"არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა და დათო აღარ გვყავს" - ვინ არის სამტრედიაში, ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა - რას ამბობენ ახლობლები? - კვირის პალიტრა

"არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა და დათო აღარ გვყავს" - ვინ არის სამტრედიაში, ავარიაში დაღუპული ახალგაზრდა - რას ამბობენ ახლობლები?

გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. მოტოციკლი, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, ჯერ ბორდიულს შეეჯახა, შემდეგ ხიდიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაიღუპა 32 წლის დავით მარგალიტაშვილი. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სავარაუდოდ ამ მძიმე ავარიის მიზეზი დიდი სიჩქარეა.

"იმ დროს მომიწია იმ ტერიტორიაზე გავლა, ფაქტს შევესწარი, ძირს ეგდო ახალგაზრდა ბიჭი, ხალხი ამბობდა ხიდიდიდან გადმოვარდა და დაიღუპაო. პირადად მას არ ვიცნობდი, ძალიან განვიცადე, მეტი არაფერი ვიცი. სამტრედიის ხიდთან მოხდა ეს უმძიმესი ფაქტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ავარიის მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ სიჩქარეა და ბორდიულს შეეჯახა", - ამბობს თვითმხილველი მამაკაცი.

უამრავი ადამიანი განიცდის დათო მარგალიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვას. დათო წუხელ გვიან გადაასვენეს თავის მშობლიურ სოფელში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. დათო დაოჯახებული არ იყო, ხელოსანი იყო და სულ შრომობდა.

"დათო იყო ძალიან თბილი, კეთილი, ძალიან საყვარელი, მეგობრებისთვის თავდადებული ადამიანი. რომელსაც შეეძლო თავისი საქმე გვერდზე გადაედო და ყველასთვის ყველაფერი გაეკეთებინა. მართლა ყველაფერს გააკეთებდა, რომ შენს გვერდით ყოფილიყო. გამორჩეული ადამიანი იყო. კარგი მეგობარი, შოკიდან ვერ გამოვდივართ, ისე განვიცდით ყველანი ამ ამბავს, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს მოხდა და დათო აღარ გვყავს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ახლა რას განვიცდი. თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელ ვარდისუბნიდან იყო, უკვე მოასვენეს სახლში. როგორც ვიცი, ახლა დასავლეთ საქართველოში მუშაობდა, ეტყობა სამუშაოდ მიდიოდა. ავარიის მიზეზი არ ვიცით. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ძმებს, ამ დიდ ტრაგედიას. ძლაიან დაგვაკლდება ყველას", ამბობს დათოს მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE