"საჩინოში ხანძრის კერა თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება" - რას წერს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი და რა განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური? - კვირის პალიტრა

"საჩინოში ხანძრის კერა თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება" - რას წერს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი და რა განცხადებას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური?

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ წუთებშიც აქრობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, დაახლოებით, 10-მდე ლოკაციაზე გაჩნდა, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, გაჩენილი ხანძრის შედეგად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„ამ ეტაპზე წალენჯიხაში ზუსტად 25 სხვადასხვა ლოკაციაზეა ხანძარი. მათ შორის საყურადღებოა, საჩინოში ხანძრის კერა, რომელიც თანდათან დასახლებულ პუნქტს უახლოვდება, მან უკვე დააზიანა რამდენიმე სასაფლაო, ლეხულორდეში! მუნიციპალიტეტში ორი სახანძრო მანქანაა, ორივე ადგილზე მუშაობს თუმცა ქარი ართულებს ცეცხლის ლიკვიდაციას. სავარაუდოდ, ცეცხლის მიზეზი არის მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა, რაც დასჯადი ქმედებაა! ამ ეტაპზე, ველოდებით რეგიონიდან დამხმარე სახანძრო მანქანებს.

112-ში დამატებით უკვე შეტყობინება შესულია. ადგილზე დენის მიწოდება შეწყვეტილია. სახანძროს მუშაობის შემდეგ ჩაერთვება საქ.ენერგო, რომელიც დაზიანებულ დენის სადენებს აღადგენს“, - წერს ბელქანია „ფეისბუქზე“.