"600 დოლარად გამყიდეს. თურმე, ჩემს ბიოლოგიურ დედასთან და დასთან ერთად, ერთ რესტორანში ვიჯექი, ჩემი გამზრდელი დედის დაბადების დღეზე" - რას ჰყვება გოგონ - კვირის პალიტრა

"600 დოლარად გამყიდეს. თურმე, ჩემს ბიოლოგიურ დედასთან და დასთან ერთად, ერთ რესტორანში ვიჯექი, ჩემი გამზრდელი დედის დაბადების დღეზე" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

"600 დოლარად მიყიდა, მაშინ ბიჭი 800 დოლარი ღირდა და გოგო 700 დოლარიო. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ჩვენს სახლში ცხოვრობდა და ცუდად რომ მექცეოდა, დედა ხშირად აძლევდა შენიშვნებს"

"დიახ მე ვიპოვე დედა, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან პოსტებს რომ ვდებდი, მამხნევებდით.

მადლობა ადმინებს, უდიდესი და კეთილი საქმეებისთვის, რასაც ისინი აკეთებენ.

ყველამ გაიკეთეთ ტესტი, გთხოვთ... ემოციებში ვარ და არ ვიცი, რას ვწერ", - დაწერა ახალგაზრდა გოგონამ ჯგუფში "ვეძებ", მარიამ მგზავრიძემ.

ის დღეს ძალიან ბედნიერია, რადგან დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცა და თავის ბიოლოგიურ ოჯახს მიაგნო. მარიამი ბათუმში მშვილებელ დედასთან და თავის პატარასთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ დაესვა წერტილი ამ ამბავს და ბიოლოგიური დედა და დები იპოვა. თურმე ისინიც აჭარლები არიან და ბათუმში ცხოვრობდნენ. ერთხელ, მათი გზები გადაიკვეთა კიდეც, თუმცა მაშინ არც იცოდა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს შეხვდა.

გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ მგზავრიძესთან, რომელიც თავისი ცხოვრების დეტალებს გვიამბობს.

- მარიამ, გვიამბეთ თქვენზე, როდის გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ნაშვილები იყავით?

- 12 აპრილს 28 წლის ვხვდები, ჩემი დაბადების მოწმობა 12 აპრილს გატარდა და ყოველ წელს, დაბადების დღეს ამ რიცხვში აღვნიშნავ-ხოლმე. ახლა ვიგებ, რომ თურმე 5 აპრილს დავიბადე. წელს პირველად, 5 აპრილს ჩემი ბიოლოგიური დედა აპირებს, რომ დაბადების დღე გადამიხადოს.

რამდენიმე დღის წინ მივაგენი ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს, მათ ამდენი წელია ვეძებ.

თურმე დედის მეხუთე შვილი ვარ, მეხუთე გოგონა. ბიოლოგიური დედა მიმტკიცებს, რომ მას გარდაცვლილი ვეგონე და ამ დრომდე, როგორც მიცვალებულს, ისე მომიხსენიებდა. მეუბნება, რომ სხვა ადამიანმა გამაშვილა ისე, რომ ეს მან არ იცოდა და თვითონ ის დაარწმუნეს, თითქოს გარდაცვლილი ვიყავი.

ჩემი გამზრდელი დედა კი ამბობს, რომ 600 დოლარად მიყიდა, ამ ფასში იმიტომ მოხდა გაშვილება, რომ დღენაკლული ვიყავი, თორემ იმ დროს ბიჭი 800 დოლარი ღირდა და გოგო 700 დოლარიო.

მე ძალიან კარგ გარემოში გავიზარდე, ძალიან მზრუნველი მშობლები მყავდა. მამა 14 წლის წინ გარდაიცვალა. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ჩვენს სახლში ცხოვრობდა და ცუდად რომ მექცეოდა, დედა ხშირად აძლევდა შენიშვნებს. შემდეგ გავიგე, თურმე ჩემმა გამზრდელმა დედამ ერთ დღეს ყველაფერი უამბო ჩემს ქმარს, უთხრა, მარიამი ნაშვილები მყავს, ნალოლიავები, ფაქიზად გავზარდე და არ მინდა, მის თვალზე ცრემლები ვნახოო, მითხარი თუ რამე პრობლემა იქნება, მე უკეთ ვიცი ჩემი შვილი და ავუხსნი, შეგნებული გოგოა და ყველაფერს გაიგებსო. ეს მისი საიდუმლო გაანდო დედამ მას, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა ცუდად მოქცევას და როცა გადავწყვიტე დავშორებოდი, გაბოროტებულმა მომაძახა, შენ აყვანილი ხარ, დედაშენის შვილი არ ხარ და მას არ უყვარხარო.

რა თქმა უნდა, მისი ეს სიტყვები ძალიან გამიკვირდა, რადგან მართლა ძალიან კარგი მშობლები მყავს და ისე მზრუნველობდნენ ჩემზე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ეს ამბავი რომ გავიგე, დეიდას და ბიძას ვუთხარი, აეხსნათ, ეს ინფორმაცია ნამდვილი იყო, თუ - არა. სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ვიცოდი, გამომიტყდნენ და მითხრეს, ნაშვილები ხარო. ამის მერე, სულ ბიოლოგიური მშობლების ძიებაში ვიყავი. ჯერ მომიგზავნეს ვიღაც ქალი, რომელმაც დაიბრალა ჩემი დედობა. მას უნდოდა ჩემი გამზრდელი დედა მიმეტოვებინა. რა მიზანი ამოძრავებდა იმ ქალს, დღემდე არ ვიცი. როგორც ვარკვევ, მას ჩემს ბიოლოგიურ ოჯახთან სიახლოვე ჰქონდა და მიმტკიცებდა დედაშენი ვარო. მერე გავიდა რაღაც პერიოდი და თქვა, რომ თავისი შვილი იპოვა, მე მითხრა მაპატიე, შემეშალეო და წავიდა, თითქოს ეს უმნიშვნელო დეტალი იყოს. სულ ვეძებდი, მაგრამ მერე შევწყვიტე ძებნა, იმიტომ, რომ დავიღალე, ძებნით ვერანაირ კვალზე ვერ გავდიოდი.

- გამზრდელი დედა რას გიყვებოდათ?

- გამზრდელი დედა მიყვება ასეთ ისტორიას, რომ ბიოლოგიური დედისთვის მეხუთე შვილი იყავი, რომ მათ ეკონომიკურად ძალიან უჭირდათ და 600 დოლარი გადაიხადა და წამომიყვანა, სხვა დეტალები მან არ იცოდა. იმასაც ამბობს, 12 აპრილს დაბადებულად კი გაგატარე, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე ხარ დაბადებულიო, რადგან ჭიპლარიც ჩვენთან, სახლში მოგძვრაო.

უბრალოდ, ძალიან დიდი ინტერესი მქონდა გამეგო ვინ ვიყავი, მყავდა თუ არა დედმამიშვილები, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური მშობლები. რაღაც პერიოდი ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემებიც შემექმნა ამ ნერვიულობის ფონზე და საავადმყოფოშიც მოვხვდი.

ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მიმტკიცებდა მამაშენი ვარ და შენი ბიოლოგიური დედა გარდაცვლილიაო. ეს კაცი სულ დამდევდა, ძალიან აქტიურობდა. საკმაოდ ცნობილი ადამიანია აჭარაში, ვიღაცებს ჩემს თავს აცნობდა და ეუბნებოდა, ჩემი შვილიაო. აღმოჩნდა, რომ ისიც მატყუებდა.

