"ქალაქში აჟიოტაჟი მხოლოდ ფეხბურთისა და ზღვაში გასვლასთან დაკავშირებული კარნავალის დროს არის ხოლმე" - "Allez საქართველო!"
წლებია, გია გურული დიუნკერკში ცხოვრობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლის ავტორმა საფრანგეთის ჩემპიონატშიც პირველმა გაკვალა გზა და დღემდე ადგილობრივ კლუბში მუშაობს. ჯერ კიდევ შარშან ძნელად წარმოიდგენდა, ფრანგულ ლიგა 1-ში ერთდროულად სამ ქართველ ფეხბურთელს თუ ნახავდა. 4 აპრილს კი განსაკუთრებულად ელის: მისი გუნდი, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი "დიუნკერკი" ლილის სტადიონზე... ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს უმასპინძლებს! ვეტერან ფეხბურთელს ქართველების მიერ ფრანგული ფეხბურთის "ოკუპაციაზე", ეროვნული ნაკრების მოახლოებულ მატჩებსა და თანამედროვე ფეხბურთის ავანჩავანზე ველაპარაკეთ.
პირველ თემად კი ყველაზე "ცხელი" ამბავი - "ლივერპულისა" და ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ ჟერმენის" დრამატული მატჩი ავირჩიეთ:
- თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიას ვეღარ ვუყურე: ჩემს შვილს, სანდროს ვუთხარი, წავედი, აღარ შემიძლია-მეთქი! პარიზულ მატჩში ფრანგებს ისეთი უპირატესობა ჰქონდათ, "ლივერპულის" გასვლა სამართლიანი არ იქნებოდა... კი, მშობლიურ "ენფილდზე" ლივერპული ბევრს უტევდა, საგოლე მომენტები საწყის წუთებზეც შექმნა, მეორე ტაიმშიც ფრანგული კლუბი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა და პერიოდულად უკან იხევდა, მაგრამ მთლიანობაში პსჟ-ს გასვლა კანონზომიერი შედეგი მგონია. რაც შეეხება ხვიჩას, ეტყობა, უკვე გაშინაურდა პარიზულ კლუბში, გაცილებით თავისუფლად თამაშობს... რაც არ მომეწონა, ისაა, რომ მეორე ტაიმში კვარას მიმართულებით უფრო ნაკლები გადაცემა გაკეთდა. არადა, ხვიჩა უნდა მოამარაგო, თუ ბურთი არ მიეცი, რად გინდა ასეთი ფეხბურთელი?! კვარასთვის ბურთის მიცემა ჟანგბადია! "სიჩქარე" თუ ჩართო, ვეღარავინ გააჩერებს! ხვიჩა იდეალურად "გრძნობს" ბურთს... ხომ ვნახეთ, "რენთან" მატჩში რა სიმაღლიდან ჩამოიღო ბურთი? ლივერპულთანაც ჰქონდა მსგავსი მომენტი, ლამის მიიწებებს ხოლმე ბურთს. როცა სისწრაფეს აკრეფს, კვარას გაჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწრაფი მიხრა-მოხრა აქვს, კოორდინაციის განსაკუთრებული უნარი. ხანდახან ვბრაზდები ხოლმე, ერთი შეხებით რომ აკეთებს პასს - მე მწვრთნელი ვარ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად ვეუბნები, ერთი შეხებით ითამაშეთ-მეთქი, მაგრამ ხვიჩას პირიქით შევძახებ ხოლმე, არ ითამაშო ერთი შეხებით! ეს იგივეა, მესის რომ უთხრა, ერთი შეხებით ითამაშეო. კი, ითამაშებს, მაგრამ ის მესი ხომ აღარ იქნება?!
- სპალეტის ემადლიერებიან ხოლმე, კვარას დაცვაში ჩასვლას რომ ავალებდა, ამის დამსახურებაა, ხვიჩა გაცილებით მრავალმხრივ ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდაო...
