15 მარტის საღამოდან 16 მარტის დილამდე, ათი საათის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაციას სარაკეტო იერიშები მიჰქონდა იემენელი ჰუსიტების სამხედრო და სხვა ობიექტებზე... ჰუსიტებისთვის ამერიკული დაბომბვები უცხო ხილი არ არის-პერიოდულად, პრეზიდენტ ბაიდენის დროსაც ბომბავდნენ წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკული ატომური ავიამზიდებიდან აფრენილი თვითმფრინავები ჰუსიტებს, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ფაქტობრივად ახალი საჰაერო ომი გამოუცხადა მათ... და ეს არ იქნება მხოლოდ ჰუსიტების წინააღმდეგ მიმართული-მათი მასიური დაბომბვები ერთგვარი გაფრთხილებაა იმ ირანისთვის, რომელიც აიარაღებს ჰუსიტებს, ხოლო ისინი კი თავის მხრივ ამ შეიარაღებით ახდენენ თავდასხმებს იმ სავაჭრო და სამხედრო გემებსა და ხომალდებზე, რომლებიც წითელი და არაბეთის ზღვების დამაკავშირებელ ბაბ-ელ-მანდების ვიწრო სრუტეში გასვლას ცდილობენ... ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანამდე ეს ყველაზე მოკლე საზღვაო გზაა და ბუნებრივია, რომ არც ამერიკელებს და არც ევროპელებს სურთ, იემენელმა ჰუსიტებმა მათ ეს მომგებიანი სავაჭრო საზღვაო დერეფანი გადაუკეტონ. იემენ ჰუსიტებს ტრამპის ამერიკამ საჰაერო ომი გამოუცხადა და საათობით ბომბავს... ამიტომაც დასავლეთი და მითუმეტეს ტრამპის ამერიკა ყველაფერზე წავა ამ საზღვაო გზის უსაფრთხოების გასამტკიცებლად-მათ შორის, იემენში ჰუსიტების არამარტო სამხედრო ობიექტების, არამედ თვით ქალაქების ხალიჩისებური საჰაერო დაბომბვების ჩათვლითაც კი, რისი დაწყების მომსწრენიც ვართ... ტრამპი კი არის ბირთვული ზესახელმწიფოს ძნელად ან სულაც არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი, მაგრამ იმედია ისიც კი არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომას და ჰუსიტების წინააღმდეგ იემენში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს-მეზობელი საუდის არაბეთი, რომლის არმიაც საუცხოოდაა შეიარაღებული და აღჭურვილი, ათი წელი ცდილობდა „ფლოსტებიანი“ ჰუსიტების „მორჯულებას“ იმავე ამერიკული „აბრამსებითა“ და „აპაჩებით“, მაგრამ ბევრი ვერაფერი გამოუვიდა. თუმცა, ამერიკული, მხოლოდ საჰაერო იერიშებითაც, ჰუსიტების ყველა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტის, ასევე შორსმფრენი კამიკაძე-დრონების განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მათ მიწისქვეშ, კარგად დაცულ გვირაბებში ინახავენ. ამერიკული მხარე ყველაზე მეტად უფრთხის, რომ ჰუსიტებმა წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკულ ატომურ ავიამზიდს „ჰარი ტრუმენს“ (საიდანაც ფრინდებიან ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები) რაკეტები არ მოახვედრონ, რისი მცდელობა ჰუსიტებს ყოველთვის აქვთ, მაგრამ „ტრუმენის“ თანმხლები ფრეგატები აქამდე ახერხებდნენ ჰუსიტების მიერ გაშვებული ყველა ფრთოსანი რაკეტის დროულად ჩამოგდებას, თუმცა თუკი ჰუსიტები ირანის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკურ რაკეტებსაც გამოიყენებენ, მაშინ მათი დაზიანება-ჩამოგდება ძალიან გაჭირდება... ტრამპის ადმინისტრაციაში არც მალავენ, რომ ჰუსიტების მასიური დაბომბვების დაწყებით, თეთრი სახლი ღია გაფრთხილებას უგზავნის ირანს, რომ იემენში ჰუსიტებს აღარ გაუგზავნოს ისეთი რაკეტები და დრონები, რომლებითაც ისინი ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავთობტანკერებსა და მშრალტვირთმზიდავ სავაჭრო გემებზე „ნადირობენ“... გარდა ამისა, ჰუსიტებმა ირანიდან მიწოდებული შორსმფრენი რაკეტები და დრონები რამდენჯერმე გამოიყენეს იემენიდან 1 700 კმ-მდე დაშორებული ისრაელის წინააღმდეგაც - იმის ფონზე თუ რა ახლო ურთიერთობაა ჩამოყალიბებული ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის, გასაგები ხდება, რომ ისრაელის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ძალიან ბევრ რამეზე წავა არამარტო იემენელი ჰუსიტების, არამედ თვით ირანის წინააღმდეგაც კი... ირანის ატომური პროგრამა, რომლის საშუალებითაც თეირანს შეუძლია გახდეს მსოფლიოს მეათე ბირთვული სახელმწიფო, მოსვენებას არ აძლევთ არც ისრაელში და არც აშშ-ში,სადაც უკვე მომზადებულია საჰაერო ოპერაციების ვარიანტები, რომ ირანის ბირთვული ობიექტები საჭირო მომენტში გამოიყვანონ მწყობრიდან, როგორც ეს ისრაელს თავის დროზე გაკეთებული აქვს ერაყისა და სირიის მშენებარე ატომური რეაქტორების განადგურებისას...