ამდენი ხნის შემდეგ ვიგებ, რომ ეს მამაკაცი თურმე ადრე ქირით ცხოვრობდა ჩემი ბიოლოგიური დედის ოჯახში, არ ვიცი, რა ვიფიქრო, შესაძლოა, მან ბავშვის გაშვილების ისტორია იცოდა და ამიტომ თამაშობდა ასე. რა მიზანი ამოძრავებდა, არ ვიცი. ასევე, გავიგე, რომ პირადად იცნობს ბათუმში მცხოვრებ ქალს, მანანა ა-ს, რომელმაც რეალურად მე გამაშვილა. ეს იყო ქალი, რომელიც აჭარაში ვაჭრობდა ბავშვებით. ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ეს შუამავალი ქალია, რომელმაც მე უშუალოდ გამაშვილა. მსგავსი დანაშაულისთვის ციხეშიც იჯდა, სასჯელიც მოიხადა.

- როგორ მიაგენით ბიოლოგიურ ოჯახს?

- ტესტი მქონდა გაკეთებული და ყოველთვის ვაკვირდებოდი ვინაობებს იმ იმედით, რომ ვინმე ნათესავი გამოჩნდებოდა და ასე რაღაც კვალზე გავიდოდი. დაახლოებით ოთხი თვის წინ, ერთი გოგონა, იზო მჟავანაძე ამომივიდა ნათესავად. ტესტით ჩანდა, რომ ის ჩემი მესამე თაობის ბიძაშვილია. რა თქმა უნდა, მას მაშინვე მივწერე, თქვენ ვის ეძებთ-მეთქი, იმანაც გამომკითხა რაღაცები. იზო თავის შვილს ეძებს, წესით, მისი შვილი ახლა 18 წლის უნდა იყოს. ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა, რომ მისი შვილის გარდაცვალების მოწმობა არსადაა. არადა, უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა.

ვთხოვე, დამხმარებოდა ბიოლოგიური ოჯახის მოძებნაში. ამ გოგომ გამიყვანა კვალზე, ბიოლოგიური დედის ოჯახთან, ანუ, გავაკეთეთ კიდევ ერთი ტესტი იზოლდას ბიძაშვილთან დედის მხრიდან, რომელიც მეგონა ჩემი და იქნებოდა. ვიცოდი, რომ სისხლით ნათესავი იყო იზო, ოღონდ დედის მხრიდან თუ მამის, ეს არ ვიცოდი. მისი ბიძაშვილი რომ გაიტესტა, ისევ დაემთხვა დნმ-ი და ეს პასუხიც მოვიდა, ის იყო ჩემი მეორე თაობა, ანუ გაირკვა, რომ დედის მხრიდან ვიყავით ნათესავები. შემდეგ უკვე, ამ გოგონებმა ნათესავებში ამბების გაკითხვა დაიწყეს და იმის მოძიება, ვინმეს ხომ არ გარდაეცვალა შვილი 1996-97 წელს, ან ხომ არ ჰქონდა რაიმე საეჭვო ისტორია.

ამ გზით პირდაპირ ამ ქალთან, ჩემს ბიოლოგიურ დედასთან მივედით. მითხრეს, მისი შვილი იქნები და სოციალური ქსელით მიწერეო.

მივწერე, აღმოჩნდა, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედასთან და დასთან ერთად მე ამ ზაფხულს ერთ რესტორანში ვიჯექი. იმ რესტორანში ჩემი გამზრდელი დედის დაბადების დღე, 28 აგვისტოს აღვნიშნეთ, დედა 27 აგვისტოს არის დაბადებული, მაგრამ მამა დაბადების დღეს სულ 28 აგვისტოს, მარიამობას უხდიდა და ასე გრძელდება ეს ტრადიცია. წავედით რესტორანში. აღმოჩნდა, რომ იმ რესტორანში აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს ასევე ჩემი ერთ-ერთი ბიოლოგიური და, ის 28 აგვისტოს ყოფილა დაბადებული. ისინიც იმავე რესტორანში იყვნენ. სხვადასხვა სუფრასთან ვისხედით, მაგრამ დედაჩემის თანამშრომელი იჯდა იმ სუფრასთან, სადაც თურმე ჩემი ბიოლოგიური ოჯახი იჯდა. ასე გავიცანით ერთმანეთი. მერე მე და ჩემი ბიოლოგიური და ვცეკვავდით ერთად ისე, რომ ამ ამბის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდით. საერთოდ, ეს თემაც არ იყო. ძალიან მოეწონეო, მითხრეს იმ ქალზე, რომელიც ჩემი ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა. თურმე ამბობდა, რა კარგად ცეკვავს, რა კარგი გოგოაო.

ჩემი ერთ-ერთი და სულ მეხუტებოდა, მიხარია, რომ გაგიცანიო, ვინც გაგვაცნო ერთმანეთი ამ გოგოს მადლობებს უხდიდა, ასეთი კარგი გოგო რომ გამაცანიო. ეტყობა, ეს სისხლის ყივილი იყო. გავიდა ორი თვე და ადამიანებზე, რომლებიც სრულიად უცხოები გავიცანი სუფრაზე, დღეს ვიგებ, რომ ჩემი ბიოლოგიური ოჯახია.

- ბიოლოგიური დედა რას გიყვებათ?

- დედას მონაყოლი ემთხვევა ბიოლოგიური დედის მონათხრობს, რომ მას ძალიან უჭირდა, ოთხი გოგონა ჰყავს პირველი ქორწინებიდან, მერე ქმარს გაშორდა, ჰყავდა შეყვარებული და მისგან დაფეხმძიმდა. რადგან ძალიან უჭირდათ და ფული არ ჰქონდა, რომ სამშობიაროში წასულიყო, ბათუმში კერძო სახლში იმშობიარა, სადაც ვიღაც მარისამ ამშობიარა. ამბობს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავიო, რადგან დღენაკლული დავიბადე.

ჩემი უფროსი და მაშინ 12 წლის იყო და საფენებს თურმე ის მიცვლიდა. თურმე საჭმელს ვეღარც ვჭამდი, ანთება გქონდა, მომაკვდავი იყავი და ვიღაცამ მიმასწავლა, რომ არსებობდა ვინმე მანანა, რომელიც ბავშვებს უვლიდა და შენ იქ მიგიყვანეთო, მითხრეს, ის ცოტა ხანი გაზრდის ბავშვს, შენც რომ მომჯობინდები, მერე წამოიყვანეო და ამიტომ, მასთან მიგიყვანეო. ამბობს, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, რამე რომ მოგსვლოდა, ადგილიც კი არ მქონდა, რომ დამესაფლავებინეო. ვერ მოგკლავდი და ასე ვარჩიეო. ამბობს, რომ დამარქვა ინგა, მაგრამ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს ჩემი დაბადების, რადგან ბიოლოგიურ დედას არ უმშობიარია კლინიკაში და ამიტომ, ჩემი დაბადება არც ჩანდა მანამ, სანამ არ მიშვილეს. რამდენიმე დღის მერე რომ გამაშვილეს, ჩემმა გამზრდელმა მშობლებმა წამიყვანეს და იმ რიცხვით დამარეგისტრირეს, როცა წამიყვანეს. მეც გამოვითხოვე დოკუმენტი იუსტიციიდან, მაგრამ ჩემი დაბადება არ ჩანს სხვაგვარად. ბიოლოგიური დედა ამბობს, მერე მე საავადმყოფოში მოვხვდი და იქიდან რომ გამოვედი და ამ მანანას მივაკითხე, მითხრა, ბავშვი გარდაიცვალაო. აცხადებს, რომ არ გავუყიდივარ.

- თქვენმა ოჯახმა ფული მანანას გადაუხადა?

- დიახ, მანანა იყო შუამავალი და მას გადაუხადა ჩემმა დედ-მამამ ფული. დაახლოებით 10 წლის წინ, როცა მე მშობლების ძებნა დავიწყე, ჩემმა აღმზრდელმა დედამ მანანას შეუთვალა, მარიამთან ვიღაცები მოდიან და ეუბნებიან, რომ მათი შვილია, ბევრჯერ გამოუჩნდა ვიღაც, რომელიც ამბობს დედაა, მამაა, გვინდა საბოლოოდ სიმართლე ვიცოდეთ და გვითხარით, ვინ არიან მისი ბიოლოგიური მშობლებიო. მან ასეთი პასუხი შემოუთვალა, შენ ხომ შვილი გინდოდა და მოგიყვანე, ახლა თავი დამანებეო.

