"მკურნალობაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკით. რთულია გასაღებასა და რეალიზაციას შორის ზღვრის გავლება" - რა შედეგს მოგვიტანს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა
ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. "ქართული ოცნება" პარლამენტში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს არეგისტრირებს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კანონპროექტის წარდგენისას დეტალებზე ისაუბრა.
"მინდა გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები: ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი მაქსიმალურად მკაცრდება, რაც ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არათუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება...
2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები... მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად".
რაც შეეხება მარიხუანას, მდინარაძის განმარტებით, გამკაცრდება მისი გაყიდვაც: "თუკი პირს დაუდასტურდება, რომ ყიდის ნარკოტიკს, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვის დროსაც კი იქნება 12-დან 20 წლამდე პატიმრობა. აღარ მაქვს საუბარი დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებაზე, ამ შემთხვევაში სასჯელი უვადო პატიმრობამდე მიდის. შეუვალი და მკაცრი იქნება სასჯელი და გაუთანაბრდება მკვლელობას, იმიტომ, რომ თუ ერთ ადამიანს კლავ, დროთა განმავლობაში კლავ ბევრს, როცა ნარკოტიკულ საშუალებას ყიდი, ამიტომ ჩვენ მიერ ეს განხილულია როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და ამის მიმართ სახელმწიფო იქნება შეუწყნარებელი".
ამასთან, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ პოლიციელები ძალით არ გადაიყვანენ პირს შესამოწმებლად. "პირს შესთავაზებენ, რომ პოლიციელი გადაიყვანს შესამოწმებლად ან თავად ექნება უფლება 8 საათის განმავლობაში მივიდეს ნარკოლოგიურში, შემდეგ კი ცნობა წარუდგინოს ინიციატორ ორგანოს. შემოწმებაზე უარის თქმა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სახდელს..."
დარგის სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ სანამ კანონპროექტი დამტკიცდება, გაითვალისწინებენ მათ შენიშვნებს.
გვესაუბრება კლინიკა "ნეოგენის" ხელმძღვანელი, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია.
"ეს კანონპროექტი მისასალმებელია!"
- კარგია, რომ მიაქცია ხელისუფლებამ ამ პრობლემას ყურადღება, მაგრამ კანონპროექტის დეტალებს არ ვიცნობ, რადგან საჯაროდ არ განხილულა. ის, რომ ნარკოტიკის გასაღებისთვის უნდა გამკაცრდეს პოლიტიკა, ნათელია, მაგრამ მეორეა ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც უნდა იყოს ისეთი, რომ მომხმარებელი წავახალისოთ მკურნალობისთვის, რეაბილიტაციისთვის. უნდა შევქმნათ სათანადო ინფრასტრუქტურა, უპირველესად სარეაბილიტაციო, უნდა გაიზარდოს დაფინანსება. ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები არ უნდა შევიდეს ძალაში, რომ მკურნალობაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა არ შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკით. ეს წითელი ხაზია გასაღებასა და მოხმარებას შორის და ძალიან ფაქიზი თემაა.
- როგორც ითქვა, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება, ან თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საჯარო სამსახურში ვეღარ იმუშავებს ხუთი წელი... იგივე ითქმის იარაღზეც.
- ც. არის საკითხები, სადაც აუცილებელია შეზღუდვა, მაგრამ არის საკითხები, სადაც უფრო ლიბერალურ მიდგომას უნდა დავჯერდეთ. მომხმარებელს სოციალური ადაპტაციის შანსი უნდა დავუტოვოთ.
- თქვენ ბევრჯერ გისაუბრიათ, თუ რა მძიმე შედეგებს იწვევს მარიხუანას მოხმარება და ამაზეც მკაცრდება კანონი...
- რასაკვირველია, ამ სიმკაცრის მომხრე ვარ, თუმცა სანქცია ძალზე მძიმე არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია. კარგად უნდა შეფასდეს, რა მხრივ გამკაცრდება პოლიტიკა - მაგალითად, მარიხუანას კულტივირებამ ბევრი პრობლემა შექმნა განსაკუთრებით რეგიონებში. ასე რომ, გამკაცრება უნდა მოხდეს რეალობის გათვალისწინებით და მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად.
