"სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - რას ჰყვება ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და პოლიტიკაზე? - კვირის პალიტრა

"სხვადასხვა მხარეს ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა..." - რას ჰყვება ნუცა თოფურია ჯარიმებზე, აქციებსა და პოლიტიკაზე?

ნუცა თოფურიას პოლიტიკური პროტესტი და სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი მეგობრები

"ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა"

მომღერალი ნუცა თოფურია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 თებერვალს, რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვის გამო, სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. ნუცა თავად გვიამბობს, რა გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს, როგორ აფასებს აქციების 110-დღიან პერიოდს და ურთიერთობებს ახლობელ ადამიანებთან, რომლებიც მისგან განსხვავებულ პოლიტიკურ მხარეს აღმოჩნდნენ.

- თეატრში შევდიოდი, ორი საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა და მთხოვეს, შევჩერებულიყავი, შემდეგ კი ამიხსნეს, რომ მე ვიყავი სამართალდამრღვევი, რის გამოც, ვჯარიმდებოდი. ჩემში იმდენნაირი ემოცია აირია, ის წუთები არასდროს დამავიწყდება. ამ დროს სრულიად მარტო ვიყავი პატრულის 4 თანამშრომლის პირისპირ, იმ პიროვნებას, რომელსაც ჯარიმის ფურცელი ეჭირა, ხელი უკანკალებდა, ოთხივე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ეტყობოდათ, დიდი უხერხულობის განცდა ჰქონდათ.

როდესაც ეს ამბავი გავასაჯაროვე, ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემს უფლებებს დაიცავდა. მოგეხსენებათ, ის ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატია. მე და თორნიკემ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, მაგრამ ეს უწყება იმდენად გაჭედილია, არავინ იცის, პროცესი როდის იქნება. იმდენი ადამიანია დაჯარიმებული, საქმეების განხილვას ფიზიკურად ვერ აუდიან. 2 თვის წინ დაჯარიმებული ადამიანებისთვის, ჯერ სამხილებიც კი არ წარუდგენიათ. ეს პროცესი ძალიან გაიწელება.

- გზის გადაკეტვას გედავებიან, თავად ის საღამო როგორ გახსოვს?

- 16 თებერვალი იყო, დღე, როდესაც ბათუმში 2 ბავშვი დაიღუპა. იმ საღამოს სახლში ვერაფრით გავჩერდი, ისე დაემთხვა, რომ თავისუფალი დღე მქონდა და აქციაზე ადრე გავედი. სხვა შემთხვევებში, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ისე ხდებოდა, ყოველთვის გადაკეტილზე მივდიოდი. მართალია, იმ დღეს ადრიანად მივედი, მაგრამ მე გზა არ გადამიკეტავს. იმ ნაკადში, რომელიც ქუჩაზე ერთიანად გადადის, მე არ ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ვიქნები კამერებში, პარლამენტის წინ ვტრიალებდი. როგორც მითხრეს, მოსამართლეს სულ რომ უმტკიცო, ის კადრი, რომელიც გაქვთ, სხვა დღეს არის გადაღებულიო, მაინც თეთრზე შავს გიმტკიცებენ, რაც არ უნდა უთხრა, აზრი არ აქვსო. იციან, რომ უნდა დაგაჯარიმონ, რადგანაქტიური ხარ სოციალურ ქსელებში, დადიხარ აქციებზე და ა.შ. ეგონათ, რომ შემეშინდებოდა, აღარ გავიდოდი, პროტესტს მოვუკლებდი.

არიან ფონდები, რომლებიც ამ ჯარიმებთან მარტო არავის ტოვებენ. როგორც კი ვიდეო დავდე, ვინ აღარ მომწერა. საადვოკატო ბიუროები მეუბნებოდნენ, რომ მომსახურებას გამიწევდნენ. ადამიანები მთხოვდნენ, ანგარიშის ნომერი დამედო და ამ თანხას 5 წუთში ამიგროვებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო.

- 100 დღეზე მეტია, აქციები იმართება, ამ პერიოდს როგორ შეაფასებ, რა დაინახე, რაში დარწმუნდი?

- ვნახე, საქართველოში რა მაგარი ადამიანები ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, მოსახლეობის იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომლებიც აქციებზე დადიან. ისინი დიდ რისკზეც მიდიან, მით უმეტეს, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები თუ არიან. თუ არაფერი შეიცვალა და ისევ ეს მთავრობა დარჩა, ამ ადამიანების მომავალზე ძალიან იმოქმედებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ აქციებს არ ჰყოლია ორგანიზატორი. ეს შეკრებები ყოველ დღე ბუნებრივად ხდება. დღეს რუსთაველის გამზირი არის ქვეყნის მთავარი არტერია, ერთი დღეც თუ არ გადაიკეტება, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს, ამდენხნიანი შრომა წყალში ჩაგვეყრება.

- რა მოლოდინი გაქვს?

- ყოველთვის ყველაფერში დადებითის დანახვას ვცდილობ. ძალიან მინდა, ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღოს. მნიშვნელოვანი შედეგებიც გვქონდა. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რომ არა ჩვენი აქტიურობა და აქციები, არ მოხდებოდა.

- მაგალითად?

- ვიღაცები გვეუბნებიან, რუსთაველზე ტყუილად რატომ დგახართო? ჩვენ ტყუილად ვიდექით, მაგრამ ისე მოხდა, რომ პრეზიდენტმა ინაუგურაცია დახურულ შენობაში ჩაატარა. მერმა ნაძვის ხე ვერ აანთო. გარკვეულწილად, შეიზღუდა ჩვენი მთავრობა და რაღაცები თავისუფლად ვერ გააკეთეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქციებმა შედეგი გამოიღო. სანქციები, რომელიც მთავრობის წევრებს დაუწესეს, ჩვენი პროტესტის შედეგია. ჩვენს ბრძოლას ხედავენ ჩვენი უცხოელი მეგობრები.

110-ე დღეა მოსახლეობა ქუჩაში დგას, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, კარგია, იქ რომ დგანან, ჩვენს ეკონომიკას ძალიან კარგ საქმეს უკეთებენ, იდგნენო. მგონია, რომ ამის თქმა ძალიან სასაცილოა.

- მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ეს რომ მართლაც ასე მოხდეს, შენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ქართული ოპოზიციური სპექტრი საიმედოა?

uxhvmh6e-1742240729.jpg

- ვერ ვიტყვი, რომ საიმედოა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, ვინც აქციებზე დგახართ, "ნაცები" ხართო. 25 წლის ვარ, მიშა რომ ხელისუფლებაში მოვიდა, 3 წლის ვიყავი, რომ წავიდა, ისევ ბავშვი ვიყავი, შესაბამისად, არაფერი მახსოვს, როგორ შეიძლება "ნაცი" ვიყო.

რაც გავიზარდე და ჩემი აზრები, შეხედულებები ჩამომიყალიბდა, ეს ყველაფერი ამ მთავრობის პირობებში მოხდა. მიშაზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე" უნდა ილაპარაკონ ჩემზე უფროსებმა, ისინი მათ მმართველობას მოესწრნენ.

- ეს ხომ ჩვენი უახლოესი წარსულია, არსებობს კადრები, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ყველაფერი კარგად ახსოვს.

- კი, ბატონო, გვესმის ეს ყველაფერი რა და როგორ იყო. ვიცი, რომ იმ დროსაც ბევრი ცუდი რამ ხდებოდა. ჩემთვის ოპოზიცია არ არის საიმედო, მაგრამ ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რადგან აქციებზე გავდივარ, "ნაცების" მხარდამჭერი ვარ. ისინი ძალიან ცუდები თუ იყვნენ, დღეს ხელისუფლებაში ხომ აღარ არიან.

- მოსვლა ხომ უნდათ, არა?

- მე მგონია, რომ მათ ხელისუფლებაში აღარავინ მოუშვებს. უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა ქართულ პოლიტიკაში.

- აქამდე რატომ არ გამოჩნდა?

- არ ვიცი, გულით მინდა, რომ ეს მოხდეს, ალბათ, საშუალებასაც არ აძლევენ.

ფაქტია, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს მთავრობაში არიან, უნდა წავიდნენ. რაღაცას არასწორად აკეთებენ, მოსახლეობას აღიზიანებენ, ჩვენი ქვეყნის განვითარება არ უნდათ, მე პირადად, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ვიღაცები რომ ჭკუას მარიგებენ და მეუბნებიან, შენ რა გესმისო, მაშინ ვინმე გამოვიდეს და წესიერად ამიხსნას, არასწორი რაში ვარ? ასეთი არავინ ჩანს. დამაჯეროს ვინმემ, რომ ეს მთავრობა კარგია და შეიძლება რუსთაველზე აღარც გავიდე, რადგან ახალგაზრდა ვარ და ბევრი დეტალი არ მესმის. ფაქტია, ასეთი ადამიანი აქამდე არ გამოჩნდა.

nuca-topuria-1701951929.jpg

- ნუცა, შენმა აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ, პოლიტიკურმა შეხედულებამ, პირად ურთიერთობებზე გავლენა იქონია?

- რა თქმა უნდა, იქონია, ეს ძალიან მტკივნეული და ემოციურია. სანამ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ვამბობდი, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, როგორ შეიძლება, პოლიტიკური შეხედულების გამო, ადამიანი დაკარგო? მაშინ თავს მშვიდად ვგრძნობდი, ჩემი გარემოცვა ერთ აზრზე ვიყავით. როცა ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში გამოკეტავ, არ შემიძლია, ამ ფაქტს გულგრილად შევხედო. ანდრო ჩემი მეგობარია და კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორი პიროვნებაა, ვიცი, ის უდანაშაულოა.

- არიან ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობდი და პოლიტიკური შეხედულების გამო, კავშირი აღარ გაქვს?

- რომ გველაპარაკოს და კავშირი გაგვეწყვიტოს, ასე არ მომხდარა, მაგრამ ეს ამბები ჩვენს ურთიერთობას ძალიან დაეტყო, შესამჩნევია.

- ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, "მეგობრობაზე მეტი" იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.

- დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.

- მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?

- მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.

po3kiapw-1742240541.jpg

- შემოქმედები საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- ახალ სიმღერაზე მუშაობისგან თავს ვიკავებ, არც ხალისია, არც მზაობა. 26 ნოემბერს ეს ამბები რომ დაიწყო, ყველა ივენთი გავაუქმე და 14 თებერვლამდე გაფიცული ვიყავი. არავინ იცის, ეს პროცესი როდემდე გაგრძელდება და არსებობა ჩვენც გვჭირდება. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ პატარა საღამოები ჩამეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ესეც არ მეხალისებოდა, მაგრამ ჩემი მსმენელიც მონატრებული მყავდა.

თამუნა კვინიკაძე

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE