"იტალია, ტრენტო, სტუმრად ქალბატონ ელიზაბეტ ფორადორისთან. ამ საოცარ ადამიანს იტალიური ვაზის ჯიშების გარდა, გაშენებული აქვს ქართული ვაზის ჯიშებიც (მწვანე, რქაწითელი, ალექსანდროული, მუჯურეთული...). მასთან ხანმოკლე სტუმრობის დროს გამასინჯა განსაკუთრებული ხარისხის ღვინოები. მისი საქმე წითელი ღვინოა და სწორედ ამაშია ქალბატონი ფორადორის ღვინოების საიდუმლო. მე მას არაერთი წელია ვიცნობ, თუმცა მის მარანში მისი ღვინოების სრულად გაცნობამ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ მომიწია. ქალბატონი ელიზაბეტ ფორადორი ცნობილია მთელ იტალიაში და მის საზღვრებს გარეთაც", - ეს სოციალურ ქსელში ქართულ ღვინის გვერდზე გამოქვეყნდა... ელიზაბეტ ფორადორის ქართველმა ჟურნალისტმა, იტალიაში საემიგრაციო მედიაპლატფორმა Aprioritv-ს დამფუძნებელმა ხათუნა შარაძემ, დაგვაკავშირა. - ქალბატონო ელიზაბეტ, საქართველო ღვინის ქვეყანაა, როდის გაიგეთ პირველად მის შესახებ? - საქართველოს შესახებ 80-იანი წლების დასაწყისიდან შევიტყვე. დიდი ხანი იყო, რაც ლაპარაკობდნენ საქართველოს გენეტიკურ სიმდიდრეზე, როგორც ხილისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების სამშობლოზე. გამოხდა ხანი და მილანის უნივერსიტეტისა და თბილისის კონსერვატორიის გაცვლითი პროგრამის წყალობით ქართული ჯიშები აქ ჩამოიტანეს. მე შევთავაზე გაშენება, რომ გენეტიკური ცენტრი იტალიაშიც მქონოდა. - ოდესმე ყოფილხართ ჩვენს ქვეყანაში? - საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, მინდა წლეულს ვეწვიო, ან 2026 წელს. პოლიტიკური პირობების გათვალისწინებით გადავწყვეტ... - რამდენად განსხვავდება ქართული ჯიშები, როგორ დაახასიათებთ ამ ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს? - ჩვენს კლიმატში ქართული ჯიშები შესანიშნავ შედეგს იძლევა, განსაკუთრებით საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ალექსანდროული, მუჯურეთული. გოგა ფიროსმანაშვილი, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი: - იტალიაში ღვინის ტური გვქონდა, ჩვენი მიზანი იყო გვენახა რამდენიმე წარმატებული მეღვინე, მათი ვენახები, ღვინის საწარმოები. ერთ-ერთი ქალბატონი ელიზაბეტი გახლდათ. მასთან ვიზიტი ძალზე საინტერესო იყო. ქალბატონ ელიზაბეტს აქვს დიდი მარანი და ძალიან დიდი წარმოება. მან არაჩვეულებრივად გვიმასპინძლა, ძალიან ქართულად... ბევრ იტალიურ მარანში ვყოფილვართ, მაგრამ მისი გულთბილი მიღება ყველასგან განსხვავდებოდა. ძალიან გაუხარდა ქართველების სტუმრობა და თავისი წარმოებული ყველით, ღვინითა და ზეთისხილით გვიმასპინძლა. ქართული ჯიშები რომ აქვს გაშენებული, ცხადია, უყვარს საქართველო, ქართული ღვინო და ქვევრი. იმდენად სასიამოვნო და დაუვიწყარი იყო მასთან ვიზიტი, თუ იტალიაში ღვინის ტურს ისევ დავგეგმავთ, ქალბატონ ელიზაბეტს კვლავ დიდი სიხარულით ვეწვევით.