კარგად დავიწყებული ძველი - კვირის პალიტრა

კარგად დავიწყებული ძველი

"საქართველოს სამეფოს" გერბი არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მის შესახებ დიდძალი ინფორმაცია მოიპოვება. ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელთა წინ წამოწევაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად დააზუსტებს საკითხს.

ქართველი საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება განსაკუთრებით გამომჟღავნდა საქართველოს სახელმწიფო გერბის პროექტის განხილვისას. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ავტორებმა ისტორიულად და ჰერალდიკის წესების თანახმად საკმაოდ დამაჯერებლად დაასაბუთეს პროექტის ავკარგიანობა, პარლამენტარებმა და როგორც ჩანს, საზოგადოებამაც სათანადო ყურადღება არ მიაქციეს სახელმწიფოს მომავალი სიმბოლოს განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას.

მივყვეთ პროექტის აღწერილობას:

2004 წლის მაისში საქართველოს პარლამენტში მოეწყო არქიტექტორ მამუკა ღონღაძის მიერ შემუშავებული სახელმწიფო გერბის პროექტის პრეზენტაცია.

აღწერილობაში აღნიშნულია: ავტორმა საფუძვლად აიღო ბაგრატიონთა დინასტიის სიმბოლიკა (სურ. 1).

ცენტრალურ ფარზე გამოსახული იყო უფლის კვართი, რომელიც ევროპულ სიმბოლიკაში მონანიებას, ებრაულში მწუხარებას, აღმოსავლეთის ქრისტიანებში კი ასკეტიზმსა და გამოცდისთვის მზაობას აღნიშნავს;

მარცხენა ზედა და მარჯვენა ქვედა ფარებზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რადგან საქართველოში ამ წმინდანის დღეს ორჯერ აღნიშნავენო (გაუგებარია!);

მარჯვენა ზედა (ანუ მეორე) ფარზე გამოსახული იყო "ორ ისარგაყრილი ცეცხლისმფრქვეველი მთა". ზოგიერთ გამოსახულებაზე ეს მთა ზღვაზე დგას, ზოგან ცეცხლის ალები ამომავალი მზის სხივების ფორმისაა. სამწუხაროდ, ამ გამოსახულების ზუსტი ჰერალდიკური განმარტება არც ერთ აღწერილობასა თუ ნაშრომს არ ახლავს. მხოლოდ ჰერალდიკოსი დავით კლდიაშვილი შეეცადა მის ახსნას. მისი აზრით, ქართული სახელმწიფოს მეორე გერბი ამირანის (პრომეთეს) სიმბოლური გამოსახულებაა და ივერიას წარმოადგენს. ის გარემოება, რომ კაცობრიობის უძველესი აღმოჩენა, ცეცხლი, სწორედ კავკასიასთან, ე.ი. იბერიასთან იყო დაკავშირებული, შესანიშნავად იცოდნენ ქართველმა მეფეებმაც და, ბუნებრივია, ისინი ცეცხლის მომტანი ამირანის სიმბოლოსაც გამოიყენებდნენო.

ჩვენი აზრით, ამ ახსნაში იგნორირებულია ჰერალდიკური კანონები. ნაგულისხმები გამოსახულების ნებისმიერი სიმბოლო უკავშირდება ქრისტიანულ სიმბოლიკას: მზე ("მზე ხსნისა", "მზე სიმართლისა", გადაჯვარედინებული ისრები, შუბები ან თუნდაც ბუნიკები - რაინდულ შემართებას, ღვთისმოსაობას, ტერიტორიების დაცვისა და ერთგული სამსახურისთვის მზაობას აღნიშნავს; სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება ნიშნავდეს ჯვარსაც და სამყაროს ოთხ კუთხესაც. მთა (სამკუთხედი) სამების გრაფიკულ გამოსახულებად მიიჩნევა და სხვ.

მარცხენა ქვედა (მესამე) ფარზე სტილიზებული არწივის კლანჭებში მოქცეული ვერძია - ოქროს საწმისის გამომხატველი ემბლემა. როგორც ჩანს, ეს გამოსახულება პროექტის ავტორმა აიღო 1870 წელს ქალაქ ქუთაისისთვის შედგენილი გერბიდან.

ანსამბლს თავზე ადგას სამეფო გვირგვინი.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა გერბი, რომელზეც მხოლოდ ერთი ფარია ურჩხულის განმგმირავი წმინდანის გამოსახულებით (სურ. 2).

ჩვენი აზრით, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უმართებულოდ თქვა უარი ისტორიულად კუთვნილ, ჰერალდიკურად კი რუსთაგან შემონახულ რეგიონში ქართველთა უპირატესობის დამადასტურებელ სახელმწიფო სიმბოლიკაზე. მკვლევარი თორნიკე ასათიანი აღნიშნავს: "ზოგადად გერბი ("საქართველოს სამეფოს") თავისი მრავალსახოვნებით, უნიკალური და ძლიერ საინტერესოა ქართული ჰერალდიკისთვის. იგი თავისუფლად გამოდგებოდა "პრეტენზიის" ან ვთქვათ, საქართველოს იმპერიის, ასეთი რომ არსებულიყო, გერბად".

სამწუხაროა ისიც, რომ დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში არა გვაქვს "საქართველოს სამეფოს" გერბის, მისი ყველა ატრიბუტის სათანადო განმარტება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროა განვიხილოთ რამდენიმე საკითხი: "საქართველოს სამეფოს" გერბის თითოეული ატრიბუტის სახელწოდება და წარმომავლობა; ცალკეული ატრიბუტის "საქართველოს გერბში" ჩართვის, თვით "საქართველოს გერბის" რუსეთის იმპერიის გერბში მოხვედრისა და განვითარების ისტორია.

მივყვეთ თანამიმდევრულად: აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის იმპერიის დიდი სახელმწიფო გერბის ესკიზი პირველად შემუშავდა პავლე პირველის დროს (სურ. 3), მაგრამ გადამუშავებული სახით გამოქვეყნდა 1856 და 1883 წლებში. საქართველოს სამეფოს გერბი, რომელიც მეექვსე ნომრადაა რუსეთის იმპერიაში შემავალი სხვა სამეფოთა გერბებს შორის, შედგებოდა შემდეგი ნაწილებისგან (სურ. 4-5):

ცენტრალურ, მცირე ფარზე - საქართველოს გერბზე ოქროსფერ ფონზე გამოსახულია შავ ცხენზე ამხედრებული მხედარი (წმინდა გიორგი), ლაჟვარდოვანი აღკაზმულობით, მკერდზე ოქროს ჯვრით, რომელიც ანადგურებს მწვანე, შავფრთიან ურჩხულს. პირველ ნაწილში განთავსებულია იბერიის (ივერიის) გერბი - წითელ ფარზე გაჭენებული ვერცხლისფერი ცხენი, კუთხეებში გამოსახულია რვაკუთხოვანი ვარსკვლავები; მეორე ფარზე ქართლის გერბია - ცეცხლის მფრქვეველი მთა, რომელიც "განგმირულია" შავი ფერის ისრებით. ისრის პირები ცისკენაა მიმართული; მესამე ნაწილი ყაბარდოს მიწების აღმნიშვნელია: მეოთხე ფარზე სომხეთის გერბია და ბოლოს - ოქროსფერ ფარზე ჩერქეზთა და სხვა მთიელ მთავართა (იგულისხმება დაღესტნელი მმართველები) გერბია გამოსახული.

ამრიგად, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებული ქართველთა შემდეგი ეთნონიმები:

Грузия - საქართველო; Иверия - ივერია/იბერია; Карталиния- ქართლი.

XIX საუკუნეში შედგენილ გერბში რეალური სურათი იმპერიისთვის საჭირო მოდელით არის შეცვლილი. სამწუხაროა, რომ ქართველ მკვლევრებსაც გამორჩათ ეს "სახეცვლილება": დასახელებული ტერმინებიდან რუს მეფეთა ტიტულატურაში პირველი Иверия შევიდა 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ ფიცის წიგნის მიღების შემდეგ. სწორედ ამის გამო მიიჩნევენ ივერია/იბერიას კახეთად, მაგრამ ეს აზრი დაზუსტებას მოითხოვს.

მეცნიერის, ბატონიშვილ თეიმურაზ დავითის ძის განმარტებით: "ივერია წოდება სრულიად ყოველსა გიორგიისა ქვეყანასა ნიშნავს, ე.ი. ყოველსა ზემოსა და ქვემოსა საქართველოსა.

ბუნებითად განმსჯელობა სახელისა ამის გვასწავებს ჩვენ ნამდვილ საკმაოსა ჭეშმარიტისა აღმოჩინებასა. (ესე იგი) ოდესცა ადგილნი ზემოისა და ქვემოისა ივერიისანი იყვნეს ერთსა მპყრობელობასა ქვეშ ერთისა ხელმწიფისასა, ესე იგი ერთ სამეფოდ მაშინდელთა უკვე მოთხრობათა და წერილთა შინა წყალობის სიგელთ არა მოიხსენების ესეგვარად "ჩვენ მეფემან მპყრობელმან ყოვლისა ივერიისამან" და ანუ განყოფისა ივერიისა, ესე იგი ჩვენ მეფემან სრულად ქართველთა და აფხაზთა მპყრობელმან...

ამა მიზეზითა უფრო ცხად არს, რომელ ყოველსა მას ქვეყანასა ივერია ეკუთვნის საკუთრად ვინაიდგან განიყო რა ქვეყანანი გიორგისა, ესე იგი ივერიისა სხვად და სხვად სამეფოებად და სამთავროებად, მაშინ ივერია წოდება თითქმის უჩინ იქმნა და ერთსა ნაწილსა ივერიისასა ეწოდა ქართლის სამეფო, მეორესა - კახეთის სამეფო, მესამესა იმერეთის სამეფო, მეოთხესა - სამთავრო საათაბაგო, მეგრელიისა სამთავრო, აფხაზთა სამთავრო, გურია და სხვანი ზემოისა საქართველოისა. ადგილნი სხვად და სხვად სამთავროებად, გინა სახანოებად, ესე იგი შირვანად, დარუბანდად, ავარად, ყუბად, ბაქუდ, ყუბანად, განჯად, ყარაბაღად და სხვა და სხვად წვრილს სამთავროებად გარდაიქცეს, მაშინ იწყეს ყოველთა თვითოეულისა ნაწილსა ერთა თვის თვისთა სახელთა წოდება და ივერიად წოდება კნინდა და სრულიად დაივიწყეს".

თეიმურაზ ბაგრატიონისეული განმარტება ისტორიული სინამდვილის ყველაზე თანამიმდევრული და ზუსტი ასახვაა. კახელ ბაგრატოვანთა (ზოგადად ქართული სამეფო საგვარეულოსა თუ სულაც ქართველთა) ამგვარი ხედვა რუსეთში ურთიერთობების პირველივე დღეებიდან ხდება ცნობილი. მათ ძალიან კარგად იციან, რას გულისხმობს ივერია.

თეიმურაზ ბაგრატიონის ზემოთ მოტანილ ვრცელ განმარტებას რომ დავურთოთ გეორგიევსკის ტრაქტატში დაცული რუს იმპერატორთა ტიტული: "...ხელმწიფე ივერიისა ქვეყანისა, ქართლისა და საქართუელოსა თავადთა და ყაბარდოს ქუეყანისა და მთიულთა თავადთა და სხუათა მემკვიდრე ხელმწიფე", მაშინ ცხადი გახდება, რომ ივერია არა მარტო საქართველოს მიწების ფლობას, არამედ საერთოდ "ნიკოფსიიდან დარუბანდამდის და ოვსეთიდან არეგაწამდის" ტერიტორიებს გულისხმობს, ხოლო შუბ თუ ისარგაყრილი ცეცხლისმფრქვეველი მთა (დამორჩილებული თუ ნათელღებული კავკასია?!) სწორედაც "კავკასის მთას" უნდა აღნიშნავდეს. ამ სახით არის დაფიქსირებული ეს სიმბოლო XVII საუკუნის შუა ხანებში ალექსი მიხეილის ძის "ტიტულარნიკში" (სურ.: 6, 7, 8, 9, 10).

იმავე წყაროში კავკასიურ წარმონაქმნთა აღმნიშვნელად კიდევ ოთხი გერბია შესული: საქართველოსა და ქართლის (წმინდა გიორგი), მთელი ჩრდილოეთი მხარის, ჩერქეზთა და სხვა მთიელთა და ყაბარდოელთა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად სახელმწიფო გერბში სიმბოლო "საქართველოსა" აღნიშნავდა კახეთს.

აქვე შევნიშნავთ, რომ "ტიტულარნიკში" მოცემულ ყველა გერბს (მოსკოვის, კიევის, ნოვგოროდის, ვიატკის...) საფუძვლად უდევს ისტორიული ტრადიცია. მათ დადასტურებას ვპოულობთ სხვადასხვა მხარეთა და ქალაქთა შესახებ არსებულ წყაროებში (მინიატიურები, მონეტები...). აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კავკასიის გერბების შედგენისას ავტორი(ები) სარგებლობდა მის ხელთ არსებული ნიმუშებით. გარდა ამისა, "ტიტულარნიკის" გერბები დასტურდება ავსტრიელი ელჩის იოჰან გეორგ კორბის დღიურში. არის მცირედი განსხვავება. მაგალითად, კორბის დღიურში ვერ მოხვდა ლიტვის დიდი სამთავროს გერბი, ხოლო კავკასიის გერბებიდან "ჩრდილოეთის ქვეყნების მბრძანებლის" გერბზე შეცდომით არის მიწერილი Seweia, მთარგმნელსა და გამომცემელს კი შეცდომით მიუწერია Свейя - რაც რუსულში შვედეთს აღნიშნავდა.

მოგვიანებით, უკვე დიდი სახელმწიფო გერბის შედგენისას, ამ რეალობამ სახე იცვალა: ივერიის გერბად იქცა ჩერქეზთა და სხვა მთიელ მთავართა გერბი (გაჭენებული ვერცხლისფერი მერანი), ქართლის გერბად კი გამოაცხადეს ივერიის (ანუ კავკასიის) მთის სიმბოლო. ეს შეიძლება გავიგოთ ასე, რომ ქართლი იქცა დამორჩილებული კავკასიის ცენტრად (ყოველთვის ასე იყო!).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სიმბოლიკის ყველაზე მართებული ვარიანტი სწორედ "ტიტულარნიკშია" მოცემული. რაც შეეხება "ქართველთა სამეფო გერბზე" სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა ატრიბუტიკის არარსებობას, ეს ფაქტი უნდა ავხსნათ ისე, რომ რუსეთმა მოახდინა საკითხის ტრანსფორმაცია და ტერმინი Грузия გამოიყენა, როგორც ქართველთა საერთო სახელი.

ამრიგად, იბერიის, იგივე საქართველოს სამეფოს გერბი ერთიანობისა და ძლიერების ხანაში (XI-XIVსს.) ქართულ სინამდვილეში წარმოქმნილი და განმტკიცებული პოლიტიკური ფორმულის გრაფიკული გამოხატულებაა, რომელიც შევიდა რუსეთის იმპერიის გერბში.

რუსეთის გერბში ჩართულ საქართველოს სამეფოს გერბს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ერთიან კავკასიას გამოხატავდა, აგვირგვინებს ამ ერთობის გამოხატულება - საქართველოს (ივერიის) გვირგვინი.

მართალია, ამ გვირგვინის საბოლოო ვარიანტი პავლე პირველის ბრძანებით დამზადდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტერემენ-ლიხტისეული ვარიანტი რეალობას არ ეფუძნებოდა. აქვე მოვიტანთ გვირგვინების არსებული გამოსახულებების უკვე კარგად ცნობილ რამდენიმე ნიმუშს:

აქედან პირველი XVI საუკუნისაა და იმერეთიდანაა, მეორე ამშვენებს 1709 წელს თბილისის სტამბაში დაბეჭდილ სამოციქულოს, მესამე უზის გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტს და მეოთხეც - 1800-1801 წლებისაა. თუ დავაკვირდებით, გვირგვინის ფორმა ყველგან იდენტურია (სურ. 11).

დასასრულ, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის დიდ სახელმწიფო გერბში ჩართული საქართველოს (იმავე იბერიის/ივერიის) გერბი ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ, ჩვენი აზრით, მაინც ქართული სინამდვილიდან აღებული ფორმა უნდა იყოს.

გიორგი ჟუჟუნაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”