კამეჩი „სალვადორისა“ და მისი პატრონის ამბავი
საქართველოში შინაური კამეჩის არსებობა ჯერ კიდევ სტრაბონის, ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მცხოვრები ბერძენი გეოგრაფის და მოგზაურის ნაშრომშია დადასტურებული. მოგვიანებით ვახუშტი აღწერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კამეჩის ფართოდ გავრცელებას... გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ჩვენში ქართული კამეჩის ორი სანაშენე ფერმა არსებობდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ზუგდიდში იყო მეკამეჩეობის მეურნეობა, სადაც 1230 სული კამეჩი ჰყავდათ. ამ ეტაპზე ზუსტი სტატისტიკა უცნობია, ზედაპირული მოკვლევის საფუძველზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ცოტაა ფერმერი, რომელსაც ეს შინაური ცხოველი ჰყავს, უმეტესობამ მეკამეჩეობაზე მიზეზთა გამო უარი თქვა.
ქართული კამეჩი ძლიერი შინაური ცხოველია, ფურკამეჩის რძე ცხიმიანობით გამოირჩევა, ხოლო მისგან დამზადებული მაწონი კი ოდითგანვე ფასობდა. კამეჩის მოშენება საქართველოს ყველა კუთხეშია შესაძლებელი - განსაკუთრებით კი ხობის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში და ასევე ქიზიყშიც. იმის გამო, რომ ბოლო წლებში მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით ამ სახეობის ცხოველებთან სანაშენე მუშაობა არ მიმდინარეობს, ეს ჯიშის დეგრადაციის საშიშროებას ქმნის. ახლა კი ერთი კამეჩისა და მისი პატრონის ამბავს უნდა მოგიყვეთ. ის და მისი პატრონი საშობაოდ დედაქალაქში ალილოს მსვლელობაში ტრადიციულად მონაწილეობენ. კამეჩი სახელად "სალვადორი" სოფელ მეფისქალაქში (ყოფილი ახალქალაქი) მცხოვრებ მურად ნასიბოვს ეკუთვნის.
მურად ნასიბოვი:
- აქ დავიბადე და გავიზარდე. აზერბაიჯანელი ვარ. სკოლაც აქ დავამთავრე, სოფელში ყველას ვუყვარვარ, ასე რომ არ იყოს, ჩემს თავს ასე არ ვატრაბახებდი... ადრე კოლმეურნეობები იყო, მაგრამ წლებია დაიშალა, ამიტომ ახლა ჩემი ოჯახის ფერმერი ვარ. მყავს ორი ძროხა, კამეჩი "სალვადორი" და ერთი დიდი დეკეული, რომელმაც ახლა მოიგო და მის ხბოს ვზრდი.
- კამეჩს რატომ დაარქვით "სალვადორი"?
- ფილმს ვუყურებდი და იმის მიხედვით... ჩემს კამეჩს "სალვადორს" ხომ ვეძახი და ბაზარშიც და სოფელშიც მეც "სალვადორს" მეძახიან.
სალომე ფაშაევი, მურად ნასიბოვის მეუღლე: - ჩემს მეუღლეს კამეჩი 20 წელზე მეტია ჰყავს. მეტყვის ხოლმე, კამეჩს არასდროს მოვიშორებ და შენ მოგიშორებო. ძალიან უყვარს... დიდი კამეჩი 15-16 წლის წინ უეცრად მოუკვდა, რის გამოც ძალიან ცუდად გახდა... მერე რამდენიმე თვის კამეჩი შევიძინეთ და ჩემი მეუღლეც მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა... ახლა 6 წლისაა და გვერდიდან არ იშორებს.
