როგორ აისახება გლობალური პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე და რა ელოდება საქართველოს? - კვირის პალიტრა

როგორ აისახება გლობალური პოლიტიკური პროცესები ეკონომიკაზე და რა ელოდება საქართველოს?

დღეს მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ არის მიმართული, რადგან ის თუ დაიდება, დღეს არსებული ვითარება შეიცვლება როგორც საომარი, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. პარალელურად, ტრამპის დაწყებულ სატარიფო ომს უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები, რაც უპირველესად ფასებზე აისახება. ამგვარი დაპირისპირება არღვევს ჩამოყალიბებულ მიწოდების ჯაჭვებს და რეალობას ცვლის. ეს ყველაფერი როგორ აისახება გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე და რა გავლენა ექნება საქართველოზე, ამ საკითხებზე გერმანიაში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის არარეზიდენტ უფროს მკვლევარს ელგუჯა ხოკრიშვილს ვესაუბრეთ.

- ამერიკის პოლიტიკის ყველაზე გამოკვეთილი მდგენელი, რომელმაც გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე და ზოგადად რეგიონზე - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საერთოდ, ყველანაირად - არის ის, რომ ევროპა იწყებს თავის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ცდილობს გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს. ჩვენ ასეთ ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში ორი-სამი წლის წინ გაგვიჩნდა უნიკალური შანსი, რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის სივრცის წევრი. სულ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი დაშვების დონეზეც კი არ განიხილავდა, რომ საქართველო შეიძლება მისი წევრი გამხდარიყო. იმ პერიოდში, როდესაც გაცხადდა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ შეიტანეს განაცხადი, პირველი, რაც "ოცნებამ" გააკეთა, ის იყო, რომ განაცხადეს, ჯერ ადრეა და ჩვენ დავიცდითო. მერე გაიზარდა მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოების წნეხი, რომ "ოცნებამ" წარადგინა განაცხადი. თუმცა ამის შემდეგ, თუკი მოლდოვის თანამდებობის პირველმა სამმა პირმა - პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შემოიარეს ევროპის დედაქალაქები, ლობირებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ შეიძლება ჩვენთან დემოკრატიაში ჩავარდნებია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ სტატუსი მოგვეცითო, ჩვენგან ისეთი რიტორიკა და ისეთი პოლიტიკური სვლები იყო, რომ აშკარად ჩანდა, არ უნდოდა "ოცნებას" ევროკავშირში და ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ თითქოს ჩვენ ვინმემ დაგვსაჯა. ახლა კი საერთოდ ნულოვან ნიშნულზეა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. დარჩენილია მხოლოდ რაღაც ტექნიკური თანამშრომლობა. იმავე გერმანიასთან ოფიციალურად სტრატეგიული ურთიერთობა არ გვქონდა, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორობასთან მიახლოებული სტატუსი გვქონდა, დღეს კი ურთიერთობა საერთოდ არა გვაქვს. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს - ჩერდება 230 მილიონი ევროს ოდენობის პროექტები, რომლებსაც გერმანიის განვითარების ბანკი ახორციელებდა. აქ იყო ბათუმში წყალმომარაგების პროექტი, წყალბადისა და მწვანე ენერგიის პროექტები, ასევე მუნიციპალიტეტებში მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტები და ა.შ. - ანუ ამ ყველაფერზე უარი თქვეს. რაც უფრო იზოლაციონიზმში ვრჩებით, მით უფრო მოწყვლადი ვხდებით, ვიდრე მაშინ, რაღაც მინიმალური ნაბიჯები მაინც რომ გადაიდგას და გამყარდეს ურთიერთობა ევროკავშირთან.

- ეკონომიკური თვალსაზრისით რა შედეგები ექნება ამ ყველაფერს, როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე?

- რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, დღეს ჩვენი ეკონომიკა რითიც ცოცხლობს, არის ე.წ. შავი ფული და შავი ხვრელებიდან გენერირებული ფული. იანვარში ოფიციალურად კი გამოგვიცხადეს დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, მაგრამ აქ უმთავრესი საკითხი ის არის, რომ თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ დარჩა და მათ შორის, ეროვნული ბანკიც არის, რატომ გვგონია, რომ "საქსტატი" დამოუკიდებელი უწყებაა და მას არა აქვს მანიპულაციის შესაძლებლობები. თუ არის ეკონომიკის მართლა ამხელა პროცენტული ზრდა, სხვა მონაცემები რატომ არის ამასთან წინააღმდეგობაში? დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა, მილიონ 300 ათასი კაცი ამბობს, რომ საარსებო მინიმუმს მიღმაა და ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 35% და კიდევ უფრო მეტი ქვეყანას ტოვებს - ანუ ამას დიდ სურათში რომ შევხედოთ, თვალში საცემად გამომრიცხავი მონაცემებია. ქვეყანა თუ წინ მიდის და ყველაფერი ყვავის, მაშინ რატომ არის ამდენი გაჭირვებული და ამდენი ადამიანი უპერსპექტივობის გამო ქვეყანას რატომ ტოვებს?

მეორე მხრივ, უკრაინის ომის გამო ჩვენმა ეკონომიკამ მიიღო ე.წ. ბუსტი და არსებობს საერთაშორისო კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ ჩვენ იმ ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებიც გამოყენებულია რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ეს არის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი დიდი ინიექცია და ამას ემატება ასევე ქოლცენტრებით გენერირებული შავი ფული. ამაზე არსებობს ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები - ნახევარი მილიარდი დოლარიდან მილიარდ დოლარამდე შავ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად ტრიალებს. ამიტომ ეს პოლიტიკური კრიზისი, რაც ჩვენ არჩევნების შემდეგ ვნახეთ, მოიტანს ეკონომიკურ კრიზისს და ეს დღეს რომ არ იგრძნობა, არის შედეგი იმ ე.წ. შავი ფულის მიერ გენერირებული მოთხოვნისა და ასევე მიწოდებისა. მაგრამ სექტორულად თუ შევხედავთ, იმავე ტურიზმის სექტორში დიდი უკმაყოფილებაა, პაკეტებს ვერ ყიდიან. თუნდაც ეს სექტორი აჩვენებს რეალურ მდგომარეობას, მაგრამ საერთო ჯამში ეს ეკონომიკური კრიზისი ღიად არ ჩანს.

ზოგადად დივერსიფიკაცია ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა ყოფილიყო არა რუსეთთან, არამედ ევროკავშირთან ინტეგრაცია, რადგან რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მით უმეტეს, ახლა, როდესაც ცხადად ვნახეთ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიერ გეოპოლიტიკური ინტერესების ეკონომიკით განხორციელება, თუნდაც ტარიფების დაწესება. ამგვარ მოცემულობაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ნაკლებად დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე ეკონომიკურად, თუნდაც რესურსების კუთხით და ორიენტირებული - ევროკავშირის ბაზარზე, მით უმეტეს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ამდენი შესაძლებლობა გაჩნდა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. შეგვეძლო ფინანსური დახმარების წამოღებაც, რათა მომხდარიყო მთლიანი ეკონომიკის ტრანსფორმაცია თავისი სექტორული ჩართულობით, რაც ბევრ სარგებელს მოგვიტანდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა რეგიონული განვითარებისთვისაც... არჩევნების შემდეგ კი ასეთ გაუგებარ ვითარებაში ვართ - პოლიტიკური კრიზისი სახეზეა და ის, რომ დღეს რაღაც ტექნიკურ დონეზე გვაქვს ურთიერთობა სხვა ქვეყნების ელჩებთან, ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას. შესაძლოა დღეს ეს პროტესტი ასე ცხადად აღარ ჩანს და ვიღაცები ამ სტატუს-კვოს შეეგუვნენ, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში ინსტიტუტები მოშლილია. ინვესტორებს არანაირი ნდობა აღარ აქვთ, რადგან მართულია ყველა ინსტიტუტი.

რამდენ ხანს იქნება რუსეთისთვის სანქციები დაწესებული და რამდენ ხანს შეძლებს ეს ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი ფინანსური ნაკადები განხორციელდეს, ძნელი სათქმელია. ამას ემატება ის, რომ ქვეყანაში გვყავს დე ფაქტო მმართველი, რომელიც კანონებს თავის ნებაზე ისე ცვლის, რომ გარედან რაღაც აქტივები ისე შემოიტანოს, რათა გადასახადები არ გადაიხადოს. ამ აქტივებში კიდევ რამდენია სხვების, თუნდაც სანქცირებული ადამიანების აქტივები, ძნელი სათქმელია.

- დაანონსებულია 6-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის შემოტანა. ეს ეკონომიკას სტიმულს არ მისცემს?

- ეს მხოლოდ მემორანდუმია, რომელიც არანაირ ვალდებულებას არ შეიცავს. მსოფლიოს მასშტაბით ასეთ მემორანდუმს ბევრს ნახავთ, რომლებიც ამის იქით აღარ წასულა. ამიტომ მე ეს განცხადებაც სწორედ პოლიტიკური პიარის ნაწილი მგონია, მით უმეტეს, იმ კომპანიას, რომელიც იქ ყველაზე დიდი ინვესტორია და ვისზეც კეთდებოდა აქცენტი, ბოლო მონაცემებით, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ისე არ გამიგოთ, რომ მე ამ ინვესტიციის წინააღმდეგი ვარ, ყველა დიდ ინვესტიციას მივესალმები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რას გვთავაზობს ინვესტორი და აქედან მოსახლეობას რა სარგებელი ექნება.

- ხელისუფლება აქცენტს აკეთებს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციაზე. ეს ახალი თემა არ არის, მაგრამ თუკი დასრულდება უკრაინის ომი, დაიდება სამშვიდობო შეთანხმება და დაიწყება რაღაც ძვრები, ამ დროს კი საქართველოში არ ტარდება დემოკრატიული რეფორმები, რამდენად იქნება არადემოკრატიული საქართველო თუნდაც ტრანზიტული ფუნქციისთვის მიმზიდველი ევროპისთვის? გასაგებია, რომ ტრანზიტის როლი აზიას და ევროპას შორის უნდა შეასრულოს.

- კარგი კითხვაა, რადგან ე.წ. შუა დერეფანმა ამ ომის შედეგად ჩაანაცვლა კლასიკური სავაჭრო მარშრუტი ევროპასა და ჩინეთს შორის, რომელიც რუსეთზე გადიოდა. აქ ევროკავშირის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ევროკომისარმა "ერთი გზა, ერთი სარტყლის" ალტერნატიული გზის პროექტიც დააანონსა, შესაბამისი თანხებიც გამოყო და ამაში ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ამ პროგრამის პროექტებზე და შესაბამისად, თანხებზე წვდომა გვქონოდა, რათა მომხდარიყო საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. მხოლოდ მდებარეობა ხომ არ არის საკმარისი, საჭიროა რკინიგზის, სამარშრუტო-სავაჭრო გზების მოდერნიზება, რასაც დიდი ინვესტიციები სჭირდება, მით უმეტეს, ევროკავშირთან პირდაპირი საზღვარი არა გვაქვს და მნიშვნელოვანია, შეიქმნას ძლიერი საბორნე მიმოსვლის ინფრასტრუქტურა. და ამ დროს ევროკავშირისთვის თქმა, შენთან ურთიერთობა აღარ მინდაო, დიდი შეცდომაა. ევროკავშირმა ალტერნატიული გზის პროექტი სწორედ იმიტომ დააანონსა, რომ ევროპული სტანდარტებით განხორციელებულიყო და იმ დროს, როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ევროინტეგრაცია გვიწერია, მნიშვნელოვანი იქნებოდა სწორედ ამ პროექტში მონაწილეობა. ამას თუკი ჩამოვრჩით, მაშინ ვიქნებით ჩვეულებრივი გეოგრაფიული ადგილი, რომელსაც აზერბაიჯანიც მიესალმება, თურქეთიც და შუა აზიაც, მაგრამ არ ვიქნებით ევროპული სამყაროს ნაწილი, არ გვექნება ევროპული სტანდარტები, არ გვექნება წვდომა ევროკავშირის რესურსებზე. დღეს საქართველოს ის ფუნქცია, რაც ჰქონდა კავკასიაში, რომ იყო მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე, სამწუხაროდ, დაკარგული აქვს. ეს ფუნქცია აზერბაიჯანმა წაიღო. ჩვენ ამ პოლიტიკით, ხმა არ ამოვიღოთ, ვიღაც არ გავანაწყენოთო, ჩვენი მთავარი გეოპოლიტიკური ფუნქცია დავკარგეთ.

რუსა მაჩაიძე

TOP.GE