- სპალეტიმ კი არ ასწავლა, დაავალა! ეს სხვადასხვა რამ არის. ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში წინ და უკან თუ ირბენს დაცვის დასახმარებლად, შესატევად რა ენერგია დარჩება? კვარაცხელიას არ სჭირდება დავალების მიცემა, როცა "რუბინში" თამაშობდა, განა არ ეხმარებოდა დაცვას? ვერავინ იტყვის, რომ სლუცკი ავალებდა ამას - პირიქით, თავისუფლებას ანიჭებდა. ვერც იმაში დამარწმუნებს ვინმე, რომ "ნაპოლიმ" კვარა დაცვის დასახმარებლად იყიდა. მხოლოდ ერთი შეხედვით თამაში რომ შეეძლოს ხვიჩას, ვინ შეამჩნევდა?! სისწრაფე, დრიბლინგი, არაორდინარული ფინტები ხვიჩას თანდაყოლილი უნარებია... ასე რომ, სპალეტი არაფერ შუაშია. ხომ ყველას გვახსოვს, იტალიაში გატარებული სადებიუტო სეზონის პირველ ნახევარში კვარას ვერავინ რომ ვერ აჩერებდა? მერე, დაცვისთვის დახმარება რომ დაავალეს, აღარ იყო ძველებურად ეფექტიანი... ხვიჩას დავალება არ სჭირდება, თვითონ იცის, თავად ყველაზე კარგად გრძნობს, როდის სად ყოფნაა აუცილებელი. ასეა კლუბშიც და საქართველოს ნაკრებშიც. მის პასებზე კი სულ კრუიფის სიტყვები მახსენდება: ძლიერი ფეხბურთელი მაშინ ხარ, როცა ზუსტი გადაცემისთვის სწორი დროის შერჩევა იციო.
ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა დიუნკერკში კვარაზე ყველა აღფრთოვანებული მელაპარაკება. არა მგონია, ამას იმიტომ მეუბნებოდნენ, მე მასიამოვნონ - ფეხბურთი უყვართ, კარგადაც ერკვევიან და ხედავენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სახით თანამედროვე ფეხბურთს გამორჩეული მოთამაშე ჰყავს. რაც შეეხება პარიზელ ქომაგებს, ისინი თავიდანვე მოუთმენლად ელოდნენ მათ საყვარელ კლუბში ხვიჩას გამოჩენას, ჯერ მისული არ იყო და, სიმღერა მიუძღვნეს.
- ხვიჩა ყველას მოსწონს, რადგან თანამედროვე პრაგმატულ ფეხბურთში მისი მსგავსი მოთამაშე ძალიან ცოტაა. დღევანდელმა ფეხბურთელებმა იციან, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მრავალმილიონიანი ხელფასი რამდენიმე წლის განმავლობაში აქვთ გარანტირებული და ბრძოლას გადაეჩვივნენ...
- თანამედროვე ფეხბურთი ბიზნესად გადაიქცა. "ჩემპიონთა ლიგა" ჰქვია და ეროვნულ ჩემპიონატებში მეოთხე, მეხუთე ადგილზე გასული კლუბები მონაწილეობენ, რათა ტურნირის ორგანიზატორების ფინანსური მოგება გაიზარდოს. ვემხრობი მათ, ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია დაწესდეს მაქსიმალური ზღვარი როგორც ფეხბურთელების სატრანსფერო ფასზე, ისე მათ ანაზღაურებაზე. ფეხბურთელში 200 მილიონს რომ გადაიხდი, ხვალ მძიმე ტრავმა რომ მიიღოს და ხანგრძლივი დროით გამოგაკლდეს, მერე სად მიდიხარ.
- რამდენიმე თვის წინ ვერც ვიფიქრებდით, საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბებში სამ ქართველს თუ ვნახავდით, თანაც, წამყვან მოთამაშეებად. რას გრძნობს დღეს გია გურული, რომელიც "პირველი მერცხალი" იყო საქართველოდან საფრანგეთში?
- ბევრჯერ მიფიქრია, რატომ არ არიან ქართველები საფრანგეთის ჩემპიონატში? მთავარი მიზეზი ის არის, რომ გერმანიის, იტალიისა და რუსეთის ჩემპიონატებთან შედარებით, ფრანგულ ფეხბურთთან კონტაქტი ნაკლები იყო. ბედნიერი ვარ, ფრანგულ კლუბებში, ამდენ ქართველს გუნდის ლიდერებად რომ ვხედავ, მაგრამ ერთი დღით ხვიჩას მოწინააღმდეგე უნდა გავხდე... 4 აპრილს საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, "დიუნკერკი" "პარი სენ ჟერმენს" უმასპინძლებს! ჩვენს კლუბს ახალი, ლამაზი სტადიონი აქვს, მაგრამ ტრიბუნები ცოტა მაყურებელს იტევს, ამიტომაც მატჩი გაიმართება ლილის სტადიონზე "პიერ მორუა", რომელიც 50 000 მაყურებელს იტევს. იმედია, ხვიჩაც ჩამოვა და მოვახერხებ მის ნახვას.
