რეაბილიტაციის მოლოდინში - კვირის პალიტრა

რეაბილიტაციის მოლოდინში

1981 წლის მაისში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების 90 წელი უნდა აღნიშნულიყო. მზადება თითქმის ერთი წლით ადრე დაიწყო. საიუბილეო ღინისძიებათა შორის ისიც გახლდათ, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლას მწერლის სახელი მინიჭებოდა. საამისოდ სექტემბერშივე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც 18 სკოლა და მათ შორის ჩვენი, 155-ე საშუალო სკოლაც ჩაება.

 

საკონკურსო ღონისძიებანი ორიგინალურობით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. მახსოვს, 84-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა მერი ლაბარტყავამ, თავის ბინაში კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მუზეუმი გახსნა (ხელისუფლებამ ეს ამბავი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამოიყენა - უცხო ადამიანმა თავისი ბინა დაუთმო მწერალს და შვილი კოლხურ კოშკს არ თმობს სამუზეუმოდო).

კონკურსის მონაწილეთა შორის ჩვენი სკოლა ყველაზე ახალგაზრდა იყო (სულ 8 წლის ისტორია გვქონდა) და, სავარაუდოდ, გამარჯვების შანსიც ნაკლები იყო. მაგრამ ყველაფერი გადაწყვიტა კონკურსის დამაგვირგვინებელმა ღია გაკვეთილმა თემაზე - "ფიქრები სამშობლოზე". გაკვეთილი სცენაზე ჩატარდა. დარბაზში იმყოფებოდნენ ჟიურის წევრები (თავმჯდომარე აკადემიკოსი სერგი ჭილაია ბრძანდებოდა), კულტურის სხვადასხვა დარგის ცნობილი წარმომადგენლები და პარტიული ხელმძღვანელები.

მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც ბეწვის ხიდზე ვიარეთ და სათქმელი ისე ვთქვით, კონსტანტინე გამსახურდიას რომ ეკადრებოდა. გაკვეთილი მწერლის ახალგაზრდებისადმი მიმართვით დავასრულეთ: "...ჩემს ვენახში წილს არ დაგიდებთ... ჩვენი საქართველო ან ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, ან - არავის". ეს სიტყვები სიმღერა "მხედრულის" ფონზე გაისმა, ჩვენმა რაიკომის მდივანმა და კიდევ სხვებმა თავი ჩაღუნეს, ჟიური სულგრძელი და, უფრო მეტად, გამბედავი აღმოჩნდა და კონკურსში გამარჯვებულად გვცნეს. ჩემი 40-წლიანი მასწავლებლობის განმავლობაში მეც და ჩემმა მოსწავლეებმაც მრავალ კონკურსში გავიმარჯვეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ჩვენს სკოლას კონსტანტინე გამსახურდიას სახელი მიენიჭა.

ამის შემდეგ მწერლის დაბადების დღე - 15 მაისი - მხატვრული სიტყვის ზეიმად ვაქციეთ, გავხსენით კაბინეტი, 15 მაისს ავდიოდით მწერლის საფლავზე. მაგრამ, აი, დაიწყო ახალი სასკოლო რეფორმა. მისმა მამამთავარმა, ბატონმა კახა ლომაიამ, პირველი შეტევა ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაზე განახორციელა და გაზეთ "ხვალინდელი დღის" 2004 წლის 29 აპრილის ნომერში დაბეჭდილ ინტერვიუში, რომლის სათაურიც გახლდათ "განათლების სისტემა ტოტალური ცვლილებების მოლოდინში", განაცხადა: "ჰაგიოგრაფია სძულთ მოსწავლეებს იმიტომ, რომ ვერაფერს იგებენ, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ წიგნის დახურვისთანავე ივიწყებენ. ეს არის მკვდარი ტექსტი, რომელიც დღევანდელ გაჩენილ კითხვებზე პასუხს ვერ სცემს. მერე რა, რომ ჩვენი ისტორიაა? ისტორიაში იმდენი ნაგავია, სად გადავყაროთ, არ ვიცით".

ეს იყო ჩემთვის (და მრავალთათვის) ნამდვილი შოკი, იმედგაცრუება და სინანული... მართალია, საზოგადოების ძალისხმევით უკან დაიხიეს (მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელნი რამდენადმე დიალოგის სტილს იცავდნენ დღევანდელი გაბატონებული მონოლოგის სტილისაგან განსხვავებით), მაგრამ ვფიქრობდი, რომ აქ არ გაჩერდებოდნენ. ასეც მოხდა: სკოლის ახალმა "ლიბერალმა" დირექტორმა ერთ დღეს საზეიმოდ გამოგვიცხადა: ყველა სკოლას ერქმევა "საჯარო" და არავითარი სახელობა აღარ იქნებაო. მაშინვე შეცვალეს აბრა. მეორე დირექტორმა, საქართველოს ისტორიის სპეციალისტმა, მწერლის ფერწასული სურათი ჰოლიდანაც გააქრო. დაშალეს კაბინეტი, რელიგიური კუთხეები. ვერ გავიგე, მწერლის გამონათქვამებს რაღას ერჩოდნენ. განა რაიმეს ავნებდა ჩვენს მოსწავლეებს, თვალში რომ მოხვედროდათ ეს აზრები: "შრომაა ამქვეყნად უდიდესი სიქველე და არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე". ან "ტალანტი სხვა არაფერია, თუ არა 99 პროცენტი შრომა პლუს ერთი პროცენტი ნიჭი"...

გავიდა ხანი და ტელევიზიით მოვისმინე: ბატონი პრეზიდენტი ჩავიდა სამტრედიაში და სკოლას მიანიჭა სახელოვანი პატრულის, ირაკლი ქუთათელაძის, სახელი. ამ მშვენიერ ახალგაზრდაზე ტელეგადაცემა ვნახე. ნამდვილი რაინდი ყოფილა, მოყვასისათვის თავგანწირვის უნარით დაჯილდოებული. სწორედაც უნდა იყოს მისი სახელობის ის სკოლა, რომელმაც ის აღზარდა. მერე სამეგრელოში მიანიჭეს ერთ-ერთ სკოლას მელიტონ ქანთარიას სახელი. არც მელიტონ ქანთარიაა ხელწამოსაკრავი კაცი, და დაე, იყოს მისი სახელობის სკოლაც. მაგრამ რა დააშავეს კონსტანტინე გამსახურდიამ, გიორგი ლეონიძემ, ნიკო ლორთქიფანიძემ, გალაკტიონმა და სხვებმა?!

ამ რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით მოვისმინე, რომ 51-ე სკოლას აღუდგინეს გალაკტიონის სახელი. გახარებული და აღელვებული ქართული ენისა და ლიტერატურის ხანდაზმული მასწავლებელი მადლობას უხდიდა განათლების სამინისტროს მესვეურთ ამისთვის. გვაჩვენეს კაბინეტიც, სადაც კვლავ გამოეფინათ პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები. ძალიან საინტერესოა, ვინ, რა უფლებით, რა კრიტერიუმით ჩამოართვა ჩვენი ქვეყნის ამ სახელოვან ადამიანებს სახელობის უფლება და რა კრიტერიუმით მოხდება ამ უფლების აღდგენა. ასე რომ, ყველა მათგანი და მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიაც შაშკინის (აწ უკვე პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის - დეკანოიძის) უწყებისგან რეაბილიტაციის მოლოდინშია!