კომპრომატების "საიდუმლო სია", რომელსაც ბურუსით მოცული სიკვდილი მოჰყვა - რა აკავშირებდა ტრამპს მულტიმილიონერ ბიზნესმენთან, რომელიც სექსსკანდალის გამო ციხეში იჯდა
2025 წლის იანვრის ბოლოს სენატორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარშა ბლექბერნმა და წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ასევე რესპუბლიკელმა ტიმ ბერჩეტმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს მოუწოდეს, „გრიფით საიდუმლო“ მოხსნას 2019 წლის 10 აგვისტოს გარდაცვლილი მულტიმილიონერი ფინანსისტის და სექსუალური ტრეფიკინგის სკანდალში მთავარი ბრალდებულის, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებს. შეიძლება გახსოვთ, რომ დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მისცა დაპირება ამერიკელებს, რომ გაასაჯაროებდა პრეზიდენტ ჯონ კენედის, სენატორ რობერტ კენედისა და უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების გამოძიების მასალებს. რა თქმა უნდა ამის გაკეთება ტრამპს ჯერ კიდევ 2017-2021 წლებში შეეძლო, ხელს ვინ უშლიდა? თუმცა მოლოდინი მაინც არსებობს, რომ მსოფლიო რაიმე ახალს შეიტყობს და არა მხოლოდ შავად დაშტრიხულ საგამოძიებო დოკუმენტებს იხილავს.
სინტერესოა, ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი, რომლის სიცოცხლე სკანდალური ისტორიებით იყო გამორჩეული და სიკვდილიც ბევრ ვერსიასა და ეჭვს წარმოშობს? რა აკავშირებდა მას აშშ-ის ყოფილ თუ მომავალ პრეზიდენტებთან, მონარქებთან, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და ცნობილ სპორტსმენებთან?
1953 წლის 20 იანვარს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ებრაულ ოჯახში დაბადებული ჯეფრი თავიდანვე გამოირჩეოდა მათემატიკის დიდი ნიჭით და რთული საფინანსო ოპერაციებითაც ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა. ამიტომაც, 23 წლისა უკვე საინვესტიციო ბანკში მიიღეს უმცროს ტრეიდერად. ხუთი წლის შემდეგ ჯეფრი ეპშტეინმა საკუთარი კონსალტინგური ფირმა დააარსა და მალევე მიაღწია დიდ წარმატებებს. გარდაცვალებამდე მისი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, 500-დან 700 მილიონ დოლარამდე მერყეობდა. მისი გატაცება წვეულებები, „ფეშენ“ საზოგადოებაში ტრიალი, ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა და ლამაზი ქალბატონები იყვნენ (რამაც დაღუპა კიდეც). ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფინანსისტი იყო, როდესაც მასზე ექვსი წლით უფროსი, ამბიციური მილიონერი დონალდ ტრამპი გაიცნო, ეს გასული

საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მოხდა და მალევე დამეგობრდნენ, რადგანაც ძალზე ბევრი ჰქონდათ საერთო. ისინი განსაკუთრებით სილამაზის კონკურსებისა და სამოდელო სააგენტოების ხშირი სტუმრები იყვნენ. 1992 წელს ამერიკელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებული წვეულება, რომელზეც მხოლოდ ჯეფრი ეპშტეინი და 28 მოდელი გოგონა იყვნენ მიწვეულნი. ალბათ, ამიტომაც აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა 1996 წელს „მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსის ჩატარების უფლება იყიდა, ხოლო 1999 წელს სამოდელო სააგენტოც დააარსა. ეპშტეინი ხშირად ესწრებოდა Victoria's Secret-ის ჩვენებებს და დამწყებ მოდელებს ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში მასპინძლობდა. არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მოდელი მელანია კნაუსი (მომავალი მელანია ტრამპი) 1998 წელს ჯეფრი ეპშტეინის მიერ ნიუ-იორკში მოწყობილ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.

დონალდის და ჯეფრის მეგობრობას ისიც უწყობდა ხელს, რომ პალმ ბიჩში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ეპშტეინი ყველას ეუბნებოდა, რომ მელანია დონალდს მან გააცნო, ტრამპს კი ეს რატომღაც არ მოსწონდა ხოლმე... New York Magazine-ს 2002 წლის 28 ნოემბერს დონალდ ტრამპმა განუცხადა: „მე 15 წელია, ვიცნობ ჯეფს. ის შესანიშნავი და მხიარული ბიჭია, ცხოვრებით ტკბება. მასთან სახალისოა ურთიერთობა. ამბობენ, რომ მასაც ისევე უყვარს ლამაზი ქალები, როგორც მე და ბევრი მათგანი საკმაოდ ახალგაზრდაა“. თუმცა 2004 წელს მათ შორის მოზრდილმა „შავმა კატამ“ გაირბინა და ყოფილი მეგობრები ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ ელაპარაკებოდნენ.
მაშინ ჯეფრი ეპშტეინმა მართლაც შორს შეტოპა: დონალდ ტრამპის პიკანტური გართობის ამსახველ ფარულად გადაღებულ ფოტოსურათებს ყველა სტუმარს აჩვენებდა.
ამერიკელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ პალმ ბიჩში, ჯეფრი ეპშტეინის სახლში გამართულ წვეულებებზე ათეულობით ახალგაზრდა მოდელი არასრულწლოვანი გოგონა იმყოფებოდა, რომელთაც ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ევროპელ მონარქებსა და არაბ შეიხებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და ცნობილ სპორტსმენებს აცნობდნენ.
ეპშტეინი კი, მომავალში დაშანტაჟების მიზნით, ფარულად იწერდა ამ ორგიებს. სრულიად დასაშვებია, რომ ჯეფრისა და ტრამპს შორის დაპირისპირებაც ფარული ფოტოვიდეოგადაღებების გამოც მოხდა.
არასრულწლოვანი გოგონების მონაწილეობით ჯეფრი ეპშტეინის მიერ ორგანიზებული ორგიების შესახებ ინფორმაციამ ეფ-ბე-აიმდე გვიან, თუმცა მაინც მიაღწია და მალევე მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, რა დროსაც ჩვენება 30-მა გოგონამ მაინც მისცა. 2008 წელს მულტიმილიონერმა ეპშტეინმა გამოძიებასთან საპროცესო გარიგება დადო: პროსტიტუციის ორგანიზებაში ბრალდება აღიარა და თავიდან აიცილა სამართლებრივი დევნა შანტაჟისთვის. მან ციხეში 13 თვე გაატარა (თუმცა კვირაში ექვსი დღე, 12 საათით, სამსახურში წასვლის უფლებას აძლევდნენ და საპატიმროში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა), ასევე, აღრიცხვაზე აიყვანეს, როგორც სექსუალური მოძალადე. ამავე დროს ეპშტეინმა ფულადი კომპენსაცია გადაუხადა იმ გოგონებს, რომლებიც მას უჩიოდნენ.
მაშინ ჯეფრი ეპშტეინის სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს რამდენიმე ფარული გადაღებისთვის შენიღბული ვიდეოპარატურა, ასევე, ფოტოსურათები და ვიდეოკასეტები, თუმცა ვერ მიაგნეს მის ჩანაწერებსა და უბის წიგნაკებს, სადაც ყველა „კლიენტის“ (მათ შორის, მეგობარი დონალდის) მონაცემები (ტელეფონი, ვიზიტის დრო, გემოვნება და ა.შ.) ჰქონდა აღრიცხული. ეს „ცხელი ნივთმტკიცებები“ უკვე ათი წლის შემდეგ, 2019 წელს იქნა ამოღებული. ამ შუალედში კი, გაგიკვირდებათ და, ჯეფრი ეპშტეინი „დიდ პოლიტიკაში“ ჩაერთო. რა თქმა უნდა, მისი რეპუტაციის კაცს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არც უფიქრია, თუმცა კულისებიდან აქტიურობდა.

2009 წელს ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში ეპშტეინი "პუტინის ახლო გარემოცვის წევრთან" მოსალოდნელ შეხვედრის შესახებ წერს. საინტერესოა, ვინ და რა მიზნით უნდა შეხვედროდა არასრულწლოვნებზე მოძალადე ამერიკელ ბიზნესმენს, რომელიც სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა?
ხომ არ უკავშირდებოდა ეს შეხვედრა ეპშტეინის სამალავებში არსებული კომპრომატების გაყიდვას? ამერიკული მედია წერდა, რომ ეპშტეინი 2010 წელს მის ხელთ არსებული ინფორმაციის პრესისთვის გადაცემით იმუქრებოდა.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჯეფრი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. ჯეფრი ეპშტეინის ოფისში აღმოჩენილი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ 2015-2017 წლის თებერვლამდე პერიოდში ის, სულ მცირე, რვაჯერ (!!!) შეხვდა... რუსეთის წარმომადგენელს გაეროში - ვიტალი ჩურკინს. ეს ის ჩურკინია, რომელიც 2008 წლის 10 აგვისტოს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიდა და ამტკიცებდა, რომ, თურმე, ქართველებმა „ცხინვალში 2 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 30 ათასი ადგილობრივი ოსი ლტოლვილი გახდაო“. ამ და სხვა დეზინფორმაციისა და ფარისევლობისთვის ჩურკინმა უფლის წინაშე აგო პასუხი, ეს ცხრა წლის შემდეგ მოხდა, თუმცა როგორც იტყვიან: „სამართალმა პური ჭამა“. რა საერთო უნდა ჰქონოდათ ჯეფრი ეპშტეინსა და ჩურკინს? 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსი მაღალი რანგის დიპლომატი ვიტალი ჩურკინი, ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე, ღიად უჭერდა მხარს რესპუბლიკელ კანდიდატს: ერთ-ერთ ინტერვიუში მან ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ ორჯერ შეხვდა მისტერ დონალდ ტრამპს (პირველად 1986 წელს) და რომ მასზე ტრამპმა "წარუშლელი შთაბეჭდილება" მოახდინა. ბუნებრივია, ამით ის რუსეთის პოზიციას გამოხატავდა და პუტინის დავალებას ასრულებდა.
2016 წლის ოქტომბერში ეპშტეინმა სადილი გამართა, სადაც ვიტალი ჩურკინი და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნების შტაბის წევრი, მილიარდერი და „ღია გეი“, PayPal-ის თანადამფუძნებელი პიტერ ტილი იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ამ

„სამ (?) მუშკეტერს“ კიდევ ერთი მილიარდერი და ტრამპის სპონსორი - ტომ ბარაკი შეემატა. რას ეძღვნებოდა ეს „საიდუმლო სერობა“ დღემდე უცნობია, რადგანაც ორი მონაწილე საეჭვო და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მილიარდერები კი ჯერ დუმან. პირველად ვიტალი ჩურკინის ცაზე „ჩამოჰკრა უბედურების ზარმა“.
2017 წლის 20 თებერვალს ნიუ-იორკში, ადგილობრივი დროით 17-00 საათზე, გაეროში რუსეთის მისიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში, 65 წლის ვიტალი ჩურკინმა გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს, თუმცა - უშედეგოდ: ის მალევე გარდაიცვალა. მაღალი დონის რუსი დიპლომატის ასეთი მოულოდნელი სიკვდილი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ ვითარებაში ძალზე უცნაურად ჩანდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი განცხადება: ვიტალი ჩურკინი გულის შეტევით გარდაიცვალაო. ამერიკელ ექიმებს, რომლებიც გასტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ანალიზების ჩატარებას აპირებდნენ (რაც საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა) ამის უფლება არ მისცეს და ერთი დღის შემდეგ ჩურკინის ცხედარი მოსკოვში „აეროფლოტის“ რეისით გადაასვენეს. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული იმდენი „გულის შეტევით“ გარდაცვალება გვახსოვს, რომ ამ შემთხვევაშიც ბევრი ლოგიკური კითხვა გაჩნდა, თუმცა მთავარი მაინც ერთია: რა საიდუმლო ინფორმაცია გაიყოლა სამარეში ვიტალი ჩურკინმა აშშ-ის შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შესახებ და თავადაც ხომ არ ემსხვერპლა ამ საიდუმლოს?
ბევრის ცოდნა ხომ საშიშია ჯანმრთელობისთვის?!
ორი წლისა და ექვსი თვის შემდეგ ჩურკინს ჯეფრი ეპშტეინი მიჰყვა: ის 66 წლის ასაკში ბოლომდე დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. 2019 წლის გაზაფხულზე ამერიკის რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა ინფორმაცია 2008 წელს ეპშტეინსა და პროკურატურას შორის საპროცესო გარიგების დროს ეპშტეინისთვის გაწეული უკანონო შეღავათების შესახებ. 2019 წლის 7 ივლისს ეპშტეინი დააკავეს და ბრალი კვლავ ძველი დანაშაულისთვის (არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ორგანიზება) წაუყენეს, რაც აშკარად არღვევდა საპროცესო გარიგების პირობებს. ეპშტეინს 45 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ დაკავებიდან 38 დღის შემდეგ ის ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ამ ფაქტს ბევრი საეჭვო გარემოება უძღოდა წინ.
2019 წლის 23 ივლისს ეპშტეინი საკანში იპოვეს ნახევრად უგონო მდგომარეობაში, კისერსა და ყელზე დახრჩობის მცდელობის ნიშნებით. დაზიანებების ხასიათიდან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ მან თავის ჩამოხრჩობა სცადა, თუმცა არსებობდა ვერსიაც, რომ მას თანასაკნელი დაესხა თავს. გამოჯანმრთელებული ეპშტეინი მოათავსეს სპეციალურ საკანში, რომელიც მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ იყო. თუმცა 2019 წლის 29 ივლისს ეპშტეინი დააბრუნეს სტანდარტულ საკანში, სადაც მას თანამოსაკნე ეყოლებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ თვითმკვლელობა. თუმცა რატომღაც 2019 წლის 9 აგვისტოს ეპშტეინის თანასაკნელი სხვა საკანში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ ეპშტეინი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. შემდეგ გაირკვა, რომ ამ პერიოდში საპატიმროს თანამშრომლებს საკანი არ შეუმოწმებიათ და არც ვიდეოკამერები მუშაობდა. სამედიცინო ექსპერტიზის და ცხედარის გაკვეთის შემდეგ სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. ბუნებრივია, ამდენმა „შემთხვევითობამ“ ლოგიკური შეკითხვები წარმოშვა. ჯეფრი ეპშტეინის ოჯახის მიერ დაქირავებულმა სასამართლო პათოლოგანატომმა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია უარყო და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სამედიცინო პრაქტიკის მანძილზე კისრის და ყელის ამგვარი დაზიანებები თვითმკვლელობის დროს არ უნახავს და ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები მკვლელობის ვერსიას ამყარებსო. ფაქტია, რომ ცოცხალი ჯეფრი ეპშტეინი ძალზე ბევრისთვის იყო საშიში. მისი „საიდუმლო სია“ კი, სავარაუდოდ, უკვე მათ ხელშია, ვისაც ყველაზე მეტად ეშინოდა.
(მეექვსე ნაწილის დასასრული)