- დიუნკერი პატარა, ლამაზი და წყნარი საპორტო ქალაქია. ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბის დაარსებიდან მალე საუკუნე შესრულდება (სკ დიუნკერი 1909 წელს დაფუძნდა. - რ.შ.), თუმცა განსაკუთრებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის და ქვეყნის თასის ნახევარფინალში გასვლა ქალაქისთვის დიდი ამბავი იქნება...
- დიუნკერი ცნობილია მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ამბებით. ოსკაროსანი ფილმიც არის გადაღებული ამერიკელების დესანტის შესახებ. ქალაქში აჟიოტაჟი მხოლოდ ფეხბურთისა და ზღვაში გასვლასთან დაკავშირებული კარნავალის დროს არის ხოლმე.
- თქვენი ძველი ინტერვიუდან მახსოვს ეპითეტი - "საჯარიმოს მელა", რომლითაც ფრანგები გიორგი მიქაუტაძის სტილის ფორვარდებს მოიხსენიებენ...
- დიახ, რამაზ შენგელიას და ახლა უკვე ჟორჟ მიქაუტაძის მსგავს თავდამსხმელებს. Lე რენარდ დეს სურფაცეს - ეს ფრანგული ტერმინი ახასიათებს თავდამსხმელს, რომელიც მეტოქის საჯარიმოშია ჩასაფრებული და გოლის განსაკუთრებული ალღოს წყალობით, პირველი გაჩნდება ხოლმე ჩაწოდებულ ბურთთან. მიქაუტაძე ამ სტილის ფორვარდის ნათელი მაგალითია - სწრაფი, ტექნიკური, ალღოიანი... როცა მის ინტერვიუებს ვუსმენ, ჟორჟის საუბრის სტილზე ყოველთვის ჩემი ვაჟი მახსენდება - სანდრო საფრანგეთში გაიზარდა, ქართულად ლაპარაკი უჭირდა და ზაფხულობით, სამი თვით საქართველოში ვგზავნიდი ხოლმე ენის გასატეხად.
- ზურიკო დავითაშვილზე რას იტყვით?
- "სენტ-ეტიენი" დიდი ისტორიის კლუბია - საფრანგეთის ათგზის ჩემპიონს ახლა რთული პერიოდი აქვს, ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მაგრამ ზურიკო აშკარად გამოირჩევა თავის გუნდში. მის თამაშს საფრანგეთში კარგი გამოხმაურება აქვს და იმედია, გაცილებით ძლიერ კლუბშიც გადავა. ჟორჟი ვახსენეთ და, მისი "ლიონისა" და დავითაშვილის "სენტ-ეტიენის" დუელი საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული დერბია.
- ქართველ გულშემატკივართა ნაწილმა "დაიწუნა" კვარაცხელიას პარიზში გადასვლის გადაწყვეტილება - პსჟ-სა და საფრანგეთის ჩემპიონატში ვერ განვითარდებაო...
- ქართველ ქომაგთა უმეტესობა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს ყოველთვის მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე საფრანგეთის პირველობას. მთავარი სალაპარაკო თემა "ბარსელონა" "რეალი", "იუვე", "მილანი", "ინტერია" ხოლმე. ახლა, როცა ლიგა 1-ში სამი ქართველი თამაშობს, საფრანგეთისკენ ბევრმა გამოიხედა და დარწმუნდებიან, რომ აქაურ ჩემპიონატს დასაწუნი არაფერი აქვს. ჯერ კიდევ ჩემი ფეხბურთელობის დროს იყვნენ ფრანგულ კლუბებში ვეა, კლინსმანი, რაი, შიფო, ფიოლერი და სხვები. ბოლო წლებშიც უამრავი ვარსკვლავი ვნახეთ და ხვიჩაც მათ მარაქაშია.
- შარშან, ჩვენთვის ისტორიული "ევრო-2024"-ის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, მატარებელში პოლონელი გულშემატკივრები გამოგველაპარაკნენ. როცა გაიგეს, ქართველი ჟურნალისტები ვიყავით, ალიაქოთი ატეხეს - კატოვიცედან ვართ, გია გურული დღემდე გვახსოვს და როცა ნახავთ, გადაეცით, რომ ძალიან გვიყვარსო! პოლონეთში გატარებულ წლებს თქვენც ხომ სიამოვნებით იხსენებთ?