მურადი:
- კამეჩი ძლიერი ცხოველია, ხალხი ადრე მისი საშუალებით შეშას ეზიდებოდა... მე კი ძალიან არ ვტვირთავ "სალვადორს", შეიძლება ახლომახლოდან მხოლოდ 10 პრესი მოვატანინო... ეს სადაც გინდა, იქ მივა, მანქანამ შეიძლება გიმტყუნოს, სადღაც ჩავარდეს, ან "იბუქსაოს"... ეს უღალატოა. ძალიან ვერ დავღლი და არაფერს გავუჭირვებ. ჩემს თავს დავტანჯავ და მაგას არა.
ახლა კამეჩები აღარ ჰყავთ, მოიშორეს. მე ამას როგორ მოვიშორებ?! ჯერ ერთი, მიყვარს და მერე - მეხმარება. ასე, 10-15 დღეში ერთხელ ნახევარი საათით თუ დავტვირთავ ხოლმე... ძალიან ძლიერია, სერიოზული გამწევი ძალაა, მაგრამ ამან პირველად მამალი (ხარკამეჩი) მოიგო, თვისა და 10 დღის იყო, რომ გავყიდე... მოკლედ, სოფელში იციან, რომ კამეჩი მყავს, მაწონს ვადედებთ. ამიტომ კამეჩის მაწონს სოფელში ყველა მიირთმევს. ქალაქიდანაც მირეკავენ.
- კამეჩის მაწონი ძროხის მაწვნისგან რით განსხვავდება?
- კამეჩის მაწონი ისეთი სქელია, დანით, გინდაც კოვზით იჭრება, მსუყე და გემრიელია.
- რამდენს იწველის "სალვადორი"?
- მაგის დედა 6-7 ლიტრსაც ძლივს იწველიდა, მაგრამ ძროხის რძესთან შედარებით, ამის რძე ორმაგია ყველა მონაცემით. ეს 6 ლიტრს იწველის. პირველი მოიგო და ახლა 7-8 ლიტრზეც შეიძლება ავიდეს. ერთი ჰყავს ჯერ მოგებული, ახალგაზრდაა. იმან, სულ პირველი რომ მყავდა, პირველი ფური მოიგო. ისიც გავზარდე და იმასაც მოვაგებინე, ადრე ისიცაა ალილოზე ნამყოფი. მერე გავყიდე, რადგან ორის შენახვა ძნელი იყო... ძროხა მეცხრე თვეზე მშობიარობს, კამეჩი - მეათეზე... მოკლედ, ჩემი კამეჩი ისე მყავს გაზრდილი, სულ გულში ვიხუტებდი.
- ალილოზე რამდენი ხანია, დადიხართ?
- ადრე კამეჩი ბევრი რომ იყო, სხვებსაც დაჰყავდათ, ახლა რომ აღარაა, მე მეხვეწებიან, წამოდიო.
- აზერბაიჯანელი როგორ კარგად ლაპარაკობთ ქართულად... მუსლიმანისთვის ალილოზე სიარული რას ნიშნავს?
- აქ დავიბადე და გავიზარდე, ქართულიც აქ ვისწავლე. მიყვარს აქაურობა. ღმერთი კიდევ ერთია. ვენაცვალე ღმერთს. 6 იანვარს ჯერ ურმები მიაქვთ მანქანებით თბილისში, 7-ში კამეჩებსა და ვირებს გადაიყვანენ. წლეულს სამი ვირი და ჩემი კამეჩი იყო. დანიშნულების ადგილამდე რომ მივალთ, მერე ცხოველები მანქანიდან გადმოჰყავთ, კამეჩს ურემში ვაბამთ და სამებამდე ფეხით მივდივართ.
ისე, ყველა კამეჩი ალილოზე ვერ გაივლის, დაანგრევენ ყველაფერს. ჩემი თვინიერია, ადამიანივითაა, გაჩერდი-მეთქი, ვეტყვი, გაჩერდება, დაღუნე თავი - დაღუნავს. პატარაობიდან ასე გავზარდე. სხვა კამეჩები ასე არ გაჩერდებოდნენ, ვერ დაიმორჩილებდი. ალილოზე იმხელა ხმაური და ხალხმრავლობაა, ეს კი მშვიდად არის.
დიდი ურემი მაქვს, რომელშიც ჩემი "სალვადორია" შებმული. ორი სკამი აქვს, სადაც ბავშვები, ქალები, კაცებიც სხდებიან. უკან კიდევ კალათები აწყვია. ფეხით რომ გავდივართ იმ მონაკვეთს, ხალხს სხვადასხვა ნუგბარი მოაქვს და კალათაში ყრიან, მერე იმას ახარისხებენ და გაჭირვებულ ადამიანებთან მიდის. შობაა, სიხარულია, მიყვარს ალილოზე გასვლა...
- კამეჩი როგორი ცხოველია, რას ითხოვს, როგორი მოვლა უნდა?
- ზამთარში ზეთის წასმა უნდა, რომ რაიმე ბაქტერია არ მიეკაროს, ტილისგანაც დაიცვას. ზეთი იმ ყველაფერს კლავს, მერე კი ის ზეთი ზედ აშრება. ზამთარში მცივანები არიან, ზაფხულში სცხელათ, გაგრილება უნდათ ხოლმე და გუბეებში უყვართ წოლა, მდინარეზეც მიდიან. აქ მდინარე თეძამი გვაქვს და იქ ბანაობს. დილა-საღამოს დაფქულ ქერს ჭამს, თივასა და ფუჩეჩსაც (ჩალას)... დილა-საღამოს ვწველით. ყველი რომ გავაკეთოთ, იმდენი რძე არ გვიგროვდება, თან მაწონზეა დიდი მოთხოვნა. არადა, ერთაწმინდაში, ნოსტეში, წინარეხში იყო ხოლმე კამეჩის ნახირი. რატომ მოიშორეს, არ ვიცი. მე არ მოვიშორებ, სანამ ცოცხალი ვარ.
- სხვა მხრივ ოჯახში რას საქმიანობთ?
- ძალიან ყოჩაღი მეუღლე მყავს. სახლთან მიწის დიდი ფართობი გვაქვს - 1700 კვმ. სხვა ნაკვეთიც მაქვს. ტრაქტორი ძვირია, ვერ ვამუშავებ, ოჯახში კი ამ მიწას მეუღლე ამუშავებს, ბევრი რამ მოჰყავს. ხეივანი მაქვს, 1700 კვადრატის ბოლომდე გასდევს, - ჩინური, გორულა და ალადასტურია გაშენებული. მაქვს ასევე ვაშლი ოჯახისთვის და არა გასაყიდი.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ბიჭი და გოგო, შვილიშვილები და შვილთაშვილიც. ალილოზე ჩემი შვილიშვილი მიმყავდა ხოლმე. ერთ წელს ვერ წავიყვანე, ციოდა და ტიროდა, რატომ არ წამიყვანაო, წლეულს კი იყო, კარგი ამინდი დაემთხვა, სიტყვითაც გამოვიდა. "საქართველოს გაუმარ-ჯოოს! დაკა დოლი, აქ არა ვარ, სალვადორი?!" - ამას იქ რომ მივდივარ, სულ ვამბობ ხოლმე.
- ვისაც უნდა, რომ კამეჩი ჰყავდეს, რას მიაქციოს ყურადღება?
- ჯერ ყველას სიკეთე, ჯანმრთელობა, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, წინსვლა და ბედნიერება მინდა ვუსურვო. მერე გაიჩინეთ პირუტყვი, შეგინახავთ, გაჭმევთ, გასმევთ, შენ კიდევ ბალახი გაუთიბე და ეგ არის. სოფელი არ უნდა დაცარიელდეს. კამეჩის მსურველებს კი ვეტყვი, რომ მიიჩვიონ, მოუარონ, გაზარდონ, შეინახონ. ცხოველი პატრონის ზრუნვასა და სიკეთეს გრძნობს.