იმ მამაკაცსაც, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი მამა იყო, ვუთხარი დნმ-ის ანალიზი გაეკეთებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვა. მერე მე შევხვდი მანანას შვილსაც და ვთხოვე, დამხმარებოდა ჩემი მშობლების მოძებნაში. დედათქვენმა მითხრას საიდან ამიყვანა, ვინ ვარ რეალურად, ძალიან გთხოვთ, ინფორმაცია მომაწოდეთ-მეთქი. მანანას შვილი დამპირდა, დაგეხმარებიო, მაგრამ გაქრა.

დანამდვილებით ვიცი, რომ მანანა იჯდა ციხეში, ანალოგიურად ბავშვების ყიდვა-გაყიდვისთვის. ახლა სადაც ვმუშაობ, ჩვენთან მუშაობს ქალბატონი, რომელიც მანანას მეზობლად ცხოვრობდა ბათუმში და ის იხსენებს, როგორი ყიდვა-გაყიდვა ჰქონდა ამ ქალს გაჩაღებული. ერთი ქალი ჰყავდა დაქირავებული და ის ეხმარებოდა.

მარგარინის ყუთებში ათავსებდა ბავშვებს და როცა მასთან ბავშვის აყვანის მსურველები მოდიოდნენ, რამდენიმე ბავშვს აჩვენებდა, ისინი ათვალიერებდნენ და ყიდულობდნენ იმას, რომელიც მოეწონებოდათო. ბიჭს სხვა ფასი ჰქონდა, გოგოს - სხვა.

ერთ დღესაც, ერთ-ერთი ბავშვი გარდაიცვალა და გამთენიისას სახლთან, ეზოში, გუდიაშვილის ქუჩაზე, მიწაში ჩაფლა, ეს ვიღაცამ დაინახა, საშინელი სუნიც იყო, რადგან ბავშვი ისე არ იყო დამარხული, როგორც საჭიროა და მეზობელმა დარეკა პოლიციაში, მაშინ დაიჭირეს ეს ქალიო. რამდენი ხანი იჯდა ციხეში, ზუსტად არ ვიცი, მერე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გარდაიცვალა, საზღვარი გადაუკვეთავს მაშინ, დღეს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

- მარიამ, თქვენ ბათუმში ცხოვრობთ და ბიოლოგიური ოჯახიც?

- ძალიან კარგი მამა მყავდა, დედაც ანალოგიურად ძალიან კარგი ადამიანია, ოჯახი, ნათესავები ყველა კარგები მყავს. ღვიძლი შვილივით გამზარდეს. ახლა რომ გავიგე აყვანილი ვყოფილვარ და ბიოლოგიური დედა ვიპოვე, კიდევ არ მჯერა. აღქმა გამიჭირდა ამ ყველაფრის, რადგან არასდროს შემიტანი ეჭვი. ჩემს ყოფილ ქმარს რომ არ ეთქვა, ალბათ ამას ვერც გავიგებდი.

დედისერთა რომ ვარ, ჩემი ქმარი ჩემს სახლში ცხოვრობდა. მერე შვილი შეგვეძინა, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს დღემდე, ნაადრევად ვიმშობიარე. ძალიან პატარა ასაკში შეიქმნა ჩვენი ოჯახი და ჩემი ქმარი არ იყო მზად იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ოჯახი მოითხოვს, ზოგადად, იმას უფრო გართობა უნდოდა, მე კიდევ ბავშვთან ერთად ყოფნა. მე თვითონ ბავშვი ვიყავი.

