"ტრამპის ადმინისტრაცია, ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებად აღიარებს" - კვირის პალიტრა

"ტრამპის ადმინისტრაცია, ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებად აღიარებს"

საქართველოს დედაქალაქის მთავარი ქუჩა ისევ ყოველდღიურად იკეტება, პროტესტი ისევ ქუჩაშია, თუმცა ვერც ვითარდება და ვერც პოლიტიკურ მდგენელს იძენს; ოპოზიციის ერთი ნაწილი ისევ ერთობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, მეორისთვის კი ერთობა ისევ პრინციპულად მიუღებელია, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ იბარებს ოპოზიციის ლიდერებს, შედეგი კი ისევ ბუნდოვანია. ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების იმედი ახლა გაზაფხულის თბილი ამინდი და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხის გამოსვლაა.

პროცესების განვითარების ვერსიებზე ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

- არა მგონია, გაზაფხულის დადგომამ­ ქუჩაში მეტი ხალხი გამოიყვანოს. საპროტესტო აქციებმა ამ დრომდე შედეგი იმიტომ ვერ მოიტანა, რომ პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდა და არა აქვს. შიგადაშიგ­ კი იყო ლოზუნგების წამოძახება და ბანერების აფრიალება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიტყვით გამოსვლები არ ყოფილა. შესაბამისად, პოლიტიკური მხარე გაუგებარი დარჩა, მით უფრო, პრობლემაა ისიც, რომ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხში გაჩნდა კითხვა, რა აზრი აქვს ხელახალი არჩევნების მოთხოვნას? მოიტანს შედეგს? ერთი მხრივ, პოლიტიკოსებისადმი სკეპტიციზმი და მეორე მხრივ აქციების პოლიტიკური მდგენელის არარსებობა გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხალხი აქციაზე აღარ გამოდის. კი, ძალიან ბევრია ოპოზიციურად განწყობილი და ბევრს სურს ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ საჭიროა ოპოზიციურმა პარტიებმა თქვან, როგორი პროცედურებით ესახებათ ხელისუფლების შეცვლა.

- ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილთან 31 მარტის საპრო­ტესტო აქციის საკითხი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ ეს დღე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასახმაურებლად გამოიყენონ. თქვენი აზრით, რას მოვისმენთ ოპოზიციისგან?

- ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ვერც გეგმა აღირსეს საკუთარ ელექტორატს და არც შედეგი ჩანს.

- რჩება განცდა, რომ ზურაბიშვილი ისეთი­ აქტიური არ არის, როგორი მოლოდინიც­ იქმნებოდა...

- ზურაბიშვილი ზოგადად არ არის აქტიური ფიგურა. მან წლების წინ სააკაშ­ვილის ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა­ თქვა, ქაჯები კი არ მიდიან, მოდიანო, და მეორე დღეს ნახევარი თბილისი იპოდრომზე, მის გვერდით დადგა. ეგ იყო და ეგ... იმ დღეს რა რაოდენობის ხალხიც გამოვიდა იპოდრომზე, იმდენიც ვეღარ შეკრიბა­ შემდგომ დღეებში, იმიტომ, რომ არსებითი­ ვერაფერი შესთავაზა. გახსოვთ რა თქვა?! მოვიდეთ და ყვავილები მოვიტა­ნოთო და უმალვე ჩააქრო წინააღმდეგობის მუხტი. მხოლოდ საზოგადოების უკმაყოფილება­ არ არის საკმარისი ხალხის ასაყოლიებ­ლად, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს დაანახო, რა მიმართულებას მისცემ მათ უკმაყოფილებას, მუხტს, აგრესიას... ასეთი სქემების, იდეებისა და გეგმის ჩვენების გარეშე არაფერი გამოვა. ოპოზიციის ერთადერთი გეგმაც, იდეაც და სქემაც დღეს არის, გამოვიდეთ და დავდგეთო! ეს არც გეგმა­ა და არც არაფერი. კი, არსებობს რევოლუციები, როცა დიდი საპროტესტო ტალღა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების დათმობას აიძულებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება­ ფსიქოლოგიური ზემოქმედების­ გავლენაში ექცევა.

თბილისის ქუჩებში საპროტესტოდ გამოსული­ საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ "ქართულ ოცნებაზე" ფსიქოლოგიური ზეწოლა ვერ მოახდინა. შეიძლება ითქვას, ამჯერად "ხავერდოვანი რევოლუ­ციის" ცდამ არ გაამართლა. პირველ­ ეტაპზე თითქოს შედეგიანი იყო, მმართველ ძალას დისკომფორტი ექმნებოდა და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა პროტესტის ჩახშობას, რის გამოც ბეწვის ხიდზე უწევდა სიარული. ახლა ხომ ხედავთ, აღარავინ არბევს აქციებს, ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში აგრესია აღარ ღვივდება, ხალხი მიდის და მოდის... ბევრს უკვე მოჰბეზრდა კიდეც უმიზნოდ სიარული.

- "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ შესაძლებელია 31 მარტს ოპოზიციური ერთობის შესახებ გააკეთ­ონ განცხადება. ასეთ შემთხვევაში შეძლებენ ისეთი გეგმის წარმოდგენას, ხალხს რომ აიყოლიებს?

- ოპოზიციური ერთობის შექმნა ვერაფერს შეცვლის. მეტიც, საერთოდ არაფერ შუაშია ერთობის შექმნა იმ პრობლემებთან, რაც ახლა ოპოზიციურ ველზეა. ერთ კაცსაც შეუძლია ისეთი გეგმის შედგენა, რომელსაც ხალხის აყოლიება შეუძლია. მხედართმთავარი ყოველთვის ერთი კაცია და საბრძოლო გეგმას ყოველთვის თავად ადგენს, დანარჩენები ეხმარებიან. ის ერთი კაცი, გეგმის, სტრატეგიის დამსახავი და გადაწყვეტილებების მიმღები, არ მოიძებნა ოპოზიციურ ველზე. რატომ? იმიტომ, რომ ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს.

გნებავთ, ჩაატარეთ გამოკითხვა და დაუსვით ხალხს, თუნდაც აქციაზე მყოფთ, ასეთი კითხვა: ვისი გონიერების გჯერათ? დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუჭირდებათ­ პასუხის გაცემა. გინდ ერთად დააჯგუფე ეს ოპოზიციონერები, გინდ ცალ-ცალკე, თუ ინტელექტუალური რესურსი არა აქვთ, ვერც გეგმას შეადგენენ და ვერც სტრატეგიას. არის კიდევ ერთი ფაქტორი - რჩება განცდა, რომ ოპოზიციას თავად არ სურს სინამდვილეში ხელისუფლების შეცვლა, იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში წესიერი საარჩევნო კამპანია არ ჩაატარეს, ახლა კი მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც უცხოელები სთავაზობენ, კი არ ფიქრობენ, წამგებიანი იქნება თუ მომგებიანი, ბრმად ასრულებენ მითითებებს.

- თქვენი კოლეგა ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, მილეული და სამზარეულოში­ შეკეტილი პროტესტი გაცილებით საშიშია, ვიდრე ქუჩის აქციები. შეიძლება თუ არა სამზარეულოში შეკეტილი პროტესტი ერთ დღეს ზვავად გადმოსკდეს ქუჩაში და ყველაფერი წალეკოს?

- არა მგონია. პროტესტის მილევა­ მართული პროცესია, ხელისუფლებამ ბევრი­ რამ გააკეთა ამისთვის. პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონპროექტი მეორედ რომ გამოიტანეს განსახილველად და ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ თქვა, ალბათ, კითხვა გიჩნდებათ, რატომ შემოვიტანეთ ეს კანონპროექტი მეორედ. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ პროტესტის პროვოცირება მოვახდინოთ და არჩევნების მომენტისთვის­ ხალხი უკვე დაცლილი იყოს საპროტესტო მუხტისგანო. ასეც მოხდა, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად კაციშვილი­ აღარ გაჰყვა ოპოზიციას. მერე ისევ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრების გადადების შესახებ მოჰყვა რეაქცია. სინამდვილეში მისი განცხადება არაფერსაც არ ნიშნავდა, ისევე როგორც არაფერს ნიშნავდა, ე.წ. რუსული კანონის მიღება.

დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები რომ დგას და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რაღაც კანონს თუ მივიღებთ, რუსეთში გავიღვიძებთო, უბრალოდ, არასერიოზულია. ასეთი არასერიოზული საუბრების შედეგად გაჩნდა ნიჰილიზმი და განცდა იმისა, რომ ოპოზიციას არ შეუძლია პროდუქტიულად გადააქციოს ხალხის სერიოზული პროტესტი. ეს იყო კარგად გათვლილი და მიზანმიმართული იმედგაცრუება. დიახ, ხელისუფლებას სჭირდებოდა ნიჰილიზმში ჩავარდნილი, იმედგაცრუებული საზოგადოება. შესაბამისად, მეეჭვება სამზარეულოებში რაიმე სერიოზული აფეთქება მომზადდეს. სამზარეულოში იქნება უკმაყოფილო ადამიანების გმინვა, კბილების ლესვა, მაგრამ სხვა არაფერი...

- თუმცა, ალბათ, პროცესი მაინც გააქტიურდება შემოდგომისთვის, ადგილობრივ­ არჩევნებზე, როდესაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, უარს იტყვის მონაწილეობაზე.

- ოპოზიციის შეცდომაც ის იქნება­, თუ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.­

ჩვენს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ოპოზიციონერობა ხელისუფლებასთან გაბუტვაა. არადა, მათ ხმას ამისთვის კი არა, პარლამენტში თუ სხვა ორგანოებში ოპოზიციური აზრის გატანისთვის აძლევენ. ოპოზიციას ისიც ტყუილად ჰგონია, რომ ბრძოლა ქუჩაში დგომაა. არა, ამან შეიძლება არაფერი მოიტანოს, თუმცა შედეგს აუცილებლად მოიტანს საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა.

მრჩება განცდა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს არ შეუძლიათ საპარლამენტო მუშაობა და გაბუტვას იმიზეზებენ თავიანთი უუნარობის გასამართლებლად. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, არ მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას და, ხელისუფლება საკუთარ წიაღში გამოჩეკს ახალ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ლოიალურები იქნებიან მმართველი ძალის მიმართ, ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია კი კიდევ უფრო გამარგინალდება.

- რა შეიძლება შეცვალოს ქვეყანაში­ ამერიკის­ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრ­აციის გზავნი­ლმა? ამერიკის ელჩმა საქართველოში­ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორი­ტეტები, ასევე, ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება.

- ფაქტია, მსოფლიოში, უფრო კონკრეტულად კი დასავლეთში, დიდი გახლეჩილობაა - ერთმანეთს უპირისპირდებიან ულტრალიბერალები და კონსერვატორები. ტრამპი კონსერვატიულ ძალებს წარმოადგენს, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ტრამპის ადმინისტრაცია, ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებად აღიარებს, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის მოიცლის. დღეს ისეთი მძაფრი ბრძოლაა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, რომ მეეჭვება ჩვენთვის მოიცალონ. ელჩ დანიგანისა და მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა იმის ნიშანია, რომ ამერიკელები, ავად თუ კარგად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ.

ხათუნა ბახტურიძე

TOP.GE