„რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს?“ - კვირის პალიტრა

„რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს?“

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ შეხვედრაზე უკრაინა დათანხმდა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა­, თუმცა კრემლი ჯერ არ გამოხატავს მკაფიო პოზიციას. პარალელურად, ვითარება გამწვავებულია კურსკში, სადაც რუსეთმა მოახერხა კონტროლის აღდგენა. ტრამპმა გამოაქვეყნა პუტინისადმი მიმართვა, სადაც სთხოვს, რომ არ გაანადგუროს ალყაში მოქცეული უკრაინელები. რა ფონს ქმნის ყოველივე ეს მოლაპარაკებისთვის, ვის რა ბერკეტები აქვს და როგორი იქნება მოლაპარაკებებში ევროპის როლი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ განცხადებას აკეთებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, ამ საკითხებზე­ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს­ ვესაუბრეთ.

- ფაქტია, ბრძოლის ველზე პუტინს უპირატესობა აქვს და ეს მის სასარგებლოდ­ მუშაობს. არ ვიცი, კურსკში რამდენი უკრაინელია ალყაში მოქცეული, მაგრამ, როგორც ჩანს, არცთუ ცოტა. თან კურსკში უკრაინელებმა შეიყვანეს ელიტური შენაერთები და მათი ალყაში მოქცევა ძალიან მძიმე­ დარტყმა იქნება. დაახლოებით ასეთივე მძიმე სიტუაციაში იყო უკრაინა, როდესაც მინსკის შეთანხმებას მოაწერა ხელი. მაშინაც ალყაში იყო მათი შენაერთი და ასეთ ფონზე წარიმართა ის მძიმე მოლაპარაკებები. ახლაც კურსკის ალყა უკრაინელებისთვის­ ძალიან ცუდად დაემთხვა. პუტინს ძალიან ძლიერი კარტები უჭირავს ხელში - დაინახა, რომ ომი გამოფიტვაზეა და უპირატესობა აქვს. ეკონომისტებმა იციან, რა შეიძლება მოიფიქროს ამერიკამ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რაიმე დამანგრეველი სანქცია მოიგონონ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ არაფრით დათანხმდება იმას, რომ იქ ნატოს ძალები განლაგდნენ.

რუსები პრინციპულად ითხოვენ, რომ ის რეგიონები, რომლებიც ანექსირებული­ აქვთ - დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე - მთლიანად მიითვისონ. ახლა მათ მთლიანად ვერ აკონტროლებენ, მაგრამ­ მითვისება სურთ. მძიმე პროცესი იქნება, ალბათ, რამდენიმე თვე კიდევ გაიწელება...

- მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი არ აპირებს გაახანგრძლივოს რუსეთისთვის­ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტი,­ რომელსაც ვადა რამდენიმე დღის წინ გაუვიდა.­ ეს კი რუსეთის ფინანსურ და ენერგოსექტორებზე შეზღუდვების გაფართოებას ნიშნავს...

- ტრამპი რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯს ელოდება. მან თხოვნით მიმართა პუტინს, რომ არ გაანადგუროს ალყაში მოქცე­ული უკრაინელები. იმედია, პუტინი­ დათანხმდება და შესაძლოა სანქციებზე შეზღუდვების მოხსნა იყოს შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ საკითხავია, რუსეთს მართლაც­ აზიანებს და ეშინია იმ სანქციების, რაზეც ახლაა საუბარი? შესაძლოა არც არაფერს ნიშნავს და მზად არის აიტანოს, მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგალითად, დონეცკის ოლქში, სადაც ბოლო დროს წინსვლა აქვს. წინსვლა არა აქვს ხერსონში,­ ზაპოროჟიეში, მაგრამ აქვს დონეცკში და შეიძლება ურჩევნია ტერიტორიები წაიღოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება­ რუსეთის ეკონომიკაში? მეოთხე წელია გვეუბნებიან, ჩამოინგრევაო, მაგრამ არ ჩამონგრეულა.

- მოლაპარაკებებზე კურსკი თუ ისევ უკრაინის ხელში იქნებოდა, ალბათ, გაცვლის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გახდებოდა, რაც არ აწყობს რუსეთს, რომელიც დღეს მომგებიან პოზიციაშია და მარტივად ჩაშლიდა ამ პროცესს, თუკი აქამდე მივიდოდა საქმე. რუსების მიერ კურსკის აღება კი დაემთხვა ამერიკის მიერ რამდენიმე დღით სატელიტური უზრუნველყოფის გათიშვას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს გათიშვა შეთანხმებული იყო, რათა კურსკი არ ყოფილიყო გაჭედილი მოლაპარაკებაში?

- მაგაში ლოგიკა ნამდვილად არის და როგორც ჩანს, ამისთვის გამოიყენეს ის სცენა, რაც გათამაშდა თეთრ სახლში.

- მაშინ, თუ შეთანხმება იყო, არის შანსი, პუტინი დათანხმდეს მოლაპარაკებებს?

- ბოლო დროს პუტინი ტრამპს ძალიან დადებითად ახსენებს­. ესე იგი, ძალიან კარგად ესმის, რომ ტრამპის ხელში უნდა დაამთავროს ომი. ტრამპის­ ხელში რუსეთმა შეიძლება მიიღოს საკმაოდ ბევრი, რადგან ტრამპი აშკარად არ განიხილავს რუსეთს დიდ საფრთხედ არც ამერიკისთვის და არც მთლიანად დასავლეთისთვის.

- კეთდება ისეთი განცხადებებიც, რომ ზელენსკის არ უნდა ომის დამთავრება... არის იმის ალბათობა, რომ უკრაინამ ჩაშალოს მოლაპარაკება და მერე როგორ განვითარდება პროცესები?

- აბსოლუტურად მესმის მათი, ვინც უკრაინის ხელისუფლებაშია, ომის მოგების იმედი ჰქონდათ, თავიდან, 2022-ში მართლაც ბევრს მიაღწიეს, მაგრამ 2023 წლის ზაფხულზე, როდესაც დიდი კონტრშეტევა ჩაუვარდათ და ომი საბოლოოდ გადაიზარდა გამოფიტვის ომში, ეს ყველაფერი გასაგები გახდა. ამის მერე კი ასე მარტივი არ არის, თქვა, ვწყვეტ ომს და ის ტერიტორიები, რაც რუსეთმა წაიღო, დავუტოვოო.

- იქამდე მივდივართ, რომ პუტინი მიიღებს იმას, რასაც ომის დაწყებამდე ითხოვდა?­ რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი და მიიერთებს უკრაინის ტერიტორიებსაც? ეს ხომ რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს და რამდენად შედის ევროპის ინტერესში?

- წინასწარ ვინ იცოდა, რა მოხდებოდა,­ მით უმეტეს, როდესაც კიევმა მოიგერია­ რუსები და გეგმა "ა" ჩაუვარდათ - უკრაინის სამ დღეში დაკავება და უკრაინის ხელი­სუფლების დამხობა. ეს რომ ჩაუვარდათ­, მერე დაიწყო სერიოზული არეულობა მოსკოვში. მეორე კრიტიკული მომენტი იყო პრიგოჟინის გალაშქრება მოსკოვზე და ეს რომ გადალახეს, ყველაფერი გასაგები გახდა. პრინციპში, პუტინის ხელში ამ მთავრობამ ძალიან რთული ამოცანა გადაჭრა, ლამის დანგრევის პირას იყო სახელისუფლებო ვერტიკალი იმ შოკის ფონზე, რაც კიევში მიიღეს. ეს გადაიტანეს და ისიც მოახერხეს, რომ ომი, რომელიც თავიდან ბლიცკრიგად ჰქონდათ ჩაფიქრებული, გადაიყვანეს გამოფიტვის ომში და შესაბამისად, მთელი ქვეყნის ეკონომიკაც და შეიარაღებული ძალებიც საამისოდ გადააწყვეს.

უკრაინას ომის მოგების შანსი ჰქონდა 2022-ში და ის დაიკარგა 2023-ში, როდესაც­ კონტრშეტევა ჩავარდა. საერთოდ,

