რას გადაეკიდნენ გუბაზ სანიკიძე და ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილს და რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციასთან გია ხუხაშვილს?!
"ოპოზიციაში ასეთი ტრენდია - ცდილობენ, ყველაფერი სხვებს გადააბრალონ", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - ლევან ხაბეიშვილისა და გუბაზ სანიკიძის იმ განცხადებებს, სადაც ისინი სალომე ზურაბიშვილზე საუბრობენ, რომ „ის აღარ არის პრეზიდენტი“, „ის უკვე ძალიან სუსტია“ და ა.შ. „სალომე ზურაბიშვილმა რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“ - ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებით კი, „ზურაბიშვილი ვალდებული იყო, რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა... მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. დიდი ინტერესიც არ მაქვს... რაც შეეხება კოორდინაციას: „ამას ვიზამ“, ზეგ, შესაძლოა, „ვაიმეო“ თქვან. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, უსმინოს ამას.“ რა ხდება ოპოზიციაში, რა არ მოსწონთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელებს და რას უნდა ველოდოთ 31 მარტს ამის შესახებ გია ხუხაშვილი ვრცლად გვესაუბრება.
გია ხუხაშვილი:
- ხაბეიშვილმა და, ზოგადად, "ნაციონალებმა" სჯობს, საკუთარ პარტიას მიხედონ და საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, რატომ არ იკარებენ პროტესტის მონაწილეები, რატომ არ აღიარებენ მათ ლიდერობას და რატომ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც პროტესტის კაპიტალიზაცია შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი კვებავს „ქართულ ოცნებას“, მთელი 12 წლის განმავლობაში. მმართველი გუნდი სწორედ მათგან ქმნის ბუას და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ მათი „დამსახურებით“ არის ამ დრომდე ხელისუფლებაში. ასე რომ, პრობლემები და „თავის ტკივილები“ თავიანთ მხარეს მოიკითხონ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მეც მაქვს მასთან პრეტენზიები იმის გამო, რომ ეფექტიანად არ მოქმედებს, აგვიანებს...
- რას გულისხმობთ, რისი გაკეთება შეუძლია და რას აკეთებს ან რის გაკეთებას აგვიანებს?
- მას აქვს რესურსები, რომელსაც არ იყენებს და მაინტერესებს, რატომ არ იყენებს. ქუჩაში გამოსულ პროტესტს სჭირდება სტრუქტურირება, მაგრამ ამის გამკეთებელი სალომე ზურაბიშვილის მეტი არავინ არის. ის კი ამის გაკეთებას აგვიანებს.
- კითხვებთან ერთად, ვერსიებიც ხომ არ გაქვთ, რატომ არ ან ვერ უნდა იყენებდეს მის ხელთ არსებულ რესურსებს?
- სხვათა შორის, არ მაქვს. ძალიან მომწონს მისი პოზიციონირება და მიდგომები, დასავლეთთან მიმართულებით, მაგრამ შიდაპროცესებია დასალაგებელი, დალაგებას კი პოლიტიკური გონი სჭირდება, რაც ოპოზიციურ ველზე, სალომე ზურაბიშვილის გარდა, არავის მოეკითხება. ის სულ ახალ-ახალ თარიღს ასახელებს, ახლა 31 მარტი დააანონსეს. მანამდე ორი კვირაა, დრო კი არ ითმენს.
- სხვათა შორის, გასული წლის გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც, რომ მისი სვლების შედეგად ქუჩაში გამოსული პროტესტი ნელ-ნელა მიილეოდა. თქვენი შეფასებით, არის თუ არა ახლა პროტესტი მილევად რეჟიმში?
- ასეც ვერ ვიტყვი, ეს არ არის პრობლემა, მართლა ის ხომ არ არის საქმე, ვინ უფრო მალე დაიღლება? პროცესს სჭირდება ლოგიკური განვითარება და ლოგიკური ფინალი. ფინალამდე კი საქმე მთავარსარდალმა უნდა მიიყვანოს.
ამ ოპოზიციას პროცესის მართვა კი არ უნდა, უკანა სავარძელზე ნებივრობა, გამარჯვების ხონჩით მირთმევა სურს. ასე არ ხდება პოლიტიკაში...
შეუძლებელია ომის მოგება, თუ მთავარსარდალი საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე უარს აცხადებს.
- შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე?
- მე არ ვიცი, უარს ამბობს თუ არ შეუძლია. ვერ გეტყვით.
- 31 მარტისგან თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- არაფერი! სამწუხაროდ, ამ მხრივ პოზიტიური გამოცდილება არ გვაქვს, უკვე რამდენჯერმე დასახელდა ესა თუ ის თარიღი, მაგრამ დათქმულ დროს არაფერი მომხდარა ისეთი, რაც პროცესს დინამიკას შესძენდა. ვნახოთ, ამჯერად თუ შეიცვლება რამე, ეს 31 მარტიც აღარ არის ძალიან შორს.
- ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 31 მარტს ოპოზიციური ერთობის გამოცხადება.
- არ მესმის, რას გადაეკიდნენ ამ ერთობას?! თუ საპროტესტოდ გამოსული საზოგადოებისთვის ეს ოპოზიციური ელიტა მიუღებელია, რა მნიშვნელობა აქვს, ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე?!
წესით, უნდა ცდილობდნენ კოორდინირებას, გრძელვადიან ამოცანებთან დაკავშირებით. ვის სჭირდება და ვინ ითხოვს მათი ერთ პარტიად ჩამოყალიბებას? საჭიროა კოორდინაცია და არა - გაერთიანება.
- თქვენი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პროტესტის მართვა შეუძლია. როგორ ფიქრობთ, მისი მანდატის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრიც მიუღებელი იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის?
- არც სალომე ზურაბიშვილის მანდატის ქვეშ არის საჭირო იმ პოლიტიკოსების გაერთიანება, რომლებსაც ხალხთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ. ნული რამდენჯერაც უნდა გაამრავლო ნულზე, მაინც ნულს მივიღებთ.
- ისიც უნდა ითქვას, რომ არათუ მთლიან ოპოზიციურ ველზე ვერ ხერხდება გაერთიანება, ცალკეულ პარტიებშიც უჭირთ პოლიტიკოსებს საერთო ენის გამონახვა. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავადვე ამბობენ, რომ ერთმანეთში შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
- ლოგიკურიც არის, რომ ვერ თანხმდებიან, ეს ყოველთვის ასე ხდება, როდესაც პარტიაში შიდაკრიზისია. ახლა ამის მომსწრენი ვართ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ შიდაკრიზისია, ამას ყველა ვხდებით, აგერ ოფისიც კი გაყიდეს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)