სამი თვის წინ, როცა სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა და პრეზიდენტი ბაშარ­ ალ-ასადი გაიქცა, ქვეყანაში ვითარება თითქოს სტაბილური გახდა, მაგრამ ბოლო დღეებში­ ქვეყანა კვლავ კონფლიქტის ზონად იქცა. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობა, ალავიტები ცხოვრობენ, შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა. სირიის ახალი მთავრობა სისხლის ღვრაში "ასადის ნარჩენებს" ადანაშაულებს, თუმცა სამხედრო ოპერაციისას ძალადობა აღიარეს, რომელიც "ცალკეულ ინდივიდებსა"“და არაორგანიზებულ ბრბოს მიაწერეს. ალავიტები ისლამური ეთნორელიგიური ჯგუფი და სირიის მსხვილი რელიგიური უმცირესობაა. ალავიტები იყვნენ მამა-შვილი ჰაფეზ და ბაშარ ალ-ასადები, რომლებიც სირიას ჯამში 43 წელი მართავდნენ... შეტაკებები 6 მარტს დაიწყო გარდამავალი მთავრობის სუნიტ წარმომადგენლებსა და გაქცეული პრეზიდენტის ალავიტ მომხრეებს შორის. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასადის მომხრეების აჯანყებას ახშობდა. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება შურისძიების მკვლელობებში გადაიზარდა... ვასილ პაპავა, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი, ირანისტი: - 2024 წლის დეკემბერში ბაშარ ალ -ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო­ ალავიტების მასშტაბური რეპრესირება, რაც ლოგიკური იყო გამომდინარე იქიდან, რომ ალავიტების რელიგიურ უმცირესობას­ მიეკუთვნება ასადების­ ოჯახი, რომელიც ათეული წლები დიქტატორული მეთოდებით­ მართავდნენ სირიას­. ალავიტები­ შიიტებთან, ანუ ირანის ღერძთან მსოფლმხედველობით არიან დაკავშირებულნი, მაგრამ რელიგიური შეხედულებებით მკვეთრად ლიბერალები არიან, ვიდრე ირანელი შიიტები. როდესაც 1970 წელს ასადის მამა, ჰაფეზ­ ალ-ასადი მოვიდა ხელისუფლებაში, მანამდე­ ალავიტების პროცენტული წარმომადგე­ნლობა ძალოვან უწყებებში 25%-მდე თუ იყო, მერე კი თითქმის 90%-მდე ავიდა. დიდი წინააღმდეგობის ნაღმი ჩაიდო იმ სახელმწიფოს მოდელის ფორმატში, რაც ჰაფეზ ასადმა ჩამოაყალიბა. შეუძლებელი იყო ამ ტიპის სახელმწიფო სტრუქტურის არსებობა და, ადრე თუ გვიან, იფეთქებდა.­ ასეც მოხდა "არაბული გაზაფხულის" პერიოდში, როცა მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ავტორიტარულ-დიქტატორული საერო რეჟიმები შეირყა და ბევრი მათგანი ისლამური წინააღმდეგობის მოტივით იქნა დამხობილი. ბაშარ ალ-ასადი რომ დაამხეს, ალა­ვ­იტებმა­ ყველაფერი დაკარგეს - პოლი­ტიკური­ ძალაუფლება, განდევნეს ყველა სტრუქტურიდან, არმიიდან, ბიზნესიდან და გახდნენ ყველაზე ჩაგრული რელიგიური­ უმცირესობა, გარიყული კასტა, ოღონდ ხელშეუხებელი იმ გაგებით, რომ მათთან გაკარება ცუდის მანიშნებელია. მარტის დასაწყისში დაწყებული რეპრესიების საბაბი გახდა ალავიტების მცირე ჯგუფის, რამდენიმე­ ასეული შეიარაღებული ასადისტის ამბოხი ლატაკიის პროვინციაში­ (რომე­ლიც ალავიტების ბასტიონად ითვლებ­ოდა), რასაც მოჰყვა ცენტრალური ხელისუფლების,­ დამასკოს დრაკონული მეთოდით რეაგირება­. ფაქტობრივად, ისინი გაუტოლდნენ იმ რეჟიმს, რომელიც დაამხვეს და რასაც ასადის რეჟიმი სამოქალაქო ომის დროს აკეთ­ებდა. ქუჩა-ქუჩა ადამიანების დახვრეტის ასობით ვიდეო მიუთითებს, რომ არ არსებობს ერთიანი ცენტრალური ხელისუფლების მიერ რაიმე სასამართლოს ჩამოყალიბების ნიშნები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსული ძალის ძირითადი­ ბაზა იყო "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი", რომელიც იმ ტერორისტულ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც სირიაში "ალ-ქაიდას" ფილიალი იყო. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა, ვექტორები და გარე მხარდაჭერები შეიცვალა. შემდეგ თურქეთისა და რიგი დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით შეუტიეს რეჟიმს და 2 კვირაში დაამხვეს ასადის ჩამპალი და მორყეული სისტემა. ამ სტრუქტურაში შედიოდა ათობით სხვადასხვა მცირე ტერორისტული დაჯგუფება სხვადასხვა ქვეყნიდან - ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, კავკასიიდანაც,­ მათ შორის იყვნენ ევროპელი დაქირავებულებიც. ერთი თვის წინ გარდამავალი მთავ­რობის დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ, იმავე აბუ მუჰამედ ალ-ჯულანმა, ეს სტრუქტურა დაშლილად გამოაცხადა­, მაგრამ სანამ ერთიანი­ რეგულარული ჯარი არ არის ჩამო­ყალიბებული, ეს პარამილიტარისტული დაჯგუფებები (კრებსითად "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი", Hთშ) ატარებს სადამსჯელო ოპერაციებს. მასზე დგას დღევანდელი პოლიციური რეჟიმი. ალავიტთა ამბოხი კი თავიდანვე განწირული იყო. ასადი­სტები არ წარმოადგენენ ისეთ მასშტაბურ ძალას და არც ისეთი მხარდა­ჭერა აქვთ, რომ მიზნისთვის მიეღწიათ. - ანალიტიკოსების ვარაუდით, ძალადობის გაღვივებაში რუსეთ-ირანის კვალი იკვეთება. - ორი მომენტი შეიძლება გამოვყოთ: 1. ადგილობრივი, ლოკალური ცდა წინააღმდეგობა გაეწიათ იმ რეპრესიული კამპანიისთვის, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს ალავიტების მიმართ ლატაკიის პროვინციაში; 2. არ გამოვრიცხოთ საგარეო ფაქტორიც - სავარაუდოდ­, რუსეთი ან ირანი, იმიტომ, რომ ორივე დამარ­ცხებულია (განსაკუთრებით ირანი, რომლის ინტერესები უკვე მთლიანად მოშლილია სირიაში), მაგრამ რუსეთის ბაზა ჯერ კიდევ არის სირიაში. რუსეთი თავისი ბაზის დატოვებაზე ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორც ჩანს, ეს ამ ხელისუფლებასაც აწყობს. ორ კვირაში ასადის რეჟიმის ჩამოშლა და რუსეთის უმოქმედობა მარტო უკრაინის საკითხით დაკავებით არ უნდა იყოს განპირობებული. მას ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი სამხედრო ბაზა ჰქონდა, ამიტომ ამ სიტუაციაში მისი ნეიტრალური პოზიცია­ ბადებს კითხვას, რამე გარიგება ხომ არ იყო, ვთქვათ, რუსული ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შემდგომ ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რათა რუსეთის ბაზა რაღაც სტატუსით იქ დარჩეს. ამიტომ არა მგონია, სირიაში კონფლიქტი რუსეთის ინსპირირებული იყოს. ამით ხომ უფრო მეტი საბაბი გაჩნდება რუსეთის ბაზის სამუდამოდ დასახურად? ასადისტების­ მცდელობა­ უფრო მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიექციათ მათ პრობლემაზე, ან ირანმა მოაქნევინა კუდი თავის­ დარჩენილ პროქსიძალებს, რათა ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური სახე დაანახონ მსოფლიოს, რომ ასადი კი დიქტატორია, მაგრამ ესენიც არაფრით ჩამოუვარდებიან. ამის უკან რუსეთი რომ ყოფილიყო, სხვა ტიპის მასშტაბურ კონფლიქტს და ესკალაციას შეუწყობდა ხელს. ლოგიკაში არ ჯდება სირიის ხელისუფლებასთან სამხედრო ბაზის დატოვებაზე აწარმოებდე მოლაპარაკებას, მიუხედავად იმისა,­ რა როლი ითამაშა რუსეთმა სირიის რეჟი­მის 10 წლით გახანგრძლივებაში. რუსეთმა­ და ირანმა 2015-ში სირიის რევოლუცია, ფაქტობრივად, ხერხემალში გადაამტვრიეს, როცა გამოფიტული ასადი დამხობის პირას იყო, თუმცა ასადმა ვერ გამოიყენა ვითარება, ვერ დაალაგა კლანებს შორის ურთიერთობა, კვლავ გაგრძელდა კორუფცია ძალოვან უწყებებში, რეპრესიები, მოსახლეობაშიც დიდი მხარდაჭერა ვერ პოვა, ბოლოს კი ვნახეთ, როგორ დაასრულა მისმა რეჟიმმა. - "სირიაში ქრისტიანებს ხოცავენ და აწამებენ"­, - ეს პროპაგანდის ნაწილია თუ სიმართლეს შეესაბამება? - დაახლოებით 100-ზე მეტი ვიდეო მაქვს ნანახი, ზოგი ალავიტებისაა, ზოგიც ქურთების, ევროპული, დასავლელი და ამერიკელი პოლიტიკოსების, მკვლევრების, პოლიტოლოგების. ქრისტიანების ხოცვა-შევიწროების მსგავსი არაფერი შემხვედრია, თუმცა შემთხვევები არ გამოირიცხება. ვიდეოების 99% ალავიტებსა და შიიტებს შეეხება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებს არ დევნიან, მაგრამ როცა მსგავსი ფაქტები არ იდება, ძნელია ამის მტკიცება. - აშშ-ის მხარდაჭერის საფუძველზე სირიის­ მთავრობასა და ქურთულ YPG-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რაც სირიაში­ მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. - როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ქურთები მალევე გამოეყვნენ, შექმნეს ავტონომიური ერთეულები, გასამხედროებული ჯგუფები, მათ მხარს უჭერდა აშშ და სამოქალაქო ომის დროს მფარველობდა. იყო არაერთი მცდელობა ასადის დამასკოსა და ქურთებს შორის შეთანხმება­ მომხდარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ცენტრალური სარდლო­ბის მეთაური გენერალი მაიკლ კურილა "სირიის დემოკრატიული ძალების" ლიდერ­ მაზლუმ აბდი შაჰინს შეხვდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სირიელი ქურთები დაზავდებიან ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ერთი სიტყვით, ამერიკამ ამით სირიის ამჟამინდელი ისლამისტური მთავრობა­ ოფიციალურად აღიარა. სირიის მთავრობასა­ და ქურთულ YPG-ს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ქურთების ინტეგრირებას ყველა სტრუქტურაში­ - ყველა­ სირიელს, რელიგიური ან ეთნი­კური კუთვნილების მიუხედავად, უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება წარმო­დგენილი იყვნენ სახელმწიფო დაწესებულებებში და მონაწილეობდნენ პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, ნავთობისა და გაზის საბადოები, აგრარული და წყლის რესურსები უნდა იყოს ინტეგრირებული სირიის სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, ის დამასკოს განკარგულებაში იქნება; სირიის სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქურთების მხარდაჭერა ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ნარჩენებთან ბრძოლის საქმეში და ყველა იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყნის ერთობას საფრთხეს უქმნის... ქურთებს ამერიკელებმა მისცეს გარანტიები, რომ მოხდება მათი ინტეგრირება ერთიანი სირიის სახელმწიფოში, რაც ასადის დროს არ მომხდარა - ანუ უკვე ნათელია, წლების განმავლობაში ვინ ბლოკავდა ბაშარ ალ-ასადის ნებისმიერ ცდას ქურთებთან მჭიდრო ურთიერთობა დაემყარებინა და სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა - ეს იყო აშშ. ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და გრძელვადიანი მშვიდობა გამორიცხულია­ და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული:­ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და ამ ცივილიზაციის დამახასიათებელი, რაც დასა­ვლეთს არ ახასიათებს, არის ორი გადამ­წყვეტი ფაქტორი - რელიგია და ძალოვანი­ უწყებები. არიან გარე აქტორებიც,­ რომლებიც რეგიონში კონფლიქტებს გავლენის სფეროების გასაფართოებლად იყენებენ. მეეჭვება, სირიაში შეთანხმებები გრძელვადიან ხასიათს ატარებდეს, ერთხანს შეიძლება ჩაწყნარდეს, მაგრამ იმ მეთოდების აღმოფხვრა, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება მიმართავს, რთულია, ისინი­ ავტორიტარული მეთოდებით მართავენ და, ადრე თუ გვიან, მათი გამოვლინება სხვა ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში და სხვა კუთხით მოხდება. ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ენერგორესურსების უდიდესი მარაგები მას გარე ჩარევისგან დაუცველს ხდის, სუსტი სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, მარტივი სამიზნე ხდება გარე მოთამაშეებისთვის. აბსოლუტური მონარქია ან დიქტატურა, პირიქით, შეიძლება დამცველი მექანიზმი იყოს, რომელიც ხელს უშლის გარე ჩარევას, თუმცა ყოველთვის არა, რა თქმა უნდა. ამრიგად, იმის მტკიცება, რომ აბსოლუტური მონარქიების ან რესპუბლიკური დიქტატურების გარეშე ახლო აღმოსავლეთში ქაოსი იქნება, მტკიცე საფუძველს ეყრდნობა. რეგიონის ისტორიული გამოცდილება, კულტურული თავისებურებები და გეოპოლიტიკური რეალობა ასეთ მმართველობის მოდელებს არა მხოლოდ შესაძლებელს, არამედ აუცილებელს ხდის მინიმალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ასეთი სტაბილურობა ხშირად მიიღწევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფასად, რაც გრძელვადიან რისკებს ქმნის თვით ამ რეჟიმებისთვის.