თბილისში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს: "გუშინ ჰქონდა დაბადების დღე და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ"
მკვლელობა მოხდა თბილისში. როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ახალაია.
გიორგი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოდან იყო.
ახლობლებმა მომხდარი უმძიმესი ფაქტის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს.
"ეს საშინელი ამბავი ახლა გავიგეთ. თავზარდაცემულები ვართ. დეტალები ამ დრომდე არ ვიცით, ჯერ ჩამოსვენებული არ არის სოფელში. აქ ჰყავს მშობლები. მათ გვიან შექმნეს ოჯახი და ეს ერთადერთი შვილი ჰყავდათ. ხარობდნენ მისი წარმატებებით.
გიორგი სპორტსმენი იყო, მოკრივე, თბილისში სწავლობდა. მკვლელობა თბილისში მოხდა. გუშინ დაბადების დღე ჰქონია და ბარში აღუნიშნავს დაბადების დღე. მერე იქ რა მოხდა და ვინ მოკლა ეს სიცოცხლით სავსე ბიჭი, არ ვიცი.
არ ვიცი, რამდენად გადაიტანენ ამ ამბავს მისი მშობლები. გული მეწვის მათი საცოდაობით, მთელი სოფელი შეძრა ამ ფაქტმა.
ველოდებით ჩამოსვენებას და ალბათ მერე მეტი დეტალი გაირკვევა...
რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, რატომ?
იმედია, უმკაცრესად დაისჯება დამნაშავე" - ამბობს ჩვენთან საუბარში თანასოფლელი.
"აქ საშინელება ხდება. თბილისშია მკვლელობა მომხდარი, ისეთი ამბავია, რომ დეტალები ჯერ არ ვიცით. ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა. დედისერთა ბიჭი იყო გიორგი. ძალიან კარგი ახალგაზრდა. გუშინ ჰქონდა დაბადების დღე და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
"სად მოგილოცო დაბადების დღე??? ეს რა ჯოჯოხეთიააა??? რანაირად გავიმეოროოო??? რანაირად დავიჯეროოოო????
ჩემი გიორგი მომიკლეს, ჩემი იუბილარი ბიჭი აღარ მყააავს, ჩემი ჩემპიონიიი", - წერს ნათესავი.
სოციალური ქსელი უკვე სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ვინ და რატომ გაიმეტა ახალგაზრდა ბიჭი სასიკვდილოდ, ჯერჯერობით უცნობია, "კვირის პალიტრა" დეტალების გარკვევას შეეცდება და მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.
(სპეციალურად საიტისთვის)