყველას მოსწონს, წლეულს უფრო მეტის გაკეთებამ მომიწია. ჯერ არ გამიყიდია, თუმცა სულ მეუბნებიან, გაყიდეო. საერთოდ, ეს მცენარე ქამელეონივითაა, შეუძლია ნებისმიერი გემო მიიღოს, იყოს მწარე, ტკბილიც და მჟავეც. - ძალიან მიმზიდველია თქვენი გამომცხვარი პური... - ხორბალს ჩემს წისქვილში ვფქვავ, კანიანად, ამიტომაც განსხვავებული გემო აქვს. ისე წმინდად ვფქვავ, რომ გაცრა აღარ სჭირდება. წყლის წისქვილს ერთი კარგი თვისება აქვს, ნელა ბრუნავს. ქვებიც პატარაა და რასაც ფქვავ, ის არ ცხელდება. მარცვალი ცივად იფქვება, ეს კი ნედლეულს გემოვან და სასარგებლო თვისებებს უნარჩუნებს. მისგან გამომცხვარი პური მართლაც გემრიელია. ეკოტურიზმის ასოციაციასთან ვთანამშრომლობ და მათგან იდეა წამოვიდა, ერთ-ორი დღე სტუმრებს ვუმასპინძლოთ და პური გამოვაცხოთო. გამოვაცხვეთ, მეზობელმა თორნიკე შეყილაძემ თავისი ჩაი მოიტანა, გვქონდა ყაბაყის ჯემებიც. სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. - რით არის თქვენი გამომცხვარი პური გამორჩეული? - არაფრით. ერთი ისაა, რომ ფქვილის ხარისხია განსხვავებული, რადგან თავად ხორბლის ხარისხია კარგი და დაფქვის ტექნოლოგია. მოსწონთ ჩემი პურის ფორმაც, 26 მაისიდან კი საქართველოს დროშის გამოსახულებით ვაკეთებ. ჯემზეც მეკითხებიან, როგორ დავამზადოთო. მნიშვნელოვანია ხარისხიანი ნედლეული და არა ტექნოლოგია. არც დანამატებს შეიცავს. 1 ლიტრ ჯემზე 2 გრამ ვანილს ვუმატებ მხოლოდ. - ამ წლებში მეურნედ ჩამოყალიბდით... - ვისწავლე მოსავლის მოყვანა, პურის ცხობა, პროდუქტის გადამუშავება, ოღონდ ჯერ სერვისების გაყიდვა ვერ ვისწავლე. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია არა დიდი წარმოება, არა რაოდენობრივად დიდძალი პროდუქტის, არამედ ხარისხიანის შექმნა. მირჩევნია, სტუმრები აქვე მივიღო, ვუმასპინძლო და 1 კილოგრამი პროდუქტისგან მეტი სარგებელი ვნახო, ვიდრე ამ რაოდენობის ბაზარში გაყიდვისგან. ტურისტულ საქმეში თანამოაზრეებიც გამომიჩნდნენ, ჩვენს ტერიტორიაზე საინტერესო ადგილებში ბილიკებს ვიკვლევთ და ვაკეთებთ. მინდა ჩვენი მხარე სტუმრებს მაქსიმალურად გავაცნო, ვასწავლო პურის გამოცხობა, მარცვლეულის მოყვანა, ადგილობრივი ტრადიციები. ამ ყველაფრით შეიქმნება კულტურული ტურები, რაც რეგიონს პოპულარიზაციას გაუწევს. - გასულ წლებში მუშაობამ რა გასწავლათ? - არავის ვურჩევ, ვითარებას დანებდეს, შრომასა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ალბათ, შესაბამის დროსაც უნდა დაელოდონ... საკმაოდ რთული გზა გავიარე, მაგრამ მთავარი მაინც დაუღალავი შრომა და კარგი კონტაქტების მოძიებაა. საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე უარი არ უნდა ვთქვათ. როცა ახალ ინფორმაციას მოიპოვებ, სხვებსაც უნდა გაუზიარო. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ, სხვისი გამოცდილებიდან რაღაცას შენს მეურნეობაში დანერგავ, ისიც შენგან წაიღებს რამეს. კოპირება არ ვარგა, შენი ელემენტი უნდა შესძინო. ჩემთვის ასევე მთავარია ავთენტურობა, რაც გამოარჩევს შენს პროდუქციას სხვისი პროდუქციისგანაც. მერე ხარისხიანიცაა, რაც ნდობასა და პატივისცემას მოიპოვებს... მოკლედ, ავთენტურობა, ხარისხი და სანდოობა აუცილებელია. ვიცი, რომ საქართველოში პურს ბევრი აცხობს და საკმაოდ კარგსაც. ჩემი პური მათთან არაფერია, მაგრამ, ალბათ, იმის გამო მოსწონთ, რომ მასში სწორედ ავთენტურობას ხედავენ. დაუღალავად ვშრომობ, თუმცა ჯერ ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევა არა მაქვს. უბრალოდ, ამ ყველაფრით სამომავლოდ პლატფორმა გავიმზადე. თუ ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობა იქნება, კარგ მეურნეობასაც გავმართავ და კარგ პროდუქციასაც შევქმნი, მათ შორის, ტურისტულსაც. საძირკვლის შექმნისთვის დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, თუმცა დაგროვილი გამოცდილებაც მნიშვნელოვანია.