მტკივნეული სცენარები უკრაინისთვის - მთავარი კითხვა: ვინ იქნება გარანტი, რომ პუტინი მეორე წრეზე არ წავა - კვირის პალიტრა

მტკივნეული სცენარები უკრაინისთვის - მთავარი კითხვა: ვინ იქნება გარანტი, რომ პუტინი მეორე წრეზე არ წავა?

„უკრაინისათვის მშვიდობის მიღწევის პროცესი ძალიან მტკივნეული იქნება. კიევს მოუწევს, დაემშვიდობოს ზოგიერთ ტერიტორიას, ნატოს წევრობაზე კი შეუძლია, უკვე აღარ იფიქროს“, - წერს ჩეხეთის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული მემარჯვენე ცენტრისტული გაზეთი „ლიდოვკი“ („Lidovky“ – „ხალხი”) სტატიაში: „უკრაინისათვის მშვიდობის რამდენიმე სცენარი არსებობს, მაგრამ მისთვის არც ერთი კარგი არ არის“ (ავტორი - კამილ სტრუგა). მასალაში მოცემულია სიტუაციის განვითარების სცენარიც, სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, უკრაინაში მშვიდობის საბოლოო დამყარებამდე გარკვეული დრო გაივლის. ომების შესაწყვეტად და საბოლოო ზავის მისაღწევად ფსონები ყოველთვის მაღალია. არავის უნდა სახის დაკარგვა. დიპლომატიაში სილის გაწვნა ძალიან ძვირი უჯდება არა მარტო უშუალოდ პოლიტიკოსს, არამედ - მთლიანად ქვეყანას. არადა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სამშვიდობო პროცესში ისეთი დიდი პოლიტიკური ინვესტიციები და კაპიტალი ჩადეს, რომ თუ რაიმე ერთობლივი მტკიცე და საბოლოო დოკუმენტი არ შეიქმნება, მათ ყველა დასცინებს.

მშვიდობის დამყარების შედეგის ბოლომდე გაგება შეუძლებელია, მაგრამ წინა გამოცდილების საფუძველზე, როცა მსგავსი შეთანხმებები იდება, შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს.

ასი პროცენტით უკვე ნათელია, რომ არ მოხდება უსიტყვო კაპიტულაცია - ისე, როგორც გერმანიის შემთხვევაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.

ანუ უკრაინა სახელმწიფოებრიობას შეინარჩუნებს და მას არ ეყოლება კრემლისადმი დაქვემდებარებული მარიონეტული მთავრობა, რაზედაც ვლადიმერ პუტინი ოცნებობდა ომის დაწყებისას. კრემლი სიტუაციამ გამოაფხიზლა.

ალბათ, ასევე არ იქნება ე.წ. მიუნჰენის გარიგება. ამერიკელები, რა თქმა უნდა, რუსებთან მოლაპარაკებისას შესაძლო კომპრომისებზე წავლენ, მაგრამ უკრაინელებისათვის ვარიანტი „ჩვენზე უჩვენოდ“ ნამდვილად არ იქნება.

დღეს, მართალია, შეხვედრები ერ-რიადში და ჯედაში ცალ-ცალკე მიმდინარეობს, მაგრამ განსაზღვრულ მომენტში მოლაპარაკების მაგიდასთან სამივე ერთად დაჯდება. ისიც მხედველობაშია მისაღები კიევისათვის, რომ უკრაინელთა წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა შეზღუდულია. ამიტომაც მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მშვიდობა კიევისათვის განსაკუთრებით მტკივნეული იქნება: უკრაინა უკან ვერ მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკვე რუსული ჩექმის ქვეშ არიან მოქცეულები. ნატოზე უკრაინას მხოლოდ ოცნებაღა შეუძლია. შესაძლოა, კიევს კიდევ აქვს დარჩენილი რეალური იმედი იმისა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრად მიიღებენ.

მაგრამ დღის წესრიგში მაინც რჩება კითხვა - საერთოდ დაიდება თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ომს საბოლოოდ შეწყვეტს? „საბოლოოში“ იგულისხმება ის, რომ ვაითუ რომელიმემ მშვიდობის რეჟიმის დაცვა გადაიფიქროს. უფრო მეტად, რასაკვირველია, რუსეთმა, რომელიც შეეცდება გადაიარაღებას, მოძლიერდება და შემდეგ კიდევ დაიწყებს ომს, რომ უკრაინას დამატებითი ტერიტორია წაგლიჯოს.

გავიხსენოთ, რომ XVIII და XIX საუკუნეებში რუსეთი ნელ-ნელა ართმევდა ტერიტორიებს ბოსფორ-დარდანელის სრუტეების მფლობელ „ავადმყოფ ქვეყანას“ - თურქეთს. როგორც ნათქვამია, ერთხელ რომ ჩაიდენს, მეორედაც მოისურვებსო... რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი სცენარი, რომელიც შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მიმართ ინტერესს დაკარგავენ როგორც აშშ, ისე - ევროპა, თუმცა ეს ნაკლებმოსალოდნელია. ამერიკელებს სჭირდებათ სასარგებლო წიაღისეული, ევროპა კი გეოპოლიტიკურ სარგებელს ეძებს.

ასევე, გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის შესახებ ისეთ შეთანხმებას გააფორმებენ, რომ კონფლიქტი მხოლოდ გაიყინოს. დასავლეთი მფარველობას გაუწევს უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც კიევის კონტროლქვეშ იქნება, რუსები კი იმას, რომელიც მათ ექნებათ ოკუპირებული. თუ ეს სცენარი იქნება რეალიზებული, ყველა დაელოდება, როდის წავა რუსეთის ხელისუფლებიდან ვლადიმერ პუტინი (მისი ნათქვამი მშვიდობაზე სანდო არ არის) და როდის შესუსტდება რუსული ექსპანსიონიზმი. შემდეგ ჩატარდება ჰელსინკის 1975 წლის მსგავსი რაღაც კონფერენცია (რომელმაც დაადასტურა რუსეთისა და მისი სატელიტების ტერიტორიული შენაძენი მეორე მსოფლიო ომში). სამომავლოდ სწორედ ასეთი ფორუმი დაამტკიცებს კრემლის ამჟამინდელ დაპყრობით მონაპოვარს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო