"ამ ეგზეკუციით რუსეთი ცდილობს მოასუფთაოს მოედანი, რათა საპროტესტო გამოსვლები არ იყოს" - რუსეთმა აფხაზი ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა, ვინ იქნება შემდეგი?
აფხაზეთში როგორც კი ახალი "პრეზიდენტი" აირჩიეს, პირველი "უცხოეთის აგენტიც" გამოჩნდა - რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ "აგენტად" გამოაცხადა ცნობილი და გავლენიანი აფხაზი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი. დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხების ცნობით, ხაშიგი "საქართველოსა და USAID-თან თანამშრომლობის გამო" გამოცხადდა აგენტად და იგივე ბედი ელის ბევრ სხვა ჟურნალისტსა და აქტივისტს, რომლებიც ამერიკული და ბრიტანული საელჩოებიდან თბილისის გავლით დაფინანსებას იღებენ.
ინალ ხაშიგის "აგენტად" გამოცხადება "ურჩი აფხაზების" დასჯის პირველი ფაქტია. ე.წ. წინასაარჩევნო პროცესის დროს რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერეს ორ აქტიურ ოპოზიციონერს, დეპუტატ კან კვარჩიას და ოპოზიციის დამფინანსებელ ლევან მიქაას. ორივე ასლან ბჟანიას ჩამოგდებაში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, ე.წ. არჩევნების პირველი ტურის დღეს ფსოუს საზღვრიდან გააბრუნეს ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, მუსიკოსი ბარას კუზბა და რუსეთიდან 10-წლიანი დეპორტაციის ორდერი მისცეს. ადლერის აეროპორტში არ შეუშვეს სტამბოლიდან ჩამოსული აფხაზთა დიასპორის რამდენიმე წარმომადგენელიც და ისინიც 10-წლიანი დეპორტაციით გააბრუნეს. ე.წ. პირველი ტურის შემდეგ აფხაზი ოპოზიციის დევნა თითქოს შეჩერდა, თუმცა ახალი სადამსჯელო ოპერაცია მალევე მას შემდეგ განახლდა, ე.წ. მეორე ტურში გამარჯვებული კრემლის ფავორიტი ბარდა "პრეზიდენტის" სავარძელში ჩაჯდა.
დე ფაქტო ცესკომ გუნბა გამარჯვებულად 2 მარტს გამოაცხადა, მეორე დღესვე ის "პრეზიდენტის" კაბინეტში შევიდა, 5 მარტს კი კრემლში ვლადიმირ პუტინსაც ეახლა. საჯარო შეხვედრაზე კრემლის მეთაურმა გუნბას გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს "კარგი" უწოდა, გუნბამ კი მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო შემდეგ თხოვნებზე გადავიდა. მან პუტინს სთხოვა გააგრძელოს სოციალური ელექტროენერგიის მიწოდება აპრილამდე, სანამ ენგურჰესის წყალსაცავი წყლით გაივსება; ასევე ითხოვა აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მექანიზმის განსაზღვრა, რათა რუსული პასპორტის მიღება გამარტივდეს ყველასთვის, რადგან არიან ადამიანები, დაახლოებით 30%, ვისაც რუსული პასპორტები ჯერ კიდევ არა აქვთ; და ბოლოს - აფხაზური მართვის მოწმობებით რუსეთში შესვლის აკრძალვა რამდენიმე წლით გადავადდეს და არ ამოქმედდეს 1-ლ აპრილს, როგორც იგეგმება. პუტინმა თქვა, რომ პრობლემებს მოაგვარებს.
მოსკოვმა ცალი ხელით გუნბას აფხაზეთში დაპირებები გამოატანა, ხოლო მეორით ურჩი აფხაზების დასჯა ისევ განაახლა. 7 მარტს გამოცემა "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორმა ინალ ხაშიგმა მიიღო შეტყობინება, რომ "უცხოური აგენტებს" სიაში შეიყვანეს.