პატარას ოპერაცია გავუკეთე თბილისში. არც მამა მყავდა, არც ქმარი გამომადგა, არაფერში მეხმარებოდა, პირიქით, იქით ვაძლევდი ხოლმე ფულს, რომ ელემენტარული, სიგარეტის ფული ჰქონოდა და ბოლოს, ძალიან დავიღალე და დავშორდით, სწორედ ამ დროს მომახალა, რომ აყვანილი ვიყავი. მას შვილთან აქვს კონტაქტი, ნახულობს, ახლა მეხმარება ხანდახან, რითაც შეუძლია...

- გამზრდელ დედას რა რეაქცია ჰქონდა, რომ გაიგო იპოვეთ ბიოლოგიური დედა?

- დედამ ინსულტი გადაიტანა, 60 წლის არის და ვერ ვეუბნები, არ მინდა ინერვიულოს. დიაბეტიც აქვს, შეიძლება გაუხარდეს კიდეც, რადგან მეხმარებოდა, რომ მომეძებნა. როცა მათ იპოვი, მეც ბედნიერი ვიქნებიო, გეცოდინება, ვინ არიან ისინი და არ მინდა, ამაზე იდარდო და დაიტანჯოო. ახლა, უბრალოდ, მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდები და ამიტომ არ მითქვამს მისთვის. ისე ძალიან ვუყვარვარ, დეიდა რომ ჩამეხუტებოდა, ეჭვიანობდა.

შეიძლება იდარდოს, შეიძლება გაუხარდეს კიდეც, მაგრამ ახლა ვუფრთხილდები, ამ ეტაპისთვის მაინც. ჩემი შვილის მოვლაში მეხმარება, სახლში ერთადერთი მარჩენალი მხოლოდ მე ვარ, დატვირთული ვმუშაობ.

ჯერ მე თვითონ არ ვარ ისე კარგად შეგუებული ამ ამბავს, მინდა, რომ ჯერ მე მივეჩვიო და მერე გავაგებინო სხვას.

ბიოლოგიური დედა მეუბნება, რომ 5 აპრილს გადამიხდის დაბადების დღეს, მე ხომ ვიცი, ხუთ რიცხვში გაგაჩინეო. ამდენი ხანი, როგორც მკვდარს, ისე მომიხსენიებდა, პარაკლისებს მიხდიდა და ახლა, ეკლესიურადაც უნდა მოხდეს ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდა. წარმოიდგინეთ, ცოცხალ ადამიანს მკვდრად რომ მოიხსენიებ...

შეგუების მომენტი მაქვს. როგორც აღვნიშნე, მყავს ოთხი და, გათხოვილები არიან და მე ვარ მეხუთე. ჯერ მამაზე არ ვსაუბრობთ. აუცილებლად მეტყვის ალბათ... ძალიან შოკირებულია, მე ამდენი ხანი ჩემს შვილს დავტიროდი და ის ცოცხალი ყოფილაო. 8 მარტს მოვიდა პასუხი და ამის შემდეგ ჩემს დებსაც შევხვდი. ერთი და იტალიაშია სამუშაოდ წასული. ყველანი შოკში ვართ. ახლა რომ ვფიქრობ, იმ რესტორანში ჩემს დას რომ ჩავეხუტე, მაშინ ეს ამბავი არ ვიცოდით, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს, სხვანაირად ვიყავი და ახლა ეს ირკვევა... ძალიან ემოციებში ვარ.

- კითხვები გაქვთ ბიოლოგიურ დედასთან?

