რა შეცდომები დაუშვეს ზელენსკიმ და მისმა გენერლებმა - კურსკიდან არაორგანიზებული სწრაფი უკანდახევის 3 მიზეზი - კვირის პალიტრა

რა შეცდომები დაუშვეს ზელენსკიმ და მისმა გენერლებმა? - კურსკიდან არაორგანიზებული სწრაფი უკანდახევის 3 მიზეზი

კურსკის ოლქის რამდენიმე საზღვრისპირა სოფელში ჯერ კიდევ რჩებიან უკრაინის არმიის ქვედანაყოფები, მაგრამ ნათელია, რომ ერთ-ორ დღეში ისინიც საბოლოოდ დატოვებენ რუსეთის ტერიტორიას და ამით დამთავრდება შვიდთვიანი „კურსკის ეპოპეა“ ანუ ოკუპანტი ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის ისტორიაც...

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა არც აპირებდა რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის მუდმივ ოკუპაციას და ეს სამხედრო ოპერაცია უფრო პოლიტიკური მიზნებით წამოიწყო, მაგრამ მაინც რა მოხდა, რომ შვიდი თვის განმავლობაში მძიმე ბრძოლებით შენარჩუნებული ათას კვ.კმ-ზე მეტი ოკუპირებული რუსული მიწის დათმობა უკრაინულ ძალებს სულ რაღაც შვიდ დღეში მოუწიათ, რასაც მოჰყვა მათი არორგანიზებული სწრაფი უკანდახევა, რაც გამოქცევაში გადაიზარდა და მნიშვნელოვანი მსხვერპლიც გამოიწვია?

თავად უკრაინელი,ასევე, უცხოელი სამხედრო ანალიტიკოსები, ძირითადად, სამ გადამწყვეტ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც რუსეთის არმიას კურსკის ფრონტზე ასეთი სწრაფი საბრძოლო წარმატების საშუალება მისცა:

პირველი - დრონების მასობრივი გამოყენება...

დრონების გამოყენების სიმრავლით რუსებს არც უკრაინელები ჩამოუვარდებიან და სწორედ მათი წყალობით იყო, როდესაც 2024 წლის 6 აგვისტოს კურსკის ოლქზე წამოწყებული მოულოდნელი შეტევა უკრაინელ სამხედროებს წარმატებული გამოუვიდათ, რადგან მათ მაშინ მოახერხეს რუსული დრონების დისტანციური მართვის რადიოსიხშირეების ჩახშობა.

ახლა კი რუსებმა რადიომართვად დრონებზე მეტად მასობრივად დაიწყეს ოპტიკურბოჭკოვანი კამიკაძე-დრონებით ბრძოლა ანუ დრონების მართვა რადიოტალღების (რომელთა ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ბევრად ადვილია) საშუალებით კი არა, არამედ -წვრილი ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით ხორციელდება, რომლებიც თავად დრონზე დამონტაჟებულ დოლურაშია დახვეული და ფრენის დროს იშლება.

ოპტიკურბოჭკოვანი დრონების მართვის სისტემის ჩახშობა რადიოელექტრონული აპარატურით ტექნიკურად შეუძლებელია, რაც კიდეც მოჩანს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ უთვალავ ვიდეოკადრში - მაშინ, როდესაც რადიომართვადი დრონი უახლოვდება სამიზნეს, ვიდეოგამოსახულებას ხარვეზები ისე ფარავს, რომ აღარაფერი მოჩანს, მაშინ, როდესაც ოპტიკურბოჭკოვნი სადენის გამოყენებით მართვადი კამიკაძე-დრონის ვიდეოკამერა მშვენიერ, ფერად გამოსახულებას გადმოსცემს, ბოლო წამამდე, როდესაც დრონი მოწინააღმდეგის ტანკის ღია ლუკში „ძვრება“ და ფეთქდება...

მეორე - კურკის სამხრეთ ნაწილში, ბრძოლებში, ასევე გადამწყვეტი როლი შეასრულა კიმ ჩენ ინის მიერ პუტინისთვის დასახმარებლად გამოგზავნილმა ათი ათასზე მეტმა ჩრდილოეთკორეელმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა.

მათი საბრძოლო ნათლობა გასული წლის ზამთარში შეიძლება, თავიდან წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ მათ მალევე აუღეს ალღო თანამედროვე ომის ნიუანსებს.