ხაშიგის აგენტად გამოცხადებას აფხაზ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორში დიდი შეშფოთება მოჰყვა, ჟურნალისტთა კავშირმა დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა დაიცვას "თავისი მოქალაქის" უფლებები და "სუვერენიტეტი". "მოქალაქეების დაცვისთვის" მკაცრი რეაგირების მოთხოვნით ოპოზიციამ დე ფაქტო პარლამენტის სამართლებრივი კომიტეტის სხდომაზეც განიხილა რუსეთიდან კან კვარჩიასა და ლევან მიქაასთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მუსიკოს ბარას კუზბასთვის რუსეთში შესვლის აკრძალვა და ჟურნალისტ ინალ ხაშიგის "უცხოური აგენტების" სიაში შეყვანა, შეხვედრაზე ე.წ. მინისტრებიც და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც იყვნენ მიწვეული.
რუსული "აგენტების კანონის" თანახმად, ამ სტატუსის მქონე პირს მოეთხოვება ყველა გამოქვეყნებულ სტატიას, გადაცემას მიუთითოს, რომ აგენტის გამოქვეყნებულია, იუსტიციის სამინისტროს რეგულარულად ჩააბაროს საფინანსო ანგარიში; ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა, სახელისუფლებო ორგანოებში მუშაობა; შეხვედრების, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობა; საინფორმაციო მასალების გამოცემა არასრულწლოვანთათვის; არა აქვს საგადასახადო შეღავათები, აკრძალულია რეკლამის განთავსება როგორც აგენტებთან, ასევე აგენტებზე. თითოეული მოთხოვნის დარღვევაზე ჯარიმა 50.000 რუბლია, რუსული კანონი ითვალისწინებს სს საქმის აღძვრასაც. მაგალითად, თუკი პირი სავალდებულო ანგარიშს არ წარადგენს რეესტრში, 2-ჯერ დაჯარიმების შემდეგ შეიძლება შეეფარდოს 2-დან 5-წლამდე პატიმრობა.
ხაშიგის უცხოეთის აგენტად გამოცხადების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერ რამდენიმე ტელეგრამარხზე დაიწერა, რომ აფხაზეთში USAID-ის საქმიანობას სწავლობენ როგორც აფხაზური, ისე რუსული სპეცსამსახურები და განიხილავენ სს საქმის გამოძიების დაწყებას ამ ორგანიზაციასა და "აფხაზეთის მოქალაქეებს" შორის საბანკო ტრანზაქციებზე დაყრდნობით. ამასთან, შესაძლოა აფხაზეთში USAID ექსტრემისტული ორგანიზაციადაც გამოცხადდეს. მათი ცნობით, ბევრმა აფხაზმა ჟურნალისტმა და საზოგადო მოღვაწემ მიიღო USAID-ის გრანტები მედიაპროექტებისთვის და უმეტესობა მიმართული იყო აფხაზეთის კანონმდებლობის რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროგრამის წინააღმდეგ. მათი წყაროს ცნობით, საბანკო ტრანზაქციების მიხედვით, UშAID-ისგან დაფინანსება რამდენიმე აფხაზმა მიიღო. მათ შორისაა ჟურნალისტი იზიდა ჭანია, (რომელმაც დაფინანსება მიიღო ტელეგრამარხისთვის "ნუჟნაია"), ჟურნალისტი ნიზფა არშბა (დაფინანსება მიიღო ტელეგრამარხებისთვის "აფხაზური პორტალი" და "აიაშარა"), ინალ ხაშიგი (გადაცემა "ჩეგემსკაია პრავდისთვის"), პოლიტოლოგი ასტამურ ტანია (გადაცემა "ჩეგემსკაია პრავდის" გადაღებებში მონაწილეობისთვის, როგორც სრულგანაკვეთიანი ექსპერტი); ჟურნალისტი დავით გობეჩია (ტელეგრამარხისთვის "Dნეწს"); ლია აგრბა (ტელეგრამარხისთვის "აფხაზური პორტალი"); არდა ინალ-იფა (არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის კოორდინატორი); მოძრაობა "ხარა ხპიცუნდას" კოორდინატორები (ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ქმედებისთვის). ტელეგრამარხები "ანტირუს" აგენტად ასახელებენ ასევე ოპოზიციონერ როინ აგრბას. დაიწერა, რომ აგრბამ გამართა აფხაზ და ქართველ ჟურნალისტებსა და პოლიტოლოგებს შორის დისკუსიები და ყველა ეს ღონისძიება USAID-მა დააფინანსა.
