პუტინის "პირობა" - ტრამპთან საუბრის შემდეგ ტელეფონის ყურმილის დადებისთანავე კრემლის ბინადარმა კიევის დაბომბვა გააგრძელა - კვირის პალიტრა

პუტინის "პირობა" - ტრამპთან საუბრის შემდეგ, ტელეფონის ყურმილის დადებისთანავე, კრემლის ბინადარმა კიევის დაბომბვა გააგრძელა

ტრამპთან საუბრის შემდეგ, ტელეფონის ყურმილის დადებისთანავე, პუტინმა კიევის დაბომბვა გააგრძელა...

18 მარტის სატელეფონო საუბარს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, მსოფლიოს დიდი ნაწილი სულგანაბული ელოდებოდა -იქნებ მართლაც მოხდეს საოცრება და ამ ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერებმა პირველსავე სატელეფონო მოლაპარაკების დროს მიაღწიონ უკრაინაში სამ წელზე მეტხანს მიმდინარე საშინელი ომის „დაპაუზებას“, თუნდაც - 30 დღე-ღამით?

მაგრამ სასწაული არ მოხდა - ტრამპი-პუტინის ორსაათიანი სატელეფონო მუსაიფიდან მალევე, რუსულმა „შაჰიდებმა“ გააგრძელეს შეტევები უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის - კიევზეც...

არადა, ამ სატელეფონო საუბრის დროს თითქოს პუტინი დათანხმდა ტრამპს, რომ შეაჩერებდა თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე...

ვალში რუსებს არც უკრაინელები დარჩნენ და თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს უკრაინის სლავიანსკის ელექტროსადგური, რამაც ნახევარი ქალაქი ჩააბნელა, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეტევა მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ კროპოტკინის ნავთობბაზაზე და ის ეფექტიანად ააგიზგიზეს...

გამოდის, რომ ტრამპი-პუტინის პირველივე სატელეფონო საუბარმა ნაწილობრივ ფუჭად ჩაიარა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი შეთანხმდნენ საუდის არაბეთში 23 მარტს ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფების შეხვედრასა და მოლაპარაკებების დეტალების განხილვას - როგორც წესი, პრეზიდენტებისთვის ხელის მოსაწერად გამზადებულ შეთანხმებებს სწორედ ასეთი სამუშაო ჯგუფები ამუშავებენ...

ტრამპს შეიძლება ჰქონდა იმის ილუზია, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბრის დროს ის პუტინს ადვილად დაიყოლიებდა ომის ერთთვიან „დაპაუზებაზე“, მაგრამ ეს, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, არ მოხდა...

პუტინი ზელენსკი არ არის. მისი „დაყოლიება“ იმ მეთოდებით, რაც თეთრმა სახლმა კიევთან მიმართებაში გამოიყენა, ძალიან ძნელად წარმოსადგენია - პუტინის საოკუპაციო არმია უკრაინაში არ მარცხდება, პირიქით, ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. ამასთან, კრემლმა მოახერხა უკრაინის საექსპედიციო კორპუსის თითქმის მთლიანად განდევნა კურსკის ოლქიდან და რაში უნდა აწყობდეს კრემლს ახლა ომის შეჩერება, თუნდაც - დროებით?

ამაზე დასათანხმებლად, პუტინს თავისი სერიოზული მოთხოვნები აქვს, რომლებიც მიუღებელია უკრაინის მხარისთვის - ანექსირებული ყირიმისა და ნაწილობრივ ოკუპირებული ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების აღიარება რუსეთის ფედერაციის ნაწილებად, უკრაინის არმიის სერიოზული დემილიტარიზაცია, მობილიზაციის შეჩერება, ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა, ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადებაა და ა.შ.

კრემლის ამ მოთხოვნების შესრულება უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაციის ტოლფასი გახდება, თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა გააგრძელოს ზეწოლა თავის უკრაინელ კოლეგაზე, რომ უკრაინა რუსეთთან წავიდეს ამ სერიოზულ დათმობებზეც...

„კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 მარტს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა: „კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ. ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება,“ - დაამატა თეთრი სახლის ბინადარმა...

როდესაც ტრამპი უკვე მერამდენედ ამბობს ამას აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო მეზობელზე - კანადაზე და ამასთან, პანამას ემუქრება საზღვაო არხის წართმევით, ხოლო დანიას კი - მსოფლიოში უდიდესი კუნძულის, გრენლანდიის ოკუპაციით, მაშინ რითი განსხვავდება ის იმ პუტინისგან, რომელმაც ტანკები „გამოაგზავნა“ ჯერ მეზობელ საქართველოში და შემდეგ - ასევე მეზობელ უკრაინაში?

ტრამპი-პუტინის პირდაპირი სატელეფონო დიალოგი, როგორც გუშინდელი, ისე - სამომავლო, ბევრ დახურულ თემას შეეხება, რომლებიც მასმედიისთვის არ გახდება ცნობილი, მაგრამ იმოქმედებს მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ დაიწყო, დღემდე გრძელდება და არსებობს დიდი შანსი, რომ ორი ბირთვული ზესახელმწიფოს ლიდერების პირად საიდუმლო შეთანხმებებს შეეწირება უკრაინისა თუ საქართველოსნაირი ქვეყნების სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესები...

TOP.GE