ვის დანდობას სთხოვს ტრამპი პუტინს, თუკი კურსკში უკრაინელები ალყაში არ არიან?
„ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„ამასთან დაკავშირებით ხაზს გავუსვამ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში…“- არ დააყოვნა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც პასუხი.
მაგრამ რა იყო ეს? ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის ერთმანეთში „პატივისცემის“ გაცვლა თუ სხვა რამე, მაგრამ რომელ „ალყაშემორტყმულების“ დანდობას გულისხმობდა ტრამპი ან ვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზე იძლეოდა გარანტიას პუტინი?
თუკი ან ერთი ან მეორე, „ალყაშემორტყმულებში“ რუსეთის კურსკის ოლქის ნაუილის შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ სახლში, უკრაინაში უკანდახეულ უკრაინულ საექსპედიციო კორპუსს გულისხმობდნენ, ძალზე ცდებიან, რადგან უკრაინელი სამხედროები, მიუხედავად რთული და სახიფათო უკანდახევითი ოპერაციისაა, სულაც არ არიან ალყაში და ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მათ შეუძლიათ საზღვარზე უკან გადასვლა და სუმის ოლქში გამაგრება, რაზეც მიუთითებს, თუნდაც ოპერატიული რუკები.

უფრო სარწმუნოა, რომ შემდეგი რამ მოხდა: ტრამპი-პუტინის გუშინდელ სატელეფონო საუბარში, კრემლის ბინადარმა თეთრი სახლის ბინადარი ეტყობა დაარწმუნა, რომ რუსეთის არმიამ სრულ ალყაში მოაქცია კურსკის ოლქიდან უკანდახეული ათასობით უკრაინელი სამხედრო და მათ სათითაოდ განადგურებას ვიწყებთო...
ტრამპიც, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი იმპულსურობით,უბრალოდ აღარ დაეკითხა თავის სამხედრო დაზვერვასა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და ინტერნეტსივრცეში მაშინვე თხოვნა „აფრინა“ პუტინისადმი, რომ მას დაენდო და არ დაეხოცა „ალყაშემორტყმული“ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი...
ამით, ტრამპმა ფაქტობრივად თავი დაიმცირა პუტინის წინაშე, როდესაც წამოეგო კრემლის მორიგ დიდ ტყუილს-კურსკის ოლქში ათი ათასამდე უკრაინელი ალყაში ავიყვანეთო...
ტრამპს ეტყობა ავიწყდება, რომ პუტინი რუსეთის სათავეში უკვე მეოთხედი საუკუნეა და მან „მოინელა“ ტრამპზე ბევრად უფრო გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი გინდ ევროპიდან და გინდაც ამერიკიდან, რად ღირს თუნდაც ის, რაც პუტინმა „გადატვირთვის“ ინიციატორ ბარაქ ობამას გაუკეთა...
პუტინი, როგორც პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფოს მეთაური, 2022 წლის 24 თებერვლიდან დიდ „პოლიტიკურ ჩრდილში“ აღმოჩნდა, რადგან მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა დასავლეთის წამყვანი ქვეყნების თითქმის ყველა ლიდერმა, უკრაინაში ტანკებით შეჭრის შემდეგ და სამი წლის თავზე ტრამპმა პუტინი ამ „პოლიტიკური ჩრდილიდან“ გამოიყვანა, როდესაც მასთან პირადი ურთიერთობა წამოიწყო.
ერთი მხრივ, ეს გარდუვალი გახლდათ, თუკი ამ საშინელი ომის შეჩერება ვინმეს სურს, მაგრამ ისიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ განვლილ 25 წელში, რაც პუტინი რუსეთს მართავს, მას უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება დაუგროვდა თუ როგორ და რანაირად მოექცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს, რასაც ამყარებს ისედაც „კა-გე-ბეშნიკ" პუტინზე მომუშავე რუსული სპეცსამსახურების ათასობით აგენტის მიერ მოპოვებული მაკომპრომატებელი საიდუმლო ინფორმაცია დასავლეთელ პოლიტიკოსებზე...