- კითხვები მაქვს. შეიძლება გამყიდა და ფულიც აიღო, ამაშიც მეპარება ეჭვი, მაგრამ ისე მესაუბრება, მარწმუნებს, რომ არ იცოდა. ან შეიძლება არ მინდა უბრალოდ დავიჯერო, რომ გამყიდა. რაღაც ეს მომენტი მაქვს. ისე მიყვება, მე მივეციო შენი თავი შუამავალსო, მან ნემსები მომცა, რადგან ასე ცუდად ვიყავიო. პრობლემები მქონდა და ინფექციები, მომცა ეს ნემსები და მითხრა, ეს მოგარჩენსო. ვერ მოვრჩი, მერე ჩემმა დაქალმა წამიყვანა კლინიკაშიო. ფული არ მქონდა საერთოდ, წყალს ვადუღებდი და იმას ვსვამდიო. აშკარად, ძალიან უჭირდათ ეკონომიკურად, იქნებ, ლოგიკურიც არის, რომ ამ სიტუაციაში გავეშვილებინე, მაგრამ ამ აზრს ტვინში მაინც არ ვუშვებ. ჩემმა ერთმა დამ რა მითხრა იცით? ნეტა მეც ვინმეს წავეყვანე, ისეთი მძიმე დღეები გვაქვს გამოვლილი, ჯობდა გაშვილებაო. ოჯახს ფული რომ არ აქვს გარჩინოს. ჩემი დები იზრდებოდნენ მამის ოჯახში, ბებიასთან და მამიდასთან.

მამა გარდაცვლილი ჰყავთ, ბიოლოგიური დედა გათხოვდა და სხვა ოჯახი აქვს დღეს, იმასთან შვილი არ ჰყავს. 1998 წელს გათხოვდა მეორედ და ბავშვები ბებოსთან დატოვა. ჩემმა დამ იტირა, შენ ბედნიერი ხარ, ასეთ ოჯახში რომ გაიზარდე, ჩვენ ერთად ერთად კი გავიზარდეთ, მაგრამ პატარაობიდანვე ცუდ პირობებში ვიყავითო. გათხოვილები არიან ახლა, თავიანთი ოჯახები აქვთ. ახლა მინდა ჩემმა ერთმა დამ და მე გავიკეთოთ კიდევ დნმ-ის ანალიზი, რომ გავარკვიო, არის თუ არა 100%-იანი დედ-მამისშვილობა, თუ მე სხვა მამა მყავს.

ჯერ იმას ვერ აღვიქვამ, რომ მე დედა ვიპოვე, ამდენი წლის შემდეგ. როცა ამდენი რაღაც გადავიტანე, ხან ვინ გამოჩნდა და მეუბნებოდა დედაშენი ვარო, ხან ვინ მეუბნებოდა - შენი მამა ვარო. მე იმდენად რთული პერიოდი გადავლახე, რომ მინდოდა გამეგო რეალურად ვინ ვიყავი, ქუჩაში ვინმეს შავი თმით რომ დავინახავდი, ვფიქრობდი, ნეტავ, დედაჩემი ხომ არ არის-მეთქი.

ძალიან მინდოდა გამეგო ვინ ვიყავი, იმდენად ვეწამე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ისტორია მექნება, არ დავუსვამ კითხვას, გამყიდა თუ არა. ძალიან მაინტერესებს მამა ვინ არის და ეს უნდა მითხრას. უბრალოდ, დედამ მითხრა, რომ ჯერ ჩვენ შევეგუოთ ერთმანეთს და მერე დაგეხმარებიო. გადალახოს ეს პერიოდი და მერე აუცილებლად მეტყვის. მას ვკითხე, იმ კაცის შვილი ხომ არ ვარ, რომელიც მეუბნებოდა შენი მამა ვარო და თავს იკლავს, არა, ის არ არისო. არადა, სხვებიც მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი იმ კაცს ჰგავს, ერთ წელზე მეტია მასთან ურთიერთობა არ მაქვს, მას შემდეგ, რაც მოვთხოვე, ოფიციალურად დნმ-ის ანალიზი გაეკეთებინა. მეუბნებოდა, მე ვიცი, ჩემი შვილი ხარო.

აჭარლები, ჭინკაძეები არიან ჩემი დები.

ახლა ფსიქოლოგიურადაც დამშვიდდი. ვერ გამოვხატავ ემოციას, ახლა მაინტერესებს, მამა ვინ არის, გამყიდეს თუ არა, ეგ არ მაინტერესებს, ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა, უფრო მეტად მეტკინოს გული.

(სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE