ციხეებში პატიმართა "გარდაცვალება" გრძელდება - კვირის პალიტრა

ციხეებში პატიმართა "გარდაცვალება" გრძელდება

"დემოკრატიულ" საქართველოში, იმ სახელმწიფოში, სადაც ციხეები ევროსტანდარტების დონეზეა, თვე არ გავა, პატიმარი არ გარდაიცვალოს. მიზეზი კი ხშირად აბსურდულია. თანაც, ზოგჯერ ციხის ადმინისტრაცია ინფორმაციას ისე ავრცელებს, ექსპერტიზის პასუხსაც არ ელოდება... 21 წლის მიხეილ ბაზაზიანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი კიდევ ერთი პატიმარია. ის სასჯელს ქსნის კოლონიაში იხდიდა და ოჯახისთვის მიწოდებული ოფიციალური ვერსიით, "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გლდანში საავადმყოფოში გადაიყვანეს". შემდგომ კი ბაზაზიანის ოჯახს აცნობეს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება იყო. ოჯახის წევრთა თქმით კი პატიმარი ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა. როგორც ამბობენ, გვამი ნაწამებია, - კისრის არეში ე. წ. შტირის ჩარტყმის კვალი ეტყობა. ოჯახი იმაზეც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ მიცვალებული მათ დაუკითხავად გაკვეთეს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდადებულის გარდაცვალების გამო და მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებას ამცნოს, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდადებული...

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ციხეებში არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს გახშირებულ "პატიმრების უეცარ გარდაცვალებაზე" გვესაუბრება:

- ქსნის კოლონიაში მიხეილ ბაზაზიანის "გარდაცვალებიდან" რამდენიმე დღეში, 9 ივლისს, კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, - ასეთივე შემთხვევა მოხდა გეგუთის კოლონიაშიც. რაც შეეხება ბაზაზიანის ამბავს, ეს ინფორმაცია 5 ივლისს გავრცელდა. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის. არ ვიცი, სასჯელაღსრულების უწყებამ ეს დასკვნა რის საფუძველზე წარმოადგინა. ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ბაზაზიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავდა და ცხადია, ვერ მივიღეთ. ასევე ვითხოვდით, დოკუმენტაციას გარდაცვალების თარიღსა და მიზეზზე, რაც აგრეთვე უპასუხოდ დარჩა. ამის შემდეგ ვითხოვეთ განემარტათ, რატომ გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი პატიმარი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ უწყების კანცელარიაში გვითხრეს, დოკუმენტაციას ვერ გავცემთ, რადგან პატიმარი ბაზაზიანი ჩვენთან გარდაცვლილი მოიყვანეს, მისი ცხედარი ოჯახს 5 ივლისს გავატანეთო... ეს იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად "გამართულად" მუშაობს კალმახელიძის უწყება.

- გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის საქმეც ბუნდოვანია?

- დიახ, უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა გეგუთის კოლონიის პატიმარი თამაზ ჩიხრაძე. რაც შეეხება ბაზაზიანს, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ის წამებით მოკლეს, რადგან ეს უბედურება იმ დაწესებულებაში მოხდა, საიდანაც ომბუდსმენმა ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე 700-მდე პატიმრის ხელმოწერილი დოკუმენტი წამოიღო. შესაძლოა, იმ დროს შემოაკვდათ, როცა ეს ხელმოწერები შეგროვდა. მით უმეტეს, რომ ჭირისუფალთა თქმით, მისი ცხედარი ისე იყო გაყინული, ახლაც კი ლღვებაო. მაშინ მე-15 და მე-16 დაწესებულებებში ადვოკატებსაც არ უშვებდნენ. ამანათების შეტანა და სატელეფონო საუბრებიც კი შეზღუდული იყო.

- 700-მდე პატიმრის, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის - თქვენი და სახალხო დამცველის პროტესტის მიუხედავად, ციხეებში ვითარება მაინც არ იცვლება.

- არც შეიცვლება, ვიდრე ომბუდსმენი თავის პოზიციას არ დააფიქსირებს და მთელი საზოგადოება ორგანიზებულად არ გააპროტესტებს ამ ყველაფერს, მაგრამ ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ... ჩემთვის ხათუნა კალმახელიძე არანაირი კადრი არ არის და არაფერს ხელმძღვანელობს. ამ სისტემას დღემდე ბაჩო ახალაია და მისი კადრები "პატრონობენ". როცა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაიყვანეს, მისი კადრებიც გაათავისუფლეს, ბაჩო ახალაიამ კი თავდაცვის სამინისტროდან უკლებლივ ყველა კადრი შსს-ში გადაიყვანა. მის "მარჯვენა ხელებს" შაშკინი და კალმახელიძე ვერ შეეხნენ. პატიმრების თქმით, სწორედ ახალაიას სახელს უკავშირდება პატიმრებზე სასტიკი ზეწოლა.

ვაპირებთ უკლებლივ ყველა ფაქტი, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციარულ სისტემაში აღვრიცხეთ, საერთაშორისო საზოგადოებრიობას მივაწოდოთ. იმედია, ერთხელ მაინც მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)