„იძულება მშვიდობისთვის“ ანუ რის გამოვაჭრებას ცდილობს პუტინი ტრამპისგან?! - კვირის პალიტრა

„იძულება მშვიდობისთვის“ ანუ რის გამოვაჭრებას ცდილობს პუტინი ტრამპისგან?!

გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა, რის შემდეგაც განცხადება გაავრცელა როგორც საგარეო უწყებამ, ისე საელჩომ. "ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. განსხვავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: "შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის დღის წესრიგი და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება, პოზიტიურ დინამიკას საჭიროებს, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობები საუკეთესო საფუძველია მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობაში პროგრესის მისაღწევად". სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ფინანსთა ყოფილ მინისტრსა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვალერი ჩეჩელაშვილთან:

valerichechelashvili-1730221401.jpg

- ვფიქრობ, ეს შეხვედრა უნდა განვიხილოთ ზოგად კონტექსტში, ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება "მეგობარი აქტის" ხელახალი განხილვა, რომელიც ჯერჯერობით ისევ შეაჩერეს და ახლა უკვე მესმის, რატომაც გადაიდო მისი განხილვა. მოგახსენებთ, "მეგობარი აქტი" თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს, საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. ეს არის საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გაღრმავებას, მეორე მხრივ კი - +სანქციების დაწესებას "საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის". როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ბოლო შანსი მიეცა "ქართული ოცნებისთვის". რაც შეეხება ბოჭორიშვილ-დანიგანის შეხვედრას, როდესაც ასეთი მოლაპარაკება იმართება, დიპლომატიაში წესია, რომ სტრუქტურა და ლექსიკონი იმ განცხადებების, რომლებიც მისი დასრულების შემდეგ კეთდება, მხარეებს შორის თანხმდება და აშკარა დისონანსი მათ შორის არ უნდა იყოს. შეიძლება იყოს განსხვავებული აქცენტები, მაგრამ თემები და სულისკვეთება მეტ-ნაკლებად ერთნაირია ხოლმე.

ჩვენ კი აქ ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ შეფასებებს - ქართულ განცხადებაში ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისი არ არსებობს და ქვეყნები, უბრალოდ, ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვან შემდეგში სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი და როგორ განავითარონ ურთიერთობა. აბსოლუტურად სხვა განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ. მასში ჩანს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები და ლაპარაკია გარკვეული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რაც ამ პრობლემებს დაძლევს. ეს აშკარად მიუთითებს, რომ მიზნები და ამოცანები, რაც ჰქონდა მხარეებს ამ შეხვედრის წინ, აბსოლუტურად განსხვავებულია. ვიმეორებ,

ეს არის მთლად ბოლო თუ არა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" დაუბრუნდეს აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპს.

აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს სერიოზულ, ფუნდამენტურ საკითხებზე, ასევე შედარებით პატარა ნაბიჯებზე.

ფუნდამენტურია 2 საკითხი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულთა უპირობოდ გათავისუფლება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი კი იქნება იმ საკანონმდებლო, სამართლებრივი თუ საფინანსო წნეხის მოხსნა, რისი მომსწრენიც ვართ. ვგულისხმობ ბოლო ხანს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ უკიდურესად გაზრდილ ჯარიმებს, რომელთაც აკისრებენ აქციების მონაწილეებს. ისეთ აბსურდამდე,

ანეკდოტურ ვითარებამდე მივედით, როდესაც პაატა ბურჭულაძე დააჯარიმეს იმისთვის, რომ ოპერის წინ საქართველოს ჰიმნი იმღერა. მოკლედ, ჩემი აზრით, ამ წნეხის მოხსნა იქნებოდა ხელისუფლების პირველი პოზიტიური ნაბიჯი.

კიდევ ერთი კითხვაა - რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი მაინცდამაინც ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მე-3 ან მე-4 დონეა? პირველია ბიძინა ივანიშვილი, მეორე - ირაკლი კობახიძე, შეიძლება მესამე დონე იყოს ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ კობახიძესა და მის შორის იყოს მამუკა მდინარაძე ან შალვა პაპუაშვილი, ან კიდევ ვინმე სხვა... ჩემი შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ რეალურად "ქართული ოცნება" არ არის მზად საიმისოდ, რომ ამერიკელების გზავნილი პოზიტიურად მიიღოს. ძალიან გამიკვირდება, თუ ამ შეხვედრის შედეგად მოვისმენთ "ქართული ოცნების" ახალ პოლიტიკურ ნარატივებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ვცდებოდე...

თუ ამერიკელების გზავნილი ნორმალურად მიიღო "ქართულმა ოცნებამ", ეს ნიშნავს პოლიტიკური კრიზისის დასრულებას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას, არჩევნების ჩატარებას, ეკონომიკურ წინსვლას, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას და შესაბამისად, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს გზავნილები არ იღო ყურად, ეს ნიშნავს პოლიტიკური კრიზისის უფრო მძაფრ ფაზაში შესვლას, ამისგან გამომდინარე ნეგატიური შედეგებით. მინდა იმედი მქონდეს, რომ ასე არ მოხდება.

