"იმდენად ხისტ პოლიტიკაზე გადავიდა ხელისუფლება, რომ ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან" - კვირის პალიტრა

"იმდენად ხისტ პოლიტიკაზე გადავიდა ხელისუფლება, რომ ამას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან"

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის გაანალიზება "საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელ კახა კახიშვილს ვთხოვეთ:

- ბატონო კახა, წინა კვლევებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც კითხვას "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, წახვიდოდით თუ არა?" დადებითად (75%) პასუხობს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ზრდა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხარჯზე მოხდა?

- ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია, მაგრამ ძალიან კარგია, ამდენი მოქალაქე თუ აპირებს არჩევნებზე წასვლას. რაც მეტი მივა საარჩევნო ყუთთან, მით შედეგიანი იქნება არჩევნები. შესაბამისად, მისასალმებელია მოსახლეობის აქტიურობა. რაც შეეხება ამის მიზეზს, დღეს საკმაოდ პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება, რაც NDI-ის კვლევებშიც გამოჩნდა, აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსთა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებმა, მოსახლეობისთვის იმის ახსნამ, თუ რა მნიშვნელოვანია არჩევნებზე წასვლა, როგორც ჩანს, ნაყოფი გამოიღო. ისე, ამ კვლევაში ჩემთვის მნიშვნელოვანი უფრო სხვა საკითხი იყო. ვგულისხმობ, ერთ კითხვას, რომლის მსგავსიც, მგონი, არასდროს მინახავს და რომელიც შეეხება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე გამოსვლას. ვიმეორებ, ასეთი ტიპის კითხვა კვლევებში არასოდეს შემხვედრია. ვეკითხები კითხვარის შემდგენელს: რატომ დაისვა ეს კითხვა ამ ფორმით და რატომ მაინცდამაინც ივანიშვილის კონტექსტში დასვეს ეს კითხვა და არა სხვა რომელიმე პოლიტიკოსის? ვფიქრობ, ამგვარი კითხვა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისე, რომ თითქოს ივანიშვილი მხოლოდ ქუჩაზეა ორიენტირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თუ შენიშნეთ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულმა რამდენიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა ამ ცოტა ხნის წინ იგივე განაცხადა, რომ თითქოს ივანიშვილის პოლიტიკა მხოლოდ ქუჩაა და უცებ კვლევაშიც ეს კითხვა გაჩნდა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარი კვლევები ემსახურება ორ მიზანს: პირველი - ქვეყანაში მოსახლეობის განწყობის ჩვენებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევები ითარგმნება და იგზავნება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დაინტერესებულ პირებთან საზღვარგარეთ. თუ აქ კიდევ ვინმე ამბობს, რომ კვლევას არ ენდობა, დასავლეთში ამ მონაცემებს უკვე დადგენილ ჭეშმარიტებად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ რეალურად ასეთია საზოგადოების განწყობა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს კითხვა მიზანმიმართულად არის მოხვედრილი ამ კვლევაში და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ ქუჩის გზით აპირებს. ეს გათვლილია უფრო საგარეო მოხმარებაზე, რათა შემდგომ ხელისუფლებას ჰქონდეს შექმნილი საფუძველი იმისა, რომ თუ ეს მართლაც მოხდა, ქუჩაში გასული ხალხის წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხი გამოიყენოს, მათ შორის - ძალადობრივიც.

- კითხვას, "არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?", გამოკითხულთა 43%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.

- ამასთან, 18% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 38% დადებითად პასუხობს. გამოდის, 61% მიიჩნევს, რომ დემოკრატია არ არის. ეს უპირველესად უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომელიც გაუთავებლად ლაპარაკობს წარმატებულ რეფორმებზე. სავარაუდოდ, ამგვარ შედეგზე იმოქმედა ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, ამ გაუთავებელმა უაზრო დაჯარიმებებმა და დაყადაღებამ; ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენამ, რომლებიც არეულობას თესავენ ხალხში და ცდილობენ მათ დაშინებას. მოკლედ, იმდენად ხისტ პოლიტიკაზე გადავიდა ხელისუფლება, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ კვლევებს არ ვენდობი. საქმე ის არის, რომ ამ გარემოში ჩემმა ორგანიზაციამაც რომ ჩაატაროს კვლევა, შეიძლება მონაცემები მაინცდამაინც სანდო მაშინაც არ იყოს ჩემთვის, რადგან ვითარება არ იძლევა საშუალებას დავიჯეროთ, რომ ადამიანი, რომელიც იძლევა პასუხებს, გულწრფელია. ძალიან დიდია შიშის ფაქტორი, ხალხი რეპრესიების შიშით ერიდება პოლიტიკაზე ლაპარაკს. დააკვირდით, ამ კვლევაშიც კი გამოჩნდა ეს, - სოციალურ თემატიკაზე გაცილებით ბევრი ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკურზე.

- კვლევაში გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (69%) მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია, თუმცა, ამავდროულად 54%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.

- სწორედ ამაზე ვამახვილებდი ყურადღებას. ერთი მხრივ, ადამიანს არაფერი აქვს დასაკარგი, როდესაც ლაპარაკობს თავის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, უფრთხის რა პოლიტიკურ რეპრესიებს, თავს არიდებს იმის პოლიტიკურად გაანალიზებას, თუ ვინ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. გულწრფელია სოციალურ კითხვებზე პასუხისას, მაგრამ როგორც კი იმაზე მიდგება საქმე, თქვას, ვისი ბრალია მისი რთული სოციალური მდგომარეობა, მაშინ მცდარ პასუხს იძლევა.

- უცნაურად არ მოგეჩვენათ, რომ კითხვარში არ არის შეტანილი კითხვა ყოფილი კონტროლის პალატის, ახლა კი უკვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის თაობაზე?

- NDI-ის ხელმძღვანელმა ნავარომ ბრძანა, როდესაც კვლევის მომზადება დავიწყეთ და კითხვარს ვადგენდით, ასეთი აქტიური არ იყო ეს ორგანიზაცია და შესაბამისად, ხალხსაც არ აინტერესებდა კონტროლის პალატაო. ეს არადამაჯერებელი არგუმენტია. როგორც მახსოვს, წინა კვლევის შედეგები თებერვალში რომ გამოაქვეყნეს, კონტროლის პალატის საქმიანობის სტილი იმჟამადაც ისეთი აქტუალური იყო, რომ მაშინაც ჰკითხეს ნავაროს, რატომ არ მოხვდა კითხვარში ეს თემაო და მაშინაც ანალოგიური რამ უპასუხა. კონტროლის პალატა აქტუალური როგორ შეიძლებოდა არ ყოფილიყო, როდესაც პირველ დღეებში ლამის ნახევარი საქართველო დაიბარეს და დაჰკითხეს. სიმართლე გითხრათ, კვლევის ის ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა, უფრო იმ პოლიტიკური რეიტინგების საფუძველი მგონია, რომელსაც მომავალ კვირას გააცნობს NDI პარტიებს. საქმე ის არის, რომ ამ ნაწილში თითქოს ზოგიერთი საკითხი ასახავს რეალობას, თუმცა, მეეჭვება რეიტინგებშიც იგივე იყოს, სამაგიეროდ, შემდეგ გვეტყვიან, კი, მაგრამ ერთის თუ გჯერათ, მეორესი რატომ არაო? ამიტომაც ამ კვლევას ეჭვით ვუყურებ. ცოტა უცნაური კი იქნება, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა 60%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ასევე ძალიან დიდი პროცენტი ამბობს, რომ სოციალურად დაუცველია, "ნაციონალური მოძრაობას" ისევ 50% ან უფრო დიდი რეიტინგი თუ ექნება. საინტერესოა, ამას როგორ ახსნიან სოციოლოგები?

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)