მათი ცნობით, აფხაზები დაფინანსებას USAID-ის თბილისის ოფისიდან იღებდნენ, თბილისის ოფისს უგზავნიდნენ ანგარიშებს დავალების შესრულების შესახებ და მათ საქმიანობას ერთი მიზანი აერთიანებდა - სოხუმის დაშორება მოსკოვისგან. იწერება, რომ ამ სიიდან ინალ ხაშიგის შემდეგ უცხოელ აგენტად გამოცხადება იზიდა ჭანიას ემუქრება, რადგან საბანკო გადარიცხვების გარდა, ჭანიასთან თბილისთან თანამშრომლობის სხვა ცნობებიც აქვთ.
დაიწერა ისიც, რომ ყველა ეს პირი "პრეზიდენტის" არჩევნებზე ადგურ არძინბას კანდიდატურას უჭერდა მხარს და არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუკი არძინბაც მიიღებს კრემლიდან "შავ ნიშანს".
ვინ არის ინალ ხაშიგი
ის "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორია, რომელიც ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ინტერესების ლობირების გამო. ის იყო პირველი, ვინც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო საუბარი, რომ რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა ფარული გარიგება, თუკი საქართველო უარს იტყოდა ნატოსა და ევროკავშირზე, რუსეთი მასთან კონფედერაციის მოდელს განიხილავდა და აფხაზეთს დაუთმობდა თბილისს. 2024 წლის მაისში ხაშიგი სწორედ ამგვარი გარიგების შესაძლო არსებობით ხსნიდა "ქართული ოცნების" ძალისხმევას, მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად მეორე ცდაზე გაეტანა "აგენტების კანონი".
"არ ვიცი, უცებ რით არ მოვეწონე რუსეთის იუსტიციის სამინისტროს... მათ ანოტაციაში წერია: ი.ნ. ხაშიგი ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე და ასევე საარჩევნო სისტემაზე. ურთიერთობა ჰქონდა უცხოელ პოლიტიკურ მოღვაწეებთან". სიტყვების ამ კრებულით მივხვდი, რომ აფხაზეთის სუვერენიტეტზე ლაპარაკი უკვე კრამოლაა (ამბოხება, სახელმწიფო შეთქმულება)", - წერს ხაშიგი საკუთარ ფეისბუქსა და ტელეგრამარხზე.
„ამ ეგზეკუციით რუსეთი ცდილობს მოასუფთაოს მოედანი, რათა საპროტესტო გამოსვლები არ იყოს“
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი:
- დე ფაქტო არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ კრემლში ბარდა გუნბასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომლის მთავარი შეტყობინება იყო რუსეთის ლოიალურობის დემონსტრაცია გუნბას მიმართ. გარდა ამისა, ეს შეხვედრა ვასალური დამოკიდებულების დემონსტრირებაც იყო, გუნბა მთხოვნელი იყო და ამით კრემლმა აჩვენა, რომ პუტინს არაფერი სჭირდება აფხაზეთისგან, არამედ აფხაზებს სჭირდებათ პუტინისგან. ბუნებრივია, დახურულ შეხვედრაზე საუბარი იქნებოდა უფრო პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა აპარტ-ოტელების კანონის მიღება, ბიჭვინთის აგარაკების საკითხის დასრულება და საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება. ჩანს, პუტინი ჩქარობს, რომ აფხაზებმა აღებული ვალდებულებები შეასრულონ, მით უმეტეს, ოქტომბერში არაოკუპირებულ საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია და რუსეთს არ უნდა აწყობდეს აფხაზეთში ანტიქართული გამოხდომები.
აგენტად გამოცხადებული ინალ ხაშიგი ერთ-ერთი აქტიური ჟურნალისტია აფხაზეთში, რომელიც ავრცელებდა იდეას, რომ კრემლი საქართველოს კონფედერაციული მოწყობის მოდელს ამზადებს. თუმცა არა მგონია, ეს თემა იყო ხაშიგის გამოსვლებში მთავარი პრობლემა რუსეთისთვის. ხაშიგს აქვს საინტერესო გადაცემა, სადაც იწვევს ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, ყველაზე ხშირად კი ასტამურ ტანიას და აკრიტიკებდნენ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ლოიალურობას რუსეთისადმი, რუსულ შეთანხმებებს აპარტ-ოტელებზე, ბიჭვინთასა და საინვესტიციო ხელშეკრულებაზე. როგორც ჩანს, რუსეთმა ეს ანტირუსულ პროპაგანდად ჩაუთვალა. ამიტომ შერაცხეს აგენტად, რაც თავისთავად აბსურდული ფორმულირებაა, რადგან ხაშიგი აფხაზთა პოზიციას იცავდა. რუსეთმა აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შესაბამისად, ინალ ხაშიგი "თავისი სახელმწიფოს" ინტერესებზე ლაპარაკობდა და "თავისი ქვეყნის" აგენტია და არა უცხო ქვეყნის. შეიძლებოდა სხვა ფორმით დაესაჯათ, მაგალითად, ჩამოერთმიათ რუსეთის მოქალაქეობა. ამ ბოდვითი ბრალდებით სჯიან, რომ სხვებისთვის მაგალითი იყოს.
- გუნბას მხარდამჭერი ტელეგრამარხები ავრცელებენ მათ გვარებს, ვინც USAID-დან მიიღო დაფინანსება. უნდა ველოდოთ, რომ აგენტებად სხვებიც გამოცხადდებიან?
- ყველაზე უფრო შესაძლო კანდიდატია იზიდა ჭანია, მით უმეტეს, "რადიო თავისუფლების" ერთ-ერთ პროექტში "ეხო კავკაზში" წერს, "რადიო თავისუფლება" კი რუსეთში აკრძალულია. ასტამურ ტანია ავტორიტეტული ფიგურაა და მის წინააღმდეგ წასვლა აფხაზეთში დიდ მღელვარებას გამოიწვევს. აფინანსებდა თუ არა ამ პირებს USAID, არ ვიცი. როდესაც სახელმწიფო მოხელე ვიყავი, ოსური ტელეგრამარხები აქვეყნებდნენ ვითომ სამინისტროს ბლანკზე დაწერილ და ჩემ მიერ ხელმოწერილ ცრუ წერილებს. როცა ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ეს ბოდვითი ინფორმაცია, არ მჯერა საეჭვო ტელეგრამარხების გავრცელებული დოკუმენტების, თუმცა ის, რომ ახალ აგენტებს ვიხილავთ, დარწმუნებული ვარ.
- რუსეთი სჯის ურჩ აფხაზებს მოქალაქეობის ჩამორთმევით თუ აგენტების წოდებით, ასევე "საარჩევნო უბანზე" თავდასხმის ბრალდებით დააკავეს 11 პირი. ისინი ოპოზიციონერ კანდიდატის ადგურ არძინბას გარემოცვის წევრები არიან და ამ დროს პირადად არძინბას წინააღმდეგ არაფერი კეთდება. რატომ არ აღმოჩნდა არძინბა რუსულ შავ სიაში?
- ადგურ არძინბა "არჩევნებში" დამარცხების შემდეგ შედარებით ჩუმადაა, ჩემი ვარაუდით, შეიძლება გააფრთხილეს, შეიძლება რაღაც პირობებზეც არიან შეთანხმებული, რომ თუკი არ იაქტიურებს, როგორც კი მიღებული იქნება რუსული კანონები, მის მომხრეებსაც გამოუშვებენ ციხეებიდან და სს საქმეებიც შეწყდება... რუსეთის მთავარი ამოცანა ხალხის ციხეებში წასვლა კი არ არის, არამედ თავისი ინტერესების რეალიზაცია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არძინბამ რუსული კანონების მიღებისას ხმა არ ამოიღოს და მიტინგები არ გამართოს. თუკი არძინბა ამას არ დათანხმდება და ხმას ამოიღებს, მაშინ გაუხსენებენ ეთნიკური სომხების წინააღმდეგ არძინბას მომხრეების გამოსვლებს, ასევე "საარჩევნო უბნის" დარბევას. ორივე საქმეზე გამოძიებები დაწყებულია და ბოლომდე მიიყვანენ. პირველივე რუსული კანონის განხილვაზე ვნახავთ, გარიგდა თუ არა არძინბა რუსეთთან.
ეკატერინე ბასილაია