- დღემდე "ქართული ოცნება" ცდილობს თავი წარმოაჩინოს დონალდ ტრამპის თანამოაზრედ და მის მხარდამჭერად. თუ ისინი არ გაიზიარებენ ახალი ადმინისტრაციის გზავნილებს, როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა?

- თქვენ სწორად აღნიშნეთ - "ქართული ოცნება" მართლაც ცდილობს დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის პარტნიორად წარმოაჩინოს თავი, ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ ტრამპი, რომელსაც სურს დაამარცხოს ეს მითური "გლობალური ომის პარტია", "დიფ სთეითი" თუ მსგავსი შეთქმულების თეორიები, მათი თანამოაზრეა. აი, ახლა დადგა სწორედ ამის გამოსაცდელი დრო.

გასაგებია, რომ ქალბატონი ელჩი დანიშნულია წინა, დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაციის დროს, შესაბამისად, ისიც გასაგებია, რომ ორმხრივ ურთიერთობაში პაუზა იყო. კარგა ხანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა არ ყოფილა. ისიც საკითხავია, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა ვაშინგტონში საერთოდ არსებობს თუ არა?.. და ახლა გაიმართა ეს შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ ქალბატონ ელჩს მიღებული ჰქონდა ძალიან მკაფიო ინსტრუქციები სახელმწიფო დეპარტამენტიდან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილები არა "გლობალური ომის პარტიის", არა "დიფ სთეითის", როგორც ბოლო დროს "ქართული ოცნების" კრიტიკოს ამერიკელებს უწოდებენ, არამედ ეს არის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის კონკრეტული გზავნილები. ახლა აქვს "ქართულ ოცნებას" შესაძლებლობა დაადასტუროს, რამდენად განიხილავს საკუთარ თავს მართლაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პარტნიორად. თუ ეს მოხდა და ამას "ქართული ოცნებისგან" შესაბამისი გადაწყვეტილებები მოჰყვა, პირველ პოზიტიურ სცენარზე გადავალთ, რაზეც ვილაპარაკე ზემოთ, თუ არადა, ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, არამედ "ქართული ოცნების" მთელი იმ ნარატივის დანგრევა, რომლის შესაბამისადაც გვიმტკიცებდნენ, რომ ტრამპის პარტნიორები არიან, მას მხარს უჭერენ და მის შეფასებებსა და აზრს ყურად იღებენ. ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა...

- ვიდრე საერთაშორისო საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. პროტესტი კვლავ გრძელდება. მართალია, აღარ არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ, ფაქტია, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება არსად გამქრალა. მიდის მზადება 31 მარტს დაგეგმილი დიდი აქციისთვის, თუმცა რამდენადაც აქტიურია საზოგადოება, იმდენად სუსტია პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ვერა და ვერ ახერხებს ამ პროტესტის პოლიტიკურ შედეგამდე მიყვანას. მეტიც, ის ვერ იქცა ამ პროტესტის ლიდერად...

- ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მთავარია, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და მე ამას ფართო კონტექსტში განვიხილავ, ანუ ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა წნეხი "ქართულ ოცნებაზე" გაძლიერდეს. ეს პროტესტი თავისი არსითა და სტრუქტურით უნიკალურია, ერთგვარი ნოუ-ჰაუა, რომელსაც მიაგნო ქართველმა საზოგადოებამ, სრულიად მშვიდობიანი, კონსტრუქციული და ძალიან თანამიმდევრულია. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ახალი ენერგია თავისუფლდება საზოგადოების წიაღში. ჩვენ ვხედავთ ძალიან იმედისმომცემ მოქალაქეებს. მაგალითისთვის გავიხსენებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ახალგაზრდობას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას, რატომ და რისთვის აკეთებს და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდებით, მათი წიგნიერებით, მომზადებით, მათი შეფასებების სიღრმით. ეს ყველაფერი იძლევა იმედს, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდული ენერგიისა და გამოცდილი ოპოზიციური ელიტების სიმბიოზი, როდესაც ეს მოხდება და ერთ კალაპოტში მოექცევა გამოცდილება და ახალი ენერგია, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივალთ დადებით შედეგამდე, მით უფრო, რომ საქართველოს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, რაც გამოჩნდა იმ შეხვედრაშიც, რაზეც თავში ვისაუბრეთ.

უნდა დადებითად შევაფასო მე-5 პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის აქტიურობა, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და უბიძგოს ამ პროცესს. ის, პრაქტიკულად, ყოველდღე ხვდება როგორც პოლიტიკოსებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს, ცდილობს საზოგადოებრივი კონსენსუსის სტრუქტურირებას და შესაბამისი მიმართულებით წარმართვას, რათა პროცესი მთავარ მიზნამდე მივიდეს. კარგია, რომ ეს მთავარი მიზანი დაწურულია ორ მთავარ მოთხოვნამდე - ვადამდელი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს ორი ამოცანა დგას დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე, ეს არის ძალიან მდგრადი ამოცანები, ისინი არ იცვლება, რაც მნიშვნელოვანია.

- ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ თავდაყირა დადგა, ახალი პრეზიდენტის განცხადებები თუ ნაბიჯები დაკავშირებული როგორც ახლო მეზობლებთან, ისე დანარჩენი მსოფლიოსა და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომთან ლამის ყოველდღიური განხილვის თემაა. ამ ბოლო საკითხზე მისი რიტორიკა ბოლო დროს შედარებით თანამიმდევრული გახდა. მოგეხსენებათ, გასულ კვირას საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართა და კიევმა აშშ-ის წინადადებები მიიღო. შესაბამისად, გამოთქვა მზადყოფნა 30 დღით შეწყვიტოს ცეცხლი, ამის შედეგად აშშ-მა დაუყოვნებლივ განაახლა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება. პუტინმაც მოიწონა ეს იდეა, ოღონდ თავის პირობებზე დაიწყო ლაპარაკი. მოსკოვში იმყოფებოდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, კრემლში გამართულ მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტმა "კარგი და პროდუქტიული" უწოდა, თუმცა ბევრი არაფერია ამ შეხვედრაზე ცნობილი... როგორ ფიქრობთ, მიიღწევა ზავი? და თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას, რომელიც თავდაპირველად ევროპიდან გახმაურდა, როგორ შეიძლება იმოქმედოს ტრამპის ადმინისტრაციამ?

- ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი ნოვატორული მიდგომებით გამოირჩევიან როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში, ცნობილია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ახლა უფრო მეტი თანამიმდევრულობა და პრინციპულობა ჩანს მათ მოქმედებებში. ტრამპი უფრო შორს წავიდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ სტრამერისა და პრეზიდენტ მაკრონის გეგმა იყო. მოგეხსენებათ, ეს გეგმა თავიდან გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტას ჰაერში და ზღვაზე, ტრამპი უფრო შორს წავიდა და 30-დღიანი სრულად ცეცხლის შეწყვეტის იდეა წარმოადგინა, რასაც ზელენსკი დათანხმდა. რაც შეეხება პუტინს, მანაც დადებითად მიიღო, ოღონდ თავის პირობებზე ილაპარაკა. მის პასუხში მე ორ რამეს ვხედავ: პირველი არის იმის დადასტურება, რომ პუტინსაც არა აქვს რესურსი ომის გასაგრძელებლად, ამიტომ იძულებულია, რომ ანგარიში გაუწიოს ამ შეთავაზებას, პირველ რიგში კი ტრამპის პოზიციას; მეორე - მას სერიოზული შიში აქვს, რომ ტრამპი დაუწესებს დამატებით, უფრო მკაცრ სანქციებს... სხვათა შორის, ამის წინა პირობაა ის, რომ ნავთობის ფასი ძალიან დაეცა, მაგალითად, თებერვალში რუსეთის შემოსავალმა ნავთობიდან 18%-ით დაიკლო. პუტინი, როგორც კარგი ვაჭარი, ცდილობს გამოსტყუოს დამატებითი ბენეფიტები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. ჩემი აზრით, შანსი იმის, რომ ცეცხლი შეწყდეს, საკმაოდ მაღალია. საქმე ის არის, ამის შემდეგ რა მოხდება... უპირველესად კი რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი სანქციებთან დაკავშირებით. თუ სანქციები შენარჩუნდება, ეს იქნება სერიოზული წინა პირობა იმისა, რომ დაიწყოს თუნდაც ხანგრძლივი, მაგრამ დიპლომატიური პროცესი კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებისთვის. თუ სანქციები შერბილდა, ჩემი აზრით, ეს იქნება აშშ-ის ძალიან სერიოზული, დრამატული შეცდომა.

კარგი პოლიტიკური კომპონენტი აქ ის არის, რომ ევროპა იკავებს გაცილებით უფრო ძლიერ პოზიციას შექმნილ გეოპოლიტიკურ სურათში. ევროპა ადასტურებს, რომ მზად არის თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ევროატლანტიკური სტაბილურობისა და უკრაინის სოლიდარობის საქმეში. გამოიყო უკვე ძალიან დიდი თანხები თავდაცვით პროგრამებზე. ევროკავშირმა გამოყო 800 000 მილიარდი. ამას რომ დავუმატოთ სახელმწიფოების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტები, ვიღებთ ძალიან დიდ თანხას, რაც დაახლოებით 2 ტრილიონამდე ადის. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი წელს 145 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც მისი მთელი ბიუჯეტის 1/3-ია. ეს მიუთითებს, რომ რუსეთს რესურსები შეზღუდული აქვს, ცალკე აღებული გერმანიის ეკონომიკა 2,5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის. აქედან გამომდინარე, როგორც დასკვნა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებული იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, თუ რამდენად მკაცრი და თანამიმდევრული იქნება ის რუსეთთან, რამაც უნდა უბიძგოს რუსეთს კონსტრუქციულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ. უმნიშვნელოვანესი იქნება, უსაფრთხოების როგორ გარანტიებს მისცემენ უკრაინას; როგორი იქნება სანქციების პოლიტიკა რუსეთის მიმართ; როგორ წარიმართება უკრაინის აღდგენის პროცესი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო დამნაშავეთა დასჯა.