- არასდროს დამავიწყდება დღე, როცა კატოვიცედან მოვდიოდი - გულშემატკივართა ჯგუფი დასამშვიდობებლად მოვიდა, ერთი ცრემლებს ვერ იკავებდა, არ წახვიდეო. სხვათა შორის, ოთხი წლის წინ კატოვიცეში სტუმრობისას ის კაციც ვნახე - პოლონეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი გამხდარა. პოლონური კლუბის პრეზიდენტისგან დიდი პატივისცემა მახსოვს, ტრავმირებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გამიფორმა და ნდობა მეც გავუმართლე - საუკეთესო სეზონი მქონდა! კატოვიცედან წამოსვლის გამო მეც მწყდებოდა გული, მაგრამ უკვე 28 წლის ვიყავი და ამ ასაკში თუ არ სცადე უკეთეს ჩემპიონატსა თუ კლუბში გადასვლა, აბა, როდის?! "ჰავრში" თამაშისას იაპონურ კლუბში გადასვლა შემომთავაზეს, ფაქტობრივად, შევთანხმდით კიდეც, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, "მონაკოსთან" მატჩში კუნთი გავიწყვიტე და... დავრჩი იაპონიის გარეშე.
- "ჰავრისა" და "დიუნკერკის" შემდეგ, ბოლო წლებში სამოყვარულო კლუბ "კალეში" ითამაშეთ - რამდენიმე სიტყვით გაიხსენეთ ის პერიოდი...
- პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ დიუნკერკის უნივერსიტეტში ვსწავლობდი საერთაშორისო კომერციის ფაკულტეტზე. პარალელურად, ნახევრად სამოყვარულო კლუბ "კალეშიც" ვითამაშე რამდენიმე სეზონი. როცა მუშაობა დავიწყე, ფეხბურთისთვის დრო აღარ მრჩებოდა, თანაც ჯანი ძველებურად აღარ მომდევდა და სანამ მეტყოდნენ, წადიო, თვითონ დავემშვიდობე. ერთი წლის შემდეგ "კალე" საფრანგეთის თასის ფინალშიც კი გავიდა და გადამწყვეტ მატჩში "ნანტთან" დამარცხდა. უფრო სწორად, გამოგონილი პენალტით წააგებინეს - არავის აწყობდა თასის ფინალში მეოთხე ლიგის გუნდის გამარჯვება!
- "გამოგონილ პენალტზე" გამახსენდა თქვენი სიტყვები: ახალგაზრდულ ნაკრებში რევაზ ძოძუაშვილი გვწვრთნიდა და მან გვასწავლა თერთმეტმეტრიანის "გამომუშავებაო"... ასეთი რაღაცის "სწავლაც" შეიძლება?!
- რა თქმა უნდა! ეს თავდამსხმელის ერთ-ერთი ტექნიკური ხერხია და სულაც არ ნიშნავს სიმულანტობას - ფორვარდთან მცველის შეხების შემდეგ სწორად და სწორ დროს წაქცევის უნარია.
- "დიუნკერკს" კარგი პერიოდი აქვს - თქვენი კლუბი ლიგა 2-ში მეოთხე პოზიციაზეა და უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძვის. მთავარი გუნდი და ახალგაზრდული შემადგენლობა, ვისთანაც თქვენ მუშაობთ, ერთ ბაზაზე ემზადებიან?
- კლუბის თურქი მფლობელი ახლა იწყებს ახალი ბაზის მშენებლობას. ჩემი ფუნქციაა კლუბის მოზარდი ფეხბურთელებისთვის (12-დან 17 წლამდე ასაკობრივი კატეგორია) იმ აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემა, რაც ფეხბურთელს შეტევის დროს სჭირდება, მათ შორის მცველებსა და ნახევარმცველებსაც.
- ლიგა 1-ში აფრიკული ქვეყნების უამრავი წარმომადგენელია: ტანმაღალი, ჯანიანი მოთამაშეები, გარკვეულწილად, ჩემპიონატის სპეციფიკას, თამაშის სტილსაც ხომ განსაზღვრავენ? იგივე სიტუაცია იქნება ქვედა დივიზიონებშიც...
- მოზარდ ფეხბურთელებს შორისაც ძალიან ბევრია მაღალი, ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე, თუმცა მხოლოდ ზორბა ტანი სულაც არ არის წარმატების გარანტია. არასდროს დამავიწყდება ნოდარ ახალკაცის სიტყვები - არ მჭირდება დათვები და სპილოები, მინდა გუნდში მყავდეს ხვლიკები, გველები, მელიები - სხარტი, სწრაფი მოთამაშეებიო! ალან ჟირესი სიმაღლით 163 სანტიმეტრი იყო, მაგრამ რა დღეში აგდებდა მეტოქის "ორმეტრიან" მცველებს?!