ამასთან, მხედველობაში მისაღებია ის გადამწყვეტი ფაქტორიც, რომ პუტინის გენერალიტეტი და მით უმეტეს - კიმ ჩენ ინის გენერლები, ნაკლებად ნაღვლობენ თავიანთი არმიების ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებს, მთავარია, მიღწეული იქნეს მიზანი...

მესამე - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოწყობილი, წინასწარ დაგეგმილი „კონცერტი“, უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მთელი მსოფლიოს დასანახად საჯაროდ „დატუქსვის“ ელემენტებით.

ამას მოჰყვა ამერიკული სამხდრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციების გადაცემის დროებით შეჩერება უკრაინის მხარისთვის, პუტინის არმიის მიერ კარგად იქნა გამოყენებული კურსკში მრავალმხრივი იერიშების წამოსაწყებად, ისე, რომ ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი -კრემლი და თეთრი სახლი წინასწარ მოლაპარაკებულები ხომ არ იყვნენ?

რისი დამატება შეიძლება?

პირველ რიგში, ეს ეხება უკრაინის პრეზიდენტის - ზელენსკისა და მისი გენერალიტეტის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის სერიოზულ სტრატეგიული და ტაქტიკური დონის სამხედრო-პოლიტიკურ შეცდომებს, რომლებიც, ასევე, გადამწყვეტი გახდნენ იმით, რომ უკრაინის საექსპედიციო კორპუსმა შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ ორგანიზებული უკანდახევა კი არ დაიწყო, კურსკის ოლქის დასატოვებლად, არამედ - ეს თითქმის პანიკურ გამოქცევაში გადაიზარდა...

ნუთუ ასეთი რთული გახლდათ იმის გათვლა, რომ რუსული მხარე დაიწყებდა სუმი-სუჯის დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო გზის „გამოთოფვას“ კამიკაძე-დრონების მასობრივი გამოყენებით, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა უკრაინული საექსპედიციო კორპუსის ლოგისტიკური მომარაგების შესაძლებლობებს?

განა იგივე ტაქტიკას არ იყენებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთ ფრონტზეც, მათ შორის ოპტიკურბოჭკოვანი კამიკაძე-დრონებით?

უკრაინელ სამხედროებს კურსკის ოლქი ჯერ კიდევ თვეების წინ ნელ-ნელა უნდა დაეტოვებინათ, როდესაც ნათელი გახდა, რომ წინ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ვეღარ წაიწეოდნენ, რადგან დაიკარგა მოულოდნელობის ეფექტი, ხოლო კურსკის ოლქის ნაწილის შვიდთვიანი ოკუპაციის შესანარჩუნებლად უკრაინის არმიას ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის იმხელა რესურსების დახარჯვა მოუხდა, რაც მათ ბევრად უფრო გამოადგებოდათ აღმოსავლეთ ფრონტზე, რუსი ოკუპანტებისგან უკრაინული ქალაქების დასაცავად...

რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილების ფაქტორს, რომ მისი ბრძანებით შეჩერებულმა სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემამ უკრაინის არმიისთვის, დიდად უარყოფითი როლი შეასრულა. ამას თავად ტრამპი კატეგორიულად უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ზელენსკის სახალხო „გაროზგვა“ მის კაბინეტში ვიცეპრეზიდენტთან ერთად ადრევე ჩაიფიქრა...

ასევე, ტრამპი აგრძელებს იმის მტკიცებას, თითქოს მისმა თხოვნამ პუტინისადმი, რომ კურსკში „ალყაში“ მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცები შეებრალებინა, შედეგი გამოიღო და ათასობით უკრაინელი ცოცხალი გადარჩა, რისი დაჯერებაც, ასევე, ძალიან ძნელია, რადგან თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ არავითარი „დიდი ალყა“ არ არსებობს და ტრამპი ამას თავისი საერთაშორისო „სამშვიდობო“ იმიჯის ასაწევად აკეთებს...

დღეს, 2025 წლის 18 მარტს, დაგეგმილია აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების გადამწყვეტი სატელეფონო საუბრის გამართვა, რომელზეც, წესით, უნდა გაირკვეს, დათანხმდება თუ არა პუტინი ომის 30 დღით „დაპაუზებას“ და თავისი მხრიდან - რა მოთხოვნებით...

TOP.GE