"დაუსაქმებელი" საქართველო - კვირის პალიტრა

"დაუსაქმებელი" საქართველო

ახალშექმნილი დასაქმების სამინისტროსთვის უმუშევართა მონაცემთა ბაზა იქმნება. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა 9 ივლისს დაიწყო და სამი თვის განმავლობაში, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავრობის დადგენილებით, ამ პროგრამით ისარგებლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე მოქალაქეობის არმქონე პირები. სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება 15 წლიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა 15-დან 18 წლამდე პირებს ამისთვის მეურვის თანხმობა დასჭირდებათ. დასაქმების პროგრამით სარგებლობის უფლება არ ექნებათ მათ, ვინც არ იმყოფებიან ოჯახში 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში, ყაზარმებში მცხოვრებ სამხედრო პირებს, მათ შორის წვევამდელებს და საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და პანსიონატებში, სააღმზრდელო და სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფ პირებსა და სკოლის მოსწავლეებს.

პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდება სპეციალური კითხვარები, რომელსაც სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები საცხოვრებელ ადგილზე შეავსებინებენ. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით მოხდება. ამის შემდეგ უკვე სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება და მასში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული უწყებებისთვის.

სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა ნებაყოფლობითი და უფასო იქნება. აღრიცხვის პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს და ის შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

იოსებ არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "მთელი ეს ამბავი კრილოვის ცნობილ იგავს, "კვარტეტს" მახსენებს, - ცხოველები მიუხედავად იმისა, რომ ადგილებს ინაცვლებდნენ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა მაინც ვერ შეძლეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას თამაშის წესები, რომელიც დააინტერესებს რიგით მოქალაქეს, სოციალურ ჯგუფსა თუ იურიდიულ პირს. მაგრამ იმაში, რაც კეთდება, თამაშში ჩაბმის მაინცდამაინც დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ ვერც ერთი მხარისგან. ჯერ ერთი, მსოფლიოში რეცესიისა და კრიზისის ნიშნებია და ინვესტიციების მოზიდვა სულ უფრო რთულია. ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, იმავე ვითარებას ვაწყდებით მთელ რიგ ქვეყნებში. ამიტომ აქ მეტი ტრანსპარენტულობა, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელშეწყობაა საჭირო. ერთი ხელით ხელისუფლება ქმნის სამინისტროს, მაგრამ მეორით კერძო სტრუქტურებს პოლიტიკური ნიშნით განასხვავებს. ასე რომ, ეს ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. დასაქმების ახალი პროგრამა ეკლექტიკურია, სხვადასხვა მიმართულებისა და ფუნქციების მატარებელი ინსტიტუტების ნებელობის გადატანა ხდება ერთ დოკუმენტში, აღრეულია ბაზრის პირობებში სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების, სახელმწიფოსა და ბიზნესის ფუნქციები. სამუშაო ადგილების შექმნის ამოცანა არის მხოლოდ კერძო სტრუქტურის გადასაწყვეტი. სახელმწიფომ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები სახელმწიფო სექტორში, დაასაქმოს საჯარო მოხელეები ან ტენდერების გამოცხადებით სტიმული მისცეს ამა თუ იმ წარმოებას. ამ შემთხვევაში მმართველი ძალა ცდილობს ისეთივე მონოპოლისტი იყოს ბიზნესში, როგორი მონოპოლისტიც არის პოლიტიკურ სპექტრში. ნიშნის მოგებით კი არა, სინანულით ვამბობ, რომ უმუშევრობის დაძლევის ეს მცდელობაც მარცხით დამთავრდება.

ლაპარაკია, რომ 4 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოგვიტანს 80 ათას სამუშაო ადგილს. გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში აღინუსხა დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც მსყიდველობითი უნარით კიდევ მეტი იყო, ვიდრე მომდევნო ოთხ წელიწადში შემოვა, რადგან თავად დოლარი განიცდის დევალვაციას და მისი მსყიდველობითი უნარი წლიდან წლამდე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ეცემა. 3.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის პირობებში საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2,2%-ით შემცირდა და ახლა როგორ გვინდა იმავე მოცულობის ინვესტიციის პირობებში სამუშაო ადგილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გავზარდოთ? მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება, - რატომ არ იყო ის ინვესტიცია ეფექტურად გამოყენებული, ან იყო კი ეს ინვესტიცია, იქნებ მხოლოდ ქონების გადაფორმება და მესაკუთრის შეცვლა იყო და არა კომერციული დატვირთვის ფინანსური ტრანზაქცია? ასე რომ, ძალიან სევდიანი ფიქრები მეძალება ამ თემაზე საუბრისას.

- საინტერესოა, რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს დასაქმების სამინისტრო? მე ასეთ უწყებას ვერსად მივაკვლიე.

- ეს არის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქცია, მაგრამ ჩვენთან სიჩქარეში სამინისტროს სახელწოდებაში "შრომის" დარჩა და ცალკე შეიქმნა დასაქმების სამინისტრო. არადა, ნებისმიერი მიმართულებით საქმიანობა, იქნება კანონშემოქმედებითი - ნორმების, ნორმატივების შემუშავება, ზედამხედველობის სამსახური და ა.შ., ერთ სამინისტროში უნდა იყოს მოქცეული. ჩვენ მრავლად გვქონია ასეთი კურიოზები. გახსოვთ, ალბათ, არსებობდა ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტრო, თითქოს ვაჭრობა ეკონომიკა არ არის. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არსებობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. ეს სხვა არაფერია, თუ არა მეთოდოლოგიური აღრევის მაგალითები, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ერევა იქ, სადაც არ უნდა ერეოდეს და ამასობაში შეუსრულებელი რჩება ის მოვალეობები, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.

(სპეციალურად საიტისთვის)