- წლებია, საფრანგეთში ცხოვრობთ და წესით, ვილი სანიოლის შესახებ ჩვენზე მეტი უნდა იცოდეთ: რას იტყვით საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაცზე?
- მწვრთნელი ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრები პირველად სწორედ სანიოლის ხელმძღვანელობით მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. გერმანიიდან მხოლოდ მონაწილის სტატუსით არ წამოსულა - მერვედფინალში გავიდა და ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩიც ითამაშა. სხვა გუნდების ინერტული, უსახური თამაშების შემდეგ, ამიტომაც ითხოვდა მაყურებელი, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები დააბრუნეთო! დღევან დელ ფეხბურთში იშვიათი გახდა გუნდები, რომლებიც იბრძვიან კიდეც და, იმავდროულად, ცდილობენ შეუტიონ, თვალსასეირო თამაში აჩვენონ. შესაძლოა დღეს შედეგია მთავარი, მაგრამ მე არ მომწონს ფეხბურთი, სადაც პასებს ითვლიან! არ მომწონს, ყველა გუნდი ერთ სტილში, მოკლე გადაცემებით, ბურთის მუდმივად წინ და უკან გორებით რომ თამაშობს. ფეხბურთის არსი გოლის გატანა და მატჩის მოგებაა და როგორ უნდა მოახერხო ეს, თუ ბურთს მუდმივად შენს მცველებს დაუგორებ?!
- ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მატჩების ყურებისას, სიხარულთან ერთად, გულისტკივილიც გექნებოდათ - საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორმა გია გურულმა ხომ ეროვნული გუნდის მაისურით მხოლოდ სამი შეხვედრა ითამაშა...
- ეროვნული ნაკრების ფორმირების პირველ წლებში, უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა გული მეტად დამწყვეტოდა. პრინციპში, მაშინდელი კრიტერიუმებით მივიჩნეოდი "ასაკოვან ფეხბურთელად" (30 წლის ვიყავი, როცა ბოლოჯერ მოვირგე ნაკრების მაისური), თორემ დღეს 40 წლის ფეხბურთელიც ბევრია.
- პოლონეთში გადასვლამდე ეროვნული ჩემპიონატის თანაბომბარდირობაც მოასწარით - 25 მატჩში 23 ბურთი გაიტანეთ!
- მეტიც შემეძლო, თუმცა მენისკის დაზიანების გამო გამოვტოვე რამდენიმე ისეთი მატჩი, რომლებიც "იბერიამ" დიდი ანგარიშით მოიგო.
- კარსმომდგარ მატჩებზეც გვითხარით. ერთი შეხედვით, სომხეთის ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა ასეც რომ იყოს, ერთი რამ ცხადია - საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს!
- თანამედროვე ფეხბურთში იგებს ის, ვინც მოწინააღმდეგეზე მეტს მოინდომებს და იბრძოლებს! ისიც საკითხავია, პატარა, გადაჭედილ სტადიონზე ჯობს თამაში თუ დიდ არენაზე? ჩვენი ბიჭები თავდაუზოგავად იბრძოლებენ და წარმატებას ვუსურვებ!
- აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ადგილი ერთა ლიგის B დივიზიონში! შემოდგომიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება...
- უძლიერესი მეტოქეები გვყავს, მაგრამ სანამ შანსი გაქვს, ბოლომდე უნდა იბრძოლო! ესპანეთთან თამაში მხოლოდ ჩვენ კი არა, ყველას ძალიან უჭირს, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პირველი ტაიმის ანგარიშის შენარჩუნება რომ მოგვეხერხებინა, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ის შეხვედრა. რთული მატჩები იქნება თურქეთსა და ბულგარეთთანაც, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლოთ, საბოლოო შედეგი კი ნოემბრის ბოლოს გამოჩნდება...
- მახსოვს გაზეთის პირველი გვერდი "ჰავრის" ფეხბურთელის, გია გურულის ფოტოთი და წარწერით: Allez, Guya! ფრანგულ ენაზე "Allez" გამამხნევებელი შეძახილია და ნიშნავს "მიდით!", "წინ!". გადამწყვეტი მატჩების წინ, ვის ეტყვის გია გურული ამ მნიშვნელოვან სიტყვას?
- წარმატება და გამხნევება ყველა ჩვენგანს სჭირდება. ამიტომაც: Allez, კვარა! Allez, ჟორჟ! Allez, ზურიკო! Allez, ვილი!
Allez en Géorgie! წინ, საქართველო!