შენახული ფიქრები - მოაკითხე წერილს, რომელიც 25 წელიწადს გელოდა!
2025 წლის 10 მარტს "კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტის "გზავნილი მომავალში" განხორციელების მორიგი ეტაპი დადგა და ეროვნულ არქივში მოქალაქეების მიერ 2000 წელს დაწერილი და მომავალში გაგზავნილი წერილების სკივრი გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ წერილის მიწერა ყველა მსურველს შეეძლო, შვილისთვის, მეგობრისთვის, ნათესავისთვის, ან მისთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...ადრესატები კი გზავნილებს ავტორის სურვილისამებრ ახლო ან შორეულ მომავალში მიიღებდნენ - 2005, 2010, 2025, 2050 და 2100 წლებში.
2025 წლის გზავნილებიც მოთავსებული იყო "კვირის პალიტრის" სკივრში და დაცული ეროვნულ არქივში, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში გაზეთის რედაქცია და არქივის თანამშრომლებიც რუდუნებით უფრთხილდებოდნენ. ამ წერილებში ათასობით ადამიანის სურვილი, მოლოდინი, ტკივილი, სიხარული იყო (არის) მოთავსებული.
"ეს პროექტი ეროვნულ არქივს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს"
ნათია იაშვილი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი: - 25 წელია, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან", რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ეს არის უაღრესად საინტერესო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი მოქალაქეების გზავნილები რუდუნებით ინახება ეროვნულ არქივში, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. სკივრი პირველად 2005 წელს, შემდეგ - 2010, მესამედ კი 2025 წელს გაიხსნა. იმედი გვაქვს, სკივრის მომდევნო 2 გახსნაც არქივში ჩატარდება და, ამას უკვე მომავალი თაობები გააკეთებენ.
ამ სკივრში უამრავი ადამიანის ფიქრი ინახება. ისინი ჩვენი ახლობლები, საზოგადოებისთვის საყვარელი, ან სულაც უცხო ადამიანები არიან. ისეთი ადამიანის გზავნილიც იქნება, რომელიც დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. ალბათ, ეს წერილები კიდევ მეტი მოლოდინით გაიხსნება და ეს უკვე სევდანარევი სიხარულის შემცველი იქნება.
"ძალიან დიდი მუხტის მატარებელია სკივრიდან ამოსული თითოეული წერილი"
მანანა ჯანელიძე, პირველი თაობის "პალიტრელი": - 2000 წელს ჩემ თვალწინ დაიბადა ეს პროექტი. დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ვიყავით ყველანი ამ საქმეში ჩართული და სკივრში წერილებს მონდომებით ვაწყობდით. ბოლოს ერთი თავისუფალი ფურცელი დარჩა და მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ლალი გუნთაიშვილმა, ყველამ თითო-თითო ფრაზა დაწერეთო. მეც დავწერე... ახლა გაიხსნა სკივრი და ის ფურცელი ვნახეთ, სადაც ჩემი ფრაზაცაა: "მენატრებით, ღმერთი არს ჩვენ შორის"...
2000 წელს დიდი ინტერესით გავყურებდი მომავალს, როგორი იქნებოდა საქართველო 25 წლის მერე, როდესაც ეს სკივრი გაიხსნებოდა. დღეს აქ წამოსვლის წინ მღელვარე განცდა მქონდა... ახლა ვუყურებ ამ წერილებს და მართლაც ძალიან დიდი მუხტის მატარებელია სკივრიდან ამოსული თითოეული ბარათი. მღელვარებით ველოდები შეხვედრას ადრესატებთან. შეიძლება იყოს ურთიერთგამომრიცხავი ემოციები. იქნება სიხარული, მონატრება, ცრემლი, ტკივილიანი სიხარული... ვფიქრობ იმაზე, როგორ მიიღებენ ამ წერილებს ადამიანები...
"ნებისმიერი ადამიანისთვის ემოციურია იმის წაკითხვა, რას წერდა 2000 წელს - ორი საუკუნის გასაყარზე"
მარიკა დარჩია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი: - 2010 წელს სკივრის მეორედ გახსნაში ვმონაწილეობდი, მათ შორის, საორგანიზაციო ნაწილში ვიყავი ჩართული. ეს პროექტი ემოციურად მნიშვნელოვანია. აქ არ არის მხოლოდ პირადი წერილები, ამ წერილებში არის გზავნილები მომავალი სახელმწიფო მოხელეებისთვისაც... ნებისმიერი ადამიანისთვის ემოციურია იმის წაკითხვა, რას წერდა 2000 წელს - ორი საუკუნის გასაყარზე... ვთქვი და გავიმეორებ - მივყვეთ ამ ადრესატებს, გავიგოთ, ვისთან მივა წერილი, პატარა ტექსტი კი არა, ზოგიერთის ამბით შეიძლება მთელი წიგნიც შეიქმნას ძალიან საინტერესო ფაბულით. ეს არის შენახული ფიქრები. ფიქრები და დრო სწრაფად იცვლება, თუმცა ფურცელი ფირებს ინახავს, ხელნაწერები კი არ იწვება. ამიტომ ეს წერილები ძალიან მნიშვნელოვანია.
2025 წლის წერილების ადრესატთა სია გამოქვეყნდა საიტზე: kvirispalitra.ge და გაზეთ „კვირის პალიტრაში“.
როდესაც შეიტყობთ, რომ თქვენს სახელზე წერილია, შეგიძლიათ მოაკითხოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, იოსებიძის #49 („ბიბლუსის“ მაღაზიის გვერდით მიმანიშნებელი ბანერი დაგხვდებათ) 11:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა