რა პოლიტიკური და სამხედრო მიზნები ჰქონდა კიევს, როდესაც კურსკის ოლქზე გაილაშქრა... ფაქტობრივად, დასრულდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საექსპედიციო კორპუსის შვიდთვიანი ოპერაცია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სწორედ იმ რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც სამ წელზე მეტია თავად ახდენს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას. ყველაფერი კი 2024 წლის 6 აგვისტოს დაიწყო, როდესაც უკრაინული არმიის საბრძოლო დანაყოფებმა სუმის ოლქიდან მოულოდნელად ფართომასშტაბიანად შეუტიეს რუსეთის საზღვარს და ღრმად შეიჭრნენ კურსკის ოლქის სიღრმეში, ზოგ ადგილას 40 კმ-მდეც კი. მოულოდნელობის ეფექტისა და სწრაფი შეტევების ტაქტიკით, რომლისთვისაც უკრაინელმა მებრძოლებმა ბორბლებიანი ჯავშანტექნიკა გამოიყენეს, მალევე მოახერხეს რუსული ქალაქ სუჯის დაკავება და ჩრდილოეთით გაჭრა, ისე, რომ კრემლში ნამდვილად შეეშინდათ უკრაინელების კურსკის ატომურ ელექტროსადგურში შეჭრის, რაც შეიძლება კიევს ჩაფიქრებული ჰქონდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავების საპასუხოდ. რუსეთის გენშტაბმა რამდენიმე დღეში მოახერხა ძალების თავმოყრა და უკრაინული დანაყოფების წინსვლის შეჩერება, მაგრამ იმ მომენტისთვის უკრაინა უკვე აკონტროლებდა კურსკის ოლქის 1 200 კვკმ-მდე ფართობს. ანუ უკრაინამ კრემლისა და პირადად პუტინის პოლიტიკურ იმიჯს მაგარი სილა გააწნა - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული გახლდათ! რა ჩანაფიქრი ჰქონდა ოფიციალურ კიევს და პირადად ზელენსკის, როდესაც ასეთ უდიდეს რისკზე წავიდა, მაშინ როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე უტევდნენ, უკრაინული არმიის საუკეთესო საბრძოლო დანაყოფები სულ სხვა, ჩრდილოეთ მხარეს იწყებდნენ შეტევით ოპერაციას. ოფიციალური კიევის პოზიცია შემდეგი გახლდათ: პირველი - კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციის დაწყებით გვსურს შევქმნათ ბუფერული ზონა ჩვენი სუმის ოლქის დასაცავად, რადგან გვქონდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები 2024 წლის მაისში ხარკოვის ოლქის საზღვრისპირა ქალაქ ვოვჩანსკზე თავდასხმის შემდეგ გეგმავდნენ ასეთივე შემოტევას უკვე ქალაქ სუმზეო. მეორე - საბრძოლო მოქმედებების უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში გადატანის შემდგომ, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდება, აღმოსავლეთ ფრონტიდან მოხსნას ძირითადი შემტევი შენაერთები და კურსკის ოლქის დასაცავად გადაისროლოს, რაც დონბასში უკრაინული ქალაქების დამცველების მდგომარეობას შეამსუბუქებსო. მესამე - უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებდა, რომ კურსკში ოკუპირებული ტერიტორიის ერთგვარი "გაცვლა" შეიძლებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკზე. უკრაინის ხელისუფლების ეს სამივე არგუმენტი რეალობასთან ახლოს იყო, თუმცა კიევი არ აფიშირებდა მთავარ პოლიტიკურ ჩანაფიქრს, რის გამოც გარისკა კურსკის ოლქზე გალაშქრება. პრეზიდენტ ზელენსკის ამით სურდა მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა, რომ მის ხელისუფლებასა და უკრაინის არმიას კვლავ ძალუძთ შეტევაზე გადასვლა და თანაც თავად ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ნაწილის ოკუპირება! ამიტომაც შეიძლება იმის ფრთხილად მტკიცება, რომ კურსკის ოპერაციის ჩანაფიქრს უფრო მეტად პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, ვიდრე წმინდა სამხედრო... კურსკის ოლქში რუსეთის ტერიტორიის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაციის შენარჩუნება უკრაინას დიდი სამხედრო რესურსის ფასად დაუჯდა. ხომ არ ჯობდა ეს ძალისხმევა დონბასის უკრაინული ქალაქების დაცვას მოხმარებოდა? როგორ განვითარდა შემდეგ თვეებში კურსკის ოპერაცია? თავდაპირველი წარმატების შემდეგ უკრაინის საექსპედიციო კორპუსს შეჩერებამ და კურსკის ოლქში უკვე დაკავებული რაიონების თავდაცვის უზრუნველყოფამ მოუწია, თუმცა დონბასის აღმოსავლეთ ფრონტისგან განსხვავებით, კურსკში უკრაინელ მებრძოლებს სანგრების გათხრა არ დაუწყიათ, რადგან ტყის მასივები (განსხვავებით დონბასისგან) მანევრირებადი თავდაცვითი ტაქტიკით მოქმედების საშუალებას იძლეოდა. პუტინს კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელები, რა თქმა უნდა, მურმანის ეკალივით ჰქონდა გარჭობილი და თავისი გენერლებისგან მუდმივად მოითხოვდა უკრაინელების გაყრას ჯერ 7 ოქტომბრისთვის - თავისი დაბადების დღისთვის, შემდეგ ახალი წლის დადგომამდე, ბოლოს კი ომის დაწყების მესამე წლისთავზე... საბოლოოდ კრემლის ნება აღსრულდა და 2025 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინის არმია საბოლოოდ ტოვებს კურსკის ოლქის ტერიტორიას, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი სუჯა დაიბრუნეს და აზრი დაკარგა იქ უკრაინელი სამხედროების დარჩენამ. რა მოიგო და რა წააგო უკრაინამ კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაციით? მოგებად შეიძლება ჩაითვალოს: პირველი - აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ფართომასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ შესაძლებელი ყოფილა ოკუპანტი ბირთვული სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებაც და მისი შვიდი თვით შენარჩუნებაც. მეორე - კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელების შესაჩერებლად რუსეთმა მართლაც მოხსნა უკრაინის ფრონტის ზოგიერთი ნაწილიდან შენაერთები და კურსკში გადაისროლა. მესამე - რუსეთის მოსახლეობამ, უპირველესად კი კურსკის ოლქის ასიათასობით მცხოვრებმა იგრძნო, თუ რას ნიშნავს ის ომი, რაც მანამდე მხოლოდ უკრაინელებზე გადადიოდა ანუ აგრესორ ქვეყანას ომი თავის ტერიტორიაზევე დაუბრუნდა. რა წააგო უკრაინამ კურსკის ოლქში შვიდთვიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად: პირველი - ბოლომდე არ შედგა კიევის ჩანაფიქრი, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა თითქმის სრულად შეაჩერებდა შეტევებს აღმოსავლეთ ფრონტზე და მთელ ძალებს კურსკში გადაისროდა იქ შეჭრილი უკრაინელების რაც შეიძლება სწრაფად გასაძევებლად - რუსეთის გენშტაბმა კურსკში გადაისროლა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები ისედაც არ მიმდინარეობდა, მოხსნილი დანაყოფები, თუმცა ქალაქ ვოვჩანსკზე მიმართული რუსული ძალების კურსკისკენ გაგზავნამ მართლაც შეამცირა ზეწოლა ამ უკრაინული ქალაქის დამცველებზე. მეორე - უკრაინის კურსკის ოლქში შეჭრამ დააჩქარა ჩრდილოკორეული სამხედრო დახმარების, მათ შორის ცოცხალი ძალის სახით, მიშველება რუსეთის არმიისთვის ანუ უშუალოდ ბრძოლებში მესამე ქვეყანა - ჩრდილოეთი კორეა ჩაერთო, რაც საერთო ჯამში უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებში არ შედიოდა. მესამე - უკრაინის არმიას კურსკში შედეგიანი შეჭრის შემდეგ დროულად რომ დაეტოვებინა ის (მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ რუსებმა მოახერხეს თავდაცვითი პოზიციების შექმნა და უკრაინულ საექსპედიციო კორპუსს უფრო ღრმად რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა აღარ შეეძლო, რადგან დაიკარგა მოულოდნელების ეფექტი) და დაბრუნებულიყო თავისი ქვეყნის საზღვრებში, მაშინ უკრაინას აღარ მოუწევდა ნახევარი წლის განმავლობაში სამხედრო რესურსების, გინდ ცოცხალი ძალის, გინდ სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების, მუდმივად გაგზავნა კურსკის ოკუპირებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა ეს ყველაფერი ჰაერივით სჭირდებოდათ აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინული ქალაქების დამცველებს. მეოთხე - ისტორია ზუსტად განსჯის, მაგრამ ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე ავდეევკიისა და სხვა უკრაინული დასახლებული პუნქტების უფრო მეტხანს შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი, თუკი ახალი, ჩრდილოეთის ფრონტი არ გაიხსნებოდა რუსეთის კურსკის ოლქში. მეხუთე - კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანმა ოკუპაციამ რუსეთში პატრიოტული განწყობა გააძლიერა, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ, რუსული მიწა ოკუპირებულია და ყველა დავირაზმოთ მის გასათავისუფლებლადო! - ამ ლოზუნგის წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დაწყებაზე (თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც შეპირებულმა მილიონობით რუბლმა უფრო ითამაშა). მეექვსე - კურსკის ოლქიდან უკრაინის არმიის გამოსვლას შეიძლება გაგრძელება მოჰყვეს, რადგან რუსულ-კორეული საბრძოლო შენაერთები შეეცდებიან ფეხდაფეხ მიჰყვნენ უკრაინელ სამხედროებს და შეიჭრან უკრაინის სუმის ოლქში, მით უმეტეს, კრემლი აცხადებს, რომ აუცილებელია ბუფერული ზონის შექმნა უშუალოდ უკრაინის ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვრის გაყოლებით, რათა უკრაინელები ვეღარ დაემუქრონ ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის საზღვრისპირა რაიონებს. 17 მარტისთვის, ეტყობა, უკრაინელ სამხედროებს მთლიანად ექნებათ დატოვებული კურსკის ოლქის ტერიტორია და პოზიციებს დაიკავებენ უკრაინის სუმის ოლქში წინასწარ მოწყობილ თავდაცვით ზღუდეებზე. როგორ წარიმართება რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ბედი, ახლა წყდება აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის დიდი მონდომებით - გამოცხადდება 30-დღიანი "პაუზა" საბრძოლო მოქმედებებში. თუ კრემლიდან პუტინი უკრაინის მთლიან თუ არა, ნაწილობრივ კაპიტულაციას მაინც მოითხოვს, მალე გამოჩნდება.