ზელენსკი ხშირად ხელმძღვანელობს წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ომის მოსაგებად საკმარისი არ არის. ამიტომაც იყო, რომ ერთხელ ალყაში მოექცა უკრაინული­ შენაერთი, იმიტომ, რომ უკან დახევაზე ბრძანება არ გასცა. პრინციპში, კურსკთანაც იგივე მოხდა. შესაძლოა აღარც იყო უკან დახევის შანსი, მაგრამ პირველივე დღეებში, როდესაც რუსების მასირებული შეტევა­ დაიწყო, ალბათ, უნდა მიხვედრილიყო, რა ელოდებოდათ და სწრაფად უნდა გამოეყვანა შენაერთები.­ აქაც, როგორც ჩანს, იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება,­ უკან არ ვიხევთ, იმიტომ, რომ ეს დემორა­ლიზაციას გამოიწვევსო, მაგრამ უარესია­ ამ ხალხის ალყაში მოქცევა,­ რომელზეც ტრამპს მოუწია პუტინისთვის თხოვნა, რომ ის ხალხი არ დახოცოს. ამას კი, ჩემი აზრით, პუტინი აუცილებლად მოლაპარაკებებზე სათავისოდ გამოიყენებს.

- აშკარად ჩანს, რომ ევროპა არ არის მოლაპარაკებების მხარე და შეძლებს თუ არა ამერიკის გარეშე უკრაინის დაცვას? მით უმეტეს, დაიწყეს ლაპარაკი საკუთარი უსაფ­რთხოების უზრუნველყოფაზე და ამას რამდენად მოასწრებენ, პირველ რიგში, უკრაინის საკითხის გადასაჭრელად და მერე, რა თქმა უნდა, უშუალოდ ევროპის უსაფრთხოებისთვის?

- არის ერთი გენიალური ქართული ანდაზა - "სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო". ვიდრე ევროკავში­რის ბიუროკრატია რამეს გადაწყვეტს, მერე ფულს გამოყოფს და ამის მერე ამ ფულის ათვისებას დაიწყებენ და ამით შექმნიან შეიარაღებულ ძალებს - მინიმუმ, 5-წლიანი პერსპექტივაა. ვიდრე ევროკავშირი ამას გააკეთებს, პავლემ რა უნდა ქნას, რამდენ ხანს იომოს? მეორე ის არის, რომ ევროკავშირის მასშტაბით მსგავსი შეთანხმება არ შედგება, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა არ გრძნობს საფრთხეს რუსეთისგან. მხოლოდ პოლონეთი გრძნობს და ამიტომაც­ აცხადებს­ ახლა საყოველთაო გაწვევას.­ გერმანიაში კი კეთდება ხმამაღალი­ განცხადებები, მაგრამ გერმანიაში ეკონომიკური­ კრიზისია და ლოგიკური შეკითხვაა, ფული საიდან უნდა მოიტანოს, რას უნდა მოაკლოს, ჯანდაცვას თუ პენსიებს? გერმანია სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოა, ევროკავშირის ერთ-ერთი­ საუკეთესო ქვეყანა. გამოდის, ეკონომიკისა და კეთილდღეობის ხარჯზე უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, მაგრამ იბადება­ კითხვა, - გერმანიის მოსახლეობას მართლა­ სჯერა, რომ რუსული ტანკები­ ჯერ ბალტიისპირეთს გაივლიან, მერე პოლონეთს და შეცვივდებიან გერმანიაში?

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა გველოდება ჩვენ?

- 2008 წლის შემდეგ აქ რუსული ბაზა რომ გიდგას, ამით ხომ ძალიან ბევრი რაღაცაა ნათქვამი? რუსეთი ამის გამო მშვიდად არის, ფიქრობს, ჩემი ბაზა პირდაპირ თბილისზეა დამიზნებულიო. გასაგებია,­ რომ საქართველოში ყველაფერზე რეაქცია­ გვაქვს, სირიაში რომ ომი დაიწყო, შეგვეშინდა, ვაიმე, ჩვენ არ გაგვცვალონო, ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანა ამერიკამ და, ავტეხეთ პანიკა, ვაიმე, ჩვენთან რა იქნებაო. სულ შფოთია იმაზე, რომ ვინმეში ჩვენ არ გაგვცვალონ. ცხადია, ეს ომი ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ არა მგონია, მთელ რეგიონს შეეხოს, რომ დაიწყოს გავლენის სფეროების გადანაწილება. რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს? ვფიქრობ, აქ ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდება, როგორიც არის. საქართველო, ასე თუ ისე, მაინც დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ აქ რუსები დგანან სამხედრო ბაზით და ამით საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დაბლოკილია. რუსეთისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც არ ადარდებთ საქართველოს საკითხი.

რუსა მაჩაიძე

TOP.GE