- არის შემთხვევები, როცა ჯგუფურად მოიხმარენ მარიხუანას. ასეთ დროს გამსაღებელსა და მომხმარებელს შორის ზღვრის გავლება რამდენად იოლია?
- ძალზე რთულია გასაღებასა და რეალიზაციას შორის ზღვრის გავლება. იმედია, რომ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვაში სპეციალისტებსაც ჩართავენ.
- კვლავ პრობლემაა ნარკოტიკის გასაღება სადარბაზოებთან, სკვერებში თუ სხვადასხვა ადგილას +- ისევ დებენ კურიერები ნარკოტიკებს, რომლებსაც მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ. მათ უკან დგანან ნარკორეალიზატორები და ხშირად ძნელდება კვალზე გასვლა. კურიერები შუამავლები არიან თუ ნარკორეალიზატორები?
- რასაკვირველია, ვემხრობი იმ პირების მკაცრად დასჯას, ვინც დებს ნარკოტიკს, თან ისეთს, რომელიც ხშირად უმძიმეს შედეგებს იწვევს.
- დარგის სპეციალისტებს ხშირად უთქვამთ, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას პროგრამები, რათა ნარკომომხმარებლებს მკურნალობის საშუალება ჰქონდეთ, რადგან ეს ძვირად ღირებული პროცესია...
- უპირველესად საჭიროა სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა. ამაზე დაიწყო მუშაობა, როცა ჯანდაცვის კომიტეტს აკაკი ზოიძე ხელმძღვანელობდა, იმართებოდა შეხვედრები, საქმე კეთდებოდა, მაგრამ მერე შეჩერდა პროცესი. რეფორმაში აუცილებლად უნდა იგულისხმებოდეს პრევენცია, სარეაბილიტაციო პროგრამები და უნდა გვითხრას სახელმწიფომ, რას გააკეთებს ამისთვის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ნარკომოხმარება უფრო მეტად არ გაიზარდოს...
- ბევრის აზრით, კანონის ასე გამკაცრება გაზრდის შავ ბაზარს, უფრო სახიფათო ნარკოტიკები მიაღწევს მომხმარებლებამდე.
- ჩვენთან ისედაც ფართო გაქანების შავი ბაზარია და კიდევ მეტად რაღა უნდა გაიზარდოს. სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკების გასაღებამ მართლაც კატასტროფული მასშტაბი მიიღო. ყოველდღიურად არის შემთხვევა, როცა პირი ფიქრობდა, რომ ერთს მოიხმარდა, რეალურად კი სულ სხვა აღმოჩნდა.
ჩანაცვლებითი პროგრამები, პრევენცია, რეაბილიტაცია, მკურნალობის მიდგომები, ძირფესვიანად მოსაწესრიგებელია. 2019-20 წლიდან სახელმწიფოს რამე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია. მოხარული ვარ, რომ ამაზე საუბარი დაიწყო...
- კიდევ ერთი მძიმე პრობლემაა კლუბური ნარკოტიკები, რომელთაც ბევრი ახალგაზრდა მოიხმარს.
- არა ვარ მომხრე კლუბებში ძალოვანების შევარდნებისა და ახალგაზრდების დაკავების. ამ გზით პრობლემასთან ბრძოლა უშედეგო მგონია.
- რამდენად რთულია ნარკოდამოკიდებულებისადმი თავის დაღწევა?
- დამოკიდებულების მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია, თანაც ძვირად ღირებული და რამდენიმეეტაპიანი - მკურნალობა, დეტოქსიკაცია, რეაბილიტაცია, სოციალური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ეს ჯაჭვი ჩვენთან არ არსებობს. სიმართლე გითხრათ, გავოცდი, რომ სპეციალისტებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე დაიწყეს ამ საკითხებზე მუშაობა, თუმცა მაინც მისასალმებელია.
"ეს კანონი უფრო გააქტიურებს შავ ბაზარსა და DarkNet-ს"
ამ საკითხს სოცქსელში ეხმიანება ცნობილი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. როგორც ამბობს, დეტალურ განმარტებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს, მანამდე კი რამდენიმე კითხვა აქვს: "ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდესო, რომ ამბობენ, რომელ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზეა ლაპარაკი?
1. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა რომელ ნაწილში იყო?
2. მცირე ოდენობის ცნება ქრება? ანუ სიებს ვაუქმებთ?
3. DarkNet-ს რას უშვრებით, სადაც კონკრეტული გამყიდველი არ ჩანს?
4. "დამდები" გამყიდველია თუ გამსაღებელი?
5. მოქალაქეს, რომელსაც აჩერებენ და ექსპერტიზაზე მიჰყავთ, რას დაუდგენენ, მოხმარებას, დამოკიდებულებას თუ შარდში ნარკოტიკის კვალს? ზოგი ნარკოტიკი ორგანიზმში თვეზე მეტხანს არის (მაგალითად, მარიხუანა), ზოგი 24 საათი, ზოგიც 3 საათი. ვინ დაადგენს ამას? ისევ ექსპერტები, რომლებსაც არც შესაბამისი განათლება აქვთ და არც კომპეტენცია?
6. რა მატერიალური რესურსი დაიხარჯება ამაზე და რა შედეგი ექნება?
7. ექიმის დანიშნული ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში რა ბედი ელის მოქალაქეს?
8. დაჯარიმების შემთხვევაში რა ეფექტს ველით? შეეშინდება და აღარ მოიხმარს?
9. უმუშევარი პირი როგორ გადაიხდის ჯარიმას? ანუ ისევ ოჯახს აწვება ტვირთი მის გადახდაზე?
10. ფლობა, მოხმარება, გასაღება და ვაჭრობა ერთ კატეგორიაში გადის?
11. მარიხუანასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვაუქმებთ?
12. პირს, რომელსაც ამ ღონისძიებების შედეგად სამედიცინო დახმარება დასჭირდება, რას სთავაზობს სახელმწიფო?
ჩემი პროგნოზი, თუ—რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს:
1. იაფფასიანი ნარკოტიკების გაჩენა და სააფთიაქო ნარკოტიკის გააქტიურება.
2. DარკNეტ-ის კიდევ უფრო გააქტიურება და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოსვლა, რომელთა აღმოჩენა რთულია.
3. მოქალაქეები, რომლებსაც ჩამორთმეული ექნებათ უამრავი უფლება.
4. ფენტანილის ბაზარზე შემოსვლისა და მისი გავრცელების მაღალი რისკი.
5. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისგან მიღებული ყველა სხვა ნეგატიური შედეგი.
თუ ვინმე იწყებს ანტინარკოტიკულ კამპანიას და ამკაცრებს კანონებს, პარალელურად უნდა შექმნას ძლიერი მექანიზმი ზიანის შემცირებისთვის, მკურნალობის, სარეაბილიტაციო სერვისების, პრევენციის გაძლიერებისთვის. მხოლოდ რეპრესიული მიდგომა გამოიწვევს უკუშედეგს, იაფფასიანი, უკონტროლო ნარკოტიკების გაჩენას, შავი ბაზრის გაფართოებას, სტიგმის გაღრმავებასა და ნარკოპოლიტიკის გამოყენებას პოლიტიკურ იარაღად.
ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ ყველა სახის გამკაცრებამ (როდის იყო ეს პოლიტიკა ლიბერალური?) კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ადამიანების ყოფას, გააღრმავებს სტიგმას და, შესაბამისად, უფრო გააქტიურებს შავ ბაზარსა და DarkNet-ს. მოემზადეთ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე დიდი რიგებისთვის და უამრავი ჩამორთმეული უფლებისთვის. 30 წელია, კანონებს ამკაცრებენ, მაგრამ მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება. არ ვიცი, ახლა რა მოხდება, მაგრამ, ალბათ, ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება! არ მუშაობს ეს გამკაცრება, არა, თუ არ იზრუნე ადამიანებზე... თუ ვინმე ფიქრობს, რომ მარიხუანასთან ბრძოლით ამ ქვეყანაში ნარკოსიტუაციას შეცვლის, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან... რაც შეეხება გამსაღებლების მიმართ სახელმწიფოსა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებას, ამაზე არ ვდაობთ, ის უნდა იყოს დაუნდობელი".