ავარიას 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა- "აძლევენ მამები მანქანას შვილებს და მერე ხდება ასეთი ტრაგედიები" - რა დეტალები ხდება ცნობილი უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევაზე?
მარნეულში მომხდარ ავტოავარიას 35 წლის მამაკაცის, მაზაჰირ ნაზაროვის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმძიმესი ფაქტი მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, "ფორდ ფუჟენის" მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. მძიმე დაზიანებების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ სადახლოს მკვიდრია. დაკავებული მძღოლი კი სოფელ ჯანდარაში ცხოვრობს.
"სულ ვამბობ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, საპატრულო დასეირნობს ზევით ქვევით და არ ავლენს ასეთ ფაქტებს. არადა ძალიან ახალგაზრდები, ხშირად არასრულწლოვანები ზიან საჭესთან, ბევრს მართვის მოწმობა არც აქვს. პატარა ბიჭები მხვდებიან საჭესთან, მაგათ მშობლებთანაც ვაპროტესტებ ხოლმე ამ ფაქტს, ნუ სვამთ მათ საჭესთან-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს. მაინც აძლევენ მამები მანქანას შვილებს და მერე ხდება ასეთი ტრაგედიები. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი მძიმე ფაქტი, მაგრამ დაცული არ ხარ არაფრისგან. ამიტომ ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები და რომ დაქრიან ეს ახალგაზრდები, ამას პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება. რომ კიდევ არ გაუბედურდეს ვინმე. კამერები კი დაამონტაჟეს გზებზე ოხრად, მაგრამ რად გინდა, მაინც დღე არ გადის ავარია არ მოხდეს. საცოდავი ვინც გარდაიცვალა და მძღოლიც ხომ გაუბედურდა. ახლა იწყებდა ცხოვრებას, ამბობენ არასრულწლოვანიაო და ციხეში უნდა ჩაჯდეს. როდისღა უნდა გამოიღვიძოს სრულიად საქართველომ საინტერესოა. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. როგორც გავიგე, ერთი ბიჭია გარდაცვლილი, მაგრამ მაქვს ინფორმაცია კიდევ ერთ დაშავებულზე, რომელიც კლინიკაშია ამჟამად გადაყვანილი. ჩემი ახლობლის სიძეა დაშავებული ახალგაზრდა და ახლა მისი ოჯახის წევრები ცდილობენ დეტალებში გარკვევას.
როგორც ახლა გავარკვიე, პირველ მანქანას რომელიც ქვეითს დაეჯახა მართავდა 17 წლის ახალგაზრდა, ეტყობა ჩქარა მოძრაობდა, რომ დაამუხრუჭა, მის უკან მიმავალი მანქანები დაეჯახნენ ერთმანეთს, ამბობენ სამი მანქანა დაზიანდაო, მათ შორის დაშავდნენ მანქანაში მყოფები. ვიცი ის, რომ დაშავდა ჩემი ახლობლის სიძე, რომელიც არის აზერბაიჯანელი, ის არის კლინიკაში გადაყვანილი, კისრის არეში აქვს დაზიანება და კლინიკაში წევს. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ყოფილა, მსუბუქად არის დაშავებულიო. სხვა დაშავებულებზე ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ერთი გარდაცვლილია, ის ქვეითია" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)